პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ ამბობენ ბავშვები ტყუილს

ალბათ, ძნელი იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც არასოდეს უთქვამს ტყუილი. ამა თუ იმ მიზეზის გამო, მოგვწონს ეს თუ არა, ტყუილს ვამბობთ ყველა. თუმცა, ბავშვების და უფროსების ტყუილი ხშირად სრულიად განსხვავებულად აღიქმება და რეაქციებიც სრულიად განსხვავებული მოჰყვება. ვფიქრობ, ტყუილი არავის მოგვწონს და გვწყინს კიდეც, როცა გვატყუებენ, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უფროსების ტყუილის მიმართ გაცილებით მეტ შემწყნარებლობას ვიჩენთ, ვიდრე ბავშვების ტყუილის მიმართ. ერთხელ, მესამეკლასელი ლუკას დედამ მომმართა თხოვნით, რომ მისი მატყუარა შვილის „მორჯულებაში” დავხმარებოდი. ჩვენს შორის საინტერესო და საყურადღებო დიალოგი გაიმართა – „იცით, მუდმივად მატყუებს. ამასთან, ყოველი ტყუილის შემდეგ მპირდება, რომ ამას აღარ გაიმეორებს. თუმცა, მეორე დღეს ისევ იტყუება”. „მაინც რას გატყუებთ, რის დამალვას ცდილობს თქვენგან ბავშვი”? – ვკითხე შვილის საქციელით შეწუხებულ დედას. ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ ცუდი ნიშნების მიღების შემთხვევაში არაფერს მეუბნება და თუ რაიმეს ვკითხავ, მიმალავს, რომ მოუმზადებელი წავიდა სკოლაში, დავალება არ შეასრულა და არასასურველი შეფასებაც დაიმსახურა”. „ასეთ დროს სიმართლე რომ ეთქვა ლუკას, თქვენ როგორ მოიქცეოდით”? – დავინტერესდი დედის რეაქციით. „რა თქმა უნდა ვცემდი! როგორ, მე ამდენს ვწვალობ მისთვის და მან ნიშნებიც არ უნდა მიიღოს ჩემი მოსაწონი”?! – აღშფოთებას ვერ მალავდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი. „იქნებ სწორედ დასჯის შიში ათქმევინებს ლუკას ტყუილს”? – შევეცადე „პატარა მატყუარას” დაცვას. „იცით, მე მას დავპირდი, რომ თუ სიმართლეს მეტყოდა, სასჯელს შევუმსუბუქებდი, თუმცა ამანაც ვერ უშველა”. “მაინც როგორ აპირებდით სასჯელის შემსუბუქებას? ორ ლოყაში რომ აპირებდით სილის გაწვნას, მერე ერთში გაარტყამდით ალბათ”. – გაოცება ვერ დავმალე დედის სიტყვების მოსმენისას. ახალგაზრდა ქალბატონი ჩააფიქრა ჩვენმა საუბარმა.

 

არავინ იბადება მატყუარად, ისევე, როგორც ვერავინ ახერხებს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ სიმართლეს ამბობდეს. ადრე თუ გვიან, ბავშვები იწყებენ ტყუილის თქმას. სასურველია, რომ ტყუილი არ ჩავთვალოთ უჩვეულო და ანომალიურ მოვლენად. უფრო მეტიც, ბავშვის განვითარების ადრეულ ასაკში ის, რასაც ჩვენ სიცრუედ აღვიქვამთ, შეიძლება უბრალოდ ბავშვური ფანტაზიის პროდუქტი იყოს. ამაზე კარგად, მეტყველებს პატარა ნინის შემთხვევა, რომელმაც მისი მეზობლები საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთ დღეს ეზოში სათამაშოდ გამოსული პატარა ნინის ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა ქალბატონმა ჩვილი ბავშვით ხელში, რომელსაც ყველა გარს ეხვეოდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბავშვის სილამაზის გამო. ნინი მიუახლოვდა მათ და ამაყად განუცხადა: „იცით, მეც მყავს პატარა ძამიკო”. ყველამ გაოცებით შეხედა პატარა გოგონას, რადგანაც იცოდნენ, რომ ის ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. „როგორ შენი დედიკო მისი დედიკოცაა”? – ცნობისმოყვარეობა ვერ დამალეს მეზობლებმა. „არა ჩემი დედიკო არა, მაგრამ ჩემი მამიკო მისი მამიკოცაა. მე მას ხშირად მივყავარ ჩემი ძამიკოს სანახავად”. – კვლავ აგრძელებდა მეზობლების გაოცებას პატარა ნინი. ყველა ისე აღაშფოთა და გაანაწყენა ბავშვისგან მიღებულმა ინფორმაციამ, რომ მეორე დღეს ეზოში გამოსულ ნინის მამას აღარავინ ესალმებოდა. „ჩვენ ის წესიერი კაცი გვეგონა და ასე როგორ მოექცა საკუთარ ცოლ-შვილს”! – სიბრაზეს ვერ მალავდნენ მეზობლები. ბოლოს, როცა გაირკვა, რომ ნინი მამამისის ერთადერთი შვილი იყო, მეზობლები ძალიან შეაწუხა საკუთარმა საქციელმა. მშობლებს კი ბავშვის დასჯა ასეთი ტყუილის გამო არც უფიქრიათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს ტყუილი კი არა, უბრალოდ ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პატარა ბავშვისთვის საზღვრები სიმართლესა და სიცრუეს შორის არც ისე აშკარა, ცხადი და ნათელია. ტყუილის საშუალებით ისინი ხშირად ალამაზებენ სინამდვილეს, ფანტაზიორობის გზით ავსებენ იმ სიცარიელეს, რაც მათ ცხოვრებაშია და აუხდენელ ოცნებებს „რეალობად აქცევენ”.

რამდენადაც ტყუილების თქმა ბავშვებში გარდაუვალია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან ფაქტის წინაშე დავდგებით. ამდენად, სასურველია გავერკვეთ, თუ როდის და რატომ იტყუება ბავშვი და რა გავაკეთოთ, როცა ბავშვი ასე იქცევა.

ბავშვებში ტყუილის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

1.ბავშვებში ტყუილის ყველაზე ხშირი მიზეზია დასჯის შიში, უზომო სიმკაცრე, სასჯელისაგან თავის დაცვა. თუ ბავშვს მუდმივად მკაცრად ეპყრობიან, მუდმივად მკაცრად სჯიან ჩადენილი საქციელის გამო, ის აუცილებლად იტყვის ტყილს იმისათვის, რომ მორიგი დასჯა აიცილოს თავიდან. ტყუილი, ამ შემთხვევაში, ბავშვისთვის გარემოსთან ადაპტაციის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ეს იყო, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ლუკას ქცევის მოტივი, როცა ის დედას ატყუებდა;

2.ადრეულ ბავშვობაში, როგორც ეს ნინის შემთხვევამაც გვიჩვენა, ტყუილების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფანტაზიორობაა. ხშირად ძალიან ძნელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ტყუილის თქმა და ფანტაზიორობა. ფანტაზიები პატარა ბავშვისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის სიზმრები, რომლებსაც ბავშვები გახელილი თვალებით ცხადში ხედავენ. ფანტაზიორობა ბავშვისთვის არის ერთგვარი გაქცევა სინამდვილიდან, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, აუხდენელი ოცნებების ასრულების საუკეთესო საშუალება. ფანტაზიორები ყველაზე საყვარელი და მომხიბვლელები არიან ყველა პატარა მატყუარას შორის. ასეთი ტყუილი ხშირად უფრო შემოქმედობითობის და ხატოვანი აზროვნების გამოვლენაა. ფანტაზიორების ტყუილი სრულიად უვნებელი ტყუილი აღმოჩნდება, თუ ამას დროულად მივხვდებით და საჭირო მიმართულებით წარვმართავთ მას;

3.ტყუილი ხშირად ბავშვისთვის კარგი საშუალებაა ცხოვრების შესამსუბუქებლად და გასალამაზებლად. თუ მშობლები მუდმივად აკრძალვებს უწესებენ შვილს, ნებისმიერ მის თხოვნას იგნორირებას უკეთებენ, მას მოუწევს ტყუილის თქმა იმისათვის, რომ აკრძალვებს თავი დააღწიოს;

4.ხშირად ბავშვი ცდილობს ტყუილის საშუალებით დაიცვას საკუთარი თავი და მშობელიც არასაჭირო და მოჭარბებული „ემოციური აფეთქებისაგან”. თუ მშობელი მუდმივად წუხს, ნაღვლიანია, ჩხუბობს, გული ცუდად უხდება და ამაში ადანაშაულებს ბავშვს, ეუბება, რომ მის მიერ ჩადენილი საქციელის გამოა ასე, ამით ის თვითონ უკეთებს პროვოცირებას შვილის ტყუილს. ასეთ დროს ბავშვს ურჩევნია დამალოს თავისი მარცხი, ცუდი ნიშანი იმისათვის, რომ არ გაანაწყენოს მშობელი და სიმშვიდე არ დაარღვიოს ოჯახში;

5.არცთუ ისე იშვიათად ბავშვს ტყუილისკენ უბიძგებს უზომო დატვირთვა სასწავლო დავალებებით. მეხუთეკლასელი გიო შეწუხებული იყო იმის გამი, რომ არდადეგებზე შესასრულებლად უამრავი დავალება მისცეს მასწავლებლებმა – „თითოეულ ჩემს მასწავლებელს ჰგონია, რომ მისი საგნის მეტს არაფერს ვსწავლობ. ყველამ სათითაოდ იმდენი დავალება მომცა, რომ მთელი არდადეგები არ მეყოფა მის შესასრულებლად”. – შეშფოთებას ვერ მალავდა განაწყენებული გიო. იმისათვის, რომ თავი დაეღწია ასეთი დატვირთისგან და არდადეგებიც მხიარულად გაეტარებინა, მან დედას დაუმალა და არაფერი უთხრა დავალებების შესახებ;

6.ხშირად ტყუილების მიზეზი შეიძლება გახდეს არასრულფასოვნების კომპლექსი და დაქვეითებული თვითშეფასება – ბავშვი შეიძლება უკმაყოფილო იყოს საკუთარი თავით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები ხშირად აკრიტიკებენ და ამით პატარა ადამიანში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას და თვითშეფასების დაქვეითებას უწყობენ ხელს. ტყუილის თქმა, ასეთ შემთხვევაში, ბავშვის მხრიდან არის მცდელობა შეცვალოს, შეალამაზოს არცთუ ისე ნათელი რეალობა და როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა თვალში პატივისცემისა და აღფრთოვანების ღირსი გახდეს. ასეთ დროს ბავშვი იტყუება იმისათვის, რომ აიმაღლოს სტატუსი თანატოლებთან, რათა ამხანაგების თვალში უკეთესად გამოიყურებოდეს. ამ მიზნით ის იწყებს თავის ქებას და საკუთარი თავისთვის ისეთი რამის მიწერას, რაც რეალობისაგან ძალიან შორსაა.

რეკომენდაციები ბავშვებში ტყუილს დასაძლევად:

1.შევეცადოთ რაც შეიძლება მშვიდად, აუღელვებლად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე ვესაუბროთ ბავშვს;
2.ვთხოვოთ, რომ გვითხრას სიმართლე. ამასთან, წინასწარ დავპირდეთ, რომ არ გავბრაზდებით და არც დავსჯით მას. დიდი ალბათობით ბავშვი გულწრფელი იქნება და არ იტყვის ტყუილს, თუ არ შეეშინდება დასჯის, მშობლების განრისხების და ყველაზე საყვარელი ადამიანების სიყვარულის დაკარგვის, თუ დარწმუნდება, რომ არ დაამცირებენ, რაც არ უნდა მოხდეს;
3.ბავშვთან საუბრისას ხაზგასმიოთ უნდა ავღნიშნოთ, თუ როგორ ძლიერ გვიყვარს ის, და, რაც არ უნდა ჩაიდინოს, ნაკლებად არ გვეყვარება. შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ მას ნებისმიერ სიტუაციაში;
4.როცა ბავშვი ჩვენს მიმართ ნდობას ამჟღავნებს და გვიყვება სიმართლეს, დაპირება შევასრულოთ, ნუ გავკიცავთ მას. შევეცადოთ არ დავკარგოთ ბავშვის ნდობა და ურთიერთგაგება;
5.დავეხმაროთ ბავშვს გაერკვეს შექმნილ სიტუაციაში. ავუხსნათ მას როგორ აჯობებდა მოქცევა მოცემულ სიტუაციაში;
6.ბავშვთან საუბარი დავასრულოთ კიდევ ერთი დაპირებით, რომ ჩვენ მას ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარებით, რადგანაც ძალიან გვიყვარს ის;
7.ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ქმედებაში – რა თქმა უნდა ერთი საუბარი არ იქნება საკმარისი ნდობის სრულად აღსადგენად. თუმცა, თუ ბავშვთან ურთიერთობაში მუდმივად ერთი სქემით ვიმოქმედებთ, ჩვენ წარმატებით ჩამოვაყალიბებთ ბავშვთან ნდობის ატმოსფეროს. ჩვენში ის დაინახავს არა მკაცრ აღმზრდელს, არამედ კეთილ მეგობარს, რომელთანაც შესაძლებელი იქნება პრობლემების გაზიარება და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება.

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, თუ რა ძალა აქვს პირად მაგალითს ბავშვთან ურთიეთობაში. რამდენადაც გულწრფელი, პატიოსანი და გახსნილი ვიქნებით ჩვენ თვითონ, იმდენად ადვილი იქნება ბავშვისთვის ჩვენგან ამ თვისებების მიღება. შევქმნათ თანხმობისა და ჰარმონიის ატმოსფერო ბავშვთან ურთიერთობაში და მაშინ ისინი აღარ დაიწყებენ უსიამოვნებებისა და სიმარტოვისაგან თავის დაღწევას ტყუილებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი