ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შთაბეჭდილებათა განუზომელი ძალა

ჩემს ბიჭზე უკვე მომიყოლია, არა? კომუნიკაციის პრობლემები, მეტყველების დაგვიანება – დღეს ესენი ჩვენთვის თითქმის უკვე გადალახული დაბრკოლებებია, ამიტომაც უკვე თავისუფლად, შიშის გარეშე შემიძლია ამ ყველაფერზე თქვენთან საუბარი.

ერთ რამეს მივხვდი: ის სხვა ბავშვებისგან ბევრით არაფრით განსხვავდება, შესაბამისად, მეთოდები, რომლებითაც მის სოციალურ ცხოვრებაში ჩართვას ვახერხებ, თავისი, საინტერესო სამყაროს სარკმლიდან ჩემკენ გამოხედვას ვაიძულებ, უფრო სწორად, ვანდომებ, ნებისმიერი ბავშვისთვის სასარგებლო იქნება. რასაკვირველია, არ ვლაპარაკობ სპეციალურ თერაპიაზე, რომელსაც ის სხვადასხვა დაწესებულებაში გადის – ჩემს როგორც მშობლისა და მასწავლებლის მეთოდებს ვგულისხმობ, რომლებითაც სხვადასხვა ხასიათის, მიდრეკილებისა და ინტერესის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვაა შესაძლებელი.

მუსიკალურ თამაშებზე უკვე მოგიყევით, ახლა მინდა მეორე საკითხზე ვისაუბროთ, რომელიც ჩემი შვილის ამეტყველებისა და კომუნიკაციური პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად იქცა. მაინც რა არის ეს ჯადოსნური ჯოხი? არც მეტი, არც ნაკლები, მარტივზე მარტივი და რთულზე რთული – შთაბეჭდილება!

ეს საუკეთესო რამაა, რომ ბავშვი აალაპარაკო. რასაკვირველია, ყოველდღე ფეიერვერკების მოწყობა არ გამოდის, მეც და ჩემს შვილსაც რთული გრაფიკი გვაქვს: მე – სამსახური და ათასგვარი მოვალეობა, მას – ბაღი, მეტყველების თერაპია, – მაგრამ კვირაში ორი მაინც ჩვენია და სწორედ მაშინ ვცდილობ, მისი შთაბეჭდილება რაც შეიძლება მრავალფეროვანი გავხადო. სეირნობა, ახალი ადგილების ნახვა, გამოფენები, კინო, თეატრი, მუსიკა, თამაში, საყვარელი ადამიანების ღიმილი – ასეთი დღის ბოლოს ის ცდილობს, ყველაფერს მომიყვეს, ახალი სიტყვები გამოიყენოს, რაც მთავარია, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია.

ჰოდა, მე თუ მკითხავთ, შთაბეჭდილება გაკვეთილზეც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ დაზოგავთ ფანტაზიას. მე კი ჩემს რამდენიმე გაკვეთილზე მოგიყვებით.

  1. დედამიწა კოსმოსიდან

ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ეს გაკვეთილი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის” გამოძახილი იყო. მას შემდეგ, რაც იმ გარემოზე ვისაუბრეთ, ვნახეთ, დავათვალიერეთ და დავხატეთ, სადაც მწერალი გაიზარდა, გადავწყვიტე, სხვადასხვა კულტურულ თუ გეოგრაფიულ არეალში გვემოგზაურა. დედამიწაზე ვეღარ დავეტიეთ და მარსზეც ავედით, ცნობილი ფანტასტის, რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკებიდან” ერთი ეპიზოდი წავიკითხეთ, სადაც ადამიანები მარსზე მკვიდრდებიან. სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა NASA-ს საოცარი აღმოჩენები და ასე, გაკვეთილიც შეიკრა.

რაც შეეხება შთაბეჭდილებას, გაკვეთილი დაიწყო ასე – შუქი ჩავაქრეთ და დიდ ეკრანზე მარსზე გადაღებულ კადრებს ვუყურეთ. მერე მოთხრობა წავიკითხეთ, ვისაუბრეთ, სხვადასხვა ტიპის დასახლებათა ფოტოები და ვიდეოკადრები ვნახეთ, ნაწყვეტიც წავიკითხეთ ეგზიუპერის „ადამიანთა მიწიდან” და ბოლოს ჩაბნელებულ კლასში კიდევ ერთი ვიდეო გავუშვით – ეს კოსმოსიდან დანახული დედამიწის კადრები იყო.

დიდხანს იხსენებდნენ ამ გაკვეთილს – როგორ ჩამობნელდა უცბად ოთახში და ეკრანიდან როგორ ამცნო დიქტორმა, რომ მარსზე წყალი აღმოაჩინეს.

  1. თოვლი, თოვლი, ცხოვრება მშვენიერია…

ეს რამდენიმე დღეა, ჩვენ გარშემო თოვლია. თოვლია ყველგან – ქუჩაში, ტელევიზორში, ჩვენს ფეისბუქსტატუსებში, ლექსებში, რომლებიც გვახსენდება, ჩვენს სიზმრებშიც კი. ჩემი პატარა ბიჭი ხან თოვლში საკუთარ ნაფეხურებს აკვირდება, ხანაც იდუმალი გამომეტყველებით მეკითხება: „დე, თოვლის დედოფალი მოვა?”

მოკლედ, თოვლი ძალიან დიდი შთაბეჭდილებაა, ჰოდა, მეც ერთ გაკვეთილზე მოგიყვებით, რომელიც მეორეკლასელებთან ჩავატარე. რაღა თქმა უნდა, მაშინაც ზამთარი იყო, იანვარი, მაგრამ უთოვლო. გაკვეთილზე მოსულ პატარებს ოთახში უამრავი ბამბის ქულა დახვდათ, ხოლო მასწავლებლის მაგიდაზე ვარდებიანი ქოთანი იდგა. ალბათ მიხვდით, რომ კაისა და გერდას ჯადოსნური მოგზაურობის გამეორებას ვაპირებდით. წავიკითხეთ ეს საოცარი ზღაპარი, კლასის ერთი ბოლოდან მეორეში დიდი და საინტერესო მოგზაურობა მოვაწყვეთ, ბამბის ქულებით ვიგუნდავეთ, ქაღალდის ფიფქები გამოვჭერით და ვივალდის „წელიწადის დროებსაც” მოვუსმინეთ. ვისაუბრეთ წელიწადის დროებს შორის განსხვავებებზე, ვნახეთ ულამაზესი ვიდეოკადრები, ფანჯრის რაფაზე ნამცეცები დავყარეთ და გაყინული ბეღურები დავაპურეთ და ბოლოს ერთად გავიხარეთ, რომ მეგობრობამ ისევ გაიმარჯვა და დიდი ზარ-ზეიმით საკლასო ოთახის ერთი ბოლოდან თავის მერხზე დავაბრუნეთ კაი – ერთ-ერთი მოსწავლე.

გაკვეთილს, ისევე როგორც ზღაპარს, კეთილი ბოლო უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი აუცილებლად, აუცილებლად მოიშველიეთ ფანტაზია, რათა შთაბეჭდილებამ საჭირო ინფორმაცია აღბეჭდოს თქვენი მოსწავლეების გონებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი