ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დავალება საახალწლო არდადეგებზე – აუცილებლად წასაკითხი წიგნები

2005 წელი იყო, ზამთრის ცივი ამინდი. სახლში სრულიად მოულოდნელად ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი მომადგა და მთხოვა, ერთ ამერიკელ პროფესორთან გავყოლოდი, რომელიც რაღაც ახალი პროგრამის გახსნას აპირებდა და ამ პროგრამისთვის კადრებს ეძებდა. ჩემი მეგობარი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე ზედგამოჭრილი კანდიდატი ვიქნებოდი. მე, მაშინ უკვე ორდისერტაციადაცული, სამსახურს არ ვეძებდი და, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარს არ წყენოდა, მის ნებას დავმორჩილდი. ასე აღმოვჩნდი დღეს უკვე ჩემთვის უსაყვარლესი პროგრამის, ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის, ერთ-ერთი დამფუძნებელი. რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთს გეტყვით, ეს პროგრამა გაშლილი/ღია წიგნის პრინციპს ეფუძნება და მეც, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენთან მოსულ სტუდენტებს სხვადასხვა ეპოქაში დაწერილ გენიალურ წიგნებს განსხვავებული კურსების ფარგლებში ვასწავლით. ერთ-ერთ კურსს, რომელსაც ამ პროგრამის ეგიდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე რამდენიმე წელია, ვუძღვები, Libri magni, ანუ, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თარგმნა, დიადი წიგნები  ჰქვია. მე ამ კურსის მხოლოდ პირველ ნაწილს ვასწავლი და ის წიგნები, რომელთაც ლექციებზე მე და ჩემი სტუდენტები გულდასმით ვეცნობით, ჩემი გემოვნებით და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებითაა შერჩეული. ამავე სახელწოდების კურსს აშშ საუკეთესო უნივერსიტეტებიც სთავაზობენ თავიანთ სტუდენტებს. ერთ-ერთ ასეთ უნივერსიტეტში ჩემი შვილიც სწავლობს და, ცხადია, მანაც გაიარა დიადი წიგნების კურსი. განსხვავება კი ის არის, რომ ჩემი ნუსხა და ჩემი შვილის გავლილი ლიტერატურა ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა: მე ჰომეროსის „ოდისეას” ვასწავლი, ჩემმა შვილმა ჰომეროსის „ილიადა” ისწავლა, მე პლატონის „სოკრატეს აპოლოგიას” ვასწავლი, ჩემმა შვილმა პლატონის „ფედონი” ისწავლა, მე არისტოფანეს „ღრუბლებს” ვასწავლი, ჩემმა შვილმა კი არისტოტელეს „მეტაფიზიკა” გაიარა, ერთადერთი, რაც ორივე ჩამონათვალში აღმოჩნდა, პლატონის „სახელმწიფო” იყო… და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი სიისგან განსხვავებული ეს ტექსტები დიად წიგნებად არ მიმაჩნია ან სეინთ ჯონსის პროგრამის შემდგენლები დაიწუნებდნენ ჩემს არჩევანს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის არის, რომ კურსი მხოლოდ ერთსემესტრიანია და დრო არ მრჩება იმისთვის, რომ ჩემს სტუდენტებთან ერთად სხვა წიგნებიც გავარჩიო. იმ ნაწარმოებებს, რომლებთანაც შელევა გამიჭირდა, სხვა კურსებში მივუჩინე ადგილი, ხოლო დანარჩენებისთვის დრო და ადგილი რომ არ გამოიძებნა, იმ იმედით „დავივიწყე”, რომ ჩემი სტუდენტები აუცილებლად გამოძებნიან დროს და აუცილებლად წაიკითხავენ სხვა დროს, რადგან ყველა ეს ტექსტი სხვა ათობით ან კიდევ უფრო მეტ ნაწარმოებთან ერთად ნამდვილად წარმოადგენს აუცილებლად წასაკითხ ლიტერატურას. რაც შეეხება ჩემს შვილს, სანამ ამერიკაში გაემგზავრებოდა, მანამდე თითქმის ყველა იმ კურსს ესწრებოდა, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ილიაუნი-ში ვასწავლით. ამიტომ დამშვიდებული ვარ, რომ მან აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა თითქმის სრულად დაფარა…

როდესაც აუცილებლად წასაკითხი
წიგნების ჩემეულ არასრულ ჩამონათვალს გადაავლებდით თვალს, ასე მგონია, თქვენც
გაგიჩნდებოდათ სურვილი, მისთვის თქვენი ვერსია შეგედარებინათ. დარწმუნებული ვარ,
თქვენი ნუსხიდან რომელიმე, თუნდაც ერთი ან ორი, აუცილებლად დაემთხვეოდა ერთმანეთს.
თუმცა დიდი ნაწილი მაინც განსხვავებული იქნებოდა ან – პირიქით. გააჩნია, ვინ რას
ვეძახით დიად წიგნს და გააჩნია, ვის რომელი წიგნი მიგვაჩნია აუცილებლად წასაკითხ
ლიტერატურად. მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე გამომცემლობებიც გვთავაზობენ
თავიანთ სიებს და ამ სიებით გვკარნახობენ, რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ, სანამ
ცოცხლები ვართ და ამგვარად ახორციელებენ სხვადასხვა დასახელების პროექტებს. მე
ზოგჯერ ვეთანხმები ამ ჩამონათვალს, ზოგჯერ – არა, ასე იქნებით თქვენც. ჩემთვის
ღიმილისმომგვრელია, საუკუნეების წინ ბერძნების მიერ წამოწყებული თამაში: პირველად
ბერძნებმა გადაწყვიტეს შვიდი საუკეთესო პოეტის სია შეედგინათ, მერე ამ სიას
დაემატა შვიდი საუკეთესო ფილოსოფოსი, ბოლოს კი სამყაროს შვიდი საოცრების სიაც
შეიმუშავეს. ამ სიებს ხან ვინ აკლდებოდა, ხან კი ვინ ემატებოდა, შვიდი რომ არ იყო
საკმარისი, ამას უკვე მომავალი თაობები მიხვდნენ და შვიდი ჯერ ათამდე, მერე კი
ორმოცდაათამდე და ასამდე გაიზარდა.

       მე აღარ მივეკუთვნები ადამიანთა იმ
კატეგორიას, ვისაც მიაჩნია, რომ, რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავ, ამით უფრო
განათლებული გახდები (გამოგიტყდებით, სკოლაში სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტშიც,
სამწუხაროდ, ასე ვფიქრობდი. მხოლოდ გვიან დავუსვი ჩემს თავს ასეთი შეკითხვები:
ნეტა რამდენი წიგნის წაკითხვა მოასწრო ჩემმა საყვარელმა ქართველმა მწერალმა ქართულ
ენაზე, სანამ საქართველოდან სამუდამოდ გადახვეწდნენ; ნეტა ქართულ ემიგრაციასთან
კონტაქტით მოახერხა ლექსიკური მარაგის გამდიდრება თუ ამ ემიგრაციამ აზიარა ქართულ
ენაზე შექმნილ ან ნათარგმნ ლიტერატურას. მხოლოდ ამ შეკითხვებზე პასუხის ძიებისას
მივხვდი, რომ მთავარი ის კი არაა, რამდენს კითხულობ, არამედ რას და როგორ კითხულობ).
დიახ, ნაკითხი იქნები, მაგრამ განათლებული – ვერა. მთავარი ის კი არაა, რამდენ
წიგნნს წაიკითხავ, არამედ როგორ და მერე უკვე რატომ წაიკითხავ ამ წიგნებს. აი
სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს. თორემ ამაზე ერთი კარგი ამბავი
მახსენდება. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის შემდეგ კანადურმა გაზეთმა ასეთი სტატია
გამოაქვეყნა: „ ვინ მოიგო სინამდვილეში საუკუნის ოლიმპიადა”
(https://www.footwork.com/globe1.asp).
ამ სტატიის ავტორს ის აინტერესებდა, თუ რომელმა ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე და
ვინ იყო საუკუნის გამარჯვებული. სია ასე გამოიყურებოდა:

 

ქვეყანა

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

სულ

აშშ

44

32

25

101

გერმანია

20

18

27

65

რუსეთი

26

21

16

63

ჩინეთი

16

23

12

50

კანადა

3

11

8

22

 

შემდეგ სტატიის ავტორი შეეცადა,
მედლებისთვის ქულები მიენიჭებინა, ოქროს მედლისთვის ერთი ქულა, ვერცხლისთვის –
ორი, ხოლო ბრინჯაოსთვის – სამი. ამის შემდეგ მისმა ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:

ადგილი

ქვეყანა

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

ქულა

1

აშშ

44

32

25

221

2

რუსეთი

26

21

16

136

3

გერმანია

20

18

27

123

4

ჩინეთი

16

22

12

104

11

კანადა

3

11

8

39

 

ასეთი დაჯგუფება კანადისთვის
წამგებიანი გამოდგა, მან მეხუთედან მეთერთმეტე ადგილზე გადაინაცვლა. სხვა
ქვეყნებისთვის ბევრი არაფერი არ შეცვლილა, მხოლოდ რუსეთმა და გერმანიამ გაცვალეს
ადგილები. მაგრამ რა მოხდებოდა, თუკი მედლებისთვის ქულების მინიჭებისას სხვა
ფაქტორებსაც აღვნიშნავდით. მაგ. მოპოვებულ მედლებს ქულას იმის მიხედვით
მივანიჭებდით, თუკი გავითვალისწინებდით, რა ასაკის ადამიანმა მოიპოვა ის; ან ქულის
მინიჭებისას, თუკი ყურადღებას სპორტსმენთა სქესს მივანიჭებდით; ან აქცენტს
ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე დავსვამდით; ან
ყურადღებას ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას მივაქცევდით. ამ უკანასკნელის
გათვალისწინებით, სია ასეთ სახეს მიიღებდა:

ადგილი

ქვეყანა

ქულათა
რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე

1

ტონგის სამეფო

20

2

ბაჰამის კუნძულები

6.6

3

კუბა

4.6

25

კანადა

1.3

37

აშშ

0.9

 

ხედავთ, როგორ აღმოჩნდა საუკუნის
გამარჯვებულად ტონგა, ხოლო გერმანია და რუსეთი ბაჰამებმა და კუბამ ჩაანაცვლეს.
კანადა უკვე 25-ე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო მანამდე ყველას მიერ გამარჯვებულად
აღიარებული აშშ მხოლოდ 37-ზე.

       მინდა გითხრათ, რომ ამ სტატიამ ძალიან
ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. დღეს უკვე ადვილად არ ვენდობი არც უნივერსიტეტების და
არც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ყოველთვის ვცდილობ, კარგად გავერკვე
დეტალებში და გავიგო, რა დევს ამგვარი სიების მიღმა, როგორ მოხდა დაანგარიშება და
ცალკეული სუბიექტებისთვის ქულების/პროცენტების/ადგილების მინიჭება.

       ამასვე მაგონებს აუცილებლად წასაკითხი
სიების მიცემა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამის ნაცვლად უფრო საინტერესო და
სახალისოც ხომ არ იქნებოდა, ასეთი დავალება მიგვეცა არდადეგებზე ბავშვებისთვის:
წაიკითხონ წიგნები და თავად შეადგინონ იმ წიგნების სია (სამეული, შვიდეული, ათეული
და ა.შ. გააჩნია, რამდენ ხანს გრძელდება მოცემული არდადეგები), რომელთა წაკითხვასაც
თავად ურჩევდნენ თანატოლებს, ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განმარტონ, რის
მიხედვით მოხვდა მათ შედგენილ სიაში ესა თუ ის წიგნი. თუკი თქვენი მოსწავლეები
დაბალ კლასებში არიან, შეგიძლიათ მოთხრობებით დაიწყოთ. მე, ბევრი მასწავლებლისგან
განსხვავებით, არც ლექსების დაზეპირებას უარვყოფ, ჰოდა, თუკი თქვენც ჩემს რიგებში
ხართ, ერთ ვარიანტად ბავშვებს იმ ლექსების სიის შედგენაც შესთავაზეთ, რომელთა
დაზეპირებასაც სხვებს ურჩევდნენ. ოღონდ აქაც არ დაგავიწყდეთ, მოსწავლეებმა
აუცილებლად განმარტონ რატომ მოხვდა მათ სიაში კონკრეტული ავტორის კონკრეტული
ლექსი. სხვაგვარად ამ წამოწყებას აზრი არ ექნება. წარმატებები თქვენც და თქვენს მოსწავლეებსაც
თამაშში! ბედნიერ და ნაყოფიერ ახალ წელს გისურვებთ!!!

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი