ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მამათმზე

რა არ მიყვარს ყველაზე მეტად? უჰ, ათასი რამე არ მიყვარს. თოვლი და წვიმა… ქარი და ნისლი… ჭორაობა და სხვისი განსჯა… არც ფიზიკური შრომა მხიბლავს დიდად.

არ მიყვარს დილით ადრე გაღვიძება… თავისუფლებას რომ მიზღუდავენ, არ მიყვარს… არამკითხე მოამბეები არ მიყვარს… ჩემს საქმეში სხვისი ცხვირის აღმოჩენა არ მიყვარს.

ბაზარში სიარული არ მიყვარს… თუმცა, ზაფხულის ერთ სისხამ დილას ერთ სოფელში მოწყობილ ბაზარში აღმოვჩნდი. რაც არ მიყვარს, არ მიყვარს, თორემ როცა სხვა გზა არ არის, ვაკეთებ… ვიწრო ბილიკზე სანოვაგით დატვირთულ პაპა-შვილიშვილს მოვკარი თვალი. ბიჭი ქოჩორა და ლოყებღაჟღაჟა იყო და ტირილნარევი ხმით ეხვეწებოდა პაპას:

– პაპა მამათმზევ, კამფეტი მიყიდეო.

ჯერ ვიფიქრე, მომესმა–მეთქი, მაგრამ ბიჭი არა და არ გაჩერდა.

ჩემს საქმეში სხვისი ჩარევა თუ არ მიყვარს, თავად რაღა მესაქმებოდა ბიჭისა და პაპის საქმეში, მაგრამ გამეცინა და მოხუცს ვუთხარი, ნახეთ, მამათმზესაც კი გეძახით, ოღონდ ტკბილეული გამოგტყუოთ-მეთქი.

ეგრე მქვია, შვილო, რა ქნას ბალღმაო? კამფეტს კიდევ ბაზრიდან გასვლისას უყიდი. ეს იგეთია, თავის კამფეტს არ დაკარგავსო.

მშვენიერი სახელი გრქმევიათ, ბატონო–მეთქი გაუღიმე და ვიფიქრე, რომ ჯობდა, ჩემი საქმეებისთვის მიმეხედა.
თუმცა ტყუილი არ მითქვამს – მამათმზე მშვენიერი ქართული სახელია, არა? მამების მზე. მზე კიდევ აღმატებული პლანეტაა…

მზის სიყვარული ხალხურ პოეზიაშიც აისახა.

„მზე დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი”.
მნათობს ყველა შინ ეპატიჟებოდა:
„მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო.
უყივლია მამალსაო,
მზევ, შინ შემოდიო.
გათენდი, თუ გათენდები,
მზევ, შინ შემოდიო…”

გაწყრნენ სხვა ვარსკვლავები, ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, ეს მზე, ყველა რომ მას ეტრფის და ეთაყვანებაო…

„ ერთხელ ვარსკვლავთა კრებული,
უხვ-სხივიანი ცაზედა,
ასტყდა, აბორგვნდა, ჩიოდა…
უნდა იცოდეთ, რაზედა.
ყველა მზეს ემუქრებოდა,
მის დაბნელებას ნატრობდა:
როგორ თუ ყველა აქებსო,
ქვეყანა რადა ჰყვარობდა?
მოდი, შევიკრნეთ ფიცითა,
არ ამოვუშვათ ცაზედა,
თუ ამოჩნდება, ერთადა
ყველა დავესხათ თავზედა…” (ვაჟა-ფშაველა, „მზე და ვარსკვლავები”)

მართლაც, რა არის მზე? ერთი შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავია და ვარსკვლავთა იმ ტიპს განეკუთვნება, „ყვითელ ჯუჯებს” რომ უწოდებენ. ყვითელი ზედაპირის ფერის გამო შეარქვეს, ჯუჯა კი მცირე ზომის გამო. ამქვეყნად ხომ ყველაფერი შედარებითია, ჰოდა, მცირეც სხვებთან შედარებითაა, თორემ დედამიწისოდენა პლანეტას მილიონს დაიტევს…

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მიაჩნდათ, რომ მზეზე ენერგიის წყარო იყო, მაგალითად, ქვანახშირი, რომელიც ნება-ნება იწვოდა, თუმცა ამისი, მგონი, თავადაც არ სჯეროდათ ბოლომდე.

მერე და მერე შემდეგ გაირკვა, რომ მზე წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. დიახ, მზისა და ვარსკვლავების მასის ნახევარზე მეტი პლაზმურ მდგომარეობაში არსებული წყალბადია. მისი რაოდენობა ჰელიუმზე ხუთჯერ მეტია და ყველა დანარჩენ ელემენტზე, ერთად აღებულზე, ათიათასჯერ მეტი (მზეზე 70-მდე ქიმიური ელემენტია აღმოჩენილი).

რაც შეეხება დედამიწას, აქ წყალბადი გავრცელებულია ისეთი ნაერთების სახით, როგორებიცაა წყალი, ნავთობი, ბუნებრივი აირები, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ორგანიზმების შემადგენელი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები.

წყალბადი 1766 წელს სუფთა სახით ჰენრი კავენდიშმა მიიღო. მარილმჟავაში თუთიის მარცვლები ჩაყარა და დაინახა, რომ აირი გამოიყო. ისევ გაიმეორა და შეამოწმა, მიღებული აირი იწვებოდა თუ არა. გაზი აფეთქებით დაიწვა და კავენდიშმა დაასკვნა, რომ მან თვით ფლოგისტონი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფლოგისტონის თეორიის მიმდევრებს ფლოგისტონი მისტიკური ნივთიერება ეგონათ, რომელიც თავადაც იწვოდა და წვასაც ხელს უწყობდა. მათი მტკიცებით, ყველა აალებადი საგანი ფლოგისტონს შეიცავდა. მოგვიანებით მიღებული გაზი ლავუაზიემ მონათლა: წყალმბადი – წყალბადი. კავენდიში კი წლების განმავლობაში სხვადასხვა ხერხით იღებდა წყალბადს და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ, განურჩევლად მიღების მეთოდისა, ამ აირს ერთი და იგივე თვისებები და თავისებურებები ახასიათებს: უგემო და უსუნოა, ყველა ნივთიერებასა და ნარევზე, მათ შორის – ჰაერზეც, 14,5-ჯერ მსუბუქი აირადი ნივთიერებაა; წყალში მცირე რაოდენობით იხსნება; სამაგიეროდ, კარგად იხსნება ზოგიერთ ლითონში, განსაკუთრებით – პალადიუმსა და პლატინაში; მაღალი წნევის პირობებში შეიძლება მისი იმ დონემდე შეკუმშვა, რომ ლითონურ მდგომარეობაში გადავიდეს.

მოლეკულური წყალბადი დიდ ქიმიურ აქტიურობას არ იჩენს. წყალბადის მოლეკულაში ბმის ენერგია 436 კჯ/მოლის ტოლია. სწორედ ამით აიხსნება ჩვეულებრივ პირობებში წყალბადის მოლეკულის მდგრადობა. მაღალ ტემპერატურაზე წყალბადის ქიმიურ რეაქციაში შესვლის უნარი იზრდება. წყალბადი მჟანგავია აქტიურ ლითონებთან ურთიერთქმედების დროს. რეაქცია მიმდინარეობს ლითონების გათბობისას წყალბადის ატმოსფეროში, რომელსაც თან ახლავს მარილის მსგავსი ნაერთის – ჰიდრიდის წარმოქმნა. მარტივ და რთულ ნივთიერებებთან ურთირთქმედებისას წყალბადისთვის უფრო დამახასიათებელია აღმდგენის როლი. წყალბადი თითქმის ყველა არალითონთან ურთიერთქმედებს. სიბნელეში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, აფეთქებით უერთდება ფთორს. ქლორთან უფრო მშვიდად, აფეთქების გარეშე ურთიერთქმედებს. სიბნელეში და გახურების გარეშე ქლორთან წყალბადის რეაქცია საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, სინათლეზე – შედარებით სწრაფად, ხოლო ინიციატორის (ნაპერწკალი, გახურება) არსებობის შემთხვევაში რეაქცია შეიძლება მყისიერად, აფეთქებით წარიმართოს. ბრომსა და იოდთან მეტისმეტად ნელა რეაგირებს. ასევე ნელა ურთიერთქმედებს გალღობილ გოგირდთან და გოგირდწყალბადს წარმოქმნის. წყალბადსა და აზოტს შორის რეაქცია განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარეობს, კატალიზატორი რკინაა, კალიუმის ოქსიდი და ალუმინის (III) ოქსიდი პრომოტორებია, ტემპერატურა 400-450 გრადუსია, წნევა – 30 მპა.

წყალბადს დიდი რაოდენობით იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში, ამიაკისა და სინთეზური მეთილის სპირტის, ანილინის, ქლორწყალბადის, სინთეზური ბენზინის წარმოებაში. წყალბადის წვით ჟანგბადში მიღებული მაღალი ტემპერატურა გამოიყენება ლითონთა ჭრისა და სხვადასხვა კონსტრუქციის შედუღებისთვის.

და მაინც, მისი უმეტესი რაოდენობა მზეზეა.
მზე ერთია და ყველგანაა – ცაშიც და პოეზიაშიც.

ყველა თავისებურად ეტრფის, ზოგი ეპირფერება, ზოგი საყვედურობს, ზოგი ეფიცხება, ზოგი ემალება, ზოგიც რაღაცას ითხოვს მისგან.

მე კიდევ ჩემს ტრადიციას არ დავარღვევ და გალაკტიონის სტრიქონებით დავასრულებ:
„…დღეს ყველგან მზეა და სილამაზე,
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი