ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სულ სხვანაირი საქართველო

იყო დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ტურისტები პირველ რიგში საქართველოს პროვინციებით ინტერესდებოდნენ, ანუ თბილისის აურზაურსა და მტვრის ყლაპვას პატარა პროვინციულ ქალაქებში დაბინავება ერჩიათ და მთელი ის ღირებულება, რაც კი ჩვენს ქვეყანას გააჩნია, სწორედაც რომ პროვინციებიდან შეეგრძნოთ და დაენახათ.
მაშინ დროც ისეთი იყო, როცა საქართველოს პატარ-პატარა დაბაქალაქებს პატრონიც ჰყავდა, მომვლელიც და მცხოვრებლებიც. დღეს კი რაიონულ ცენტრებში ჩასულებს ისეთი საშინელი სურათი დაგხვდებათ, რომ შეუძლებელია რამე ან თუნდაც კარგი პერსპექტივის იმედი დაგრჩეს ადამიანს.
საქართველოს მთელი მისი ისტორიის მანძილზე მუდამ პროვინციებით ედგა სული. თუკი რაიმე ღირებული, ფასეული და ეროვნული იქმნებოდა, ესეც რეგიონებში იყო. არ ვიცი, რომელი ერთი სფერო გამოვყოთ, რითაც საქართველოს პროვინციების გარეშე ერთსაუკუნოვანი სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნდებოდა. ესეც არ იყოს, დღეს უზარმაზარ თავკომბალას დამსგავსებულ ჩვენს დედაქალაქს, ბევრ რამეში, ლიტერატურიდან დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული, კრიზისები რომ დახვევია, განა ესეც იმის დასტური არაა, რომ ქართული რეგიონები დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს?
ყველანი თბილისში ვართ. მთელი საქართველო უზარმაზარ კორპუსებში გამომწყვდეულა და საკუთარ პრობლემებს რის ვაი-ვაგლახით აგვარებენ. პროვინციები კი ხალხისგან იცლება. ბოლო წლებში, ვინც კი თუნდაც რამდენიმე საათით საქართველოს ნებისმიერ პატარა ქალაქში მოხვედრილხართ, უმალ იგრძნობდით, რომ მხოლოდ ძველი სიცოცხლის ნაშთებზე აღმოჩნდით. ყველაფერი, საგნებიც კი, სიცოცხლისგან დაცლილია. ავტომობილის ფანჯრებიდან დანახული თითო-ოროლა ადამიანის არსებობა გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქში წესით და რიგით სულიერი არსებები უნდა ცხოვრობდნენ.
ათიოდე დღის წინ ერთბაშად რამდენიმე ასეთი პატარა დაბა-ქალაქის მონახულება მომიხდა. აქედან სამი აღმოსავლეთ საქართველოში, ორი კი – დასავლეთით მოვინახულე. ყველა ეს ქალაქი თავის დროზე ერთმანეთისგან ძირეულად იყო განსხვავებული, როგორც მცხოვრებთა ჩვევებით, ისე ცხოვრების წესითაც. ამჟამად კი ძალიან ძნელია მათში რაიმე განსხვავების პოვნა – დღევანდელობამ ეს ქალაქები ერთმანეთს სრულიად დაამსგავსა. ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ ასეთ ქალაქებში ახალგაზრდებს მიაგნოს. ძირითადად მოხუცები არიან შემორჩენილნი, მშვიდი, პროვინციული ცხოვრებით.
ასეთ ქალაქებში ასევე ნახავთ თითო-ოროლა კაფესა და მეტ-ნაკლებად ნორმალურ რესტორანსაც, რომლებშიც ისევ და ისევ დედაქალაქიდან ჩამოსული ამ ქალაქის მკვიდრები დადიან. თეატრები და კლუბები თითქმის ყველგან დახურულია. ეს შენობები ერთ დროს სახელოვნებო დატვირთვას რომ ატარებდნენ, ამას მხოლოდ ოდესღაც გაკრული აფიშების ნაფლეთები შეიძლება მეტყველებდეს. ხანდახან ძველ აფიშებზე ასეთ რამესაც ამოიკითხავთ: „21 მარტი, სპექტაკლი „მომავლის იმედი”, ფასი 1 მანეთი და 20 კაპიკი”. ღმერთმანი, ნიშანდობლივი რამაა..
პროვინციებში ბოლო დროს თუ რაიმემ ფუნქციონირება დაიწყო, ეს ეკლესიებია. ეკლესიები, სადაც შაბათ-კვირას შვილიშვილებზე ხელჩაკიდებული ბებია-ბაბუები დადიან.
ესეც რომ არ ჰქონდეთ, ალბათ მთლად გაუსაძლისი იქნებოდა ამ ადამიანების ყოფა. პატარა ქალაქებში ვისაც შედარებით ხალხმრავლობის ნახვა გსურთ, სამ ადგილს – ბაზარს, რკინიგზის სადგურს და ავტოსადგურს უნდა ეწვიოთ. სადგურებშიც წამსვლელი ადამიანების რიცხვი მომსვლელებზე მეტია. რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბაქანზე ჩამოდგომის შემდეგ თითქოს ცოტა ხნით ცოცხლდება იქაურობა. ხალხის ფუსფუსი დროებით ილუზიას ქმნის, რომ არც მთლად ყველაფერი ჩამკვდარა, მაგრამ მატარებლის სადგურიდან გასვლის შემდეგ გრძნობ საშინელ პროვინციულ მოწყენილობას. მე ამ მოწყენილობას დარჩენილი ადამიანის მწუხარებას დავარქმევდი.
ასეთია 21-ე საუკუნის პატარა პროვინციული ქართული ქალაქები! ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანს. ალბათ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველანი ჩვენს გულებში და ერთ დროს მშობლიურ პატარა ქალაქებში ჩავიხედავთ. ჩავიხედოთ და იქნებ მათ გადარჩენაზეც ვიფიქროთ ხანდახან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი