პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გასეირნება ისპაჰანში

თეირანში, იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტის მოსაცდელში, თუნუქის სკამზე ვწევარ. თავქვეშ ხელბარგი და ქურთუკი მაქვს ამოდებული, ცალი თვალით სამგზავრო ჩანთას ვყარაულობ, ცალი ხელით – პასპორტსა და ფულს. ცალი თვალით მძინავს. მერვე საათია, ასე ვარ. კიდევ ოთხ საათს ვიყურყუტებ აქ. მერე ბაქოში ჩავფრინდები და ექვს საათს მომიწევს თბილისის რეისისთვის მოცდა. მანამდე, ხუთი საათი, ისპაჰანიდან თეირანამდე მგზავრობაში გავატარე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუნუქის სკამზე წოლის გამო ნეკნები უარს აცხადებენ ჩემს სხეულში მშვიდობიან არსებობაზე. წელი მტკივა. ყოველ გამოღვიძებაზე უფრო და უფრო იმატებს ყელის ტკივილიც. სასუნთქი მილები ჩაკეტილია. ხელებზე დახედვა შიშს მგვრის, რადგან თითებზე ჯერ კიდევ მაჩნია იმ მელნის კვალი, რომლითაც ორი დღის წინ ისპაჰანში თითის ანაბეჭდები ამიღეს. თავი ფეიქრების ქუჩის მანქანის ნაწილების ბაზრობის ძაღლი მგონია. დროდადრო ამას ჩემი თანამგზავრი გიგაც მიდასტურებს.

 

ხანდახან მოსაწევად გავდივარ. საამისოდ სამლოცველო ოთახებისა და სწრაფი კვების ობიექტის გავლა მიწევს, რომელზეც ბურგერების არცთუ მადის აღმძვრელი პოსტერებია გამოკრული. ყოველთვის, როცა მოსაწევად გასულს სახეზე ცივი ნიავი მხვდება, საკუთარ თავს ვეკითხები, რა იყო ამ გაუგებრობაში ჩემი მოხვედრის მიზეზი და თავში ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მომდის: გიგა შუბითიძე.

გიგა შუბითიძემ, ჩემმა მეგობარმა და თანამშრომელმა, ერთ დილით ირანში გაყოლა მთხოვა. იმავე საღამოს გავფრინდით. ასე სწრაფად მაღაზიაში წასვლაც კი არასოდეს გადამიწყვეტია, არათუ იმ ქვეყანაში, რომელიც ურანს ამდიდრებს, Facebook-სა და Youtube-ს კრძალავს და საერთოდ, იმდენი მტერი ჰყავს, რამდენიც ავი კაცის გულს გაუხარდება. ამ გადაწყვეტილების მიღება გაცილებით რთულდება, როცა Homeland-ის მესამე სეზონი ნანახი გაქვს. გიგამ ვიზიტის მიზანი ძალიან ბუნდოვნად ამიხსნა: „რაღაც ბიზნესფორუმი ტარდება ისპაჰანში. თან ირანს დავათვალიერებთ”, – მითხრა მან. „რატომაც არა”, – გავიფიქრე და ბილეთი ვიყიდე: თბილისი – ბაქო – თეირანი; თეირანი – ბაქო – თბილისი.

ხუთდღიანი მოგზაურობის დეტალებს თვითმფრინავში ვარკვევდით. ამაში ჩემ გვერდით მჯდომი ირანელი ტიპი, ვინმე მაჰმუდი დაგვეხმარა, რომელიც ბეიჯინგის რომელიღაც უნივერსიტეტის დოქტორანტი აღმოჩნდა. პირველი წარმოდგენა ირანელ ხალხზე ძალაუნებურად მაჰმუდის მიხედვით შემექმნა. იმამ ჰომეინის აეროპორტში რომ დავეშვით, ფულიც საუკეთესო კურსით გადაგვახურდავებინა (მაქსიმუმ 200$-ის გადაცვლა შეიძლება) და ტაქსიც სანაქებო ფასად გვაშოვნინა. კონტაქტების გაცვლაზე რომ მიდგა საქმე და გაკვრით Facebook-ი ვუხსენეთ, თვალები დაუსევდიანდა და საბოლოოდ Viber-ს დავყაბულდით. უბრალო ირანელი ხალხის კეთილშობილება კიდევ რამდენჯერმე გამაკვირვებს. მათ შორის – ისპაჰანის სადგურში, სადაც თეირანიდან ავტობუსით ჩალასლასებულებს დედის მოსანახულებლად ჩამოსული ღვთისმშობლის სეხნია ქალბატონი სრულ ერთ საათს დაგვახარჯავს, ყველა წვრილმანში გაგვარკვევს, უკანა გზის ბილეთებს გვაყიდვინებს და თეირანშიც დაგვპატიჟებს, რათა მან და მისმა ქმარმა იქაურობა დაგვათვალიერებინონ.

– რომელ სასტუმროში ჩერდებით? – გვკითხა მაჰმუდმა.
– Abbasi Hotel-ში.
მაჰმუდი ეჭვით გვიყურებს და თვალებში აწერია: „თქვენ? აბასში? გაა…ით! ვის ატყუებთ?!”
– ოოო, ეს ნომერ პირველი სასტუმროა ირანში. ძალიან ძვირია, – სიტყვები თვალებზე თავაზიანი აღმოაჩნდა ჩვენს ახალგაცნობილ ირანელ მეგობარს.
– ხარჯს ფორუმის ორგანიზატორები ფარავენ.

ირანელთა კერპის, აიათოლა ჰომეინის სახელობის აეროპორტის ჩამომსვლელთა დარბაზი უღიმღამო და დამთრგუნველი აღმოჩნდა. ერთი საეჭვო შესახედაობის კაფე – სრულიად ცარიელი. ირგვლივ – ბეტონის დაუმთავრებელი კონსტრუქციები, რომლებიც მათი მშენებლების დისციპლინასა და პუნქტუალურობაზე ღაღადებენ. თითქოს ვინანე კიდეც ირანში წამოსვლა. არ გამართლდა ჩემი მეგობრის, ვაჟა გვარამიას გაფრთხილება, რომ საზღვარზე, სანამ ქვეყანაში შემიშვებდნენ, 3-4 კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა – წვერგაუპარსავმა მესაზღვრემ, რომელსაც თვალებში ძილის კვალი ჩარჩენოდა, ზედაც არ შემოუხედავს, ისე ჩასცხო ბეჭედი ჩემს პასპორტში და სამშობლოში უხმოდ შემიპატიჟა. აეროპორტზე გაცილებით უღიმღამო აღმოჩნდა თეირანიდან ისპაჰანისკენ მიმავალი გზა – ერთფეროვნად ხრიოკი, ხშირად ქვიანი მიწები ავტობუსის მარცხენა და მარჯვენა ფანჯრებში. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ კინოს გმირი ვიყავი და პავილიონში ვიღებდით ავტობუსის ეპიზოდს, ფანჯრების ნაცვლად კი ეკრანები იყო დამონტაჟებული, რომლებზეც კადრები მეორდებოდა.

Abbasi Hotel-მა სახელი გაამართლა. ის აზიური კულტურის ელემენტებით შემკული შენობა აღმოჩნდა. მუთაქებიანი სავარძლებით, ჭერსა და კედლებზე მდიდრული ვარაყითა და მუსლიმური ორნამენტებით, აბრეშუმის ხასხასა ხალიჩებით, რეჟიმისთვის დამახასიათებელი Wi-Fi-ის ხარისხით, დამტვრეული ინგლისურით მოლაპარაკე მიმღების თანამშრომლებითა და ცოტა არ იყოს, მოძველებული, არა ევრო რემონტით.

ფორუმის ორგანიზატორებს მოლოდინი ოდნავ გავუცრუეთ. ისინი თურმე კავკასიელ მილიონერებს ან მილიონერთა მარჯვენა ხელებს ელოდნენ, რომლებიც ისპაჰანის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მრავალ მილიონ მწვანე დოლარს ჩადებდნენ, მათ ნაცვლად კი ჩვენ შევრჩით ხელში. თუმცა იძულებულნი გავხდით, დღე-ნახევრის განმავლობაში ფულის ტომრების როლი მოგვერგო, რადგან ფორუმი ჩვენც სხვაგვარი წარმოგვედგინა. „რაღაც ფორუმი, ანუ ირანის დათვალიერების კარგი და იაფი შანსი” სინამდვილეში ბობოლა ბიზნესმენებისა და დონორი ორგანიზაციების შეკრება აღმოჩნდა, რომლის გახსნის ცერემონიალმაც, რა დასამალია. ძალიან შემაშინა:
მე და გიგა, კოსტიუმ-ჰალსტუხებში გამოწყობილები, მოჩუქურთმებული დარბაზის შუა რიგში დავსხედით და შორიდან ვუყურებდით, როგორ შემოდიოდნენ დაცვის ბიჭებითა და თავშლიანი გოგონებით გარშემორტმული თანამედროვე ირანული მითოლოგიის წვერმოშვებული ღმერთკაცები, რომელთა დანახვაზეც ადგილობრივებს ელეთმელეთი მოსდიოდათ და ლამის მუხლებზე მთხვეოდნენ. ეს იყო ყველაზე დამთრგუნველი და გემოვნებას მოკლებული ცერემონიალი, რაც კი ოდესმე მინახავს. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკურ კულტურასა და რელიგიურ დოგმებზე უსიტყვოდ მეტყველებდა. უცებ დაიგრუხუნა და მთელ კედელზე გამოჩნდა ირანის რევოლუციის შემოქმედის, მათი ყოფილი (თუმცა მათ ცნობიერებაში მარად ცოცხალი) აიათოლა ჰომეინის გამოსახულება – შავი წარბებით, შეუწყნარებელი გამოხედვითა და გაშლილი ხელით, რომელიც დარბაზისკენ მოიწევდა. აიათოლა ჰომეინის გამოსახულება იმამის ნახევარსაათიანმა ლოცვამ შეცვალა, რომელსაც პერიოდულად დარბაზიც უბამდა მხარს. მე და გიგა კი ვემსგავსებოდით რობერტ დე ნიროსა და შონ პენის პერსონაჟებს ფილმიდან „ჩვენ ანგელოზები არ ვართ”.

– ეს ხალხი ამდიდრებს ურანს? – გადმომიჩურჩულა გიგამ. ჩურჩულის არავითარი საჭიროება არ იყო – ჩვენი არავის ესმოდა, მაგრამ ორივეს გვეჩვენებოდა, რომ ამ დარბაზიდან ჟანგბადი მთლიანად გამოტუმბეს. კედლები თითქოს ერთმანეთისკენ მიიწევდა და სადაცაა გაგვჭყლეტდა.

– ამათ ურანის გაღარიბება უფრო გამოუვათ, ვიდრე გამდიდრება, – მეც ჩურჩულით ვუპასუხე.

ყველას გამოსვლა, მათიც, ვისაც ტექნიკურ დეტალებზე უნდა ელაპარაკა, ღმერთისთვის ისტერიული მადლობის გადახდით იწყებოდა. მადლობას უხდიდნენ ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ ეს კონფერენცია გაიმართა, იმისთვის, რომ მათ ამ დილაადრიან კონფერენციაზე მოსვლის ძალა მისცა, იმისთვის, რომ ისპაჰანი მსოფლიოს ინტელექტუალური და ტექნოლოგიური (ქუჩაში მხოლოდ (!) ირანული წარმოების მანქანად წოდებული ურიკები დადიან) დასაბამი და ცენტრია. ეს არ ჰგავდა გადამეტებულ რელიგიურობას, რომელსაც საქართველოშიც ხშირად ვაწყდებით. არ ჰგავდა არც ღვთისმოშიშობას ან ალაჰის სიყვარულს. ეს ჰგავდა ისტერიკას.

უეცრად დაუძლეველი შიში დამეუფლა. შეუძლებელია, გარემოში, სადაც დამთრგუნველი წესები მოქმედებს, ამ წესებმა თავის ტალღაზე არ მოგმართოს, გონებაში არ შემოგიძვრეს. გამახსენდა, რომ ფირდოუსის ქუჩაზე, ჩვეულებრივი ირანული SIM ბარათის აღებისას, ჩემი ბიოგრაფია ჩაიწერეს, პასპორტის ყველა კუთხე-კუნჭული დაასკანერეს და ბოლოს თითის ანაბეჭდები ამიღეს. გამახსენდა ფილმი „არგო”. გამახსენდა, რომ იმამმა ჰომეინიმ სალმან რუშდის მოკვლის ბრძანება გასცა.

მეორე მხრივ, გამახსენდა უბრალო, საოცრად კეთილი ირანელი ხალხი, რომელთანაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ კეთილი ადამიანების ნახვა და გაცნობა თავისუფლების პირობებში, თუნდაც მათი კედლების თვალიერება Facebook-ზე.

მისი აღმატებულება ისპაჰანის მერი და მისი აღმატებულება პრეზიდენტის წარმომადგენელი (სწორედ ასე მიმართავდნენ ისინი ერთმანეთს) ხმამაღალი მადლიერებით იმეორებდნენ, რომ აშშ-მა სანქციები მოხსნა და სახელგანთქმული ქალაქის ისტორიაში ახალი, ოქროს ხანა იწყებოდა.

სინამდვილში, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ გვემუქრებოდა. ამას მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგღა მივხვდი, როცა გავაანალიზე, რომ პატიოსანი ტურისტისთვის თითის ანაბეჭდების აღებაც და აეროპორტში ჩემი ხელბარგის სამჯერ ამოქექვაც უხილავი ხელბორკილების შეგრძნების შესაქმნელადაა, რათა შემდეგ საკუთარ თავს თვითონვე დაუწესო საზღვრები.

ისპაჰანის ტურისტული ნაწილი კოხტა და საინტერესო, თუმცა ოდნავ ერთფეროვანია. საიტებზე მუზეუმების მისამართების მოძებნა არამხოლოდ ინტერნეტის ცუდი ხარისხის გამოა რთული. ერთ ადგილობრივ ვებგვერდზე სტატია ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შესახებ ასე, ქართულ-სომხური ტიპის ტრაბახა წინადადებით იწყებოდა: „ისპაჰანი თავადაა მუზეუმი”.

ხიდები, მეჩეთები და სასახლეები ულამაზესი კედლებით, ჭერებითა და სიძველის შეგრძნებით ერთდროულად გხიბლავს კიდეც და მოწყენილობასაც მალევე გგვრის. სხვათა შორის, რუკაზე დატანილ ერთ–ერთ სასახლესთან მისულებს, იქ რუსეთის ფედერაციის საკონსულო დაგვხვდა, სტენდზე გამოკრული სრულიად გაუგებარი და სულელური ფოტოებით, რომლებიც, ვითომდა, რუსეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

თუ აზიური ხელნაკეთი ნივთები, ჭადრაკი ან ნარდი გიყვართ, ქალაქის სავაჭრო ნაწილში ყბის ადგილზე დაფიქსირება და თვალის დახამხამება გაგიჭირდებათ. მაღაზიების დახლებზე აზიზად შელაგებული ნაკეთობები აუცილებლად დაგაფიქრებენ მათ შეძენაზე. აქლემის ძვლისგან დამზადებული, აზიური ორნამენტებით გაწყობილი ზარდახშები; ულამაზესი, პრიალა ჭადრაკის დაფები, რომლებზეც ჯვაროსნები და სელჩუკები ერთმანეთს უპირისპირდებიან; ნარდი ირანული პოეზიის ეპიზოდებით მოხატული დაფით და აქლემის ძვლისგანვე დამზადებული ქვა-კამათლებით.

ერთ ასეთ მაღაზიაში, ზარდახშის საყიდლად შესულებს, პარიზში გადახვეწილი გიორგი ზაქარეიშვილის ამბავი გაგვიცოცხლდა. როცა ჩვენი საუბარი მოისმინა, თავსაფარწამოფარებულმა გოგონამ გვითხრა: „მეც ქართველი ვარ. ჩვენ ფერეიდნელი ხალხი”. გაგვეხარდა, ვიმუსაიფეთ, ოჯახზე მოგვიყვა და ზარდახშაც 20%-იანი ფასდაკლებით მოგვყიდა. ამ გოგოსადმი მადლიერების გრძნობა კიდევ დიდხანს გაგვყვა, სანამ მოედნის ბოლო მაღაზიამდე არ მივედით, სადაც ზუსტად იგივე ზარდახშა 30 დოლარით უფრო იაფად იყიდებოდა.

საბოლოოდ, მე და გიგა იძულებული გავხდით, ისპაჰანში მართლაც ჩაგვედო მრავალი მილიონი. ოღონდ არა დოლარი, არამედ ირანული რეალი (100$ დაახლოებით 4 მილიონი რეალია). ყველა ეს მილიონი ადგილობრივ სამზარეულოში, უფრო ზუსტად კი ქაბაბებში დავაბანდეთ – ხან ცხვრისაში, ხან ქათმისაში. ქაბაბი კი მართლაც სანაქებო აქვთ. ზომიერად წვნიანი. მის გემოს კიდევ უფრო ამდიდრებს შემწვარი პომიდორი და სხვა ბოსტნეული, რომელიც გვერდს უმშვენებს ოქროს სქელი სამკაულივით მოჩუქურთმებულ ხორცს. გემოს შეგრძნებათა პალიტრას კი პირველი თოვლივით თეთრი და ფაფუკი ბრინჯი კრავს.

წამოსვლის წინ იმამ ჰომეინის აეროპორტში სამჯერ გამახსნევინეს ჩანთა და როცა დარწმუნდნენ, რომ ტკბილეულის, ლეპტოპის (რომელიც ვერაფერში გამოვიყენე), სათადარიგო სათვალისა და კამათლების გარდა არაფერი ეწყო, ღიმილითა და ბოდიშით გამომიშვეს. გაფრენის წინ თვალში მოგვხვდა იქაური სასულიერო მაღალიერარქი ძვირფასი ტანისამოსითა და iPhone 6s-ით ხელში, გამალებით რომ დაძვრებოდა მაღაზიებში და ქალის ჩანთის ყიდვას ლამობდა.

– ხედავ? ჩვენთან „პრადოა” მოდაში და აქ ბოლო აიფოუნი ყოფილა – ვუთხარი გიგას.

– ნუ მკრეხელობ, ალბათ მრევლმა უყიდა, – მიპასუხა მან. ამაზე ვიცინეთ.

ირანში შესვლისთანავე აკვიატებული შიში, რომ ხიფათი მელოდა, მინელდა, მაგრამ გამოფრენამდე არ გამქრალა. რაში სჭირდებოდათ ჩემი თითების ანაბეჭდები? – ვეკითხებოდი დროდადრო საკუთარ თავს. ამ კითხვამ აზრი მხოლოდ მაშინ დაკარგა, როცა თვითმფრინავი აფრინდა. ამ დროს კიდევ ერთხელ გამახსენდა ფილმი „არგო” და ჩამესმა შინაგანი ხმა: ქალბატონებო და ბატონებო! მოხარულები ვართ მოგახსენოთ, რომ შეგიძლიათ მიირთვათ ალკოჰოლური სასმელები, რადგან ჩვენ გადავკვეთეთ ირანის საჰაერო საზღვარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი