პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სასწავლო გრანტები მასწავლებლებისთვის

იმისთვის, რომ თავიანთ საქმიანობას მრავალფეროვნება შესძინონ და მოსწავლეებს განვითარებაში უკეთ დაეხმარონ, მასწავლებლებს ყოველი წლის დასაწყისში სთავაზობენ მცირე– და დიდბიუჯეტიან გრანტებს.

რითია ხელსაყრელი საგრანტო სისტემაში ჩართვა?

* იმით, რომ თქვენ, მასწავლებლებს, საშუალება გეძლევათ, მიიღოთ ახალი ინფორმაცია, უკეთ გაიგოთ და ფეხი აუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს სასწავლო ტენდენციებს;

* სურვილისამებრ განსაზღვროთ საგრანტო წინადადების შინაარსი და კონკრეტული კუთხით სრულყოთ პროფესიონალიზმი;

* მოიპოვოთ თანხა დონორი ორგანიზაციისგან და შეიმუშაოთ დამოუკიდებელი სასწავლო კურსი ან ისეთი აქტივობა, რომლის განხორციელების საშუალებას ახლანდელი სასკოლო ბიუჯეტი არ გაძლევთ;

* დამატებითი სასწავლო საქმიანობით გამოაცოცხლოთ სასკოლო რუტინა.
გრანტის მოსაპოვებლად რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო:

* შეიტანეთ განაცხადი – სურვილისამებრ, დამოუკიდებლად ან კოლეგებთან/თანამოაზრეებთან ერთად;

* გაეცანით დონორის მიერ შემოთავაზებული კონკურსის პირობებს;

* ჩამოაყალიბეთ საკუთარი იდეა/მიზანი;

* ზედმიწევნით გაწერეთ იდეა გეგმად და დაურთეთ ბიუჯეტი.
უმჯობესია, აპლიკაციის შევსების დროს რჩევა სთხოვოთ უკვე გამოცდილ კოლეგებს.

ეცადეთ, სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი პროექტის ღირსებები, აჩვენოთ, რას მისცემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მისი განხორციელება.
აუცილებლად დაიცავით დედლაინი. უმჯობესია, თუ განაცხადს რამდენიმე დღით ადრე გაგზავნით.
დონორი ორგანიზაციები საგრანტო კონკურსებს წლის დასაწყისში აცხადებენ. თებერვლის ბოლოსთვის ისინი გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და პირებს გამოავლენენ და წლის განმავლობაში ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ პროექტის განსახორციელებლად.

საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს : https://www.literacyworldwide.org/

ამჟამად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეიტანოთ განაცხადი შემდეგი გრანტების მოსაპოვებლად:

* ესთერ ზოლტის ფონდის გრანტი მასწავლებლებისთვის – ეს საგრანტო პროგრამა მასწავლებლებს ყოველწლიურად სთავაზობს 25 000 დოლარს ონლაინ კითხვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების ხელშესაწყობად. პროგრამა ესთერ ზოლტის, დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა;

* საგანმანათლებლო გრანტები მსოფლიოს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის – განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო გრანტების ფონდი მასწავლებლებს სთავაზობს გრანტებს სწავლის დონის ასამაღლებელი დამატებითი აქტივობების განსახორციელებლად;

* ჯერი ჯონსის განმანათლებელ მასწავლებელთა ჯილდო კითხვის დონის გაუმჯობესებისთვის – ეს საგრანტო პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, დამატებითი რესურსებით დაეხმარონ მოსწავლეებს კითხვის უნარის გაუმჯობესებაში;

* ნილა ბენტონ სმიტის ფონდის გრანტი – ეს ფონდი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, დამატებითი, სიმბოლური თანხის სანაცვლოდ უცხო ენებიდან აქტიურად თარგმნონ თანამედროვე ინფორმაცია მოსწავლეებისთვის, რათა ისინი არ ჩამორჩნენ მოვლენებს და დაცულ იქნეს მათი უფლება სასარგებლო ინფორმაციის მიღების შესახებ.

ვებგვერდის მეშვეობით კიდევ არაერთი საგრანტო კონკურსის შესახებ მიიღებთ  დეტალურ ინფორმაციას.
გისურვებთ წარმატებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი