ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცეცხლოვანი ფრინველი (ნაწილი II)

არსებობს მოსაზრება: რომ არა დიაგილევი, შესაძლოა, სტრავინსკის იმ სიმაღლეებისთვის ვერ მიეღწია. დიაგილევს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა უამრავ კომპოზიტორთან – რაველთან, პროკოფიევთან, სატისთან, რიჰარდ შტრაუსთან… ნებისმიერი, ვინც დიაგილევის წრეში მოხვდებოდა, ელვის სისწრაფით ვარსკვლავად იქცეოდა ხოლმე. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, დიაგილევი „სთარ მეიქერი” იყო. ის ქმნიდა ვარსკვლავებს მოცეკვავეების, ბალერინების, კომპოზიტორების, მწერლებისა და მხატვრებისაგან. ცხადია, პარიზში „რუსული სეზონების” მსვლელობა არც ერთი ზემოხსენებული ხელოვანის, მათ შორის – სტრავინსკის, გარეშეც არ შეწყდებოდა, მუსიკას, რაღა თქმა უნდა, სხვა კომპოზიტორებიც დაწერდნენ, მაგრამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით „რუსული სეზონების” ეპიცენტრში დღეს უკვე ლეგენდად ქცეული იგორ სტრავინსკი აღმოჩნდა. და ეს ყველაფერი 1913 წელს დაიწყო.

„ფანტასტიკური სკერცოსა” და „ფოიერვერკის” შესრულება „ზილოტის კონცერტებში” უმნიშვნელოვანესი მომენტი აღმოჩნდა მთელი ჩემი მუსიკალური მოღვაწეობისათვის”, – წერს სტრავინსკი. – „სწორედ აქედან დაიწყო დაახლოება და მოგვიანებით დიდი მეგობრობა დიაგილევთან, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. მიუხედავად ჩვენ შორის პერიოდულად თავჩენილი აზრთა სხვადასხვაობისა, ეს ურთიერთდამოკიდებულება არასდროს შეცვლილა. ამ ორი ნაწარმოების („ფანტასტიკური სკერცო” და „ფოიერვერკი”) მოსმენის შემდეგ დიაგილევმა შოპენის „ნოკტიურნისა” და „დიდი ვალსის” გაორკესტრება მთხოვა ბალეტ „სილფიდებისთვის” (სახელი „შოპენიანა” დიაგილევმა „რუსული სეზონებისთვის” „სილფიდებით” შეცვალა). 1909 წლის ზაფხულის დამლევს მოულოდნელად შეტყობინება მივიღე, რომელმაც ყველა ჩემი გეგმა თავდაყირა დააყენა – პარიზიდან პეტერბურგში ეს–ესაა დაბრუნებული დიაგილევი მთავაზობდა, დამეწერა მუსიკა ბალეტისთვის „ფასკუნჯი”, რომელიც პარიზის ოპერის თეატრში „რუსული ბალეტის” სეზონზე ერთ წელიწადში უნდა დაედგათ. დაკვეთის ვადა მაფრთხობდა, ვინაიდან საკუთარ შესაძლებლობებში ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული. ორჭოფობის მიუხედავად, დავთანხმდი. წინადადება ძალზე სასიამოვნო იყო, რადგან ახალგაზრდა თაობის მუსიკოსთა შორის არჩევანი ჩემზე შეაჩერეს და იმ დროის საუკეთესო ხელოვანებთან – თავიანთი საქმის დიდოსტატებთან სათანამშრომლოდ მიწვევდნენ”.

იმ დროის ყველაზე ცნობილმა და გამოცდილმა კომპოზიტორმა ანატოლი ლიადოვმა ერთ წელზე მეტი დრო მოითხოვა ამ შეკვეთის შესასრულებლად. დრო არ ითმენდა. ამიტომ იყო, რომ „რუსული სეზონების” ორგანიზატორმა სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება 28 წლის იგორ სტრავინსკის შესთავაზა.

დიაგილევის არჩევანმა „რუსული სეზონების” კომიტეტის წევრები გააოგნა, ვინაიდან არაფერი გაეგონათ სტრავინსკიზე. ალბათ ამიტომ აღმოჩნდნენ „ზილოტის კონცერტზე” ახალგაზრდა კომპოზიტორის „ფოიერვერკის” მოსასმენად ფოკინი, ბენუა და კომიტეტის სხვა წევრები დიაგილევთან ერთად. დიაგილევი დიდ ანტრეპრენიორად იმიტომ მიიჩნეოდა, რომ უტყუარი ალღოს წყალობით ერთი შეხედვით შეუმჩნეველ ხელოვანში შემოქმედებითი პოტენციალის ამოცნობა შეეძლო. ამის შესახებ სპექტაკლის ბალეტმაისტერი მ. ფოკინი წერდა: „ფოიერვერკს” დიდი წარმატება არ ხვდომია წილად, მაგრამ მე და დიაგილევი აღვფრთოვანდით. მუსიკა იწვოდა, გიზგიზებდა, ნაპერწკლებს ყრიდა. ეს იყო ის, რაც ბალეტის ცეცხლოვანი სახის შესაქმნელად გვჭირდებოდა”.

კომპოზიტორი იხსენებს: „1909 წლის ნოემბრის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგიდან 70 კილომეტრზე, სუფთა ჰაერზე, რიმსკი-კორსაკოვის აგარაკზე გადავბარგდი და დასვენების ნაცვლად მთელი გულმოდგინებით შევუდექი „ფასკუნჯზე” მუშაობას. ჩემთან ერთად რიმსკი-კორსაკოვის შვილი იყო. სწორედ ამიტომ მივუძღვენი მას ეს ნაწარმოები”.

პრემიერა 1910 წლის 25 ივნისს პარიზში, გრანდ-ოპერის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდა ხელოვანთა ბომონდი: მარსელ პრუსტი, ჟან ჟიროდუ, პოლ კლოდელი, მორის რაველი, კლოდ დებიუსი, მანუელ დე ფალია, სარა ბერნარი და სხვები. და ასეთი საზოგადოების თანდასწრებით საოცარი კონფუზი მოხდა: დიაგილევის ჩანაფიქრით, ცხენების პროცესიას მთელი სცენა უნდა გაევლო. აი, რას გვიამბობს თავად სტრავინსკი: „როგორც ჩაფიქრებული იყო, საბრალო ცხოველები რიგრიგობით გამოვიდნენ და მოულოდნელად ერთმა მათგანმა სცენაზე სურნელოვანი სავიზიტო ბარათი დატოვა, რამაც გაოგნებული საზოგადოება აახარხარა (მომდევნო სპექტაკლებში დიაგილევს ამგვარი რისკი აღარ გაუწევია)”. მაგრამ ამ ინციდენტს ხელი არ შეუშლია უდიდესი წარმატებისთვის. სპექტაკლის წარმატებამ დიაგილევის როგორც შესანიშნავი ანტრეპრენიორის მდგომარეობა უფრო მეტად განამტკიცა. რაც შეეხება ფოკინს, ის გამოჩენილ ქორეოგრაფად აღიარეს. რა თქმა უნდა, ძალიან აქებდნენ ახალგაზრდა მუსიკოსს და სრულიად უცნობმა კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ ერთ დღეში გაითქვა სახელი.
კომპოზიტორს ბედმა გაუღიმა, დიაგილევს რომ შეხვდა. სტრავინსკი ნიჭიერების წყალობით მაინც დაიმკვიდრებდა თავს XX საუკუნის გამოჩენილ მუსიკოსთა შორის, მაგრამ დიაგილევის გარეშე მისი ბედი სხვაგვარად წარიმართებოდა. ახალგაზრდა კომპოზიტორს „ფასკუნჯმა” გაუკაფა დიდებისკენ მიმავალი გზა.

ბალეტი რუსული ხალხური ზღაპრების მოტივებზეა შექმნილი. აი, რას წერს ბალეტმაისტერი მიხეილ ფოკინი: „დიაგილევმა, მხატვართა ჯგუფმა და მე რუსული ზღაპრებიდან სიუჟეტის ძებნა დავიწყეთ. ამ თემაზე ხალხური ფანტაზიის ყველა სახე რიმსკი-კორსაკოვს უკვე გამოყენებული და გათამაშებული ჰქონდა. არსებობდა ფასკუნჯის ფანტასტიკური სახე, მაგრამ ბალეტს სიუჟეტურად ვერ ესადაგებოდა. მე ხელი მოვკიდე სხვადასხვა ზღაპარს და ასე შევქმენი საბალეტო ლიბრეტო”. თვალისმომჭრელად ლამაზი ფრინველის სახის შესაქმნელად ყოველი სიუჟეტური სვლა ზედმიწევნით იყო გათვლილი. ესთეტიკის საფუძველშივე იდო კაცობრიობის მარადიული სურვილი: „შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ”. ბალეტის ჟანრი კარგად ესადაგებოდა ასეთ სწრაფვას. ხოლო ზღაპრული ფრინველის სახე, როგორც მიუწვდომელი და აბსოლუტური სილამაზის სიმბოლო, სავსებით იძლეოდა ამგვარი ტკბობის შესაძლებლობას. ფრენის გასაოცარი შთაბეჭდილების შესაქმნელად ფოკინმა ბალეტის გამომსახველობითი საშუალებებიდან ფანტასტიკურად პლასტიკურ ცეკვაში ხტომა ჭარბად გამოიყენა. სტრავინსკიმაც სწორედ ამ ამოცანას დაუმორჩილა ყველა მუსიკალური გამომსახველობითი საშუალება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დიაგილევის „ისტორიული დასის” გამოჩენამდე ინტელიგენციისა და ეგრეთ წოდებული „სერიოზული მუსიკოსები” საბალეტო მუსიკას საოპეროსთან შედარებით ერთგვარ დაბალ ჟანრად მიიჩნევდნენ. საბალეტო მუსიკის შექმნა სერიოზული კომპოზიტორებისთვის ღირსეულ საქმიანობად არ მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, 80-იან წლებში პიოტრ ჩაიკოვსკის ეყო გამბედაობა, მოსკოვის დიდი თეატრისთვის შეექმნა ბალეტი „გედების ტბა”, რისთვისაც სპექტაკლის ჩავარდნით „ზღო”. მაღალი კულტურის მქონე საიმპერატორო თეატრების დირექტორმა ჩაიკოვსკის მაინც შეუკვეთა კიდევ ერთი ბალეტი – „მძინარე მზეთუნახავი”. ამჯერად საზოგადოებამ წარმოდგენა არასაკმარისად საცეკვაოd და ზედმეტად სიმფონიურად მიიჩნია. და მაინც, ბალეტმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით – მუსიკოსებზე, და მათი დამოკიდებულება ამ ჟანრის მიმართ თანდათან ძირეულად შეცვალა.
რა შეიძლება ითქვას „ფასკუნჯზე”? ეს უმაღლესი კლასის ოსტატის შემოქმედებაა. მის ყველაზე ძლიერ მხარედ ორკესტრობა მიიჩნევა და ეს გასაგებიცაა – სტრავინსკი ხომ უდიდესი ორკესტრატორის, რიმსკი-კორსაკოვის, ერთგული მოსწავლე იყო. „ფასკუნჯში” კომპოზიტორი მასწავლებლის გავლენას განიცდის, თუმცა აქ არის ისეთი ჰარმონიული და მელოდიური თამამი სვლებიც, რომელთა გამოყენებას თავად რიმსკი-კორსაკოვი ალბათ მოერიდებოდა. და მაინც, ეს ჯერ არც ავანგარდია და არც მოდერნი. აქ რუსული მაგია და ფრანგული სკოლაა გადაჯაჭვული. უცხოა რიტმული აგებულება. მისი ბრწყინვალე ჰარმონიები იმ დროისთვის სიახლე იყო. ჰარმონიული ენის, ინტონაციურ-მელოდიური გამომსახველობის, მეტრ-რიტმული სიმდიდრისა და ტემბრთა მრავალფეროვნების მხრივ გადადგმული ნოვატორული ნაბიჯები სტრავინსკის ადრეული პერიოდის მუსიკაშიც კი შეიმჩნეოდა.

კომპოზიტორს „ფასკუნჯის” მუსიკის საფუძველზე შექმნილი აქვს 3 საკონცერტო სიუიტა. მუსიკა მთელი ევროპის მასშტაბით საორკესტრო რეპერტუარის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად იქცა.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ბალანჩინის ახალი ქორეოგრაფიითა და მარკ შაგალის დეკორაციებით დადგმული ბალეტი „ფასკუნჯი” (1949 წ.).

ბალეტი დღესაც იმ ჯადოსნურ ხელოვნებად რჩება, სადაც ცეკვის საშუალებით ადამიანური ემოციების სრულყოფილად გადმოცემაა შესაძლებელი. ის სამყაროს განვითარებასთან ერთად იცვლის სახეს და იმედია, არასდროს დაკარგავს აქტუალობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი