სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის” სწავლებისთვის

ილია ჭავჭავაძე დიდხანს ხვეწდა და აღრმავებდა პოემა „აჩრდილის” მხატვრულ სისტემას. მის საბოლოო ვარიანტში კი სრულყოფილად აისახა მწერლის სათქმელი, რომელმაც ქართველი ერის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოიცვა _ ეს იყო თავისუფლების მოპოვების გზის ძიება. მწერლის მთელ შემოქმედებას მსჭვალავს მამულის სატკივარი, მაგრამ „აჩრდილში” მას სულ სხვაგვარი მხატვრული ინტერპრეტაცია მიეცა და ქართველი ერის გადარჩენის ფილოსოფიურ, მითიურ-რელიგიური ასპექტები გამოხატა.

 

საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის დარღვეული კავშირის აღდგენის აუცილებლობა ილიამ წარმოჩინა იმგვარ მრავალმნიშვნელოვან სიმბოლოში, როგორიცაა აჩრდილი. პოემაში აჩრდილთან შეხვედრა ილიას წარმოდგენილი აქვს, როგორც მისტერია, რომლის დროსაც ხდება საიდუმლო კავშირის დამყარება ერის მითიურ სუბსტანციასთან. ეს ერთგვარად ინიციაციასაც ემსგავსება _ პოემის ლირიკული გმირი სწვდება დაფარულს, განიბრძნობა, ეზიარება საკრალურს, იღებს „ცოდნას”, რომელიც მას ჭეშმარიტებასთან მიაახლებს. ეს არის არა მხოლოდ უბრალო შეხვედრა საიდუმლო ძალასთან, არამედ გამოცხადების დარიცაა. გმირი განიცდის „ეპიფანიას” _ იგი ნათელს პირისპირ ჭვრეტს.

პოემაში აჩრდილი თვითონვე “ხსნის” თავის არსს:
„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა,
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული”.

საქართველის უკვდავი სული „მყოფობს” მარად და ყველგან. ეს არის წმინდა დრო და წმინდა სივრცე, სადაც ჟამი დგას და სივრცე უცვალებელია. იმავდროულად, იგი „გამჟღავნდება” მიმდინარე, ცვალებად, ეგრეთ წოდებულ, პროფანულ დროსა და სივრცეში. ამ „გამჟღავნების” მიზანი კი ერთია _ ღვთაებრივი ნებისა და საიდუმლოს მოკვდავთათვის გამჟღავნება. ჩვეულებისამებრ, ამგვარი რამ წარმოჩნდებოდა ხოლმე, როგორც ხილვა. წორედ ამგვარ ხილვაზე საუბრობს ილია პოემაში: „მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი”, „ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს…”. იმავდროულად, ეს მამა ღმერთთან „შეხვედრაცაა”, ხოლო „ძე”, რომელსაც მამასთან მიჰყავს ძმები, დაცემული ადამიანები, ამ შემთხვევაში, მწერალია, რომელშიც დავანებულია ქრისტე. პოემაში ეს ზიარება დახატულია იმგვარი ნიუანსებით, რომ მკითხველი გრძნობს მის ღვთაებრიობას.

„აღმობრწყინდა მზე დიდებულადა და განანათლა ქვეყანა ბნელი”.

პოემის მხატვრულ სისტემაში პირველადი შინაარსი ამ სტრიქონისა კარგავს მნიშვნელობას და იძენს სხვას, რომელიც ინარჩუნებს მასთან მსგავსებას, მაგრამ მეტი სიღრმე და განზოგადება მიენიჭება. მზის გამჭვირვალე სიმბოლიკა იტვირთავს წარმოდგენილი ეპიზოდის ირაციონალურ პლანში გააზრებას. ეჭვებით აღსავსე გმირი ვერ „ენდობა” დიდ მადლსა და სიტკბოებას _ “სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა”, „დუმილში რა წყევლაც არის” _ დარღვეულია კავშირი, მადლი ვეღარ აღწევს ადამიანის გულამდე, არადა, უხვად ეფინება „მზისაგან” _ ე.ი. ძალიან დაბლა დაცემულა ადამიანი და სხივებსაც ვეღარ იკრებს, მაგრამ ხდება მოულოდნელი რამ _ „დილის სიტკბოება” თავისას გაიტანს _ ჟამია მომდგარი. ხდება გმირის „მომზადება”. უპირველესად, ეს არის მისი აღვსება მთლიანად ბუნებით. ბუნების წიაღში მის არსებას განმსჭვალავს სასოება, რწმენა და სიყვარული (პავლე მოციქულის სწავლებით, ქრისტიანობის საყრდენები). ილია წერს: „ყოვლად მხსნელმა სასოებამ მომცა ნუგეში მაცხოვნებელი”, „გარდმომევლინა… რწმენა”, „გვემული გული განცხოველდა წმიდის სიყვარულითა”. „რწმენის გარდმოვლენამ” გამოიწვია მისი განწმენდა, გათავისუფლება, მომზადება დაფარულთან შესახვედრად. წმინდა სიყვარულმა განუწმინდა „ხედვა და სმენა” და

„თვალთ ჩემთ განშორდა თითქოს სიბნელე
ხედვად უცნაურთ სახილველისა.
მოეხსნა ყურთა თითქოს სიძნელე
სმენად ბუნების მეტყველებისა”.

მზერა და სმენა გახსნილი გმირი ხვდება დაფარულს, იმავდროულად, დაკარგულსაც, რადგან ქართველებს რწმენა აღარა აქვთ არც ღვთისა და არც მამულისა. ღმერთს ვეღარ „ხედავენ”, მამულს ვეღარ „პოულობენ”.

„აჩრდილი” თავისი სემანტიკური მნიშვნელობით ლანდია, ანარეკლია. იგი შეიძლება გავიაზროთ, როგორც წინაპართა აჩრდილების ერთგვარი მთლიანობა, რომელსაც იხილავს პოეტი. აჩრდილი ის ჩრდილიცაა, რომელსაც განფენს ღმერთის მიერ შექმნილი სულიერი თუ უსულო საგანი. რასაც, როგორც მატერიალურ-სულიერ ერთობას, უნდა ჰქონდეს თავისი ჩრდილი. საქართველო შეიძლება გავიაზროთ ჩრდილდაკარგულად, ამ ჩრდილს კი ილიამ მიაგნო და დაუბრუნა ერს, თავისი მოწამეობრივი მსხვერპლით გამოისყიდა.

ჩრდილის დაკარგვა რომანტიზმისთვის მეტად დამახასიათებელი მოტივი იყო. ჩრდილს, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავდა სულს, არსებას, „ღვთის შვილობას”, სიწმინდეს, ან კარგავდნენ, ან ყიდდნენ სიმდიდრის, პატივის და სხვა წარმავალ ღირებულებათათვის. ჩრდილს იძენდა სხვადასხვა სახით მოვლენილი ეშმაკი, რომელიც ამ „გარიგების” შემდეგ თავის ნებაზე ატარებდა ადამიანს. (შამისო, უაილდი, ჰოფმანსტალი…). ცხადია, უჩრდილობა უსულობასთან ერთად გულისხმობს მონობასაც. ქართველმა ერმა, ნებით თუ უნებურად, „გაყიდა” თავისუფლება _ გადარჩენის საფასურად (ბარათაშვილი: „ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება…”). ამ „გარიგებამ” ერს დააკარგვინა მადლი, რწმენა, ყოველგვარი სიკეთე და მომაკვდავად, უფრო მეტიც, ხრწნაშეპარულ ლეშად აქცია.

საინტერესოა, რომ პოემაში აჩრდილი მატერიალურ-სულიერ სუბსტანციად წარმოგვიდგება _ იგი ხედავს, საუბრობს, სხეული აქვს, ამიტომ იგი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ერის მითიური არქეტიპი. ერის მითიურ არქეტიპთან ზიარება კი განათებულ გონებას მიაწვდის სამომავლო მოღვაწეობის ენერგიას. მეხსიერებაში წამოტივტივდება წარსულიდან ის ეპიზოდები, რომლებმაც გმირს სწორი არჩევანი უნდა გააკეთებინონ:

„მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი,
გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა,
მან იდვა თავსა სახელოვანი
ის დიდი საქმე შურისგებისა”.

ილიას აზრით, აჩრდილმა, უპირველესად, შეამეცნებინა წარსულის, აწმყოსა და მომავლის, როგორც დაუცალკევებელი მთლიანობის, აუცილებლობა.

მეცხრამეტე საუკუნის ქართველი რომანტიკოსებისთვის საქართველოს ისტორია იყო ბრწყინვალე, მაგრამ „ჩავლილი”, „დიდებულად ჩასვენებული მზე”, განვლილი ტკბილი სიზმარი _ იგივე, მკვდარი (ეს საუკეთესოდ გამოიხატა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებში: „გოგჩა”, „ვაჰ, დრონი, დრონი”, გრიგოლ ორბელიანის ლექსში: „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” და სხვა).

ილიამ კი „აჩრდილით” წარსულის სიცოცხლის აუცილებლობა იქადაგა. თუ წარსული მოკვდა, მაშინ აღარც მომავალი იქნება (ილიას ლექსებსა და წერილებში ღრმად და ვრცლადაა საუბარი ამის თაობაზე). ილიამ იცის, რომ, ის, რაც იყო, აღარ არის და რაც არის, აღარ იქნება (ეს გულისხმობს არა მხოლოდ ბიბლიურ სიბრძნეს, არამედ კონკრეტულ-რეალურ ვითარებასაც). აქ ილია „ხვდება” რომანტიკოსებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მან იცის, რომ რაც იყო, ის უნდა დარჩეს, ის უნდა განმეორდეს, თორემ ერი დაიღუპება. ერის „აჩრდილი”, რომელიც „მარად და ყველგანაა”, მუდამ განმეორდება, გამოვლინდება (ოღონდ საჭიროა იმგვარი ცხოვრება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი „დანახვა” _ „გზნება”). ილია ისტორიას „ცოცხლად” განიცდის _ ქადაგებს გმირების კულტს:

„წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა,
მამულისათვის თავის დადება!
ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,
ის თავის ხალხში აღარ მოკვდება”.

გამეორება გულისხმობს წინაპართა მსგავსად ცხოვრებას. ერი უნდა ერობდეს, რაც, უპირველესად, გულისხმობს მამულისა და რჯულისათვის ბრძოლას. „აჩრდილში” ერი წარმოდგენილია, როგორც მატერიალურისა და სულიერის ერთობა. იგია, როგორც არაგვი და თერგი, ასევე მცხეთა, ფარნაოზი, ქრისტიანული რწმენა…

წარსულში იყვნენ გმირები, მაგრამ „აღარ არიან”, არადა, ისინი ერის მეხსიერებაში არ უნდა „დახოცილიყვნენ”, ე. ი. მოკვდა ერის გონება, რომელმაც დაივიწყა ისინი და დავიწყების სიცარიელე ამოავსო წარმავალი, ფუჭი ღირებულებებით. „ჯაგით აღვსილა” მეხსიერება, აქედან გამომდინარე, ერი ვეღარ „მიემსგავსება” წინაპარს („ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს” („დავით აღმაშენებელი”), „არ ვიცით, რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის” („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”), წარსულსა და და აწმყოს შორის გაწყვეტილია კავშირი, რაც ერისთვის თვითმკვლელობას ედარება. „რაღა დაბადავს თქვენში დიდს გრძნობას?” _ კითხულობს ილია. ქვეყანა ავსებულია უსამართლობით, განუკითხაობით, ურწმუნოებით, გამქრალია ქართველი ერის სიმყარის განმაპირობებელი „ჯვარცმული ღმერთის” რწმენა.

წარსულის აწმყოში მყოფობას ერი განიცდის არა მხოლოდ მეხსიერებით, არამედ მატერიალურადაც; დატოვებული ძეგლების, ხელნაწერების, ტაძრების და სხვა სახით. ამიტომ ზრუნავდა ილია ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე, კრებდა ხელნაწერებს, იცავდა დროშის ხელშეუხებლობას („აი,ისტორია”, „კატკოვის პასუხად”, „ქვათა ღაღადი” და სხვა). მათთან ურთიერთობით წარსული შეიმეცნება ხელშესახებად, არა მხოლოდ სულიერად, არამედ მატერიალურადაც. წარსულის ამგვარ სიყვარულს ლევი სტროსი უწოდებდა ისტორიის შეგრძნებას გემოთი.

ილია ერს გაიაზრებს მითიურად. ისტორიულ მოვლენებსა თუ არსებულ საგნებს იაზრებს ზედროულ პლანში. ახალი სინამდვილე სიცოცხლეს აგრძელებს მითიურ „არხეში” (კ. ხიუბნერი „მითის ჭეშმარიტება”). ამიტომაც ერთგვარი მითოლოგიზირება ხდება პოემაში წარმოდგენილი სივრცისა (არაგვი, მცხეთა, თერგი…). აქ, ამ სივრცეში მდინარე, მთა, ქალაქი _ არის „მოწმე” წარსულისა – როგორც თანამედროვეობის ნაწილი იდეალურ-მატერიალური სუბსტანცია:

„აგერა მცხეთაც _ სავანე გმირთა,
დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,
სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა
ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების”.
აჩრდილი უმზერს მთელ საქართველოს:
„მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა,
არცა თერგმა, არცა ტყემ და არცა მთამა
არ მიიზიდა მოხუცის თვალი,
სრულ საქართველო მოჩანდა შორსა…”.

ყოველ ქართველში არის „მარად და ყველგან მყოფის” ნაწილი. ვინც კარგავს მას, კარგავს მამულსაც. მამულდაკარგული ასეთი ქართველების სიმრავლე ილიას საგონებელში აგდებდა და გამუდმებით „აფხიზლებდა” ერის დაღუპვისაგან ხსნისათვის. მთელი მისი შემოქმედება ამის გამოხატულებაა.

ილიამ „აჩრდილი” მიუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებშიც, მისი აზრით, წინაპართა სული ცოცხლობდა, ხოლო ეპიგრაფში კი („რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” („ვეფხისტყაოსანი”)) აისახა გამეორებისა და ცვლის ერთიანობა და აუცილებლობა.

„აჩრდილი” იგივე გრიგოლ რობაქიძის „კარდუა” _ ერის ურ-ფენომენი. „იგია საიდუმლო მთელისა, რომელიც ყოველთვის მთელი რჩება, მაშინაც კი, როცა იგი ნაწილდება. ეს მთელი არის „კარდუ”, “იგია ხატი” _ როგორც შინაგანი სახე ტომისა თუ ხალხისა. ქართველთა შეგნებაში ეს „ხატი” ისე მძლავრად და მძაფრდ იყო გზნებული, რომ იგი პიროვნებადაც იქცა” (გრიგოლ რობაქიძე „საქართველოს სათავენი”).

ერის ბედი წყდება „აქაც” და „იქაც” – მიწასა და ზეცაში _ ღვთისა და ხალხის ნებით. ეს ნება ან ემთხვევა ერთმანეთს (როდესაც ერი ღმერთს მიჰყვება), ან _ არა (როცა ერი ღვთისკენ მიმავალ გზას კარგავს). პოემა „აჩრდილში” მეორე შემთხვევაა დახატული. დაცემული ერი გზადაბნეულია, ცოდვაში ჩავარდნილი, გადაგვარებული, „ფურთხის ღირსი” (აკაკი), ამიტომ მისი ბედის გადაწყვეტისთვის ხდება ღვთაებრივ და დემონურ ძალთა „შეჯახება”. პოემაში ჭექა-ქუხილი ფარავს აჩრდილს – ბნელი ძალა მზადაა ქვეყნის ჩასანთქმელად, ღვთაებრივი სინათლე „იშრიტება”, მაგრამ ცა გადაიწმინდება (ღმერთმა არ მიატოვა საქართველო) და ისევ გამოჩნდა „აჩრდილი”, რომლის ლოცვასაც მოჰყვა ცისარტყელა _ ნიშანი ღვთისა და კაცის „შერიგებისა”. ერის სული, იგივე ერის მითიური სუბსტანცია, ღმერთმა სცნო გადარჩენის ღირსად. ეს განხორციელდა „აჩრდილის” მხატვრულ დრო-სივრცეში. ილიას სურდა, რომ რეალურადაც ასე ყოფილიყო. თვითონ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერს ეცოცხლა, როგორც მთლიანობას, რომელიც გამჟღავნდებოდა მის ყოველ ნაწილში. ეს მთლიანობა კი ყველაზე მძაფრად თვით მის პიროვნებაში გამოიხატა, რომელიც გაიგივდა „აჩრდილთან” _ „მარად და ყველგან მყოფ უკვდავ სულთან”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი