პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კითხვის საათი სკოლაში: მოშინაურების საიდუმლო

წიგნიერების ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კითხვის საათის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპიუტერის, ტაბლეტისა თუ სმარტფონის ეკრანს მიჯაჭვული ახალი თაობისთვის ორ ყდას შორის მოქცეული თავგადასავლების მოკრძალებული ხიბლი დღითიდღე უფერულდება. მე კი ჩემს პატარა „სამზარეულოში” ხანდახან მაინც ვახერხებ გასული საუკუნის შემოტყუებას.

პატარების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად: სასურველი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის მოკლე მიმოხილვის ჩვენება, როლური თამაში, თოჯინების თეატრის შექმნა და წიგნის პერსონაჟების გაცოცხლება…

ამას წინათ ინტერნეტსივრცეში ახალი ანიმაციური ფილმი გამოჩნდა.https://naxe.org/load/animaciuri/patara_uplistsuli_kartulad_the_little_prince_multfilmi_patara_ufliswuli_qartulad/3-1-0-4832 მეც შესაძლებლობა მომეცა დავბრუნებულიყავი ჩემთვის ყველაზე ამოუწურავი უასაკო წიგნის სამყაროში და კიდევ ერთხელ მემოგზაურა „ყველაზე მშვენიერ და სევდიან პეიზაჟში”, ოღონდ ამჯერად პატარა თანამგზავრებთან ერთად.

ბავშვებს ჯერ ანტუანზე ვუყვები – ორი საუკუნის გზაგასაყარზე (1900 წ.) დაბადებულ პატარა უფლისწულზე, რომელიც დაქვრივებულმა დედამ ექვს შვილთან ერთად რის ვაივაგლახით გაზარდა.

ახალგაზრდა ეკზიუპერის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი მაშინ დადგა, როცა ანტუანი ჯარში გაიწვიეს (1921 წელი) და პილოტთა კურსზე გაანაწილეს. ერთი წლის შემდეგ მომავალმა მწერალმა მფრინავის მოწმობა, მოგვიანებით კი – კომპანიაში „აეროპოსტალი” პილოტის ადგილიც მიიღო (მას საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე). ანტუანი პარიზში დასახლდა. დედაქალაქში დაიწყო მისი, როგორც მწერლის კარიერაც. 30-იან წლებში „აეროპოსტალის” ბუენოს აირესის განყოფილების უფროსი ჟურნალისტისა და კორესპონდენტის საქმიანობასაც ითავსებდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მწერალი უკვე აღარ მსახურობდა ავიაციაში. საჰაერო ბრძოლებში მიღებულმა ჭრილობებმა მას სამხედრო სამსახურში დარჩენის უფლება წაართვა. მაგრამ ანტუანმა მაინც მოახერხა თავის საყვარელ თვითმფრინავთან დაბრუნება. მართალია, ტრავმების გამო უჭირდა დამოუკიდებლად ჩაცმა და გადაადგილება, მაგრამ მანქანის მართვა და ტყვიამფრქვევიდან სროლა ბევრ სამხედრო მფრინავზე უკეთ გამოსდიოდა. ეკზიუპერი იბრძოდა მტრის მიერ საფრანგეთის დაპყრობამდე, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა. მისი შემოქმედების მწვერვალად აღიარებული წიგნი – „პატარა უფლისწული” სწორედ ნიუ-იორკში დაიწერა (1943 წელი). ანტუანმა დიდხანს ვერ გაძლო სამშობლოს გარეშე და საფრანგეთის ავიაციაში დაბრუნება მოახერხა. ერთ-ერთი სადაზვერვო მისიის შესრულების დროს სამხედრო მფრინავი საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა.
მრავალი წლის შემდეგ (1998) მარსელთან ახლოს ერთი მეთევზე ზღვაში სამაჯურს აღმოაჩენს, რომელზეც ანტუანის და მისი მეუღლის სახელს ამოიკითხავს. მალე აქ თვითმფრინავის ნარჩენებსაც იპოვიან. მისი ჩამოვარდნის მიზეზი დღემდე უცნობია.

„პატარა უფლისწული” წარსულისა და აწმყოს გასაყარზე მდებარე ბავშვური გულუბრყვილობისა და უსაზღვრო ფანტაზიის პლანეტიდან გახლავთ. სამშობლოდან გადახვეწილ მწერალს სასოწარკვეთის უდაბნოში ერთმანეთისთვის შეუხვედრებია ბავშვობის მთავარი მოგონება – „ცოტათი დაბერებული” საკუთარი თავი და ყველაფრის შეცვლის იმედი.

პატარა ანტუანი წუხს, რომ დიდებს ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა. იქნებ სჯობდეს, არასდროს გაიზარდო და პატარა უფლისწულად დარჩე. თან, თუ მხოლოდ შენ შეგიძლია ქუდის სილუეტში მახრჩობელა გველის მუცელში გამომწყვდეული სპილოს დანახვა, მეგობრის პოვნაც გიძნელდება. ერთხელაც მოგბეზრდება საკუთარ თავთან გულითადი საუბრის გამართვა და ფანტაზიის სამეფოც მზადაა გადარჩენის გაკვეთილების ჩასატარებლად.

დიდების გასაგონად ვიტყვი, რომ პატარა უფლისწული „ასტეროიდი ბ–612–ის” ბინადარი გახლავთ. თუმცა ახლა ხომ დიდებისთვის არ ვირჯები, ბავშვებს კი პატარა უფლისწულის არსებობაში დასარწმუნებლად მისი ახალი მეგობრის მიერ დახატულ ყუთში ჩაძინებული ბატკნის დანახვაც ჰყოფნით.

„სანამ ბაობაბი დიდი ხე გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა”; ადამიანიც, სანამ დიდი გაიზრდებოდეს, პატარაა. სიცოცხლე ცხოვრების ყველაზე საინტერესო საფეხურიდან იწყება და ყველა ამ საფეხურზე რაც შეიძლება დიდხანს გაჩერებას ნატრობს. პატარა უფლისწულს გაზრდა არ ემუქრება, ყოველ შემთხვევაში, იგი ამ იმედით აგრძელებს მოგზაურობას ერთი მკითხველის წარმოსახვიდან მეორისაში.

წიგნის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, პატარა მსმენელებს მელიისა და უფლისწულის შეხვედრის ამბავს ვუკითხავ. ,,პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ”, ამიტომაც შემოვლითი გზებით შევეცდები გამოუცდელი აუდიტორიის გულამდე ყველაზე მთავარი სათქმელის მიტანას. ჯერ მელიის ტყავში შევძვრებით, მერე – უფლისწულისაში, მეგობრებსაც ვიპოვით და ,,მოვიშინაურებთ”… მერე რა, რომ ეს სიტყვა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

სანამ ბავშვებს წიგნის ილუსტრაციებს და მის ეკრანიზაციას ვაჩვენებდე, ჯერ ვთხოვ, თავად წარმოიდგინონ და დახატონ ახლადდამეგობრებული პერსონაჟები. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ოცდამეერთე საუკუნის თვალით დანახული ასი ათასი სხვა მელიისგან გამორჩეული – ერთადერთი, მოშინაურებული მეგობარი და ყანის შრიალივით იდუმალი ოქროსფერთმიანი მოგზაური.

დრო გადის, მარტოობის ასტეროიდზე კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახლდება, რადგან „საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია” და აღარავის შესწევს ძალა, გული იმ ერთადერთის შესახვედრად მოამზადოს, ვის გამოჩენასაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა.
საინტერესოა, რატომ – უფლისწული?! მგონი პასუხი აქაც პიროვნულ თავისუფლებაში უნდა ვეძებოთ. ანტუანის კოსმიური მეგობარი თავისივე თავის „უფალია” – სახლზე ოდნავ დიდი პლანეტის, ორი მოქმედი ვულკანის, ორმოცდასამჯერ მზის ჩასვლის სამყოფი სევდის, ოთხი ეკლის ამარა დარჩენილი მედიდური მეგობრისა და ნახვრეტებიან ყუთში ნაგულისხმევი ბატკნის პატრონი, რომელიც სახლიდან ასე შორსაც კი გადარჩენის გაკვეთილებს უტარებს ახლადმოშინაურებულ სამყაროებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი