ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„რთული ბავშვები“

ქუჩის ბავშვების დაკარგული ბავშვობა… პრობლემა, რომელსაც მივეჩვიეთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან თითქოს გამიჯნული სამყარო. სამყარო, რომელიც დანაშაულისა და არაჯანსაღი ცხოვრებისკენ გიბიძგებს, სადაც ყველაფერი თვითგადარჩენისთვის ხდება, ყველაფერი ცხოველურ ინსტინქტებზეა დამოკიდებული. სამყარო, რომელსაც გამუდმებით ვეხებით, მაგრამ რატომღაც გვერდს ვუვლით. ეს სტატია ქუჩის ბავშვების შესახებაა და ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა.

„ქუჩის ბავშვების“ მოკლე ისტორია

ქუჩის ბავშვები ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა წარმოშვა. იმპერიის დემონტაჟმა სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ჩამოშლა გამოიწვია. გაჩნდა უმუშევართა უზარმაზარი არმია. მოსახლეობის ნაწილმა კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავების უმარტივესი გზა გამონახა და შვილები ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გაუშვა. იმ წლებში თბილისის მეტროს სადგურებსა და ქუჩებში ხშირად ნახავდით მომღერალ ბავშვებს, რომლებიც თავიანთი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცნენ.

მთელი დღის მძიმე შრომის შემდეგ შინ დაბრუნებულ პატარებს, რომლებსაც სითბო და მზურნველობა სჭირდებოდათ, ხვდებოდათ არაკეთილგანწყობილი და აგრესიული გარემო. მათ მიერ გამომუშავებულ თანხას მშობლები საკუთარი მოთხოვნილებებისამებრ ხარჯავდნენ. ბავშვები კი, ფულის შოვნას მიჩვეულები, იზრდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ თავიანთი შრომით მოპოვებული ფულის დახარჯვა თავად შეეძლოთ, თუ შინ აღარ დაბრუნდებოდნენ. ასე გაჩნდა თბილისში უბნები, სადაც მიტოვებულ ჯიხურებში, მანქანებში, კიბის უჯრედებში ღამეს ათევდნენ სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ეროვნების ბავშვები. ქუჩა დიდია, ადგილი ყველას ეყოფა და ერთ ბავშვს მეორე მიემატა, მეორეს – მესამე. „იოლად“ ნაშოვნი ფულის დახარჯვა იოლია, შეგიძლია იყიდო, რასაც მოისურვებ და რამდენსაც მოისურვებ, ეს ბავშვებმა მშვენივრად იცოდნენ.

პრობლემის მოგვარების მცდელობა

2005 წელს თბილისში მიუსაფარი ბავშვებისა და მოზარდებისთვის თავშესაფარი გაიხსნა – „ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი“, რომელიც 2010 წლის ჩათვლით ფუნქციობდა და რომლის მონაცემებზე დაყრდნობითაც მინდა რამდენიმე დაკვირვება გაგიზიაროთ.

ცენტრი ქუჩაში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების პრობლემათა შესწავლა-მოგვარებას ისახავდა მიზნად. ის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა ასაკის მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ, ოჯახური კონფლიქტის, ოჯახური ძალადობის, მშობლებისგან უგულვებელყოფის მსხვერპლ, ქუჩაში უმეთვალყურეოდ დარჩენილ, კანონთან კონფლიქტში მყოფ და სხვა კრიზისულ სიტუაციებში აღმოჩენილ ბავშვებსა და მოზარდებს, ზოგჯერ კი – მთელ ოჯახებსაც.

ადაპტაციის ცენტრი ღია, რეზიდენტული ტიპის დაწესებულება იყო, იქ ბავშვები და მოზარდები სადღეღამისო მომსახურებით სარგებლობდნენ. ცენტრის მთავარი მიზანი გახლდათ მოკლევადიანი მომსახურების გაწევა შემდგომი რეფერირების მიზნით. ბავშვების ნაწილი საფუძვლიანი მომზადების შემდეგ გადადიოდა მისი მენტალიტეტის, ქცევის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამის გრძელვადიან ინსტიტუციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ცენტრის აღსაზრდელთა უმეტესობას ანტისოციალური ქცევისადმი მიდრეკილება ჰქონდა, წამოიჭრა საკითხი, გამკაცრებულიყო ბენეფიციარების კონტროლი, ცენტრის შინაგანაწესს დამატებოდა პუნქტები, რომლებშიც მითითებული იქნებოდა შესაბამისი სასჯელი სხვადასხვა ტიპის დარღვევისთვის; დაცვის სამსახურს მიეღო ნებართვა, ტერიტორიაზე ყოველი შემოსვლისას შეემოწმებინა მოზარდები და მათი პირადი ნივთები; განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მოზარდს აღარ უნდა შესძლებოდა ცენტრის მომსახურებით სარგებლობა.
ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებთან კონსულტირების შემდეგ ცენტრის ადმინისტრაციამ უარი თქვა შეზღუდვების დაწესებაზე, ვინაიდან:

● აღნიშნული ღონისძიებები ბენეფიციარებისთვის მუქარისა და საფრთხის შემცველი იქნებოდა, გაზრდიდა მათ შფოთვას, შიშს, აგრესიას და გაამძაფრებდა ქცევით აშლილობებს, შესაძლოა გამოეწვია დათრგუნვილობის და უსუსურობის განცდა;
● გაძლიერებული კონტროლის პირობებში უკიდურესად გართულდებოდა ყოველგვარი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო აქტივობა;
● ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც სტრესულ, მატრავმირებელ გარემოში ცხოვრების გამოცდილება აქვთ, ადამიანებისადმი უნდობლობა ახასიათებთ, რაც შესაძლოა უფრო გაღრმავებულიყო;

● თავშესაფარში დაბრუნების აკრძალვა მოზარდებისთვის იმ პერიოდში დაღუპვის რისკის ტოლფასი იყო;

● დაბოლოს, ცენტრის ბენეფიციარებს, რომლებიც ჩვეულნი იყვნენ უგულებელყოფას, გარიყვას, არავითარი შეზღუდვა არ უკვირდათ. მათთვის გაცილებით უჩვეულო იყო მზრუნველ გარემოში ცხოვრება. ამიტომაც გახლდათ საჭირო მათთვის მზრუნველობასა და კონტროლზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უარი ითქვა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე და აქცენტი ფსიქოსოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებზე დაისვა. ცენტრმა და მისმა პერსონალმა თანდათან მოიპოვეს ყველაზე „რთული“ კატეგორიის ბავშვებისა და მოზარდების ნდობა. ეს ნდობა ისე გაიზარდა, რომ ბენეფიციარებს ცენტრში თანატოლებიც მოჰყავდათ, რომლებიც ღამეს ქუჩაში ან, საუკეთესო შემთხვევაში, ინტერნეტკაფეში ათევდნენ (იმ წლებში ეს ფართოდ გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა იყო – ბავშვები მთელი დღე სხვადასხვა გზით აგროვებდნენ ფულს, ღამით კი ინტერნეტკაფეში რჩებოდნენ და სკამზე ეძინათ). ბავშვები თანდათან დარწმუნდნენ, რომ ცენტრში მათ ყოველთვის მიიღებდნენ, შეიფარებდნენ, მოუსმენდნენ, მათ წუხილს გაიზიარებდნენ და მათ ფიზიკურ თუ ფსიქოსოციალურ უსაფრთხოებაზე იზრუნებდნენ. ნელ-ნელა საგრძნობლად გაიშვიათდა ტერიტორიის დაუკითხავად, უნებართვოდ დატოვება, თანატოლებისა და გარშემო მყოფების მიმართ აგრესიული ქცევა. აუტოაგრესიული (საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული) ქმედებები. შემცირდა ცენტრის მატერიალური ქონების განზრახ და გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევებიც. მოგვარდა ბენეფიციართა მძიმე თუ ნაკლებად მძიმე სამედიცინო პრობლემები, მათ თანდათანობით შეიძინეს თვითმოვლისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევები.

მცირე ინფორმაცია ცენტრის ბენეფიციარებზე

იყვნენ ისეთი ბავშვებიც, რომლებთანაც განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი ადაპტაციის პრობლემებმა. ამის მიზეზი გახლდათ გადატანილი სტრესი, ძალადობა, სოციალური დეპრივაცია, ქუჩაში ხანგრძლივი ცხოვრების გამოცდილება.

მრავალფეროვანმა სტრესულმა სიტუაციებმა უარყოფითად იმოქმედა ბავშების პიროვნულ განვითარებაზე. მათ დაზიანებული ჰქონდათ ნებელობითი სფერო და უჭირდათ, ასე ვთქვათ, ერთი მიმართულებით ფიქრი, აზროვნება ან მოქმედება, თუნდაც მცირე ხნით. უჭირდათ საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებათა გადალახვა. ურთულესი აღმოჩნდა ზოგიერთი მათგანის ქუჩური და ქურდული მენტალიტეტის შეცვლა, ზოგ შემთხვევაში – პრაქტიკულად შეუძლებელიც კი.

ცხადია, ცენტრის ბენეფიციარი ბავშვები და მოზარდები, „რთული ბავშვებისთვის“ დამახასიათებელი თავისებურებებით გამოირჩეოდნენ. ცენტრის ფსქოლოგის მიერ შედგენილი ფსიქოდიაგნოსტიკური სურათი ასეთი გახლდათ:

● მოზარდებს დარღვეული ჰქონდათ სოციალური ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
● გონებრივი განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხება;
● უკიდრესად მძაფრი ან დაქვეითებული ემოციური რეაქციები;
● მოუსვენარი ძილი;
● დაღლილობის მუდმივი შეგრძნება;
● ინტერესთა სფეროს გაღარიბება;
● გუნება-განწყობის სწრაფი და უეცარი ცვალებადობა (განსაკუთრებით – ტოქსიკომან ბავშვებთან);
● ყველაფერს აფასებდნენ სარგებლიანობის პრინციპით;
● უჭირდათ სხვის (თუნდაც მეგობრის) მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა, თანამშრომლობა (ფეხბურთის თამაშის დროსაც ერჩივნათ, ბურთი ბოლომდე თავად ეტარებინათ, ვიდრე თუნდაც მომგებიან პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის გადაეწოდებინათ);
● მრავალჯერ გადატანილი ფრუსტრაციის გამო ადამინების მიმართ ეჭვსა და უნდობლობას გამოხატავდნენ;

● უჭირდათ ემოციების მართვა და კონტროლი, ამის გამო ერთმანეთსა და გარშემო მყოფებთან ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც საქმე ეხებოდა ერთგვარ თავდაცვით რეაქციას როგორც კრიზისთან გამკლავების მათეულ ფორმას. თავდაცვის ნებისმიერი ხერხის გამოყენება მათთვის ქცევის ნორმას წარმოადგენდა, რომელიც მათ საფრთხის შემცველ გარემოში გადარჩენასა და თვითდამკვიდრებაში ეხმარებოდა; აღმზრდელობითი სახის ღონისძიებების მიმართ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევის სურვილით.

ფორმალური და არაფორმალური განათლება

როგორია ცენტრში მოხვედრილი ბენეფიციარების საგანმანათლებლო საჭიროებები?

თავშესაფრის არსებობის განმავლობაში მისი მომსახურებით ისარგებლა 414–მა ბენეფიციარმა. მათ უმრავლესობას პედაგოგიური ჩამორჩენა აღენიშნებოდა. ნაწილს საერთოდ არ ჰქონდა სკოლაში სიარულის გამოცდილება, არ იცოდნენ წერა-კითხვა, ვერ ცნობდნენ ფერებს, უჭირდათ ანგარიში, მარტივი არითმეტიკული და სააზროვნო ოპერაციების შესრულება (მაგალითად, სიტყვათა ჩამონათვალიდან ზედმეტი სიტყვის და სიტყვათა წყვილიდან საერთო ნიშნის გამოყოფა).

ცენტრში მუშაობდნენ საგანგებოდ მიწვეული დამხმარე პედაგოგები, რომლებიც ბავშვების სკოლისთვის მოზადებას ცდილობდნენ. თავშესაფრის არსებობის განმავლობაში განხორციელდა რამოდენიმე საგანმანათლებლო პროექტი. მათ შორის აღსანიშნავია ფონდ „ღია საზოგადოების“ მიერ დაფინანსებული პროექტი „განათლების მეორე შანსი“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ითვისებდნენ ეუფლებოდნენ სხვადასხვა დისციპლინას და გამოიმუშავებდნენ ელემენტარულ სახელობო უნარ-ჩვევებს.

მიუხედავად დაბრკოლებებისა (პირადი და სასკოლო დოკუმენტების არარსებობა, საგანმანათლებლო პროცესის ხანგრძლივი წყვეტა), ბავშვების საჯარო სკოლაში ჩარიცხვა მაინც ხერხდებოდა. აქ სირთულეები თავს იჩენდა მთავრესად იმ სტიგმის გამო, რომელსაც იწვევდა სკოლასა და თემში „ქუჩის ბავშვების“ ცნება. მიუხედავად იმისა, რომ გავლილი ჰქონდათ ტრენინგი განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად, პედაგოგებს მაინც უჭირდათ ცენტრის ბავშვებთან ურთიერთობა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ვერ ყალიბდებოდა ის ურთიერთობა, რომლის შედეგადაც მასწავლებელი შეიძლებოდა გამხდარიყო ის მტკიცე საყრდენი, რომელიც უდავოდ სჭირდებოდათ ცენტრის აღსაზრდელებს. დაბალი თვითშეფასების მქონე „ქუჩის ბავშვებისთვის“ განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი იყო მათ მიმართ ჰუმანური, პატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

ამ გზავნილის მთავარ ადრესატებად იმ მასწავლებლებს მივიჩნევ, რომლებსაც დღესაც უწევთ „რთულ ბავშვებთან“ ყოველდღიური ურთიერთობა, რაც სრულიადაც არ არის ადვილი. ვფიქრობ, დღევანდელი პედაგოგები უფრო მეტად არიან აღჭურვილი შესაბამისი უნარ-ჩვევებით და იმედი მაქვს, მათი ძალისხმევით უფრო და უფრო გაიშვიათდება „რთული ბავშვების“ საგანმანათლებლო პროცესიდან განდევნის შემთხვევები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი