პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ოჯახური ტრადიცია – მასწავლებელი. მამის კვალზე

ნოემბრის სუსხს გაუუკაცურებია ისედაც შეთხელებული სოფლები.  კვამლსცაში კერიის ამბები ააქვს. 
დროდადრო ირმას ვურეკავთ: ჩანგრეულ ბოგირთან ვართ, რა ვქნათ? 

 უკან ვბრუნდებით და ბაზალეთის კომპლექსის გაყოლებით მიმავალ  შემოსავლელ გზას ვადგებით. 
ისევ კონსულტაცია: მიტოვებული კორპუსი რომ არის…  

აღმა სიარულში ბაზალეთის ტბა ქვევით დარჩა. ქარი ჭალასა და მღვრიე ტბის ტალღებს ათამაშებს. სოფელ მლაშეში ადამიანები გამოჩნდნენ და გავიხარეთ – სწორ გზაზე ვყოფილვართ. გაგვიმართლა: მშრალი ამინდია, თორემ აქ გავლა გაგვიჭირდებოდა. ძველი, აგურით ნაგები ეკლესია გვენიშნა და მაინც მოფახფახებული ,,სამასვალის” პატრონთან დავაზუსტეთ სკოლის გეზი.  გამოველაპარაკეთ კიდეც, ხიდი ჩაგნგრევიათ, როდემდე აპირებთ ასე ყოფნასო…

– ვინ არის პატრონი, ვის სცალია მაგ ხიდისათვის, მაღაზია ჩვენ არ გვაქვს და არაფერი… ყველაფერს შორიდან ვეზიდებით, რვა თვეა ეს გზაც ასე გაგვიგრძელდა… – ჯიბიდან შემოთავაზებულ დაკროლილ კაკლებს სამდურავი ამოაყოლა მძღოლმა.

დაღმართი, ისევ აღმართი და ბექობის თავში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აგებული პატარა შენობა კოხტად და თავმომწონედ გამოიყურება ძველი, დამწვარი სკოლისა და ჯანჯღარ-ჯანჯღარით გავლილი გზის ფონზე.

საკრამულში ვართ, საკრამულის საჯარო სკოლაში. გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში, თბილისიდან 30-40 წუთის და არსებულ რეალობაში, ორჯერ მეტის სავალზე.

– გაბრუვდით?- ეღიმება ირმას, – ჩვენ ხან დღეში ორჯერ გვიწევს მაგ გზაზე სიარული. მობრძანდით, მობრძანდით ჩვენს ბავშვებთან. 

სამოქალაქო განათლების გაკვეთილის თემა აქტიურ მოქალაქეობას შეეხება… კლასში სულ ათი-თორმეტი მოსწავლეა. ფანჯარაში შემოდგომის პეიზაჟი გაშლილა. გაკვეთილი იწყება  და გავიწყდება ინფრასტრუქტურაც, უკან გასავლელი მძიმე გზაც, კმაყოფილება ფარავს ყველაფერს. დინამიკური სასწავლო პროცესი გაჯერებულია ინტერაქტიული მეთოდებით, თეორიული საკითხების ცხოვრებასთან დაკავშირების მაგალითებით, ღია, თავისუფალი კითხვებითა და პასუხებით.  ,,სიტყვების კედელს” ახალი ტერმინები ემატება… ბოლოს, საკლასო პროექტზე იწყებენ მსჯელობას, სკოლის ბიბლიოთეკის გადასახალისებლად მაკულატურის შეგროვებას გეგმავენ. ზარი ირეკება, მეათეკლასელები გვემშვიდობებიან.

– ისეთი ბავშვები გვყავს, იმსახურებენ ახალ წიგნებს, ისე მოწყვეტილები ვართ ყველაფერს. შუაში ბიჭი რომ იჯდა, სადაც დაინახავთ წიგნს კითხულობს, შესვენებაზე, თავისუფალ დროს, ხომ მოუსმინეთ, როგორ მსჯელობს ყველაფერზე… ახლა ჩვენი სკოლიდან სამი ბავშვია კომპიუტერის მიღების კანდიდატი. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი გოგონა-ნიჩბოსნების შედეგები თავის მოწონების უფლებას გვაძლევს. დაწყებითის პედაგოგები ჩართულნი არიან ,,ჯიპრაიდის” პროექტში, ჩვენი სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის” პარტნიორია და ახლა ჩვენმა პროექტმა ,,მცირე გრანტის” კონკურსში გაიმარჯვა, – გვიყვება ირმა.

ირმა ხოსროშვილი ამ სკოლის დირექტორი, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. საკრამული მისი პატარა სამყაროა.  ამ სამყაროს გული აქ,  სკოლაში ცემს. სულ სამოცდახუთი მოსწავლეა, სოფელი სახვალიოდ მათ შესცქერის. უფრო სწორად – ოთხი სოფელი.

– აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქვე დავოჯახდი … დირექტორის ვაკანსიისათვის გასაუბრებაზე რომ გავდიოდი, მხოლოდ ეს სკოლა დავასახელე. როგორ სხვაგან არ იმუშავებთო? არა და ვერა-მეთქი. სხვამ რომ გაჯობოსო? მასწავლებლად დავრჩები-მეთქი. 

– ბავშობიდანვე გინდოდათ მასწავლებლობა? 

– ასე გამოდის, მეც და ჩემმა დამაც ოჯახური ტრადიცია გავაგრძელეთ. მამაჩემი ამ სკოლის ისტორიის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილი და შემდეგ დირექტორი იყო.  ისე მოხდა, 2010 წლიდან მე დირექტორი ვარ და ის მასწავლებელია. ჩემი დაც დაწყებითის პედაგოგია. ჩემმა უფროსმა შვილმა იურისტობა ამჯობინა, უმცროსსაც სულ სხვა მიზნები აქვს. ჯერჯერობით, ახალი თაობა არ ინტერესდება ამ პროფესიით. ამას თავისი მიზეზები აქვს. როგორი დაღლილი და დაძაბულიც გინდა იყო, ამ ბავშვებთან, გაკვეთილზე თავს ვერ მისცემ უფლებას, რომ იმის მაქსიმუმი არ მისცე, რაც შეგიძლია.  

ირმას მამამ,  აკაკი ხოსროშვილმა რომ იტყვიან, რკინის ქალამანი ჩაიცვა და  ახალი შენობის დაგეგმვას მიაღწია. სოფელი იცლებოდა. ძველ ავარიულ შენობაში იყო საბაზო სკოლა, თანდათან მცირდებოდა მოსწავლეთა რაოდენობა. ბევრი მათგანი სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. ძნელი იყო დიდ მანძილზე, უტრანსპორტობისა და მკაცრი ზამთრის პირობებში ბავშვის სხვა სკოლაში გაშვება… სრული სკოლის არქონა ამ ოთხი სოფლის მიგრაციის დაჩქარებას ნიშნავდა. მართლაც ახალი სკოლის პირობებში კონტიგენტმა იმატა, ცხრა კლასის მერე შინ დარჩენილმა ბავშვებმაც გააგრძელეს სწავლა.

– ქალაქი, კომფორტული გარემო ყველას მოსწონს, მაგრამ სოფელსაც უნდა პატრონობა. ჩვენ გვიყვარს აქაურობა და ეს გვაძლებინებს. სკოლაში ორ პედაგოგს გვაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ყველას უნდა, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში პროფესიული განვითარებისათვის, მაგრამ უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო, ძალიან უჭირთ. მაინც უნდა ვეცადოთ, რადგან ხარისხიანი სასწავლო პროცესი სხვაგვარად არ მიიღწევა. როგორც ყველა ბავშვი, ჩვენი ბავშვებიც იმსახურებენ ასეთ სკოლას, მასწავლებლებს, – იღიმება ირმა, – იცით, როგორი ბავშვები გვყავს? დიდებივით ფიქრობენ: წინა კვირაში პენსიაზე გასული მარტოხელა მასწავლებლის მონახულება გადაწყვიტეს, დაგეგმეს, შეასრულეს. იმ ადამიანს ისეთი დიდი სიხარული და სითბო განაცდევინეს, რომ  უფროსებს გაგვიკვირდა – ჩვენ როგორ არ მოვიფიქრეთ ასეთი რამ. მიბაძვას კი ვაპირებთ, ჩვენც ვგეგმავთ უფროსი თაობის კოლეგების მონახულებას.

– ირმა, ძნელი არ არის ჯერ მასწავლებლის, დირექტორის შვილობა, მერე მამის, დის, ყოფილი მასწავლებლების დირექტორობა, შვილების დირექტორობა?

–  როგორ გითხრათ? აქ სოფელია, ყველა ერთმანეთის ავ-კარგით ვცხოვრობთ და ყველა ბავშვის მიმართ მშობლიური განცდა მაქვს. რაც შეეხება მამაჩემს, ის ახლაც მაძლევს რჩევა-შენიშვნებს: საკვამურები ასე არ უნდა დაგეყენებინაო; ეს სახელურები ასე აჯობებდაო. ურთიერთობაში რაიმე სირთულეები არ მიგრძნია… ჩემსა და თავის საქმეზეა შეყვარებული… ასე რომ სკოლა, მასწავლებლობა ჩვენთვის ოჯახური ტრადიციაა, ვნახოთ უმცროსებიდან რომელიმეს თუ გავიყოლებთ…

ნოემბერის სუსხისთვის მზეს კალთა შეუკეცავს. შემოდგომის ფოთლები ქარს დამგზავრებიან. აღმართ-დაღმართები მეორდება.  უფრო მალე გამოვედით,  ეგრეთ წოდებულ, სამხედრო გზაზე. წუთი და წამი გაახლოებს უცნაურად გაზრდილ დედაქალაქთან, რომელიც ასეთ პატარ-პატარა სამყაროებს ჩაყლაპვით ემუქრება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი