ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბრძოლა წვეთი სისხლისთვის

ელიზაბეტ ჰოლმსი მაღალია. დაუდევრად შეკრული ქერა თმა აქვს. 31 წლისაა. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი ქალია. ჰოლმსს ხშირად ადარებენ სტივ ჯობსს. ბავშვობაში ორივე დიდ დროს ატარებდა მარტოობაში, ორივემ მიატოვა სწავლა, რადგან სჯეროდა, რომ არსებობდა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე. ჯობსის მსგავსად, ჰოლმსსაც მიაჩნდა, რომ მისი კომპანია სამყაროს შეცვლიდა. ჯობსი მილიარდელად 40 წლის ასაკში გამოაცხადეს, ჰოლმსი კი – გაცილებით ადრე. შარშან მისი პროექტი Theranos ცხრა მილიარდ დოლარად შეფასდა. ამ პროექტში ელიზაბეტი ნახევარზე მეტი აქციების მფლობელია.

 

ჰოლმსს შავი როლინგები მოსწონს. სვამს კიტრისა და ნიახურის ფრეშს, არ მიირთმევს ხორცეულს – ასე მისი ორგანიზმი დაზღვეულია ბევრი ძილისგან. მას კაბინეტის კედელზე სტივ ჯობსის ბიოგრაფია აქვს გაკრული. თუმცა ყელიანი როლინგებით გატაცება სკორსეზეს ფილმ „სამორინეს” ნახვის შემდეგ დაიწყო, სადაც შერონ სტოუნი ელიტარულ მეძავს თამაშობს. ჰოლმს ასზე მეტი შავი როლინგი აქვს და დილაობით არ ფიქრობს იმაზე, რა ჩაიცვას.

ჰოლმსზე აღფრთოვანებით წერდა Forbes და Fortune. ის პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში და მილიარდელთა რეიტინგში მოხვდა. ახალგაზრდა ქალი არავის უმალავს, რა გზით მიაღწია ასეთ წარმატებას.

„მართლაც ძალიან მინდა აღმოვაჩინო რაიმე ახალი, ის, რაზეც კაცობრიობას ეჭვიც არ დაჰბადებია”, – წერდა ცხრა წლის ჰოლმსი საკუთარ მამას. ჰოლმსი იხსენებს, რომ უცნაური ბავშვი იყო: „უამრავ წიგნს ვკითხულობდი. დღემდე უბის წიგნაკში მაქვს ჩანიშნული დროის მანქანის დიზაინი, რომელიც შვიდი წლის ასაკში დავხატე”.

ბავშვობაში ჰოლმსმა კარგად შეისწავლა დიდი ბაბუის, კრისტიან ჰოლმსის, ბიოგრაფია. დიდი ბაბუა ქირურგი, ინჟინერი და გამომგონებელი იყო. 1857 წელს დანიაში დაიბადა. აშშ-ში ცინცინატის სამედიცინო კოლეჯის დეკანი გახდა. ამ ქალაქის ჰოსპიტალი დღესაც მისი სახელობისაა. დიდმა ბაბუამ ჰოლმსი მედიცინასთან დაამეგობრა, მაგრამ ექიმობა ვერ შეაძლებინა. რაღაც მომენტში გოგონა მიხვდა, რომ ნემსის დანახვაც კი აშინებდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი სწორედ ეს შიში გახდა პროექტ Theranos-ის ჩაშვების მთავარი მიზეზი (Theranos – როდესაც მცირე ნემსის დახმარებით სისხლის აღება შესაძლებელია თითიდან და არა ვენიდან).

ჰოლმსი პალო-ალტოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სტენფორდში ჩაებარებინა. იქ მშობლებმა რომაელი იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები” გაუგზავნეს და განმარტებაც მიაყოლეს – „ცხოვრებას აზრი უნდა ჰქონდეს”. ასე ჩააბარა მან ქიმიის ინჟინერიის ფაკულტეტზე.

პირველკურსელი ჰოლმსი დეკანს, ჩენინგ რობერტსონს სთხოვდა, შეეშვა ლაბორატორიაში, სადაც მხოლოდ PhD ხარისხზე პრეტენდენტ სტუდენტებს შეეძლოთ შესვლა. ფაკულტეტის ხელმძღვანელი კარგა ხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სტუდენტი ჯიუტი იყო – ყოველდღე ლაბორატორიის კართან ხვდებოდა და დაჟინებით თხოვდა შესვლას. რობერტსონი დანებდა.

ზაფხულში ჰოლმსი სტენფორდის ადმინისტრაციას შეუთანხმდა და ჩინური ენის სწავლას შეუდგა. შემდეგ სტაჟირებაზე სინგაპურში, გენომის ინსტიტუტში გაშვება ითხოვა, სადაც იმ დროისთვის აზიაში გავრცელებულ ატიპურ პნევმონიას სწავლობდნენ. ჰოლმსი აკვირდებოდა სისხლის აღების პროცედურას და ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თანამედროვე მეთოდებით გამარტივება.

აშშ-ში დაბრუნებული ჰოლმსი მუშაობას შეუდგა. „ელიზაბეტი ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში საწერ მაგიდასთან იჯდა და არ დგებოდა”, – იხსენებს ჰოლმსის დედა ნოელი. შრომის შედეგი საპატენტო განაცხადი გახდა – სალბუნი, რომელიც სამედიცინო ნივთიერებას გამოყოფს და სისხლის ცვლილებას აკონტროლებს. მასზე მობილურის ჩიპის დამაგრება და შემდეგ მონაცემების ექიმთან გადაგზავნაც კი შესაძლებელია. თავისი გამოგონება გოგონამ პროფესორ რობერტსონს აჩვენა.

19 წლის ასაკში ჰოლმსმა უნივერსიტეტი მიატოვა, ოჯახის მიერ სწავლაზე გამოყოფილი თანხა საკუთარ კომპანიაში დააბანდა და ინვესტორის ძებნას შეუდგა. „წინასწარ ვიყავი განწყობილი, რომ ორას კაცთან მომიწევდა გასაუბრება. ვიცოდი, რომ აქედან ერთი მაინც დაინტერესდებოდა ჩემი გამოგონებით. ამიტომ უარს ნაკლებად განვიცდიდი”, – ამბობს ჰოლმსი.

თავდაპირველად მან რობერტსონს მრჩევლობა შესთავაზა. პროფესორს უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება, მაგრამ ჰოლმსივით ახალგაზრდა გამომგონებელი არ ჰყოლია – მაშინ ელიზაბეტი 21 წლის ხდებოდა. „ყველა თაობაში გამოერევა ხოლმე ჰოლმსისნაირი ადამიანი”, – ასე ახსნა პროფესორმა შეთავაზებაზე თავისი დასტური.

2005 წლისთვის ჰოლმსმა 6 მილიონი დოლარი მოიზიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ საქმე დაეწყო და ნაკლებად ეფიქრა, თუ როგორ გადაუხდიდა ხელფასს თანამშრომლებს, მეტი თანხა სჭირდებოდა. კლინიკური ცდების ჩასატარებლად აუცილებელი იყო ტესტები. ჰოლმსმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმა, მათ შორის Pfizer-სა და GlaxoSmithKline-თან, რომლის კომპანიონიც გახდა. ამან სტატუსი აუმაღლა და მისი პროექტით უფრო სერიოზული ინვესტორები დაინტერესდნენ. 2010 წლის ბოლოსთვის ჰოლმსს 92 მილიონი დოლარი ჰქონდა და მან მშვიდად დაიწყო ტესტებზე მუშაობა.

პარალელურად, Theranos დირექტორთა საბჭოში ყოფილი სამხედროები და ჩინოვნიკები შევიდნენ: სახელმწიფო დეპარტამენტის ექსხელმძღვანელი ჰენრი კისენჯერი, თავდაცვის ექსმინისტრი და გენერლები. ჰოლმსი ამბობს, რომ ამ ადამიანების პროფესიონალიზმი მისთვის მისაღები იყო. მართალია, მისი ტექნოლოგიები სცდებოდა სამოქალაქო მედიცინას, მაგრამ სამხედრო სფეროც მნიშვნელოვანი იყო ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების პოტენციალის თვალსაზრისით.

ჰოლმსი ახლაც დიდ დროს უთმობს კომპანიას: იშვიათად ერთობა და ურთიერთობს საზოგადოებასთან, მეგობრობს თავის უმცროს ძმასთან, რომელიც მისსავე კომპანიაშია დასაქმებული. ბოლო ათი წელია ის არ დადის რომანტიკულ შეხვედრებზე და შვებულებაშიც არ გასულა.

კომპანიის ნოუჰაუ ის გახლავთ, რომ თითიდან აღებული წვეთი სისხლი, მიკროფლუიდებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, 30 ტესტის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს პროცესი ლაბორატორიულთან შედარებით უფრო სწრაფი, ინფორმაციულად დატვირთული და იაფია. თუ როგორ აღწევს ამას კომპანია, გასაიდუმლოებულია.

„დიდი ხნის განმავლობაში უფლება არ მქონდა ცოლისთვის მეთქვა, რით ვიყავი დაკავებული”, – იხსენებს რობერტსონი. პროექტზე საუბარი ჰოლმსმა პირველად ათწლიანი მუშაობის შემდეგ დაიწყო. დღეს ამერიკულ ბაზარს ორი გიგანტი – Quest Diagnostics და Laboratory Corporation of America – იყოფს, მაგრამ მათი ანალიზები გაცილებით ძვირია, ვიდრე Theranos-ის. მაგალითად, ქოლესტერინთან დაკავშირებული ანალიზი ჩვეულებრივ ლაბორატორიაში 17 დოლარი ჯდება, Theranos-ში კი – 2,99 დოლარი.

ჰოლმსის თქმით, ადამიანების 40 პროცენტი თავს არიდებს ექიმის მიერ დანიშნული სისხლის ანალიზის ჩაბარებას იმ მიზეზით, რომ ის ძვირადღირებულია ან ნემსის ჩხვლეტის ეშინია. ამიტომ მისი მიზანია, რომ Theranos-ის ცენტრები აშშ-ის ყველა დასახლებულ პუნქტში 5 კილომეტრის რადიუსში არსებობდეს.

ჰოლმსმა შეძლო კომპანიაში მოეწვია 50 წლის პროგრამისტი სანი ბალვანი, რომელიც მუშაობდა Lotus-სა და Microsoft-ში, სწავლობდა სტენფორდში და MBA ბერკლიში მიიღო. ჰოლმს ესმოდა, რომ სისხლის ანალიზისთვის აუცილებელი იქნებოდა სერიოზული სოფტის შექმნა. 2009 წელს ბალვანი კომპანიის პრეზიდენტად დაინიშნა. „ჩვენ მოვახდინეთ პროცესის ავტომატიზება – თავიდან ბოლომდე”, – განაცხადა მან.

დღეს კომპანია მომხმარებელს ფედერალური კომისიის მიერ ლიცენზირებულ 200-მდე ტესტს სთავაზობს. მას ხელშეკრულება აქვს დადებული უმსხვილეს სააფთიაქო ქსელ Walgreens-თან, რათა საბოლოოდ კალიფორნიასა და არიზონაში ათასობით ცენტრი აშენდეს. სისხლის ანალიზის პასუხს ადამიანი იმავე ან მეორე დღეს იღებს. ჰოლმსმა იცის, რომ სისხლით ბევრი რამის გაგება შეიძლება – აწეული ქოლესტერინიდან დაწყებული კიბომდე. თანამედროვე ადამიანებს ახასიათებთ ექიმთან ვიზიტის გადავადება, ბოლო მომენტში კი ხშირად უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩებათ. ადამიანის ჯანმრთელობის გადამოწმების მეთოდი ისეთივე უმტკივნეულო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც წამლის ყიდვა სახლის სიახლოვეს მდებარე აფთიაქში, ასე ფიქრობს ჰოლმსი.

ჰოლმსმა სიცოცხლის მესამედი კომპანიას შესწირა, მაგრამ მისი პროექტი ჯერ განვითარების სტადიაზეა. მომავალი ოცი წელი ჰოლმსმა იმაზე უნდა დახარჯოს, რომ ეს მომსახურება მასობრივი გახდეს. ჰოლმსის აზრით, ცხოვრებაში ერთი მთავარი მიზანი უნდა გქონდეს. ამიტომ სხვა რამეზე დროის ხარჯვა არ სურს.

დღეს მის მფლობელობაში აშშ-ის 18 და მის ფარგლებს გარეთ 66 პატენტია. Theranos-ში ათასამდე თანამშრომელი მუშაობს და კომპანია მუდმივად იზრდება.

ჰოლმსს ხშირად აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ მისი მეთოდით აღებული სისხლის ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს, რა დაავადება აქვს პაციენტს. მხოლოდ ამ ტესტზე დაყრდნობით შეუძლებელია დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა. ჰოლმსს ეს არ აშფოთებს. მას აქვს მიზანი და წინ მიიწევს.

კომპანია უკვე თანამშრომლობს უამრავ სამედიცინო ცენტრთან, სადაც Theranos ადრეულ სტადიებზე დიაბეტისა და სხვა დაავადებების დასადგენად იყენებენ. ჰოლმსი დარწმუნებულია, რომ ახალი ტესტების დახმარებით სახელმწიფოს შეუძლია დაზოგოს ათობით მილიარდი დოლარი, რომელსაც ის სადაზღვევო კომპანიებს ლაბორატორიულ მომსახურეობაში ხარჯავს. სწრაფი და ხელმისაწვდომი ანალიზი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებების 70 პროცენტი სისხლის ანალიზის შედეგზეა დამოკიდებული. ამიტომ დიაგნოსტიკის ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ ვნებს სწრაფი ტესტირება ხარისხს? ჰოლმსის კრიტიკოსებს სწორედ ეს შეკითხვა ებადებათ. ასევე, ღიად რჩება შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლმსი საკუთარი ცენტრების აშენებას ფიქრობს და არ სურს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება. ასეა თუ ისე, ელიზაბეტ ჰოლმსის სისხლის ანალიზის ახალმა მეთოდმა ის უკვე აქცია მილიარდელად. ახლა მისი კომპანია ექსპანსიისთვის ემზადება, ჯიუტი ელიზაბეტი კი მთელი სამყაროს გადარჩენაზე ოცნებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი