პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიტყვები

დიახ, ისეთივე ერთ ზამთრის დღეს რომელზეც ზაზა თვარაძე წერდა, ვიჯექი რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლში და ფანჯრიდან გავყურებდი შორს, სხვა გარეუბნის ერთფეროვან კორპუსებს. არ ვაპირებ გითხრათ, რას წერდა თვარაძე: „ადამიანი თანაბრად შეიცავს არსებობასა და არარსებობას. ის ორივე მათგანის მემკვიდრეა და არსებულ-არარსებულისგან შემდგარი ეს სიზმარეული ნაზავი ზის და ფიქრობს: რა გავაკეთო დღეს? რით შევავსო დეკემბრის ეს ცივი და უშინაარსო საღამო? და, რაც ყველაზე საოცარია, რადგან ზის და ამას ფიქრობს, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ის არსებობს. რადგან რომ არ არსებობდეს, ხომ ვერც ივლიდა და ვერც იფიქრებდა. ხოლო რადგან არსებობს, ის აუცილებლად აბსოლუტური უნდა იყოს”.

 

არსებობა-არარსებობა სხვა დროისთვის გადავდოთ, ეს მონაკვეთი ზამთრის დღემ გამახსენა და ასეთ დროს ჩაფიქრებამ, რომელსაც სულ თან ახლავს რაღაც სენტიმენტალიზმი და იმპრესიონისტული ბუნდოვანება. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები. რა არის სიტყვები? პირველად იყო სიტყვა და ა.შ. ჩვენი კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა სიტყვები, დაწერილი, თუ წარმოთქმული. მაგრამ როგორ შედიან ეს სიტყვები სკოლაში და როგორ ცოცხლობენ იქ? ამაზე ვისაუბროთ ამ ზამთრის ცივ დღესაც.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის მაგიური ყუთი, რომელიც ლევანმა მიუტანა ზაზას და შემდეგ დაიწყო ყველაფერი. მე არ მოვყვები რა იყო ეს ყველაფერი. მოკლედ, მივიდა ერთ დილას და ყუთი მიიტანა. ყუთში ისინი იყვნენ, ცოცხალი სიტყვები, რომლებიც ლივლივებდნენ და კრთოდნენ ჰაერში, ერწყმოდნენ ერთმანეთს და ქმნიდნენ საოცარ ფრაზებს, სურათებს, სიტუაციებს. ამ ყუთ(ებ)მა ლევანის და ზაზას ცხოვრება შეცვალა, შეცვალა იმდენად, რომ… თუმცა ამაზე ბოლოს.

წარმოიდგინეთ, რამდენ საოცარ ლექსს, მოთხრობას, ჩანახატს, ნოველს ვასწავლით სკოლაში ბავშვებს და რამდენი სიტყვაა მათში, რამდენი კავშირი, შორისდებული. ეს სიტყვები უკვე არსებობენ, მაგრამ სად მიდიან წაკითხვის შემდეგ? ყველა მასწავლებელს გვინახავს ალბათ, ან პირადი გამოცდილებით ვიცით მომენტები, როცა გულგრილად ყვებიან მოსწავლეები სხვადასხვა ამბებს ტექსტებიდან, ციტირებენ გაუაზრებლად. პრობლემა ჯერ ისაა, რომ თვითონ ტექსტები არ გაქვს ჩვენ – მასავლებლებს კარგად გააზრებული და არასწორად, არასაინტერესოდ ვხსნით მათ და მეორე ესაა, რომ არავის, არცერთ ბავშვს არ სჯერა და არცერთმა იცის სიტყვების მაგიის შესახებ. მოკლედ, ისეთი ამბავია, ჩვენ მათ ვუყვებით და ჩავძახით იმ საოცრების შესახებ, რომელიც დახშული კარის იქით არის.

მაშინ, როცა თვარაძის ამ წიგნს ვკითხულობდი, მეც ჩავერთე მის თამაშში და წარმოსახვითი ყუთიდან ამოვიყვანე სიტყვები და ვაწყოდბი ათას ტექსტს. ზოგი სიტყვა ვერცხლისფერი იყო, ზოგი – იისფერი, ლურჯი, მუქი ყვითელი, სალათისფერი, თეთრი. ისინი ჰგავდნენ გრძელი ჟელატინის მასას.

„”ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, / ჩემო სამშობლო მხარეო,/ სნეული დავბრუნებულვარ,/ მკურნალად შემეყარეო!…” – აქ რაღაც ღია ფერი ჰქონდა ყველა სიტყვას პირველ ორ ტაეპში, შორი, ჩამავალი მზის შუქით განათებულიყვნენ, ბოლო ორში კი ჟანგისფერი და მუქი წითელი ტონები ემატებოდათ და ვაგრძელებდი: „ათოვდა ზამთრის ბაღებს, / მიჰქონდათ შავი კუბო, / და შლიდა ბაირაღებს / თმაგაწეწილი ქარი. / გზა იყო უდაბური, / უსახო, უპირქუბო. / მიჰქონდათ კიდევ კუბო… / ყორნების საუბარი: / დარეკე! დაუბარე! / ათოვდა ზამთრის ბაღებს”. – თითქმის ყველა სიტყვას გაცრეცილი ნაცრისფერი ტონი დაკრავდა, რამდენიმე მათგანი რძისფერი იყო, ერთიანად თრთოდნენ და კანკალებდნენ. მერე გაიშალნენ და სურათი წარმოქმნეს. შორი სასაფლაო იყო, ქარი ხრიდა ფოთლებდაცვენილ ხეებს, შორს გაოჩნდებოდნენ და ისევ ქრებოდნენ პროცესიის მონაწილეები, ახლო ხედში ყვავები ფრენდნენ ქარის საწინააღმდეგოდ და თითქოს ვერც ერეოდნენ ჰაერის ნაკადს – ერთ ადგილზე იქნევდნენ ფრთებს. ვაგრძელებდი: ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე, / სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა; / ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, / კაცი რომ მოდის გზაზედა”. – სპილენძისფერი სიტყვების რიგი ერწყმოდა ერთმანეთს, ზოგიერთი ზაფხულის ღამის ცის სილურჯეში გადადიოდა, ერთს კი მთვარესავით ავადმყოფური ყვითელი ფერი ედო და საკუთარი მეორე ნახევარი ბნელი ჰქონდა. ეს სიტყვა იყო „კაცი”.

დღეს, ამ დროსა და საუკუნეში, როდესაც ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ნაკლებად დავიჯეროთ მითები, ლეგენდები, მაგია, ეზოთერიკა, ძნელია ასეთი რამ მოსწავლეებს უთხრა, თითქმის შეუძლებელიც… და ერთი მიზეზი აქვს; ჩვენ, მასწავლებლებმა ნაკლებად ვიცით მოსწავლეების ცხოვრებისეული ამბები, მათი სულიერი მდგომარეობა, მისწრაფებები. შეუძლებელია 15-16 წლის ადამიანი დააინტერესო საუკუნის წინ დაწერილი ტექსტით, თუ მას არ დაანახვე რაღაც საერთო იმ ტექსტში არსებულ თუნდაც ერთ ამბავს, აზრს, განცდასა და მისსავე ცხოვრებას შორის, ხოლო თუ ეს გააკეთე, მაშინ გახდებიან სიტყვები მაგიური. ადამიანებს ნაკლებად გვაინტერესებს ამბები იმაზე, რაც ჩვენ არ გვეხება, რაშიც წილი არ გვაქვს, რაც არ განგვიცდია, მაგრამ თუ სადმე რაიმეზე მიებმება ჩვენი გონება ენერგიის გამტარი ძაფით, მაშინ სხვა ამბავია.

ერთ რჩევას მივცემდი ჩემზე შესაძლოა ბევრად გამოცდილ, პროფესიონალ და კარგ მასწავლებლებს. ადექით ერთ დღეს, დადექით დაფასთან და უთხარით მოსწავლეებს, რომ იმ გაკვეთილზე მთელ ოცდაათ სტროფს „ვეფხისტყაოსნიდან”, სამ თავს „ალუდა ქეთელაურიდან”, ან მთელ „ნატვრის ხეს” კი არ აუხსნით, წაიკითხავთ და დავალებად მისცემთ, არა! ერთ რომელიმე სიტყვას აარჩევთ, დაწერთ დაფაზე ფერადი ცარცით და ის იქნება ახალი თემა. ერთხელ მოეშვით ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლას და ა.შ. და თუნდაც მეათე კლასელებს ერთი სიტყვა ასწავლეთ ერთ გაკვეთილზე. ჯანდაბამდე გზა ჰქონია გეგმებს და მიზნებს და კომპეტენციებს, თუ მაინც არ სრულდებიან კარგად, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ჩვენ ერთი გაკვეთილიც არასდროს დაგვითმია რაღაც მაგიურისთვის, რომლითაც სავსეა ლიტერატურა და რაც, უფრო სწორად, თვითონ ლიტერატურაა.

მაგალითად, აიღეთ სიტყვა „სიჩუმე” და უთხარით, რომ ეს სიტყვა ისევე ცოცხალია, როგორც სხვები, რომლებიც შეგეძლოთ ასევე დაგეწერათ დაფაზე. შემდეგ კი: „მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი”; „მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს / ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ”; „რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს”; ან კიდევ – „სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა”. დაწერეთ ესენი და მსგავსები დაფაზე, სხვადასხვა ფერის იმ ერთი სიტყვით. და თუ მაინც არ დაგიჯერეს, თხოვეთ არაფერი თქვან, დამშვიდდნენ და მათთან ერთად ნახავთ როგორ დაგაწვებათ სიჩუმის სიმძიმე, როგორ გაცოცხლდება ეს სიტყვა. ასევე შეიძლება სხვებზე გაკეთება.

იმ რომანში, როცა ყუთს გახსნის და სიტყვებისგან შექმნილ სამყაროში კიდევ მიკროსამყარო შეიქმნება, ზაზა სვამს შეკითხვას: ”ჰო, მაგრამ, დიდი პატარაში როგორ უნდა ეტეოდეს?!”. ერთ მოსწავლეში, ერთ ადამიანში, რომელიც მცირეა, პატარაა, შეიძლება მთელი სამყაროს ჩატევა, ყოველშემთხვევაში, ამის დაწყება მაინც, რომ ცარიელ ოთახში ნივთები შეგქონდეს, ან ღია და შავ კოსმოსში – პლანეტებს ფანტავდე.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ ცდილობს და არ არის დისტანცირებული საკუთარი თავისგან და ამ მაგიური რეალიზმის ელემენტების მქონე მცირე რომანში ავტობიოგრაფიულ ფაქტებსაც ურთავს, ვთვლი, რომ მთავარი მოქმედი გმირი, მასთან ერთად, არის ლევანი. მოკლედ, ის მონაკვეთები რომ არა, სადაც ზაზა საკუთარ კორპუსთან მოთამაშე ბავშვებს შეხვდება საღამოს ბინდში და შემდეგ ქორწილში გადაინაცვლებს, ან როცა წაკითხული მოთხრობა გაუცოცხლდება თვალწინ, ეს მონაკვეთები რომ არა, მთავარი გმირი ლევანი არის-მეთქი, ასე ვიტყოდი. პირველივე თავში ჩანს, რომ ლევანი საერთოდ არ არის მწიგნობარი, კითხვის მოყვარული პერსონაჟი, როცა ზაზა ცნობილ ტექსტებს ადგენს სიტყვებით, იმაზეც კი კითხვებს სვამს, ეგ ვისი არისო. არ იცის ვეფხისტყაოსანი, ილია, ვაჟა, შექსპირი და ა.შ. მაგრამ ყველაზე კარგად გამოსდის ურთიერთობა ცოცხალ სიტყვებთან. ზაზაზე უკეთაც, რომელიც მხატვრული ლიტერატურის დიდი მცოდნეა და სამაგისტრო ნაშრომზეც მუშაობს, მაგრამ მის ხელში მოხვედრილი სიტყვების ყუთიდან მხოლოდ საშინელი სუნი და სნეული სიტყვები ამოდიან. რას ნიშნავს ეს? არაა მთავარი ადამიანს შეეძლოს ციტირება ლექსიდან, მოთხრობიდან, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი მისი გონებრივი და სულიერი მდგომარეობაა, მზადყოფნა ქმნადობისკენ და კეთება, მუდმივი მოძრაობისკენ და მოძრაობა, რაც უკვე ნიშნავს განათლებას და განვითარებას. განათლება არაა ვაჟა-ფშაველას, ილიას, აკაკის, ტოლსტოის, ფეტის, ბლოკის კითხვა, განათლება წინსვლის მუდმივი სურვილია. ამით უდგა გვერდით ავტორის პროტოტიპს ტექსტში მეორე პერსონაჟი ლევანი, რომელზეც ისევ ზაზა წერს ტექსტის ბოლოს:

„რა დაემართა საბოლოოდ ლევანს? ეს ვერავინ ახსნა. ფიზიკის ენით რომ ვთქვათ, ის თავისებური ანტინაწილაკი იყო. ანტინაწილაკი კი ისეთი ნაწილაკია, რომელიც მოძრაობს დროის საპირისპიროდ, ანუ – მომავლიდან წარსულისაკენ. ჩაგიქროლებს და სამუდამოდ გაქრება. ამის მერეღა ხედავ და ეხები მის დასაწყისს”.
და შენც, რომანის კიდევ ერთი პერსონაჟის არ იყოს, „იფიქრე ხოლმე ამაზე”!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი