სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ოცნების კონტინენტზე

„ჩვენი ფიქრები სრიალებენ ქალაქის თავზე –
აქ არ არის ვარდის ზეთით გაჯერებული
მხუთავი სიტკბო.
შეგიძლია დაისვენო, ამოისუნთქო,
მეტალის ფრთები სკამზე დაკიდო.
მოითხოვო ფინჯანი-ყავა…”
დარეჯან სუმბაძე
ძვირფასო მკითხველო, მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის ახალ 2016 წელს; ჩვენ ისევ ერთად ვართ. თუმცა, კაცობრიობა ერთხელ უკვე შეხვდა 2016 წელს, მხოლოდ ჩვენ წელთაღრიცხვამდე. და აი, ამ საახალწლოდ ისევ ვცდილობ თქვენთვის სასიამოვნო წუთების გაზიარებას. იმედი მაქვს, მოვახერხებ.
ძნელი საპოვნელია ადამიანი ახალი წელი რომ არ უყვარდეს. საახალწლო დღესასწაული ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს უზრუნველ ატმოსფეროში ჩაძირვა და დასვენება. ის ადრეული ბავშვობიდანვე დღესასწაულთა შორის ყველაზე საყვარელი და თბილია. ახალი წლის დღეებში გარემოს უნებლიედ პატარების თვალით აღვიქვამთ და ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ასეთ საახალწლო ზღაპარში ყოფნას გისურვებთ ყველას.
უძველესი დროიდან ახალი წელი დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის უდიდეს დღესასწაულად იყო მიჩნეული. რაიმე ისტორიულ თუ მითიურ მოვლენასთან დაკავშირებით ყველა მათგანი ახალი წლის საკუთარ თარიღს ამკვიდრებდა. ახალ წელთან შეხვედრის ტრადიცია ადამიანებში სამყაროს პერიოდული განახლების აუცილებლობის შეგრძნებას იწვევდა, რასაც ბიო-კოსმიურ რიტმებზე ხანგრძლივი დაკვირვებები ასაზრდოებდა: სამყაროში ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს… ცოცხალი ორგანიზმი განვითარების, დაბერებისა და სიკვდილის სტადიებს გადის. თუმცა, ყოველი სიკვდილის მიღმა ახალი სიცოცხლე იბადება. და სწორედ ამიტომ სამყარო ადამიანთან ერთად პერიოდულ განახლებას საჭიროებს. ეს კი, ახალი წლის მოსვლას ყოველთვის თან ახლავს.
„ამაღლებულ სულსა და გრძნობებს ადამიანები სამყაროზე მაღლა აჰყავს”
მარკ შაგალი
„ხედვითი პოეზიის” ოსტატი, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში არ ცნობდა საზღვრებს, სტილსა და მიმართულებას, მკაფიოდ იკითხება მის დაშიფრულ ნამუშევარში „ქალაქის თავზე” (ავტორი მუზასთან/ცოლთან ერთად, როგორც ერთი ორგანიზმი ჩიტებივით ფრენენ. თითქოს მათთვის ეს ფრენა სასწაული კი არა, ჩვეულებრივი გასეირნება იყოს). მიუხედავად ამისა, ნახატის სიუჟეტი თავისუფლად შეგვიძლია ფანტასტიკას მივაკუთვნოთ. მაგრამ მხატვარი კატეგორიულად უარყოფდა ტერმინებს „ფანტაზია” და „სიმბოლიზმი”: „ჩვენი შინაგანი სამყარო რეალობაა, შესაძლოა უფრო მეტად რეალურიც, ვიდრე გარემომცველი სამყარო”.
მარკ შაგალი ასე ლოცულობდა: „უფალო, შენ, რომელიც ღრუბლებსა თუ მეწაღის სახლს უკან იმალები, იყოს შენი ნება რათა გამჟღავნდეს სული ჩემი, საბრალო სული ენაბორძიკა ბიჭუნასი. მაჩვენე გზა ჩემი. მე არ მსურს ვგავდე სხვებს, ჩემებურად მინდა ვუყურებდე სამყაროს”.
***

ყველამ ვიცით, რომ ახალი წლის ღამეს თოვლის კეთილი ადამიანი მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის საჩუქრებს არიგებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ის ყველას არ ერგება. საბავშვო იტალიელი მწერლის ჯანი როდარის ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმი სათამაშო მატარებელზე მეოცნებე ღარიბ ბიჭუნაზე მოგვითხრობს. ბიჭუნას მხურვალე სურვილს ვიტრაჟის მიღმა გამოფენილი სათამაშოები გულშემატკივრობენ. ისინი მაღაზიიდან გაქცევას გადაწყვეტენ ფრანჩესკო საახალწლოდ საკუთარი თავით რომ დაასაჩუქრონ.

„თუ გსურს დღესასწაული შენს ქუჩაზეც დადგეს, იმ ქუჩაზე დასახლდი, სადაც უკვე დღესასწაულია”.
კონტინენტის ერთი რომელიმე წერტილი ავირჩიოთ და საახალწლოდ ამაღლებული გუნება-განწყობით იმ სამოთხის კუნძულისკენ ავიღოთ გეზი, სადაც რეგის უკვდავი მეფე ბობ მარლი მოღვაწეობდა. ბობ მარლი ერთ ჩემს ძველ მეგობარს ძალიან უყვარდა. სიყვარული გადამდები აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჩვენს დღევანდელ შეხვედრას შემოთავაზებული მუსიკა ძალიან მოუხდება, ის ხომ დადებითი ენერგიის განსაკუთრებულ მუხტს ატარებს.
„მე მჯერა – რასიზმი, ბოროტება და სიძულვილი შესაძლებელია მუსიკით განიკურნოს”.
ბობ მარლი
აფრიკული ერთიანობის სიმბოლოდ მიჩნეულ ნაციონალურ გმირ ბობ მარლის არაერთი ფილოსოფიური გამონათქვამი აქვს. ჩვენს რთულ დროში მსოფლიოსადმი მისი მიმართვები მშვიდობაზე, თანასწორობასა და სიკეთეზე დღესაც დროული და აქტუალურია.
„მე მსურდა მუსიკის საშუალებით სამყარო სულ ოდნავ გამეკეთილშობილებინა”
ბობ მარლი
რეგის რიტმში მცხოვრებთა კუნძულზე ახალი წელი მოვლენაა და მას შესაბამისად, პომპეზურად აღნიშნავენ. იამაიკა სადღესასწაულო ატმოსფეროში იანვრის ბოლომდე იძირება. კულტურის გასაცნობად (სხვადასხვა სახის ფესტივალები, მუსიკალური წარმოდგენები თუ კარნავალები) იანვარი საუკეთესო დროა. თვალწარმტაც ტროპიკულ კუნძულზე მცხოვრებთა დევიზია „No problem!”
***
„ბგერა სიჩუმის გაგრძელების ფორმაა” – ამბობდა იოსიფ ბროდსკი
4 წუთი და 33 წამი სიჩუმე ძალიან ჰგავს მალევიჩის ცარიელ „შავ კვადრატს”. რა დასამალია და ეს იდეა კეიჯამდე და მალევიჩამდე ადრე იყო (ერიკ სატი და ალფონს ალე). თუმცა, მუსიკოსი სიჩუმის შესახებ გამოცდილებას ასე გვიზიარებს: „ექოს მოკლებულ სპეციალურ ოთახში გავაცნობიერე, სიჩუმე ბგერის არარსებობას არ ნიშნავს. სიჩუმე შედგება კუნთებისა და სისხლ-ძარღვთა სისტემის ცირკულაციის შემთხვევითი შევიწროებით გამოწვეული „ხმაურისგან”. საბოლოოდ, ამ დაკვირვებებმა და რობერტ რაუშენბერგის თეთრმა ტილოებმა შთამაგონეს კომპოზიციის შექმნა”.
კომპოზიციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „შესრულების” დროს გაგონილი ბგერები, სინამდვილეში კი სიჩუმის 4 წუთი და 33 წამი მსმენელების მიერ მუსიკად აღქმულიყო. კეიჯი თავისი პიესით სიჩუმის შეუძლებლობაში გვარწმუნებს და რომ კომპოზიტორისა და შემსრულებლის გარეშეც კი გარემო გამუდმებით გამოსცემს ბგერებს. 4’33 ერთ-ერთი ყველაზე სადავო ნაწარმოებია XX საუკუნის მსოფლიოში.
რას ურჩევს გავლენიანი ამერიკელი კომპოზიტორ-ავანგარდისტი „ინტერნეტგაზეთის” მასწავლებლებს? ვფიქრობ, მისი „უჩარჩოო” რჩევები ჩვენს კლასიკურ ტრადიციებს ამ ეტაპზე არ გამოადგება. დაველოდოთ მომდევნო მონაწილეს.
ვიქტორ ჰიოგოსთვის თუ „მუსიკა მოაზროვნე ხმაურია”, შექსპირისთვის „მუსიკა მწუხარებას ახშობს”.
„სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკლარაციაა ღმერთში”
ლ. ისაკაძე
მასზე, ვის შესახებაც ნათქვამია: „ყველა დროისა და ხალხის ყველაზე ნათელი, მომღიმარი, პრინციპული, ექსპრესიული და გრანდიოზული მევიოლინე” არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ბრწყინვალე მუსიკოსი ლიანა ისაკაძე გახლავთ.
ახალგაზრდა მუსიკოსებისადმი ლიანა ისაკაძის მთავარი მესიჯია არ დაუკრან კარიერისა და ფულისთვის, მხოლოდ მუსიკისთვის, უხილავი ფასეულობებისთვის. მისი კრედო კონფუცის გამოთქმით გამოიხატება: ადამიანი იზომება არა ტერფიდან თავამდე, არამედ თავიდან – ზეცამდე, სადაც დაუსრულებელი ძიებებია.
„ჩემი მიწა: უმოძრაო ღრუბლად ქცეულიყო
შორ გზებზე გაწვა ჩემი ჩრდილი და მოვიდა ჩემამდეც
შევხსენი კარი შევედი ენის სამყოფელში
უბეში ორი ჩიტი შევიფარე
სიტყვების ციმციმა სინათლეს მივენდე
ხეების გაზაფხულს მივაბარე ჩემი მოუთვინიერებელი სიყვარული
და ფართოდ გავშალე ხელები
თავისუფლად რომ აფრენილიყვნენ მტრედები ცისკენ”
ამინა საიდი
ბედნიერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი