პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბედნიერი ოჯახი

ოქტომბრის ოქროსფერ შაბათს ჩემს ლექტორს ვესტუმრე. უ- ბანიდან როგორც კი თავი ამოვყავი, ხეები და ყვავილები და ფოთლები და სურნელოვანი სითბო სახეში ისე ძლიერად მომაწყდა, თითქოს რომელიმე მძიმე რაგბისტი ყოფილიყოს. თითქოს ჩემი გერმანული, უწონო ბედნიერება კილოგრამებს სწრაფად ისხამდა და მალე ფერხორციანი ბედნიერება მეყოლებოდა. დიახ, ეს ვერნეა. ქალაქის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ლანგენდრეარსა და ჰარპენს შორის მდებარეობს. 

ბევრი ვიარე თუ ცოტა, გავიარე ერთი გრძელი და რამდენიმე მოკლე ქუჩა, ჰოფმანების თეთრ, სამსართულიან სახლს მივადექი. აქ იურგენ ჰოფმანი ცხოვრობს სამ მცირეწლოვან შვილთან და ცოლთან ერთად.

ბავშვობაში ვოცნებობდი, ჩემს სახლს საფოსტო ყუთი ჰქონოდა და მეგობრებისგან წერილები მიმეღო. საერთოდაც, ძალიან მინდოდა, უცხოელი მეგობრებიც მყოლოდა და შობა-ახალ წელს ჩემთვის მისალოცი ბარათები გამოეგზავნათ. ნეტა, როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები შორეულ ქვეყნებში, როგორი თამაშები და სათამაშოები ჰქონდათ, ნეტა, შაბათ-კვირას მშობლებს სად მიჰყავდათ?!

ჩვენს სკოლაში ხანდახან საგულდაგულოდ შეფუთული, ჭრელ-ჭრელი ყუთები ჩამოდიოდა, რომლებიც განკუთვნილი იყო სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის. ჰო, და კიდევ მასწავლებლის შვილებისთვის, ეგრეც ხდებოდა ხოლმე. ამ ყუთებს გერმანელი ბავშვები უგზავნიდნენ ქართველ ბავშვებს. ბედნიერებას ნივთიერად უნაწილებდნენ.

მე არც მასწავლებლის შვილი ვიყავი და ჩემი ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებდა, ასე რომ, იმ ყუთის დასაკუთრების ბედნიერება წილად არასდროს მხვდა. ნეტა იცოდეთ, როგორ მინდოდა. გროვერი ცხვირმიჭყლეტილი რო დგას წუწურაქი კროკერების საკონდიტროს ფანჯარასთან, მასე ვიყავი. ერთხელ ჩავიჭყიტე და სულო და გულო – პრიალ-პრიალა სახატავი რვეულები და პასტელები, ხის ფერადი, სუუუფთა გერმანული სათამაშოები, უხხ…

ახლა კი ვდგავარ სამსართულიან სახლთან, გარს მოვლილი ბაღი რომ აკრავს – მწვანე, მწვანე, ყვითელი ფოთლებით გახალისებული; მაგიდით, სკამებითა თუ გრილით, ვარდის ორიოდე ბუჩქით, ქოლგითა და საქანელით ეს ბაღი ზუსტად ისეთია, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა. საფოსტო ყუთიც ნამდვილი საფოსტო ყუთია, ოღონდაც „Hoffmans” აწერია.

კარს ორმოცი წლის იურგენი, შვიდი წლის ფინი, ხუთი წლის ლინა, ორი წლის მარა და სავარაუდოდ, ორმოცი წლისვე იუდითი მიღებენ. გაღიმებულები. ცოცხალი საოჯახო პორტრეტია. რა მაგარია.

სანამ მე და იურგენი არქეოლოგიური ძეგლების ფიქსაციასა და სხვა პრაქტიკულ თემებზე ვსაუბრობთ, ბავშვები საკუთარი ხელით გვიცხობენ ნამცხვარს. ცომი პატარა ხელებით მოზილეს, ფორმებშიც ჩაასხეს და იუდითმა მხოლოდ ქურაში მოათავსა. ნამდვილი დღესასწაულია, პატარებს განსაკუთრებულად უხარიათ უფროსული საქმიანობები.

აქ ბავშვებს ბევრს არაფერს უკრძალავენ, აქ ბავშვებს ნამდვილი ბავშვობა და ყველაფერში ცხვირის ჩაყოფის ბავშვური ბედნიერება აქვთ. მესამე სართული კი, „შფილფლაცად” წოდებული, უზარმაზარი სათამაშო არენაა სხვადასხვა გასართობითა და უამრავი სათამაშოთი. მაგრამ სამივე სართული მაინც ბავშვებისაა: ფინს ყოველთვის ავიწყდება, რომ თავისი მანქანების უზარმაზარი კოლექციის ნაწილი სასურველია, პირველ სართულზე არ იყოს განთავსებული; ლინა ცხენებზეა შეყვარებული, ოღონდ-არაპრინცესულად. მისი ინტერესთა სფერო მაინცდამაინც თეთრი რაშებით არ შემოიფარგლება და ფუმფულა სათამაშოების ნაცვლად ლინდა ჩეპმანის წიგნებთან ერთად სძინავს. წიგნების ეს სერიები იმ ჯადოსნური სამყაროს შესახებ მოგვითხრობენ, რომელშიც პონი ვოლკე და მისი მეგობრები ცხოვრობენ. ლინა არაფრისდიდებით გაცვლის ბედნიერ ძილს წესრიგზე და საწოლს ბიბლიოთეკის ფუნქციას არ წაართმევს. მარა კი, მარა ორი წლისაა და ჯერჯერობით, მხოლოდ გასტრონომიული გატაცებები აქვს და ამ გატაცებებში ოსტატურად ამოთხვრის ნიჭი.

ჰოფმანების ორი ათას თხუთმეტი წლის კალენდარიც ოჯახურია. ოქტომბრის თვის საილუსტრაციოდ რომელიღაც ჰოლანდიურ ტყეში გადაღებული ოქროსფერი, ოჯახური ფოტოა წარმოდგენილი. ყველგან ფოტოები, ბავშვების ნახატები, სათამაშოები და საბავშვო წიგნებია. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ბავშვები ცხოვრობენ. ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად ცხოვრობენ. უფროსების საუბარშიც ერევიან და დიახაც, ხანდახან რაღაცებსაც აფუჭებენ. ხანდახან საყვედურებსაც იღებენ და ხანდახან ისჯებიან კიდეც. ხანდახან კი მამის ქართველ მეგობარს უგემრიელეს ნამცხვარს უცხობენ, მერე ბაღში მაგიდას გააწყობენ, ნამცხვარს ზედ ჟივილ-ხივილით შემოდგამენ და მე, 90-იანელი ქართველი ბავშვი, ოქტომბრის ამ მზიან დღეს ჩემი ბავშვობის ოცნებაში ვხვდები.

სანამ ფოტოს გადავიღებთ, ყველაფერი ისედაც ფოტოსურათივითაა: ღიმილი, ბედნიერი ოჯახი, ოჯახის მეგობარი, ჩაის თხელი, გამჭვირვალე ჭიქები, ვაშლის ნამცხვარი, ოქტომბრის თბილი დასაწყისი, მოწნული, თეთრი სკამები, მაგიდაც თეთრი, მწვანე ბალახი ყვითელი ფოთლებით. ყველაფერი ზუსტად იმ ფოტოსურათივითაა, რომელიც ძალიან მინდოდა, ბავშვობაში ჩემი უცხოელი მეგობრისგან მიმეღო.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი