შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„… მიცინის ციდან… მიცინის მთვარე…“

ერთხელ, სულ პატარამ ცას ავხედე და იქ მთვარე დავინახე. სავსე და ნათელი იყო. მაშინ მითხრეს, მთვარე ტყეში წასულ ადამიანებს გზას უნათებსო. მარტო ტყეში წასულებს? შევწუხებულვარ თურმე. არაო, დამამშვიდეს, ყველას გაუნათებს, ვინც ღამით გარეთ არის და შინისკენ მიმავალ გზას აჩვენებსო. ანუ, რა გამოდიოდა? მთვარე ადამიანებს სახლში დაბრუნებაში ეხმარებოდა.

მას შემდეგ ყოველ ღამე ავხედავდი ხოლმე, ხან სავსე იყო, ხან ნამგლისებური, ხან კი საერთოდაც არ ჩანდა. ღრუბლები მალავენო, მეუბნებოდნენ. მე კი სულ იმ ადამიანებზე ვწუხდი, ვინც სწორედ იმ დროს სახლისკენ წასასვლელ ბილიკს ეძებდა, მაგრამ მთვარის გარეშე პოვნა უჭირდა.

ნამგლისებური მთვარისგან კვლავ სავსე იბადებოდა და ცაც ზოგჯერ ისეთი მოწმენდილი და წყნარი ჩანდა… ასეთ ღამეს თუ დაიწერებოდა…

„…ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!…”

ძველად სჯეროდათ, რომ მთვარეს თუ დიდხანს უმზერდი, ძილი მოგერეოდა. გამოდის, რომ სახლისკენ მიმავალ ადამიანს განათებული ბილიკისთვის უნდა ეყურებინა და რაც არ უნდა ლამაზი ყოფილიყო მთვარე, მისთვის დიდხანს არ ემზირა.

„… მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით…”

დიახ, მის შუქში გახვეულს სიზმრის ღვთაება მოგაკითხავდათ და სიზმრების სამყაროში წაგიყვანდათ. ბერძნულ მითოლოგიაში ჰიპნოზს ვაჟი ყავს, სახელად მორფეუსი, სიზმრის ფრთიანი ღვთაებაა, ადამიანებს ძილში ევლინება და სხვადასხვა ფორმას იღებს. ჩვენ კი ამ დროს ტკბილ, ნაზ, საშიშ ან სულაც სულელურ სიზმრებს ვხედავთ. სიზმრის ხარისხი მორფეუსის ხასიათზე თუა დამოკიდებული.

შესაძლოა სულ პირიქითაც მოხდეს და მთვარემ სიზმრების სამყაროს ნაცვლად თავისთან მოგვიხმოს.
„…მიცინის ციდან, მიცინის მთვარე…
მეძახის, მიხმობს, მისკენ მეწევა,
და თუ ავფრინდი მთვარეზე ერთხელ…
ვიცი მდევარი ვერ დამეწევა…” (ჩემთვის უცნობი ავტორი)

მთვარეზე ჰელიოსის და სელენა ცხოვრობს. ქიმიაში ელემენტი სელენი გვაქვს. სელენი ბერცელიუსმა აღმოაჩინა გოგირდმჟავას ქარხნების კამერების წითელ ნალექებში და სელენი (ბერძნ. Selen-მთვარე) უწოდა.

სელენი და მისი ქვეჯგუფის ელემენტები ტელური და პოლონიუმი p-ელემენტებია. სელენი და ტელური ბუნებაში ისეთ იშვიათ მადნებში გვხვდება, როგორიცაა: ბერცელიანიტი (Cu,Ag,Te)2Se, ნაუმანიტი Ag2Se, გერიტი Ag2Te, ალთაიტი PbTe, სილფანიტი AgAuTe4 და სხვა. ისიც აღსანიშნავია, რომ სელენი და ტელური ბუნებაში მეტწილად გოგირდოვან მადნებში იზომორფული მინარევების სახით გვხვდება, მაგ. სპილენძის ალმადანში CuFeS2 და რკინის ალმადანში FeS2. გოგირდმჟავას წარმოებისას ამ მადნების გამოწვისას მათში შემავალი სელენი თითქმის მთლიანად ტყვიის კამერაში იყრის თავს, სადაც ის შლამის სახით ილექება. ამ უკანასკნელის ციანკალიუმით დამუშავებისას სელენი მთლიანად გადადის ხსნარში, რომლის შემჟავებით გამოიყოფა ელემენტი სელენი.

გოგირდის მსგავსად, სელენს რამდენიმე მოდიფიკაციური მდგომარეობა ახასიათებს. წითელი სელენი მიიღება სელენის გოგირდნახშირბადის ხსნარიდან მონოკლინური კრისტალების სახით, შედგება Se8 მოლეკულებისგან; ამორფული სელენი ყავისფერია და მიიღება სელენმჟავას SO2-ით აღდგენისას. მინისმაგვარი სელენი ამორფულია და პლასტიკური გოგირდის მსგავსია. შეიცავს სელენის მაკრომოლეკულებს და გალღობილი სელენის გაციებით მიიღება. ნაცრისფერ სელენს მეტალურსაც უწოდებენ. ის სელენის ყველაზე მდგრად ფორმას წარმოადგენს.

გოგირდის მსგავსად, სელენი წყალბადთან სელენწყალბადს წარმოქმნის H2Se. ჩვეულებრივ პირობებში გაზია, სუნით გოგირდწყალბადს მოგვაგონებს, თუმცა გაცილებით ტოკსიკურია. სელენწყალბადის წყალხსნარი სუსტი მჟავაა, მის მარილებს სელენიდები ეწოდება.

სელენის და ტელურის ყველაზე მდგრად ნაერთებს ისინი წარმოადგენენ, სადაც მათი ჟანგვის ხარისხი ოთხია. ასეთ ნაერთებს კი მათი ოქსიდები მიეკუთვნება. SeO2, TeO2, PoO2 მწკრივში მარცხნიდან მარჯვნივ ოქსიდების მჟავური თვისებები თანდათანობით მცირდება და პოლონიუმის ოქსიდი ფუძე თვისებების მატარებელია.

სელენის და ტელურის დიოქსიდები თეთრი ფერის მყარინი ვთიერებებია. SeO2 ნებისმიერი რაოდენობით იხსნება წყალში, TeO2 ძნელად ხსნადია (100მლ-ში იხსნება 0,0007გ). წყალში გახსნისას შესაბამის მჟავებს წარმოქმნიან.
SeO2+H2O=H2SeO3
TeO2+H2O=H2TeO3

მიიღება სელენოვანი და ტელუროვანი მჟავა. ისინი გოგირდოვან მჟავასთან შედარებით უფრო სუსტია.
დიოქსიდები ტუტეებთანაც შედიან რეაქციაში და შესაბამის მარილებს წარმოქმნიან.

SeO2+2NaOH=Na2SeO3+H2O ნატრიუმსელენიტი
TeO2+2NaOH= Na2TeO3+H2O ნატრიუმტელურიტი

დაჟანგვის ხარისხით ექვსი, სელენის და ტელურის შესაბამისი ოქსიდებია SeO3 და TeO3. სელენის ტრიოქსიდი თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა და ორი მოდიფიკაციის სახით არის ცნობილი-მინისებური, აზბესტის მაგვარი. SeO3 წყალთან ენერგიულად შედის რეაქციაში და სელენმჟავას წარმოქმნის:
SeO3+H2O=H3SeO4

სელენმჟავა ორფუძიანი ძლიერი მჟავაა, სიძლიერით გოგირდმჟავას უტოლდება. მის მარილებს სელენატები ეწოდება. შეჯამებულად რომ დავწეროთ, სელენის სამი მჟავა არსებობს: სელენწყალბადმჟავა H2Se, სელენოვანმჟავა H2SeO3 და სელენმჟავა H2SeO4.

თუ ბერძნულად selen მთვარეს ნიშნავს, მაშინ სელენმჟავა მთვარის მჟავა გამოდის არა? მჟავის რა მოგახსენოთ და აი, მთვარის მარილი არსებობს და მას სელენთან საერთო არ აქვს.

ქემეიას მიმდევარი ძველი ეგვიპტელი ქურუმები იმ დროისთვის არსებულ მეტალებს ციურ სხეულებს ადარებდნენ. მთვარის შესაბამისი, მათი აზრით, ვერცხლი აღმოჩნდა, ვერცხლის ნიტრატს კი შუა საუკუნეების ჩანაწერებში მთვარის მარილად მოიხსენიებდნენ. თუმცა, მთვარეს ვერცხლისწყალსაც უსადაგებდნენ, ოღონდ ამ შემთხვევაში, შემოტრიალებულს ხატავდნენ. ვერცხლისწყალს მერკურთანაც ათანაბრებდნენ, დაღვრილი მეტალის ბურთულაკებიც სწრაფად დახტიან და მერკურიც მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი პლანეტაა, ჰოდა დაამეგობრეს ერთმანეთთან.

კვლავ მთვარის მარილს დავუბრუნდეთ. საკმაოდ ძვირადღირებული რეაქტივი გახლავთ, მაგრამ თუ მაინც ხელთ მოიხელთეთ, საინტერესო ცდების ჩვენება შეგიძლიათ. იმას აღარ დავწერ, რომ მთვარის მარილის ხსნარში სპილენძის მავთულის ჩადებით მეტალური ვერცხლი გამოიყოფა და რეაქციის მიმდინარეობაც და მექანიზმიც საინტერესოა, ეს ადრე უკვე ვთქვი და ვისაც დააინტერესებს „Aluminibus et Salibus… არ გაამხილოთ…” შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ახლა სხვა ცდა განვიხილოთ, მთვარის მარილის და მაგნიუმის ფხვნილის მონაწილეობით. ავიღოთ მცირეოდენი მთვარის მარილი და იმდენივე მაგნიუმის ფხვნილი, ერთმანეთს შეურიოთ და რაიმე მყარ ზედაპირზე დაფენილ ფოლგის ქაღალდზე დავყაროთ. რეაქცია არ დაიწყება, სანამ ერთ წვეთ წყალს არ დავაწვეთებთ. აი, ამის შემდეგ, იცოცხლე, აფეთქებით წავა პროცესი, იქნება მაღალი ტემპერატურა და კაშკაშა სინათლე.
რეაქცია შენმდეგნაირად მიმდინარეობს:

2AgNO3+Mg=Mg(NO3)2+2Ag (ნალექში)
თუმცა, ამ დროს ისეთი დიდი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა, რომ ვერცხლის ნიტრატი იშლება
2AgNO3=2Ag+O2+2 NO2 (გაზი)
ამასთან მაგნიუმი აინთება და ნარევის აალებას იწვევს.

ქლორის იონების აღმოჩენა, რომ შეგვიძლია მთვარის მარილით, ჩემს ადრინდელ სტატიაში ეგეც ეწერა. მოდით ახლა ფოსფატები აღმოვაჩინოთ.

ავიღოთ ნატრიუმის ფოსფატი, მთვარის მარილი და ძმარმჟავა. სინჯარაში ჩავყაროთ ნატრიუმის ფოსფატის ფხვნილი, დავამატოთ წყალი და მთვარის მარილის ხსნარის მცირე რაოდენობა. სინჯარაში ყვითელი ფერის სიმღვრივე წარმოიქნება.

Na3PO4+3AgNO3=Ag3PO4 (ნალექში)+3NaNO3
ახლა სინჯარას ძმარმჟავა დავამატოთ.
Ag3PO4+2CH3COOH=AgH2PO4+2CH3COOAg
სინჯარის შემცველობა კვლავ გამჭირვალე გახდება.
მთვარიან ღამეს ვიწრო ბილიკს კოჭლობით მიუყვება გაცრეცილქურთუკიანი გამხდარი ყმაწვილი. ბილიკს შინისკენ მიყავს, გზას მთვარე უნათებს. ოღონდ, თავად მთვარეს ყურადღებას არ აქცევს, მაიკო ორბელიანისგან დილით მიღებულ წერილს გულში მერამდენედ იმეორებს. ხომ ხედავ შენი სახლის გარემოებასო, ვერაფრით შეცვლი მძიმე ვითარებასო, ოჯახს არ უნდა უპატრონოო?.. იურიდიულ სამსახურში ჩადგომას სთხოვენ, მისი სული კი მთლიანად პოეზიას დაუსაკუთრებია, მაგრამ მოვალეობის გრძნობის გამო უმეტესი დრო სხვა საქმეს უნდა დაუთმოს.

„… მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა… “
ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი
არ დაკარგოთ სახლისკენ მიმავალი მთვარით განათებული ბილიკი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი