ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვინ არიან ვამპირები?

როგორები არიან ვამპირები? რას წარმოადგენენ ისინი და რამდენად საშიშნი არიან საზოგადოებისთვის? და საერთოდ, არსებობენ თუ არა ისინი სინამდვილეში? ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა სახის სენსაციის მოყვარულთ ამასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება და ვერსია აქვთ. ამ ფენომენის თავისებურ განმარტებას მეცნიერებიც გვთავაზობენ. თავდაპირველად მოვუსმინოთ მდიდარი ფანტაზიის მქონე და საშინელებათა ფილმების მოყვარულ ადამიანებს, შემდეგ კი უფრო პრაგმატული ხალხის მეცნიერულად დასაბუთებულ პოზიციას.
მითები
ადამიანთა პირველი კატეგორიის აზრით, ვამპირი არის მიცვალებული, რომელიც საფლავიდან ამოვიდა და ღამღამობით ადამიანის სისხლით იკვებება. არსებობს აგრეთვე ცნება ენერგეტიკული ვამპირები, რომლებიც არა სისხლის, არამედ ადამიანთა ენერგიის ხარჯზე არსებობენ. ვამპირების რამდენიმე სახეობაა. შეიძლება ითქვას, რომ სისხლისმწოველთა ნაირსახეობა უფრო მეტი იყო, მაგრამ მათი უმრავლესობა ამოწყდა ან ერთეულ ეგზემპლარებად არსებობს.
გონიერი ვამპირები
ამ ვამპირებს თავიანთი ზებუნებრივი შესაძლებლობების გამო კარგად განვითარებული ინტელექტი აქვთ. ისინი მიისწრაფვიან არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ სხვა ვამპირებზე ძალაუფლების გასავრცელებლად. ზოგ, განსაკუთრებით ძლიერ და ძველ სახეობას მძლავრი ენერგია აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის დროს თავად ადამიანის თავისებურებასთან. თავად ვამპირები კლინიკურად გარდაცვლილნი არიან. მათ სუსტი გულისცემა და ფერმკრთალი, დღის შუქის მიმართ მგრძნობიარე კანი აქვთ. ისინი უკვდავნი არიან, მაგრამ იძულებულნი არიან დღის შუქს მოერიდონ და ამიტომ მხოლოდ ღამით ჩნდებიან.
ვამპირებთან ბრძოლის თანამედროვე ტრადიციული მეთოდები მათზე არ მოქმედებს (ნიორი, ჯვარცმა ან სხვა რელიგიური საგნები). გონიერ ვამპირებს, დროთა განმავლობაში ძალის დაგროვების უნარი აქვთ. ვამპირები ძირითადად ადამიანის სისხლით იკვებებიან, მაგრამ არსი, არა თავად სისხლში, არამედ სიცოცხლეშია, რომელსაც ვამპირი ადამიანს ართმევს და მასთან ერთად მის ძალასა და ენერგიას ეუფლება.
ზომბი ვამპირები
ვამპირთა ეს სახეობა საშინელებათა ფილმებიდან კარგად არის ცნობილი. ეს ვამპირები არ გამოირჩევიან გონიერებით, გარკვეული დროის შემდეგ კი საერთოდ კარგავენ მას. დღის პერიოდს ისინი საკუთარ საფლავებში ატარებენ, რადგან ისევე, როგორც გონიერი ვამპირები, მზის სინათლეს ერიდებიან. უფრო ღირსეული `საცხოვრებელი ადგილის” მოსაძიებლად მათ, უბრალოდ ჭკუა არ ჰყოფნით.
ზომბ-ვამპირებს საკუთარი იერის შეცვლის უნარი გააჩნიათ. გონიერი ვამპირები ხშირად მათ მოსამსახურეებად იყენებენ, თუმცა მასობრივი მკვლელობების გარდა, მათგან სხვა სარგებელს ვერ პოულობენ. ეს ვამპირები საშიშნი არიან იმიტომ, რომ ვამპირიზმის ეპიდემიის გადადება პირველივე ნაკბენით შეუძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, მსხვერპლი ცოცხალი გადარჩა. ამ შემთხვევაში ინფექცია მის სისხლში ხვდება და თავადაც ზომბ-ვამპირად იქცევა.
საბედნიეროდ ზომბი ვამპირები დღეს იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ. არადა, მეზღაპრე-ისტორიკოსების ინფორმაციით, ძველ დროში ისინი მთელ სოფელს ანადგურებდნენ და მათი რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა. ასეთი ვამპირებისგან თავის დასაცავად საჭიროა სპირიტი, ვერცხლი, ცეცხლი და, რა თქმა უნდა, ნიორი.
სული-ვამპირები
მათგან ყველაზე ძლიერებს რეალობაში მატერიალიზება შეუძლიათ. მათ საწინააღმდეგოდ არ არსებობს იარაღი, რადგან ჩვენს სამყაროს არ მიეკუთვნებიან. როგორც ამბობენ მათი დაფრთხობა მხოლოდ ჯვარს შეუძლია. ისინი ენერგიით იკვებებიან. ადამიანს საფრთხე შეიძლება ძილში ელოდებოდეს და მდგომარეობდეს იმაში, რომ ასეთი ვამპირის თავდასხმის შემდეგ გონიერება დაკარგოს.
თერმოვამპირები
ეს ვამპირები უკვდავნი არ არიან, თუმცა დამიანის ცხოვრებასთან შედარებით, ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ. იკვებებიან არა სისხლით, არამედ ადამიანის სხეულის სითბოთი. ასეთი „დამუხტვის” შედეგად მსხვერპლი ორგანიზმის გაციებისგან იღუპება. თერმოვამპირთა თავისებურება ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ მსხვერპლის გაშვება, ვიდრე ბოლომდე არ დანაყრდებიან; იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის სურვილი აქვთ. ისინი იტანენ მზის შუქს, თუმცა მაინც თავს არიდებენ მას, ისევე როგორც ვერცხლსა და სხვა ძვირადღირებულ ლითონებს.
თერმოვამპირები ძალიან აფასებენ დონორებს. დონორები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძლიერი თერმოენერგია აქვთ და ვამპირის ერთი „დამუხტვის” შემდეგ იხოცებიან. ამბობენ, რომ ასეთ ადამიანებს მუდამ თბილი და მშრალი ხელისგულები აქვთ.
ენერგეტიკული ვამპირები
ვამპირთა ეს სახეობა კი რეალობასთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. ადამიანს არ შეუძლია, ენერგიის, ბუნებრივი გზით კოსმოსიდან მიღება და იძულებულია მოიპოვოს იგი სხვა ადამიანებისაგან. სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო რთულადაა. თუმცა ეს განმარტება ენერგოვამპირებზე ზედაპირულ წარმოდგენას მაინც იძლევა. ენერგეტიკული ვამპირიზმი თანამედროვე სამყაროს ნერვული მდგომარეობის ნაყოფია, თუმცა ყველა დროში არსებობდა. ენერგოვამპირები უკვდავები არ არიან, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ, ძირითადად მათივე ენერგიის წყალობით.
რეალობა
რას ამბობენ ამ ბოდვის შესახებ მეცნიერები? ვამპირიზმს, როგორც ყველაფერ სხვა ზებუნებრივს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წარსულში ვამპირებად მიჩნეული ადამიანები, უბრალოდ პორფირიით იყვნენ დაავადებულნი.

ფინელი პროფესორი ტიკანენი აცხადებს, რომ ვამპირების ბუნების ამოცნობა შეძლო. პროფესორის აზრით, ვამპირებისა და მაქციების შესახებ ევროპულ მითებს საფუძვლად რეალური მოვლენები უდევს. ტიკანენის თქმით, გადმოცემებში, რომლებიც გაზვიადებული დეტალებითაა სავსე, იმ ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც, ე.წ. პორფირიის ძალზე მძიმე ფორმით არიან დაავადებულნი. ამ საშინელი გენეტიკური დაავადების დროს, სისხლსა და ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში ირღვევა პიგმენტური პროცესი. ავადმყოფობის დროს, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით იწყება ჰემოგლობინის ნაწილობრივი დაშლა. ამავდროულად მისი არაცილოვანი ნაწილი ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც კანქვეშა ქსოვილების დაშლას იწყებს.

ამ საშინელი სენის განვითარებასთან ერთად ავადმყოფის კანი ყავისფერ ელფერს იძენს, ხდება უფრო თხელი და მზის სინათლეზე ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში სკდება და ხრწნას იწყებს. ამ პროცესს თან სდევს საშინელი სუნი. ხდება თითებისა და კიდურების თვითნებური დაკრუნჩხვა. მძიმე ფორმებში დაავადებას თან სდევს საშინელი ტკივილები და ფსიქიკის მოშლა. დაავადებული უმი ხორცის ჭამასა და მისგან სისხლის გამოწოვას იწყებს, რომელიც ავადმყოფის ორგანიზმს ტკივილის შემცირებასა და სისხლის ბალანსის აღსადგენად სჭირდება.
უზარმაზარ ძალას, რომელსაც გადმოცემით ვამპირებს მიაწერენ, ავადმყოფებს არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, არამედ ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ანიჭებს. საშინელი ტკივილისგან გამხეცებულნი, ხშირად ადამიანებსაც ესხმოდნენ თავს და ამ ბრძოლაში მათ ბადალი არ ჰყავდათ.

დღის სინათლე ავადმყოფების ტანჯვას აძლიერებდა. ამიტომაც საკვების მოსაპოვებლად ძირითადად ღამით გადიოდნენ. „დამუხტვის” შემდეგ ტკივილი უყუჩდებოდათ და დამშვიდებულები მიტოვებულ ადგილებში, ხშირად კი სასაფლაოებზე იძინებდნენ.

სწორედ აქედან მოდის ზღაპრები იმის შესახებ, რომ დღე მათ საფლავებში ეძინათ, ღამით კი სანადიროდ გამოდიოდნენ. პორფირიის დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი ჩნდება ინცესტის, ანუ ახლო ნათესავებში სისხლის აღრევის შედეგად. ამით აიხსნება დაავადების ფართოდ გავრცელება ტრანსილვანიის მთის რაიონებში, სადაც ადამიანებს სპეციფიკური ცხოვრების წესი ჰქონდათ. დღეს ეს უიშვიათესი დაავადება 100 000-დან ერთ ადამიანს ემართება და რთულად, მაგრამ მაინც განიკურნება ქიმიოთერაპიითა და სისხლის ხშირი გადასხმით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი