ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ოჯალეშის დიდებულება

ოჯალეშის, ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშის, სამშობლოდ ფაქტობრივად მთელ სამეგრელოს მიიჩნევენ, მაგრამ ყველაზე უკეთ ის მაინც მარტვილის რაიონში ხარობს. სოფლები სალხინო, თამაკონი და თარგამეული ოჯალეშისთვის საუკეთესო მიკროზონადაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ სოფლებში არსებული ოჯალეშის რაოდენობა სასურველზე გაცილებით ნაკლებია, ჯიშის ხელახლა აღორძინება, სასურველია, სწორედ მარტვილის რიაონიდან (მდინარე ტეხურას ხეობა) დაიწყოს.

 

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ოჯალეშის სახელწოდება ვაზის მაღლარობის გამომხატველია. “ჯა” მეგრულად ხეს ნიშნავს, “ო-ჯა-ლეში” კი ხეზე ასულ ვაზს. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ამ სახელწოდებით თავდაპირველად არა კონკრეტულ ჯიშს, არამედ საზოგადოდ ხეზე ასულ ვაზს მოიხსენიებდნენ. ამპელოგრაფ ერმილე ნაკაშიძეს ივანე ჯავახიშვილისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ ტერმინი “ოჯალეში” წარმოებული უნდა იყოს ვენახის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვისგან: “ბჟა” მეგრულად მზეს ნიშნავს; აქედან – “ობჟალეში”, ანუ მზიანი ადგილი. საკამათო არ უნდა ჩანდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში სამეგრელოში ჩამოყალიბებულ ვაზის ჯიშებს შორის ოჯალეში მუდამ წამყვანი იყო და მას მეგრულ მევენახეობა-მეღვინეობაში ერთგვარად დომინანტური ადგილი ეკავა.

ქართველი ამპელოგრაფების ნაწილს მიაჩნია, რომ სამეგრელოში დაბლარი სახით გაშენებული ოჯალეში ვერ აღწევს ამ ჯიშისთვის დამახასიათებელ მძლავრ ზრდა-განვითარებას და მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების ღვინოს იძლევა. ეს საკამათო საკითხია, რადგან სამეგრელოში ღვინის კლუბის ერთ-ერთი ვიზიტის დროს მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში მცხოვრებმა გლეხებმა სრულიად საპირისპირო რამ გვითხრეს: თარგამეულელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოჯალეში დაბლარად გახარების შემთხვევაში უფრო უკეთესი ხარისხის მოსავალს იძლევა და ოლიხნარის ერთადერთი უპირატესობა, მათი აზრით, არა ხარისხის, არამედ მოსავლიანობის გაზრდაა.

საინტერესოა ოჯალეშის სამეგრელოში გავრცელებული მეორე სახელწოდებაც – შონური, ანუ სვანური. ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, გვეგონება, რომ “შონური” ჯიშის წარმომავლობისა და კუთხურობის აღმნიშვნელი სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ ოჯალეშის სვანურობა არც ისტორიული წყაროებით და არც სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება. პირიქით, თითქმის ყველა აგრობიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ოჯალეში მკვიდრი მეგრული ჯიშია და ჩვენი წინაპრები მას შავიზღვისპირეთში ასეულობით წლის წინ აშენებდნენ.

გურიასა და ლეჩხუმში (ცაგერის რიონში), სამეგრელოს მსგავსად, ასევე გავრცელებულია “ოჯალეშის” სახელით ცნობილი წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ქართველმა მეცნიერებმა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ გურულ და ლეჩხუმურ (ორბელურ) ოჯალეშს მეგრულთან კავშირი არ აქვს – გურულ-ლეჩხუმური ოჯალეში სრულიად სხვა ჯიშია და მისგან ღვინოც განსხვავებული დგება.

სანამ სოკოვანი დაავადებები და ფილოქსერა XIX საუკუნეში მთელ საქართველოს მოედებოდა, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში ოჯალეშის საკმაოდ დიდი ვენახები იყო გაშენებული. მიუხედავად მოარული აზრისა, რომ ოჯალეში ძირითადად მთისპირა მეგრულ სოფლებში ხარობს, მას ზუგდიდისა და გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებშიც აშენებდნენ – კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთიდან (ზუგდიდის რაიონი) ისტორიული სამურზაყანოს (გალის რაიონი) ტერიტორიამდე.

XIX საუკუნის შუა ხანებში ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.

ჩვენამდე ყურძნის მრავალი მეგრული ჯიშის სახელებმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშების ნაწილი გამქრალია და სათანადო მოძიებას მოითხოვს. ძველ ქართულ წყაროებში ბევრ სხვა ჯიშსაც იხსენიებენ როგორც განსაკუთრებულს, მხოლოდ ამ კუთხისთვის დამახასიათებელს და ამ მხრივ ორიგინალურს. მაგალითად, სამეგრელოში საუკუნეების განმავლობაში ხარობდა ჯიშები, რომელთა უმეტესობისა დღეს სახელიღაა შემორჩენილი: კეთილური, კერთოლი, კოლოში, კუტალა, მაჭყვატური, მუხიშხა, ეგურძგული, ზერდაგი, თეთრიშა, თხურთხუ, კვაწახურა, ჩეჭიფეში… ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთამბეჭდავი ნუსხისა, რომლის შედგენაც მეგრული ვაზის ძველი ჯიშების გახსენებისას შეიძლება. თუმცა ამ ჯიშებს შორის ოჯალეში ყოველთვის განსაკუთრებული, გამორჩეული იყო.

მიუხედავად ჯიშის სიძველისა, გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის მარტვილის რიაონის სოფელ სალხინოში ფილოქსერგამძლე საძირეზე დამყნობილი ოჯალეში მხოლოდ 14 ჰექტარზე იყო გაშენებული. მიურატის ჩაყრილი ვაზი თითქმის მთელ სამეგრელოში უკვე აეჩეხათ და ნავენახრები სიმინდის ყანებად ექციათ. გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ოჯალეში გურიასა და აფხაზეთშიც გააშენეს. საბჭოთა კოლმეურნეობები ლამის მთელი დასავლეთი საქართველოს ტერიტორიაზე გამალებით აშენებდნენ ამ ძველ მეგრულ ჯიშს. თუმცა ყველგან ის შედეგი არ მიუღიათ, რომელსაც ვარაუდობდნენ. აფხაზეთსა და გურიაში სამეგრელოდან ჩატანილი ნერგებით გაშენებული ოჯალეშის ვენახები გაშენებიდან რამდენიმე წელიწადში გაიჩეხა და სხვა ჯიშებით ჩანაცვლდა. ბევრგან ოჯალეში, ბუნებრივია, ვერ ახერხებდა საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებას, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

მეგრელი მევენახე–მეღვინე გლეხების ნაწილი დღეს გეტყვით, რომ ოჯალეშისგან წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო დგება და ეს ჯიში სწორედ ტკბილი ღვინის დასაყენებლადაა ზედგამოჭრილი. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ამ აზრს ბევრი მეღვინე და ღვინის სპეციალისტი იზიარებდა. ცნობილია რუსებისა და, საზოგადოდ, სლავების განსაკუთრებული სიყვარული ტკბილი ღვინოების მიმართ და ვინაიდან საქართველო მთელი ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა სახით ფორმირებული იმპერიის ნაწილი გახლდათ, ქართული მეღვინეობაც იმპერიის მოსახლეობის უმეტესობის, სლავების, გემოვნებაზე იყო ორიენტირებული. დღეს ბევრი მეღვინე ამბობს, რომ ოჯალეშისგან მაღალი ხარისხის წითელი მშრალი ღვინის მიღება შეიძლება და მისგან, უპირველეს ყოვლისა, სწორედ წითელი მშრალი ღვინო დგება. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ, გარდა მცირე გამონაკლისისა, ფაქტობრივად არ არსებობს ისტორიული წყარო, რომელიც სამეგრელოში და, საზოგადოდ, საქართველოში ტკბილი ღვინის დაყენების დიდ ტრადიციებს გაგვახსენებდა.

1953 წლის აღწერით, ოჯალეშის ვენახები მთელ სამეგრელოში დაახლოებით 51 ჰექტარს მოიცავდა. იმ პერიოდისთვის სამეგრელოში ოჯალეში თითქმის მთლიანად ადესითა და ცოლიკოურით იყო ჩანაცვლებული. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულების სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია, ადგილობრივ გლეხობასა და მის ვენახებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დღეს სამეგრელოში 50-იან წლებში არსებული ვენახების დიდი ნაწილი აღარ არის შემორჩენილი. ვაზის მასობრივი გაკაფვა და მის ადგილას მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების გაშენება გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განაპირობა. გლეხების უმეტესობამ ხარისხიანი ღვინით ტკბობას სიმინდი და ლობიო არჩია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი