ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რამ დამაბერა…

გასული საუკუნის 60-იან წლებში წითლად შეღებილი მსოფლიოს მეექვსედის ლიდერი ხელქვეითებს დაჰპირდა, ორ ათეულ წელიწადში დედამიწაზე სამოთხეს აგიშენებთო… გავიდა ის ოცი წელიც, მაგრამ სოციალიზმიდან გამოსულმა მატარებელმა კომუნიზმის აღთქმულ სადგურს ვერ მიაღწია, 80-იან წლებში კი სულაც გადავიდა რელსებიდან. თუმცა გამოსავალი მოიძებნა – იქვე ახალი სადგური ააშენეს და „განვითარებული სოციალიზმი” დაარქვეს.

ჩემმა სიჭაბუკემ სწორედ ამ სადგურის ბაქანზე გაიარა. ცხადად მახსოვს ცივი, მინებჩამსხვრეული მოსაცდელი, რომელსაც ნიკოლოზის დროინდელი ჩამქრალი ბუხარი ამშვენებდა – მისი გამოცივებული და გაჭვარტლული კედლები უფრო მეტად აცივებდა ატმოსფეროს. იქვე პატარა წიგნის მაღაზიაც იყო – თითქმის მუდამ ცარიელი თაროებით… გზაარეული თუ შეივლიდი დროის მოსაკლავად ან უცაბედად წამოსული წვიმისგან თავის შესაფარებლად… ხმები დადიოდა, ამ მაღაზიაში კარგი წიგნებიც იყიდება, მაგრამ ორმაგ ფასად, დახლს ქვემოდან და სანდო ხალხზეო. მე არც ფული მქონდა საკმარისი და არც სათანადო ნდობის მოპოვება შემეძლო… თუმცა ერთხელ გურამ თიკანაძის ფოტოალბომის თაროზე შემორჩენილ ერთადერთ ეგზემპლარს წავაწყდი. პირველად ვნახე ასე ლამაზად გაფორმებული წიგნი. დღესაც არ ვიცი, რამ გადაარჩინა დახლის ქვეშიდან ვიღაცის მისაღებ ოთახში, გამოსაჩენ ადგილას გადანაცვლებას. ალბათ იმან, რომ გარეკანი შელანძღული ჰქონდა… დიახ, იყო ასეთი დროც, როცა წიგნი ყდით ფასობდა და არა შიგთავსით… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემოძენძილი ყდის წყალობით ალბომი მე მხვდა წილად. ეს კი ის ფოტოა, რომელიც გადაშლისთანავე შემომეგება…

ბერიკაცი, ოდნავ დამორცხვებული, გარუჯული და ხელებდაკოჟრილი… ოფლს ისე დაუღარავს მისი სახე, როგორც ღვარცოფებს – მთის ფერდობი. ალბათ ამიტომაც ჰქვია მის მოწეულ მოსავალს ჭირნახული…

და რატომ ვბერდებით? ან რა არის სიბერის ნიშანი? აქვს სიცოცხლეს საზღვარი? თუ ბერდება ზღვა, ქვა, მთა, რკინა, განცდა, იმედი, ოცნება? რა თქმა უნდა. ბერდება ყველა და ყველაფერი… ცოცხალი და არაცოცხალი, მატერიალური და არამატერიალური… უბრალოდ, ყველას სიცოცხლეს თავისი ზღვარი აქვს… ზოგი ადრე გალევს სიცოცხლის ბილიკს, ზოგი – გვიან… ზოგი სწრაფად გარბის თავისი ცხოვრების ჰორიზონტისკენ, ზოგი კი ზლაზვნით მიუყვება ნარეკლიან გზას… ერთი კია – ყველას სხვადასხვა გზაა აქვს გასავლელი…

ჟამთა ცვლა ცვეთს ყველაფერს – ქვასა და ხეს, მთასა და ზღვას, მანქანასა და რკინას, განცდასა და იმედს… უჯრედსაც…

დაბერების ფენომენს დიდი ხანია სწავლობენ ქიმიკოსები, ბიოლოგები და ორივე დარგის მეცნიერები ერთად. უამრავი თეორია თუ მოსაზრება წამოაყენეს, თუმცა ბოლომდე სანდო – ვერც ერთი.

თანამედროვე მეცნიერება ორი ძირითადი თეორიით ხსნის ნაოჭების გაჩენას: გენეტიკური პროგრამირების და ე.წ. გადაგვარების (ან შეცდომების) თეორიებით.

პირველი ტიპის თეორიების თანახმად, სიბერე ისევეა დაპროგრამებული ჩვენს გენეტიკაში, როგორც ბიოლოგიური ციკლის სხვა რგოლები: დაბადება, ზრდა, განვითარება… კვლევები აქ სამ მიმართულებად იყოფა:

1. პროგრამირებული ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის თეორია, რომლის თანახმადაც, სიბერე განპირობებულია განსაზღვრული გენების თანმიმდევრობითი ჩართვა-გამორთვით. განსაზღვრული ხნის შემდეგ ეს გენეტიკური „გადამრთველი” მწყობრიდან გამოდის, იწყება ასაკობრივი დეფიციტი და ჩვენი ორგანიზმის მანქანაც ნელ-ნელა ძაბუნდება.

2. ენდოკრინული თეორია: ჰორმონები ჩვენი ბიოლოგიური საათის მოჭიმულ ზამბარას წარმოადგენს. დოქტორმა ვან ჰეემსტმა დაადგინა, რომ ინსულინ/IGF-1 სიგნალირების (IIS) გზა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თმის შევერცხლაში. დროთა განმავლობაში ამ ჰორმონების გამომუშავება მცირდება და ჩვენი საათიც ჯერ ჩამორჩენას იწყებს, მერე კი საერთოდ ჩერდება.

3. იმუნოლოგიური თეორია: იმუნური სისტემა, ჩვენი ორგანიზმის ჟანდარმი, დაპროგრამებულია დროის ფუნქციით. დროთა განმავლობაში ის ფუნქციობას წყვეტს, რასაც გულისცემის შენელება და შეწყვეტაც მოსდევს. დაუცველ ორგანიზმში ერთი პატარა უცხოტომელის მოხვედრა ლეტალურ შედეგს იწვევს.

მეორე ტიპის მიდგომების მიხედვით კი სიბერე გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით, რომლის შედეგადაც უჯრედები დროთა განმავლობაში ისევე ცვდება და გამოდის მწყობრიდან, როგორც ორთქლმავლის ან სხვა აგრეგატის მოძრავი თუ უძრავი ნაწილები.

გადაგვარების თეორია, თავის მხრივ, შემდეგ მიმართულებებად იყოფა:

● თეორია „ატარე-გაცვითე”. ეს ერთ-ერთი უძველესი თეორიაა (1882 წელს წამოაყენა გერმანელმა ბიოლოგმა ავგუტს ვეიმანმა) და, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივად ხსნის სიბერეს, რადგან მრავალ ყოფით, თვალნათელ მოვლენასთან შეიძლება პარალელის გავლება, მაგრამ ბიოლოგიური პროცესების მექანიზმი გაცილებით რთულია, ვიდრე ავტომანქანის საკისრების ცვეთისა.

● სიცოცხლის სიჩქარის თეორია. დაბადებიდან სიკვდილამდე მანძილს მით უფრო სწრაფად გავდივართ, რაც უფრო ჭარბადაა ჩართული ჟანგბადი სასიცოცხლო პროცესებში. მეტია ჟანგბადის კონცენტრაცია? – უფრო სწრაფად მიმდინარეობს ჟანგვა და ორგანიზმიც უფრო მალე იფიტება. მაგრამ ამ თეორიით ვერ ხერხდება ახსნა, მთაში, სუფთა ჰაერზე დაბადებულ-გაზრდილები რატომ ცოცხლობენ უფრო მეტს, ვიდრე გაჭვარტლული ქალაქის მკვიდრნი.

● ჯვარედინი კავშირების თეორია, რომელიც 1942 წელს წამოაყენა იოჰან ბიორკსტენმა. ამ თეორიის თანახმად, ცილებს შორის ჯვარედინი კავშირების წარმოქმნა აავადებს უჯრედებსა და ქსოვილებს, რასაც დაბერებამდე მივყავართ.

● თავისუფალი რადიკალების თეორია. ის პირველად 1954 წელს გაახმოვანა გერშმანმა, თუმცა მოგვიანებით დენჰამ ჰარმანმა კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლა. ამ მოძღვრების თანახმად, ორგანიზმში წარმოიქმნება თავისუფალი სუპეროქსიდები და სხვა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედის მაკრომოლეკულური სისტემების დესტრუქციას და, შესაბამისად, სიბერეს იწვევს.

როგორც ხედავთ, თეორია ბევრია, დამაჯერებელი ახსნა კი ჯერ არ ჩანს. თითოეულ მათგანს უამრავი გამონაკლისი ან აუხსნელი მომენტი აქვს, უფრო მეტიც – ზოგი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის. ყოველივე ამის მიზეზი კი სისტემის ცოცხალი ორგანიზმის „საამქროს” რთული მოწყობაა… გაივლის დრო და ალბათ კიდევ არაერთი თეორია გაჩნდება… და ასე იქნება, სანამ ადამიანი პასუხს არ გასცემს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით კითხვას – „რატომ ვბერდებით”.

თუ ჩემი მცდელობა, დაბერების ბიოქიმიური საწყისები ამეხსნა, ამაო აღმოჩნდა, ივანე წიკლაურს მოუსმინეთ – ის უფრო მარტივი ენით ხსნით ამას: (https://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=4382)

ან მოუსმინეთ:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი