ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სმა-ჭამა ვერად შესარგი…

რა საინტერესოდ იზრდება და ვითარდება მცენარე… ზამთრის ძილს მიცემული, ფოთლებშემოძარცვული და ძარღვებში სისხლგაყინული, დათბობისთანავე იწყებს გამოღვიძებას. ერთს შეირხევა, ჩამოიფერთხავს ტოტებზე შერჩენილ თოვლს და კვირტებს გამობერავს. ეს სიცოცხლის ნიშანია. კვირტები მოგვიანებით ფოთლებად და ნაყოფად იქცევა. პირველნი ჩვენ ჟანგბადს არ მოგვაკლებენ და დედამიწას – ნეშომპალას, მეორენი კი თავს გემრიელ საზრდოდ შესთავაზებენ კაცთა და ფრინველთა…

მაგრამ როგორ ახერხებს მცენარე ამას? ფესვების წყალობით. თვალს გვტაცებს ამაყად წამომართული წიფელი, ლოყაწითელი ნაყოფით დახუნძლული ვაშლი, ბუჩქის ძირას მოკრძალებით ამოსული ნაზი ია. მაგრამ ეს მათი მხოლოდ ხელისგულზე დადებული ნაწილებია… ეს სილამაზე ფესვებიდან მოდის, ფესვებიდან, რომლებიც ჩვენი თვალთახედვის მიღმაა. მათ დანახვას სხვა თვალი სჭირდება… ფესვების გარეშე ვერც ერთი მცენარე ვერ იხარებს. მიწაში ჩაგდებული თესლი ჯერ ღივდება, ფესვს გაიდგამს და მერეღა იწყებს მიწის ზემოთ აღმოცენებას, ფრთების გაშლას.

ასეა ერიც. ისიც ფესვებიდან იზრდება და ფესვებით საზრდოობს. მისი ფესვები ტრადიციაა – საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და უკვე დაღვინებული ადათ-წესების კრებული. წარსულს მოწყვეტილი ერი ფესვებიდან მოგლეჯილ ხეს ჰგავს. ამას ქვეცნობიერადაც ვხვდებით, ამიტომ ყოველივე ტრადიციულს მოწიწებით, რუდუნებით ვეპყრობით, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ხის სიჯანსაღისთვის მისი ვარჯისა და ნაყოფის მოვლა არ კმარა – ფესვებსაც უნდა პარაზიტების მოცილება…

ყველაფერი, რაც ისტორიის მტვერს დაუფარავს, როდია ტრადიციული, მით უფრო – ეროვნულ-ტრადიციული. ყოველი ეპოქა თავის ჭდეს აჩნევდა ტრადიციებს… ნებით თუ უნებლიეთ დღესაც ვუმატებთ ახალ-ახალ „მუხლებს” ჩვენს „ზნეობის კოდექსს”… მაგრამ გავა ხანი, მასაც მიეყრება ისტორიის მტვერი და ვინ იცის, ისიც ტაბუდადებულ ტრადიციად იქცეს, რომლის დაღს დიდხანს ვეღარ მოიცილებს მომავალი თაობა.

ჩვენში ხომ უზენაესად მიაჩნიათ დათქმა „წინათ ასე იყო”: „წინათ გველის ნაკბენს სარეცხი საპით შველოდნენ…” და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ასეთი პოსტულატი ლამისაა აქსიომად ვაქციოთ. არადა, ტრადიცია ასეთ წვრილმანებზე არ ხურდავდება. ეროვნული ტრადიციისთვის რამდენიმე ათწლეულის „გამოცდილება” არაფერს ნიშნავს.

ამიტომ, როცა რამეს ტრადიციულს ვუწოდებთ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. რამდენი ურბანული დათქმა გვინდა გავასაღოთ ტრადიციულად… ლუდით დღეგრძელობა ავკრძალეთ, მაშინ როდესაც ის მართლაც ტრადიციული სარიტუალო სასმელი იყო საქართველოს მთიანეთში. თვით პატრიარქის მოწოდებამაც კი ვერ ამოძირკვა ბოლომდე ამ მანკიერი შთაგონების ფესვი ჩვენი ლამის „ტრადიციად” ქცეული ჩვევებიდან.

აქვს განათლებას მანკიერი ტრადიციები? სამწუხაროდ, არაერთი. ერთ მათგანზე, ნიშნის თხოვნა-დაწერის „ტრადიციაზე”, გულისტკივილი ადრეც გაგიზიარეთ (იხ. ბლოგპოსტი „დეიდებო, ბიძიებო, დამიწერეთ 51 ქულა”). მინდა, კიდევ ერთის შესახებ გაგანდოთ ჩემი საფიქრალი.

გასული საუკუნის 60-70–იანი წლებიდან, როდესაც, სტატისტიკის (მხოლოდ სტატისტიკის) მიხედვით, მეცნიერებამ აღმავლობის მწვერვალების დაპყრობა დაიწყო, დისერტაციის დაცვის პროცედურას „დესერტაციის” ნაწილიც შეემატა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა… 90-იანების ეკონომიკური კოლაფსის პერიოდში ინერციით მიმავალმა მეცნიერებამ დისერტაციების დაცვა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო – განუყრელი „დესერტაციებითურთ”. არადა, იმხანად რუსულ რუბლებზე მომუშავე საბჭოთა ავტობუსებში ასვლასაც ვერ ვახერხებდით სიდუხჭირის გამო და კუპონებს დაყაბულებული ტროლეიბუსებითა და მეტროთი ვმგზავრობდით ან სულაც ფეხით გავდიოდით რამდენიმე კილომეტრს გაყინულ ლაბორატორიებამდე.

2003 წელს განათლება ახალ, ევროპულ რელსებზე გადავიდა. ძირფესვიანად შეიცვალა დისერტაციის დაცვის ფორმატი და კონცეფცია „სამეცნიერო ხარისხი” მეცნიერებით გაჯერებულმა განათლების ხარისხმა შეცვალა. დისერტაციის დაცვის პროცედურამაც უფრო გამოცდის იერი მიიღო და ერთი უნივერსიტეტის პრეროგატივა გახდა. ყოფილი ასპირანტი (რომელსაც სტუდენტად, პრაქტიკულად, არ მოვიხსენიებდით) განათლების მესამე საფეხურის სტუდენტმა შეცვალა… დესერტაცია კი უცვლელი დარჩა.

როგორია, როცა ცოდნისა და მეცნიერების ატმოსფეროს მეზობელი ოთახიდან მომდინარე ხაშლამის სურნელი ერთვის…

მიმაჩნია, რომ არაფორმალურ ურთიერთობას თავისი დანიშნულება აქვს და არცთუ იშვიათად ფორმალურ ურთიერთობასთან ერთად უდიდეს როლს ასრულებს წმინდა ადამიანური თუ საქმიანი კავშირების დამყარებაში, მაგრამ ისინი გონივრულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს.

წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: დოქტორანტი დისერტაციის დაცვის დღისთვის სათანადოდ ემზადება, წარდგება აუდიტორიის წინაშე და ნაშრომის წარმატებით დაცვის შემდეგ ბანკეტზე მოსაწვევ ბარათებს ურიგებს მისთვის სასურველ სტუმრებს. ბანკეტი კი რამდენიმე დღის შემდეგაა დანიშნული… რა არის ამაში მიუღებელი? არატრადიციული?

დისერტაცია-„დესერტაციის” ასეთი ფორმატი, ერთი მხრივ, ზედმეტი საზრუნავისგან ათავისუფლებს დოქტორანტს, რომელსაც მთელს თავის დროსა და ენერგიას დისერტაციის დაცვას მოახმარს, რაც ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა, მეორე მხრივ კი კომისიის წევრებს უხსნის წნეხისა და უხერხულობის შეგრძნებას (რომელიც ირიბი ზემოქმედებაცაა კომისიაზე) და უფრო ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. რა დასამალია – ძნელია მიუკერძოებლად განსჯა, როცა იცი, რომ გამოსაცდელმა დოქტორანტმა არცთუ მცირე თანხა გადაიხადა „პურ-მარილში” და თუ დისერტაცია ჩაუვარდა, ისიც წყალში გადაეყრება…

მინაწერი: თუმცა ალბათ კიდევ დიდხანს იქნებიან ისეთი „ტრადიციონალისტები”, რომელებიც მტკიცედ დაიცავენ მამა-პაპის „დანაბარებს”:

„პური ჭამე და ღვინო სვი,
ეს დამიბარა მამამა,
არ წავალ დაუთრობელი,
გინდა იყივლოს მამალმა”

ისევ მინაწერი: ამიტომ მივმართავ დოქტორანტებს – ვინ დაარღვევს ტრადიციის ნიღაბს ამოფარებულ ამ მანკიერ ჩვევას? სამწუხაროდ, ეს პრობლემა ადმინისტრაციულად, „ზევიდან”, ვერ გადაიჭრება. ეს თქვენ, დოქტორანტებმა უნდა გააკეთოთ. ვინც პირველი გაბედავს ამას, უსიამოვნება არ ასცდება, შესაძლოა, წვალებად და ნერვების წყვეტადაც დაუჯდეს, მაგრამ მომავალში მრავალ მის კოლეგას გაუადვილებს ცხოვრებას და ახალ, ცივილიზებულ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს.

ვინ იქნება პირველი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი