ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„Secret Santa“

გამარჯობა, ორიათას თექვსმეტო წელო! რომ გითხრა, რაღაც განსაკუთრებულს ველი-მეთქი შენგან, მოგატყუებ. მასწავლებლისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი დატვირთული სემესტრის შემდეგ მცირეოდენი დასვენებაა. მაგრამ შობა-ახალი წლის დღესასწაულებისთვის მზადებას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. გარდა ამისა, სანტას უნებლიე თანაშემწეობაზეც არ ვამბობთ უარს (ოჯახში თუ არა, საახლობლოში ერთი პატარა მეგობარი ალბათ ყველას გვეგულება) და სასწაულების მოსახდენად ჯიბეებს დაუნანებლად ვიცარიელებთ, დავრბივართ ერთი მაღაზიიდან მეორეში, რომ შეძლებისდაგვარად „სავსედ” ვიყოთ, ბედნიერი იერით შევაყაროთ „მტერს” – თვალში ნაცარი, კედელს – ცერცვი, მოყვარეს – ხორბალი ან ბრინჯის მარცვლები, რომ როგორმე უკეთესი მომავლის იმედი დავიმეკვლევოთ.

შარშან ჩვენს ოჯახში თოვლის ბაბუა არ მოსულა – გადავწყვიტეთ, კეთილი მოხუცის დროსა და ენერგიას გავფრთხილებოდით. ლაპლანდიიდან ხომ ძალიან შორს ვცხოვრობთ, არც საკვამური გვაქვს და არც ბუხარი, რომელზეც საჩუქრების ჩასალაგებელი წინდების ჩამოკიდება შეიძლება. ქართველ თოვლის პაპას კი ხურჯინში ლარის კურსის შესაბამისი ხვავი და ბარაქა უწყვია (ყველას რას გასწვდება). ასე რომ, მისი ხურჯინი დიდსულოვნად დავუთმეთ ჩვენზე პატარებს და ახალი წლის ღამეს ერთმანეთი ყოველგვარი იდუმალების გარეშე დავასაჩუქრეთ, მაგრამ ნაძვის ხის ძირში პირმოხსნილ ხურჯინთან ჩამუხლული მოხუცის არსებობაში ეჭვი მაინც არ შეგვიტანია.

ხშირად გამიგონია ბავშვებისგან, რომ თოვლის პაპის არსებობის არ სჯერათ. სწორედ ასეთი პათოსი ჟღერს მოზარდების ხმაში, როცა ისინი რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ და მათ მეცნიერულ დასაბუთებას მოითხოვენ. არადა, ადამიანი ხომ მარტო ძვლოვანი და კუნთოვანი მასა არ არის; მთავარი, რაც მას სხვა არსებებისგან გამოარჩევს, უხილავია და მხოლოდ რწმენის მწვერვალიდან მოჩანს.
ყველაზე სასურველი დაუპატიჟებელი სტუმარი
ალბათ არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ბავშვი, ახალი წლის ღამეს დაუპატიჟებელ სტუმარს რომ არ ელოდეს. დღეს ელექტრონული თუ ხელნაწერი მილიონობით წერილი იგზავნება სანტა კლაუსის სახელზე.
ჩრდილოელ თოვლის პაპას რეალური პროტოტიპი ჰყავს – წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ბიზანტიურ ქალაქ პათარში, ქრისტეშობიდან 257 წელს დაიბადა (მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო, ახლა კი თურქეთს ეკუთვნის).

წმინდა ნიკოლოზი ცნობილია როგორც მეზღვაურებისა და ბავშვების მფარველი სასწაულმოქმედი წმინდანი. ის ღარიბ-ღატაკებს ღამღამობით კართან დატოვებულ ფეხსაცმელებში უყრიდა ოქროს მონეტებს ან ფანჯარასთან საჭმელ-სასმელს უტოვებდა. სწორედ აქედან წარმოიშვა შობის ღამეს ხის ქოშებში, ბუხართან ჩამოკიდებულ წინდებში თუ ნაძვის ხესთან საჩუქრების მალულად დატოვების ტრადიცია.

წმინდა ნიკოლოზის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა ერთი დიდგვაროვანი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. გავიდა დრო. ამ კაცმა მთელი ქონება დაკარგა და სიღატაკემ გონება ისე დაუბინდა, რომ ასულთა ღირსების მსხვერპლად გაღება გადაწყვიტა, რათა მათი სილამაზის წყალობით ლუკმაპური ეშოვა. წმინდა ნიკოლოზი იმ დროს საეპისკოპოსოს ხელმძღვანელობდა და ფხიზლად ადევნებდა თვალს მრევლის ცხოვრებას. მან გზაარეული მამა ცოდვისგან იხსნა. თან, კაცის ღირსება რომ არ შეელახა, მოწყალების ფარულად გაღება გადაწყვიტა – შუაღამისას მიადგა ქოხს და გაღატაკებული დიდებულის ფანჯარაში ერთი ქისა ოქრო შეაგდო.

გლახაკმა მის ქოხში მოულოდნელად გაჩენილი განძი ღვთის წყალობად ჩათვალა, მხურვალე მადლობა შესწირა უფალს და მიღებული ოქროთი უფროსი ქალიშვილი გაამზითვა. წმინდა ნიკოლოზი მამას კიდევ ერთხელ დაეხმარა და შედეგად მეორე ქალიშვილიც ბედს ეწია.

კაცი ელოდა, რომ მისი კეთილისმყოფელი კიდევ გამოჩნდებოდა (მას ხომ მესამე ქალიშვილიც ჰყავდა). ღამეებს ათენებდა „უფლის წყალობის” მოლოდინში, რათა საკადრისი მადლიერება გამოეხატა. წმინდა ნიკოლოზმა ბოლო სტუმრობის დროს დამალვა ვეღარ მოახერხა – ბედნიერი მამა კეთილისმყოფელს აედევნა, დაეწია და ფეხებში ჩაუვარდა. ნეტარმა ნიკოლოზმა მოხუცს სთხოვა, არავისთვის გაემხილა ქველმოქმედის ვინაობა და მუდამ უფლისთვის შეეწირა მადლობა.
წმინდა ნიკოლოზის როგორც მეზღვაურებისა და ბავშვების მფარველი ქველმოქმედი წმინდანის კულტი ყველაზე მეტად ჰოლანდიაში (ნიდერლანდი) იყო გავრცელებული. შობის დღესასწაულის მიწურულს ჰოლანდიელები ბავშვებს გულუხვად ასაჩუქრებდნენ – ხის ქოშებს ხილითა და ტკბილეულით უვსებდნენ. სწორედ მათი წყალობით აღმოჩნდა წმინდა ნიკოლოზი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, სადაც ჰოლანდიელებმა XVII საუკუნეში ახალი ამსტერდამი (ახლანდელი ნიუ–იორკი) დააარსეს.

ერთ დღესაც ჰოლანდიელი „სინტერ კლაასი” ყველასათვის ცნობილ ამერიკელ სანტა კლაუსად გადაიქცა. აი, როგორ მოხდა ეს:

1822 წელს, შობის მიწურულს, აღმოსავლურ-ბერძნული ლიტერატურისა და თეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა კლემენტ კლარკ მურმა შეთხზა ლექსი-ზღაპარი „შობის წინა ღამე, ანუ წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა”, რომლის მთავარი პერსონაჟიც სანტა კლაუსი გახლავთ. მასში აღწერილია, როგორ უჩინარდება ხურჯინმოკიდებული სანტა ბუხრის საკვამურში, რათა ბავშვებს ნაძვის ხესთან საჩუქრები დაუტოვოს.
ლექსის მიხედვით, „სინტერ კლაასი” სიცოცხლით სავსე, ბუთხუზა და მხიარული ელფია, რომელიც ჩიბუხს არასდროს აქრობს. მას ჰყავს ირმები, რომლებმაც თეთრწვერა და ლოყებღაჟღაჟა პატრონს ერთ ღამეში უნდა მოატარონ მსოფლიო. ცხოველების მოახლოებას მათ კისერზე შებმული ეჟვნების მელოდიური წკარუნი და მარხილის ჭრიალი გვამცნობს.

ბავშვებმა ზღაპრის მთავარი გმირი მაშინვე მიამსგავსეს მურის მსახურსა და მარჯვენა ხელს, მათ საყვარელ ჰოლანდიელ ძიას, რომელიც, სავარაუდოდ, იყო კიდეც პროფესორის შთაგონების წყარო.

მური სულაც არ აპირებდა თავისი თხზულების გამოქვეყნებას, მისი მიზანი მხოლოდ ბავშვების გამხიარულება იყო, მაგრამ მისმა მეგობარმა დაუკითხავად წაიღო ლექსი ერთ-ერთ გაზეთში, სადაც ის 1823 წლის შობის მიწურულს გამოაქვეყნეს. პროფესორის საშობაო ზღაპარს საოცარი წარმატება ხვდა წილად. ის ქვეყნის ყველა ჟურნალ-გაზეთმა დაბეჭდა, მოგვიანებით კი ცალკე წიგნადაც გამოიცა. ასე მოულოდნელად იქცა კლემენტ მური ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსად, სანტა კლაუსი კი მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ,,ცოცხალ” პერსონაჟად.

სანტას პირველი გამოსახულება კარიკატურისტმა თომას ნესთმა (Thomas Nast) შექმნა 1862 წელს. სამი ათწლეულის განმავლობაში სანტა მხოლოდ ყველაზე პოპულარული ჟურნალის „Harper’s Weekly”–ს გარეკანზე ჩნდებოდა. მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია ისიც, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და დღიურში იწერს კარგი და ცუდი ბავშვების საქციელს.

სანტას კარიკატურები ისეთი პოპულარული იყო, რომ სამოქალაქო ომის დროს ლინკოლნმა ნასთს სთხოვა, ჰოლანდიელი მოხუცი ჩრდილოელებთან ერთად დაეხატა (მისტერ კლაუსი თეთრი მანდილივით ჩააგდეს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის).

მიუხედავად დიდი წარმატებისა, სანტას კარიკატურებს ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა – გამოსახულება უმეტესად შავ-თეთრი იყო. მოხუცს წითელი ქურქი პირველად 1885 წელს ჩააცვა ამერიკელმა გამომცემელმა ლუის პრანგმა (Louis Prang).
1930 წელს კომპანია „კოკა-კოლამ” მითიური კეთილისმყოფლის სახე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამოიყენა. ჩიკაგოელმა მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა (Haddon Hubbard Sundblom) კოკა-კოლას რეკლამისთვის განკუთვნილი სანტას პროტოტიპად თავისი მეგობარი ლუ პრენტისი აირჩია. სწორედ მის ოდნავ სახეცვლილ გამოსახულებას ვხედავთ კოკა-კოლას დღევანდელ რეკლამებზე, მისალოც ბარათებზე, საახალწლო ზღაპრების ილუსტრაციებზე და ა.შ.

სამწუხაროდ, დღეს იშვიათად უკავშირებენ ერთმანეთს შობის დღესასწაულის ყველაზე პოპულარულ ტრადიციას და მის სულისჩამდგმელს – წმინდა ნიკოლოზს, რომლის ხატიც მითიური თეთრწვერა მოხუცის მრავალმხრივმა მეტამორფოზამ დაჩრდილა.

სანტა კლაუსის სამშობლოს სტატუსზე ჩრდილოეთის რამდენიმე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას. დანიელები ამტკიცებენ, რომ ის გრენლანდიაში ცხოვრობს, შვედები კი მის მშობლიურ ქალაქად სტოკჰოლმს ასახელებენ. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სანტა-კლაუსი ლაპლანდიის (ფინეთი) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კორვანტუნტურის მთაზე ბინადრობს.

მეგაპოლისების ხმაურს გამორიდებული, დათოვლილ ნაძვნარს შეფარებული სანტას რეზიდენცია მართლაც რომ შესაფერისი ადგილია თეთრწვერა მოხუცისთვის, რომელსაც სიმშვიდე და მარტოობა უყვარს. ირმებიანი მარხილებით გაკვალული ქუჩების, ხისსუნიანი სახლების, ლამპიონების შუქზე იისფრად აბრჭყვიალებული თოვლის ფონზე სასწაულის მოლოდინი იმდენად რეალურია, რომ თვალდახუჭულსაც შეგიძლია დაინახო, ხის გაურანდავ მაგიდას ჩამოყრდნობილი მოღიმარი თეთრწვერა მოხუცი როგორ კითხულობს მაგიდაზე დახვავებულ გულუბრყვილო სურვილებს ან როგორ უკრავს თავს მთელი მსოფლიოს ბავშვების ნატვრით სავსე ხურჯინს.

სანტას რეზიდენციაში ფოსტას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საფოსტო შენობა პოლარულ წრეზე მდებარეობს და მასში ჯუჯები მუშაობენ. სანტას დაუზარელი თანაშემწეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისალოც ბარათებს აგზავნიან, რომლებზეც სანტას საფოსტო ემბლემაა გამოსახული.

ლაპლანდიაში საშობაო სამზადისი დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება. აქ სტუმრებსაც იღებენ. მისტერ კლაუსი თავად მასპინძლობს მათ და ცდილობს, მოსაწყენად არავის ეცალოს.

სანტა-პარკში ბავშვებს მინი-დისნეილენდი, თოჯინების თეატრი და ზღაპრული კარუსელი ელით. ჯუჯები დიდი სიამოვნებით დაგათვალიერებინებენ არქტიკულ ზოოპარკსაც, სადაც სანტას ირმების ფერმა გაუმართავს. პოლარული წრის გადაკვეთის შემდეგ მისტერ კლაუსი სტუმრებს სამახსოვრო სერტიფიკატით აჯილდოებს. სამწუხაროდ, ლაპლანდიელ მოხუცთან სტუმრობა მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეიძლება.

მას, ვისაც სანტა კლაუსის არსებობის არ სჯერა, შეუძლია მეცნიერთა გამოთვლებით „ინუგეშოს” თავი – ისინი ხომ დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ სანტა ვერ შეძლებს 1 890 000 ტონიანი ტვირთის თრევას, ამსიმძიმე ხურჯინით საკვამურ მილში ჩაძვრომას, მთელი მსოფლიოს შემოვლას და ა.შ. მაგრამ ვინც ერთხელ მაინც აღმოჩენილა რეალობისა და სიზმრის გადამკვეთ გრძედზე, შეუძლებელია, ეჭვი მაინც არ შეიტანოს მისთვის დღემდე ნაცნობი რეალობის ფორმულირებაში.

ამდენი კი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე, რომ მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ყველა გაზრდილი ბავშვისთვის მეთხოვა: – ნუ მოკლავთ სანტას! იმედები ხომ ზამთრის ჩიტებივით ისედაც ყოველდღე იყინებიან ჩვენი თვალების ფანჯრებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი