სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ინტერაქტიური დაფის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე და ერთი გაკვეთილის სცენარი

დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია სწავლების ინტერაქტიური საშუალებების გარეშე და ამიტომ თითოეულმა მასწავლებელმა ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ინტერაქტიური დაფა იგივე SMART Board, რომელიც ბოლო პერიოდში სკოლებში გაკვეთილებზე და, მათ შორის, გეოგრაფიის გაკვეთილზეც მეტად აქტიურად გამოიყენება. მისი შესაძლებლობები სხვა ელექტრონულ საშუალებებთან შედარებით საკმაოდ დიდია. ინტერაქტიური დაფის გამოყენება საშუალებას იძლევა კლასის თითოეული მოსწავლე გაკვეთილის აქტიური მონაწილე გახდეს და ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობდეს.

გაკვეთილის დაგეგმვა ინტერაქტიური დაფის გამოყენებით საკმაოდ შრომატევადი პროცესია: მეტი დრო სჭირდება ციფრული რესურსების შერჩევას, ასევე საჭიროა მასწავლებლის მაღალი კომპეტენტურობა, რაც მისგან ცოდნის მუდმივ სრულყოფასა და განახლებას მოითხოვს. ასეთი დაფის გამოყენებით სპეციალური პრეზენტაციების შექმნა შემოქმედებითი საქმიანობის ფართო ველს ქმნის, სადაც მართლაც საოცრებების მოხდენაა შესაძლებელი.

ელექტრონული ფანქრის გამოყენებით, რომელიც ”მაუსს” ცვლის, შესაძლებელია კომპიუტერთან მუშაობა. ეკრანზე გამოტანილ რომელიმე ელემენტზე ფანქრის დაწკაპუნებით მუშაობას იწყებს Windows, ვნახულობთ ნებისმიერ ინფორმაციას კომპიუტერში ან ვიწყებთ მუშაობას ინტერნეტში. ამავე ელექტრონული ფანქრის საშუალებით დაფაზე შეგვიძლია წარწერების და აღნიშვნების გაკეთება, შედარებით მნიშვნელოვანი და ძირითადი საკითხების მონიშვნა, ინტერაქტიურ რეჟიმში წინასწარ მომზადებული ტექსტის რედაქტირება და ფურცლების გადაშლა ნებისმიერი თანმიმდევრობით და თანაც ამას კლასის ყველა მოსწავლე ხედავს.

ინტერაქტიური დაფა ძალიან მოხერხებულია გაკვეთილზე დისკუსიის წარმართვის პროცესში. მოსწავლეებმა დაფა შეიძლება იმისათვის გამოიყენონ, რომ საკუთარი იდეები და აზრები გაუზიარონ სხვებს, დაუბრუნდნენ ძველ თემებს და გაიხსენონ განვლილი მასალა და შემდეგ დაიწყონ დისკუსია. დაფის გამოყენება ასევე შესაძლებელია სასწავლო თამაშებისა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოების გამოსაყენებლად.

გეოგრაფიის საგნის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ იგი დიდი მოცულობით ინფორმაციას მოიცავს, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. იმისათვის რომ დავგეგმოთ და ჩავატაროთ საინტერესო და თანამედროვე გაკვეთილი, მასწავლებელმა სხვადასხვა წყაროები უნდა დაამუშაოს – სახელმძღვანელო, მათ შორის ელექტრონული, ენციკლოპედია, წიგნები, ჟურნალები, ინტერნეტრესურსები და ამავე დროს შეეძლოს ინტერაქტიური დაფის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. თითოეული გაკვეთილის დაგეგმვა თემის შესაბამისად იწყება: უნდა შერჩეულ იქნეს ფონი, შრიფტი, საჭირო სურათები, ფოტოები, ნახაზები, დიაგრამები და გრაფიკები, გეოგრაფიული რუკები, აუდიო და ვიდეო ფაილები. დაფის ფუნქცია ”დამახარისხებელი გვერდი” საშუალებას აძლევს მასწავლებელს თანმიმდევრობით განალაგოს გაკვეთილისთვის საჭირო სლაიდები, ხოლო აუცილებელი მასალა კი გვერდების მიხედვით. მასწავლებელს შეუძლია საჭირო რესურსები ერთი ფაილის შიგნით მოათავსოს და ისინი ჰიპერლინკებით დააკავშიროს. აუდიო- და ვიდეოფაილების გაკონტროლება დაფის გამოყენებით ადვილია – საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პატარა ნაწყვეტების ჩვენება. მას ასევე შეუძლია ფაილის ფარგლებში შეინახოს ნებისმიერი ცვლილება და შენიშვნა შემდეგი გაკვეთილისთვის.

დაფას ასევე აქვს ”ორმხრივი რეჟიმის” ფუნქცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია გეოგრაფიულ რუკებზე მუშაობისას. ელექტრონული რუკების გამოყენებით შესაძლებელია შერჩეული ტერიტორიების უფრო დეტალურად დათვალიერება და შესწავლა, ასევე მასზე წარწერების გაკეთება და სურათების განლაგებაც კი.

მასალის დემონსტრირება – გეოგრაფიის გაკვეთილის მნიშვნელოვანი მომენტია. მრავალფეროვანი სურათები, სქემები, ანიმაციები შესაძლებელია დაფის პროგრამული უზრუნველყოფის ”გალერეიდან” იქნეს აღებული. ისინი სწავლებას უფრო ინტერაქტიურსა და თვალსაჩინოს ხდიან.

ინტერაქტიური დაფა ასევე გვეხმარება დროის დაზოგვაში, რადგან საშუალებას გვაძლევს ყველა მასალა ერთ კომპიუტერში გვქონდეს შენახული.

განვიხილოთ ერთი გაკვეთილის მაგალითი ინტერაქტიური დაფის გამოყენებით.

კლასი: 7

გაკვეთილის თემა: ” ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები”.

გაკვეთილის მიზანი:

  • ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიური მოვლენების გაცნობა და შესწავლა;
  • ანალიზის, დასკვნების გამოტანის და კომუნიკაციის უნარების განვითარება;

ძირითადი ამოცანები:

  • მოსწავლეთა წარმოდგენებისა და ცოდნის გაფართოება ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიური მოვლენების შესახებ;
  • ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზების დადგენა;
  • მოსწავლეებისთვის ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიური მოვლენების დროს თავდაცვის საშუალებების გაცნობა.

საჭირო მასალა:

ინტერაქტიური დაფა «SMART Board », მულტიმედიური პროექტორი, კომპიუტერი.

გაკვეთილის მსვლელობა:

  • შესავალი საუბარი და მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალის გასაცნობად.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:

ატმოსფეროში მიმდინარე რომელ სტიქიურ მოვლენას იცნობენ?

რომელი მათგანი ხდება მათ საცხოვრებელ ადგილას?

  • პრობლემური კითხვის დასმა: არის თუ არა დედამიწაზე ადგილები,

სადაც არ ხდება ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები?

მოსწავლეები მსჯელობენ პრობლემის შესახებ, გამოაქვთ დასკვნა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებისა და სტიქიური მოვლენების ურთიერთკავშირის შესახებ და ადასტურებენ, რომ აუცილებელია ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, რათა პასუხი გასცენ დასმულ პრობლემურ კითხვას.

  • ახალი მასალის გაცნობა

მასწავლებლის საუბარი: ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებს შორის ყველაზე სახიფათო ტაიფუნები და ძლიერი ქარებია. მათ თან სდევს არა მარტო დიდი ნგრევა, არამედ ადამიანთა მსხვერპლიც.

  • ჯგუფური მუშაობა

რადგანც მოსწავლეებს აქვთ უკვე გარკვეული წარმოდგენა სტიქიური მოვლენების შესახებ, ამიტომ მასწავლებელი მათ სამ ჯგუფად ყოფს და აძლევს დავალებას. პირველი ჯგუფს ევალება გაიხსენოს, თუ რა იცის ტაიფუნებისა და სმერჩების შესახებ; მეორე ჯგუფს – თავსხმა წვიმებისა და სეტყვის შესახებ; ხოლო მესამე ჯგუფს – გვლავისა და მტვრიანი ქარიშხლების შესახებ.

  • პრეზენტაცია

პრეზენტაციის დროს მოსწავლეები კონტურულ რუკაზე იმ ტერიტორიებს აღნიშნავენ, სადაც საკმაოდ ხშირია ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები. თითოეული ჯგუფი მოვლენის აღსანიშნავად მათ მიერვე შექმნილ პირობით ნიშანს იყენებს. კონტურულ რუკაზე მუშაობისა და პრეზენტაციების შედეგად მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა: დედამიწის რომელ რეგიონებში ხდება ყველაზე ხშირად ატმოსფერული სტიქიური მოვლენები. ამ დასკვნის დასამტკიცებლად ისინი მუშაობენ ინტერაქტიურ დაფაზე.

რეკომენდაცია მასწავლებლისთვის: ინტერაქტიურ დაფაზე გამოტანილია მსოფლიოს კონტურული რუკა. მოსწავლეები დაფაზე მარკერის საშუალებით ხატავენ ტორნადოს და ტაიფუნის აღმნიშვნელ ნიშანს, შემდეგ კოპირების გზით საჭირო რაოდენობის ნიშანს აგროვებენ და ისინი კონტურულ რუკაზე გადააქვთ. ამ პროცესთან ერთად ასახელებენ იმ რეგიონებს, სადაც ამ ნიშნებს სვამენ. ზუსტად ასევე იქცევიან სხვა ჯგუფის წევრებიც.

შესრულებული სამუშაოს შედეგად აღმოჩნდება, რომ კონტურულ რუკაზე თითქმის არაა თავისუფალი ადგილი, რაც მოსწავლეებს თვალნათლივ აძლევს პასუხს გაკვეთილის დასაწყისში დასმულ პრობლემურ საკითხზე: არის თუ არა დედამიწაზე ადგილები, სადაც არ ხდება ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები?

  • მასალის განმტკიცება: მასწავლებელი ინტერაქტიურ დაფაზე აჩვენებს თავის მიერ წინასწარ მომზადებულ მასალას გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით და საუბრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტიქიური მოვლენებისგან თავდაცვის წესების ცოდნა.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეადგინონ სამახსოვრო: ”ეს უნდა იცოდე!” სურათებისა და ძირითადი სიტყვების გამოყენებით მათ უნდა მოამზადონ ქცევის წესები აფრიკელი ბავშვებისთვის, რომელსაც ისინი ქვიშიანი ქარიშხლის – სამუმის – დროს და ასევე ჩინელი ბავშვებისთვის – ტაიფუნების დროს გამოიყენებენ.

შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დრო და მასწავლებელი ეკრანზე რთავს წამზომს, რომელიც დაფას პროგრამულად გააჩნია. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და მუშაობენ. ხუთი წუთის შემდეგ ჯგუფების პრეზენტატორები ინტერაქტიურ დაფაზე ჯგუფის მიერ შერჩეულ იმ ძირითად სურათებს ალაგებენ და იმ სიტყვებს წერენ, რომლებიც ატმოსფეროს სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს ქცევის წესებს ასახავენ. ამავე დროს ისინი ასაბუთებენ თავიანთ არჩევანს. შემდეგ იწყება დისკუსია, თუ რატომ იქნა არჩეული სამახსოვროსთვის ზუსტად ეს სურათები და სიტყვები და მთელი კლასი თითოეული სამახსოვროსთვის სათაურს არჩევს.

ინტერაქტიური დაფა ობიექტების ერთი ადგილიდან სხვა ადგილას გადანაცვლების საშუალებას იძლევა და მოსწავლეებს შეუძლიათ, შეამოწმონ რამდენად სწორად მსჯელობენ და ამავდროულად შეცდომებიც გაასწორონ: ისინი შენიშვნებსა და განმარტებებს პირდაპირ ეკრანზე წერენ.

ამრიგად, ინტერაქტიური დაფის უპირატესობა, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლისათვის ნათელია. ელექტრონული ინტერაქტიური დაფა – SMART Board ხელს უწყობს საკლასო ოთახში საქმიანი და, ამავე დროს, სახალისო ატმოსფეროს შექმნას. ასეთი მულტიმედიური მიდგომით საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი