ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვსაუბრობთ ვაზსა და მეღვინეობაზე

ვენახისა და ღვინის სიყვარული ჩვეულებრივი ჰობის დონეს რომ გასცდეს, ადამიანს ამისათვის, რასაკვირველია, თანხები სჭირდება. უფულოდ არასოდეს არაფერი გაკეთებულა და კარგი ღვინის შექმნაც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ღვინის მოყვარულ ჩვენს ბევრ ამბიციურ თანამემამულეს აქვს სურვილი, რომ საკუთარი ვენახი და საკუთარი მარანი ჰქონდეს. თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ საქმეს ხელს სავარაუდო ხარჯების დაუთვლელად ჰკიდებს და საბოლოო ჯამში მას ან ფული არ ჰყოფნის, ან დრო და კარგად დაწყებული საქმის სავალალო შედეგად მოუვლელ ვენახსა და ნახევრად გაკეთებულ მარანს იღებს.
თუ თანამდგომი არ გიყვარს…
ამ წერილში გამოცდილი და მრავალი პრობლემის დამძლევი ქართველი მეღვინეების დახმარებით შევეცდებით, რომ მეტ-ნაკლებად ნათლად ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რაც მევენახეობა-მეღვინეობას ახლავს თან და ასევე შეძლებისდაგვარად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა თანხა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვენახის გაშენებისა და მარნის მოწყობისთვის.
ჩვენთან საუბარში თითქმის ყველა გამოცდილი მეღვინე აღნიშნავს იმას, რომ საწყისი კაპიტალის ბანკიდან გამოტანას (უახლოეს მომავალში მოგების მიღებისა და ბანკის ვალის ამ გზით დაფარვის იმედით) აზრი არა აქვს და უმჯობესია, რომ ამ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვეაში მოჰკიდოთ ხელი, თუკი საწყისი კაპიტალი პირადად თქვენი ან თქვენი თანამოზიარე პარტნიორის მაინც არის. პირველი მოსავლიდან მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე ხარჯები ეტაპობრივად იკლებს, თუმცა უმჯობესი იქნება, ჯერ განსაკუთრებულ მოგებაზე არ იფიქროთ.
როგორც რეალობამ გვაჩვენა, განსაკუთრებით ისეთი ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ვითარდებიან, სადაც საწყისი კაპიტალი არა ერთმა ადამიანმა, არამედ თანამოაზრეთა ჯგუფმა ჩადო. ეს ხერხი, გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული მოწილისთვის ხარჯებს შეამცირებს, პრაქტიკული ხერხია თუნდაც იმისათვის, რომ საქმე შუა გზაზე არ შეჩერდეს. მაგალითად, თუკი ისე მოხდა, რომ ღვინის მარნის ხუთი დამფუძნებლიდან ერთ ან ორ ადამიანს ფინანსური პრობლემები შეექმნა, დანარჩენი სამი რთულად, მაგრამ მაინც შეძლებენ საქმის გაგრძელებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სახსრებშემოლეულ მარტოკა მევენახეს კი, თავისი ვენახისა და მარნის გაყიდვის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.
პარტნიორებად სხვადასხვა ქართული თუ უცხოური აგრარული სექტორით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაც შეიძლება. ეს, ფინანსურად ხელის წაშველების გარდა, თქვენი ღვინის შემდგომ პოპულარობასაც შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალზე მარტივად არის. მთელ მსოფლიოში ადამიანები განსაკუთრებით ისეთ პროდუქციას ყიდულობენ და ენდობიან, სადაც მწარმოებლებს შორის ცნობილი და წელგამართული ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. ერთი სიტყვით, კარგი ვენახის და შემდგომში მარნის მოსაწყობად, კარგი პარტნიორები სასურველი და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.
მარანი ვენახთან ახლოს
რა ღირს ერთი ჰექტარი სავენახე მიწა? არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ შეკითხვაზე ერთ, ზუსტ და ლაკონიურ პასუხს გაგცემთ, რადგან სავენახე მიწის ფასი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვაგვარია. ამას გარდა, რასაკვირველია, მიწას ერთი ფასი არც კონკრეტულად ერთ რეგიონში, ვთქვათ, კახეთში, არ ექნება. ბუნებრივია, მიწას ვერ ექნება ერთი ფასი საგარეჯოში და ფაფრის მინდვრებზე, კონდოლში და ართანაში, კარდანახსა და ველისციხეში… გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მიწას სახელმწიფოსგან ყიდულობ თუ კერძო პირისგან და შეძენილ მიწაზე ადრე როგორი ტიპის კულტურები ეთესა.
კახეთში ერთი ჰექტარი მიწის ფასი 600 ლარიდან იწყება და საუკეთესო მიკროზონებში 3 ათას ლარსაც კი აღწევს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვენახთან რამდენად ახლოს მოაწყობთ მარანს, რადგან ვენახთან ახლოს მდებარე მარანი შემდგომ სამუშაოებს ბევრად აიოლებს და ხარჯებსაც ამცირებს. აი სიკეთეები, რაც ვენახთან ახლოს მოწყობილ მარანს გააჩნია: 1. იმის გამო, რომ დაკრეფილ ყურძენს ტრანსპორტირება არ დასჭირდება, ეს ღვინის ხარისხისთვის უაღრესად დადებითი მოვლენაა; 2. ვენახისა და მარნის სიახლოვე ამცირებს ხარჯებს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია; 3. იზოგება დრო. ქალაქიდან ჩასულ ადამიანს ხშირად არ გააჩნია იმდენი დრო, რომ ერთდროულად მარნის საქმეებიც მოაგვაროს და ვენახშიც აირბინოს. ამ შემთხვევაში კი მარანში მოფუსფუსეს ვენახიც ”ხელის გულზე” ექნება; 4. ესთეტიკური მომენტი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ღვინის შატოები, როგორც წესი, სწორედ ვენახებშია ჩადგმული და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ორივე ერთად (შატო ვენახში) მართლაც ლამაზი სანახავია.
კახეთზე უკვე ვთქვით. გურიაში, ჩხავერისათვის საუკეთესო სოფლებში, ჩოხატაურის რაიონში, ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი 1500-2000 ლარია. იმერეთში, ზესტაფონსა და ბაღდათში ერთი ჰექტარი მიწა 1000-1500 ლარი დაგიჯდებათ. ქართლში კი მიწის ფასი ყველაზე ძვირია. მეღვინეობისთვის საუკეთესო ქართლის მტკვრის პირეთის სოფლებში, მიწის ფასი 2-დან 3500 ლარამდეა. მიწას სამეგრელოში დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც იმერეთში. მთიან აჭარაში ყველაზე მერყევი ფასებია და იქ მიწის შეძენა ბევრად ძნელია. აჭარა საქართველოს ალბათ ერთადერთი კუთხეა, სადაც მოსახლეობის პოპულაციური ზრდა ომის წლებშიც კი გრძელდებოდა. ამან ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბოლომდე ათვისება გამოიწვია. შესაბამისად, თუკი აჭარაში სავენახედ მიწის შეძენა გსურთ, ე.წ. თავისუფალი მიწის იაფად ყიდვის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ.
გურიაში თითქმის ყველგან 2 ჰა, ე.წ. სუფთა ფართის გამოყვანა დატერასებით დაახლოებით 5000 ლარი ჯდება. (თუმცა, შესაძლებელია, რომ დატერასება ბევრს არც დასჭირდეს). მიწის ამობრუნება და დარგვა 5000 ძირისთვის (ანუ დაახლოებით ორ ჰექტარზე) 3000 ლარი. რომ შევაჯამოთ და დატერასება გამოვაკლოთ, ერთი ჰექტარი მიწის ყიდვა და ვენახის გაშენება გამოდის: 1500 ლარი მიწის, 3000 ლარი ნერგის, 1500 ლარი დარგვის. აქ არ შედის ნაკელისა და კირის ფასი.
ქართლსა და კახეთში ვენახის გაშენების ხარჯები საშუალოდ რომ დავითვალოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ერთი ნერგის ფასი დაახლოებით 1 ლარია (ყველაზე მინიმალური). ჰექტარზე საჭიროა მინიმუმ 3 500 ცალი ნერგი. მთელი წლის განმავლობაში ვენახისათვის საჭირო აგროტექნიკა თავისი მუშიანად და ტრაქტორიანად ჰექტარზე დაახლოებით 4000 ლარი ჯდება. ამას უნდა დაუმატოთ ბოძის და მავთულის საფასური. ბოძებს გააჩნია, ვინ რას აირჩევს (ბეტონის, ბამბუკის, პლასტმასის და სხვა…) და მათი ფასი დაახლოებით 1-დან 10 ლარამდე მერყეობს.
იშვიათი განსაკუთრებულია!
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვენახისათვის ვაზის კარგი ნერგების შოვნა ძალიან რთული საქმე იყო, რადგან ფული რომც გქონოდა, სასურველი ხარისხისა და ჯიშის ნერგები შეიძლება მაინც ვერ გეშოვა. დღეს უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სპეციალური სანერგეები მოაწყვეს და ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. ვაზის ერთი ცალი ნერგის ფასი (ყურძნის ჯიშის და მისი გამოყვანის სირთულის მიხედვით) ერთი ლარიდან 5-6 ლარამდეა. ხოლო თუკი გლეხებს (და არა აგრონომ-სპეციალისტებს) სასურველი ვაზის, ე.წ. მწარეზე დამყნობას დაუკვეთავთ, შეიძლება ბევრად უფრო იაფიც დაგიჯდეთ. მაგალითად, შარშან სოფელ ველისციხეში ადგილობრივი გლეხები რქაწითელის ვაზის ერთ ცალ ნერგს 30 თეთრადაც კი ყიდდნენ. ხუთი წლის წინ ქართლში (მცხეთის რაიონის ბარის სოფელში) ადგილობრივმა მეღვინემ 5000 ცალი ჩინური ნერგი – 6000 ლარად იყიდა. თუმცა იმავე რაოდენობისა და ხარისხის ნერგებს 7500 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვით.
ამ ფაქტის შესაბამისად შეგვიძლია, ნერგების ფასების მატების მასშტაბიც განვსაზღვროთ. თუმცა ფასების მატების კუთხით ქართლის ტენდენცია ყველა კუთხეზე როდი ვრცელდება. მაგალითად, გურიაში ჩხავერის ნერგი გასული წლების დარად კვლავ 2-3 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც ჩხავერის ნერგს აჭარაში 80 თეთრადაც კი იყიდით.
ზემოთ ხსენებულის გარდა, როდესაც ვენახის გაშენებას გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე მუშახელის დაქირავებისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯებიც. ხარჯების სიდიდე რასაკვირველია ვენახის მოცულობის შესაბამისია.
ჯერ ჯიბე მოისინჯეთ…
რაც შეეხება კონკრეტულად მარანს… ამ შემთხვევაში ზედგამოჭრილია ცნობილი ქართული ანდაზა ”საბანი სადამდისაც გაგწვდებაო”. ანუ მარნის ზომა და მისი ხარისხი მთლიანად თქვენი ჯიბის სიდიდეზეა დამოკიდებული. თუმცა საშუალოდ მარნისთვის საჭირო ხარჯებზე ქართველი მეღვინეებისაგან მეტად საინტერესო ინფორმაცია მაინც მივიღეთ.
საქართველოში ტონიანი ქვევრები დაახლოებით 400-დან 800 ლარამდე ღირს. საშუალოდ 10 ტონა ღვინის გადამუშავებისა და შენახვის შემძლე მარნის სამშენებლო სამუშაოები ყველაზე ცოტა 20 ათასი ლარი მაინც დაჯდება. უჟანგავი ფოლადის საშუალო ან დაბალი ხარისხის ავზები (ისიც 10 ტონიანი მარნისათვის რომ ვიანგარიშოთ) დაახლოებით 5-დან 7 ათას ლარამდე ღირს. თუკი ამ ტიპის უფრო მაღალი ხარისხის ჭურჭელი გსურთ, ახლავე გეტყვით, რომ შესაძლებელია 15 ათას ლარზე მეტიც კი დაგჭირდეთ. მარნისათვის საჭირო დანარჩენ დანადგარებს, რომლებიც 10 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, დაახლოებით 7000 ლარი ეყოფა.
ამ ყველაფრის მარტივად დათვლით გამოდის, რომ საქართველოში საშუალო მოცულობის მარნის მოსაწყობად დაახლოებით 50 ათასი ლარია საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ მარანზე, სადაც ხარისხიანი ღვინის დაყენების ყველა პრაქტიკული შესაძლებლობა იქნება. თუმცა ცნობილია ქართული მეგობრობა-ახლობლობა-ნათესაობის ამბებიც და ამის გამო ადვილი შესაძლებელია, რომ ვენახისა და მარნისათვის საჭირო სხვადასხვა მასალებში ფული მეგობრების დახმარებით დაზოგოთ.
ასე რომ, სანამ მეღვინეობას სერიოზულად მოჰკიდებთ ხელს, გაითვალისწინეთ ხუთი უმთავრესი რამ. 1. მოძებნეთ ერთი ან რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც ხარჯებსა და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც თქვენთან ერთად გაინაწილებენ (რასაკვირველია, შემდგომში უკვე ფინანსურ მოგებასაც); 2. იმხელა ვენახი გააშენეთ, რის მოვლასაც შეძლებთ და შეეცადეთ, რომ მარანი ვენახთან რაც შეიძლება ახლოს იყოს; 3. სხვა პოპულარული ქართული ვაზის ჯიშებთან ერთად შეეცადეთ, გააშენოთ ვაზის იშვიათი ჯიშებიც, რადგან შესაძლებელია სწორედ იშვიათი ყურძნისაგან დაყენებულმა იშვიათმა ღვინომ მოგიტანოთ განსაკუთრებული წარმატება; 4. იცოდეთ, რომ ნორმალური მარნის მოწყობას დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. 5. არ არის აუცილებელი, რომ მარანი დიდი და ფეშენებელური იყოს. მარნის უმთავრესი დანიშნულება ღვინის კარგად მოვლა და კარგად შენახვაა.
ყველა გამოცდილი მეღვინე ამბობს, რომ მათ საქმეში მთავარი პირველი ნაბიჯების გაბედულად გადადგმაა. ჩვენ კი, ყველას ამ ნაბიჯების ღირსეულად გადადგმას, წარმატებულ მევენახეობასა და წარმატებულ მეღვინეობას გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი