პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბედი მასწავლებლისა

მასწავლებელი არაერთი მხატვრული ტექსტის პერსონაჟია. ამჯერად წარმოვაჩენთ როგორ იხატება მასწავლებლის სახე თამაზ ბაძაღუას პიესაში „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!” პიესის მთავარი თემა გაუცხოება. ადამიანები მარტოობით იტანჯებიან. მთავარმა პერსონაჟმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  ვერ გაუძლო რომანტიკული იდეალების მსხვრევას. გარკვეული ხნის განმავლობაში თავს იტყუებდა, (ასე შეაფასა შემდეგ საკუთარი ილუზიები), რომ ლიტერატურას შეეძლო ადამიანის ზნეობრივი აღზრდა, „მეგონა ჩიტებს ვზრდიდი, მართლა, ძალიან მაღლა რომ შეკრავდნენ კამარას”. მას ეგონა, რაკი მოსწავლეებს სულ პოეზიასა და მშვენიერებაზე ელაპარაკებოდა, ისინიც მისნაირადვე შეხედავდნენ სამყაროს, ცას, შემოდგომასა და ყვითელ ფოთლებზე ისაუბრებდნენ, მაგრამ რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა: არც ერთი მისი მოსწავლე არ დაადგა იმ გზას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ამან ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა, სკოლიდან წამოვიდა. მას სტანჯავდა ფიქრი, რომ ვერ შეძლო მოსწავლეებზე ზემოქმედების მოხდენა, რომელთაგან ბევრი „ლოთი და მამაძაღლი გახდა”: `ოცი წელი ვასწავლიდი-მეთქი. ქართულს ვასწავლიდი. რუსთაველს და ბარათაშვილს ვასწავლიდი. გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. მაინც არაფერი გამოვიდა. ნეხვის გროვაზე ენძელა არ ამოვა, უნდა იცოდე, მე გვიან მივხვდი. იცით, როდის მივხვდი? ერთხელ, აი ამ მწარე არყით გამოვიბრუჟე, ქუჩაში გამოვედი და ძალიან მომინდა ჩემი ყოფილი მოწაფეები მენახა. დავფიქრდი და იცით, რა აღმოვაჩინე? თურმე მთელი ოცი წელიწადი არც ერთ ჩემს მოწაფეს ფილოლოგიურზე არ ჩაუბარებია. გესმის? რას ნიშნავს ეს? მიხვდი, რომ არარაობა ვიყავი. მივხვდი, რომ ოცი წელი ჩემს თავსაც ვატყუებდი და იმათაც. მე ერთს ვუჩიჩინებდი და სიმართლე მეორე მხარეზე იყო. ეს საშინელებაა”. 

ამგვარმა განცდამ ბონდოს საკუთარი თავისა და ადამიანის რწმენა შეურყია, ოჯახსა და მეგობრებთანაც გააუცხოვა. მის ტანჯვას აძლიერებს განცდა, რომ ხედავს, თითქოს ყველას ეშმაკისთვის მუყიდია სული, მათ შორის, თვითონაც. ერთადერთი საზრუნავი აფორიაქებთ ადამიანებს: როგორ იცხოვრონ უკეთესად. ისინი ბედნიერებას მხოლოდ კარგ სასმელ-საჭმელში, კეთილმოწყობილ ბინაში, სამსახურსა და ჩასაცმელ-დასახურავში ხედავენ. ბონდოს კი აღელვებს ზღვისპირა ქალაქის ჰორიზონტები, პოეზიის სანახები. ამიტომ თანდათან შორდება ყველას, ცოლსა და ქალიშვილსაც. ის თავისი `გიჟური~ მსჯელობით სხვათა გამოფხიზლებას ცდილობს: „შეხედეთ, შეხედეთ, ამ ნისლებში დაინთქმება ჩვენი სხეული, ამ ათასწლოვან ღამის ნისლებში ჩავიკარგებით, გესმის? რა ყრუდ და ფოთოლივით წყნარად თრთიან ვარსკლავები, რა სიჩუმეა.… ჩვენი კვალი კი სამარადისოდ წარიხოცება, უღონო გულის ტანჯვა,… მიუსაფარი, ამ ცივ წყლებზე იხეტიალებს, ვარსკლავების გულებს გააპობს.…საით მივდივართ, გეკითხები, საით მივდივართ?!” .

ბონდო მასწავლებლისთვის დილემად ქცეულა ერთი ასეთი თემაც: აღტაცება ყოველივე უცხოურით: „ერთი მეც მინდა ავიდე. გავხედო, გამოვხედო, რა აგიჟებს ამ ხალხს, სულ უცხოეთი, უცხოეთი რომ აკერიათ პირზე, ჯერ გელათი არ უნახავთ, აგერ ქუთაისთან, დავით აღმაშენებლის საფლავი არ უნახავთ,…კაცო, ბეთანია არ უნახავთ და ფიჯის კუნძულების საგზურს ეძებენ… ჰა და ჰა მადასკარი იკადრონ.… მე რასაც ვამბობ, ყველაფერი ძველია, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება,… ამიტომ მიყვარს ძველი სიტყვები: `ჟამთა რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო” .

ბონდოს ერთადერთი ნუგეშად უჩანს  ის, რომ `გოგონა მწერდა, რომ გვჭირდებიო, მოუთმენლად გელითო და ათას სისულელეს. მე მათ არ ვჭირდებოდი, მე მათ ვატყუებდი. იმ წერილს კი ახლაც ვინახავ. აგერ მაქვს. გულის ჯიბეში. თითქოს არაფერში მარგია, მაგრამ რაღაც სხვანაირად მაწვალებს. ვკითხულობ და არ შეიძლება ცრემლები არ მომერიოს. ოო, ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს. რა ბედნიერი ვიქნებოდი~. 

მის გარშემოც ასეთივე მარტოსულები არიან _ ყველას თავისი მიზეზი აქვს, მთავარია, რომ ერთი ადამიანი მეორის მარტოობის ტვირთს ვერ ამსუბუქებს. ბონდო თავს დაკარგულად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ის თავს მკვდრად აღიქვამს. ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის „წარმავალი მშვენიერების” ერთი ნახევრადშეშლილი მოხუცი გვახსენდება, რომელიც ეუბნება ახლობლებს: მე თქვენ გიცნობდით, სანამ ცოცხლები იყავითო. მრავალმნიშვნელოვანი ფრაზაა. უმიზნობა, უიმედობა _ სულიერ სიკვდილს ეთანაბრება. 

პიესაში შემოიჭრება ზღვის უსაზღვრო სივრცე, რომელმაც თითქოს უნდა გამოაფხიზლოს ადამიანები, მაგრამ ისინი ვერ არღვევენ საკუთარ ეგოს და მტკიცედ შემოსაზღვრულ ჩარჩოებს, ვერ გადიან ყოველდღიურობის ერთფეროვანი საზღვრებიდან. მხოლოდ იტალიური გემის გამოჩენა შეამღვრევს ხოლმე ქალაქის მდორე მდინარებას. გემი ამ პიესაშიც უცხოს, შორეულის, მიუწვდომელის სიმბოლოა. პიესის სათაური `ღუზა, ჩაუშვი ანგელოზო~ მრავალმნიშვნელოვანია. ანგელოზი გემის სახელია, რომელიც სიკეთისა და სინათლის სიმბოლოდ იქცევა. იგი მხოლოდ დროებით ჩაუშვებს ღუზას, მერე კი ისევ გასცურავს და თან წაიყოლებს ადამიანურ ოცნებას.

ბონდოს მონოლოგები გამსჭვალულია გამოუსავლობის შეგრძნებით: „მე ახლა ვთამაშობ. ლოთსა და მასხარას ვთამაშობ. უსაქმურსა და ვიგინდარას ვთამაშობ”. „იმედი, იმედი, ვითომ ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე ვცხოვრობთ და კაცმა ისიც კი ვერ ისწავლა, თავისივე მსგავსი არ მოკლას.…ეძახე ამას გონიერი ცხოველი. ადამიანი ადამიანისთვის მგელია! მე მარტო ამისი მჯერა. მგელი დიახ, მგელი _ სისხლიანი, კბილებდაკრეჭილი. ჰამ! ჰამ! ძვალი დროზე თუ არ გადაუგდე, შეგჭამს. არც ღმერთის ეშინია და არც განკითხვის. იმიტომ რომ ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს~.

მიშელ უელბეკი ამბობს ერთ ინტერვიუში, როგორ დამთრგუნველად იმოქმედა მასზე პასკალის აზრების ერთმა თვალსაზრისმა: „გული გამიხეთქა ამ პასაჟმა: `წარმოიდგინეთ ბორკილდადებული, სიკვდილმისჯილი ადამიანები. ყოველ დღე ზოგიერთ მათგანს დანარჩენების თვალწინ უმოწყალოდ კლავენ. ეს უკანასკნელები კი ხვდებიან, რომ ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც მათი თანამოძმეები, ერთმანეთს ნაღვლიანად შეყურებენ და თავის რიგს ელიან. ეს ადამიანური მდგომარეობის სურათია”.  გარდაუვალი სიკვდილი  მოკვდავი ადამიანის ხვედრია. ასე რომ, ადამიანი თითქოს დაბადებიდანვე სიკვდილმისჯილია და ამ სასჯელს ვერავინ დააღწევს თავს, მაგრამ არის გზა ამ სასჯელისგან თავდაღწევისა _ ეს არის რწმენა და ხელოვნება. ორივეს შეუძლია ადამიანი უკვდავებას აზიაროს. სიკვდილსა და ამაოებაზე ფიქრმა ადამიანი სიცოცხლისთვის უნდა აღძრას. 

ამგვარი განცდა ამ პიესის წაკითხვისასაც ჩნდება. მაგრამ მწერალს სჯერა ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის არსებობისა, ამიტომაც განწირულობის ტკივილს იმედით გადალახავს. ბონდო ახალგაზრდა ნუგზარს ამშვიდებს: „ნუ გეშინია,… ჩვენ მაინც წავალთ მზის ამოსვლის სანახავად…(მცირე პაუზა) ოღონდ აქ მტკივა…(ბონდოს ძელსკამზე დააწვენენ. მარია ჭრილობას უხვევს. ლაშა პერანგს გაიძრობს და ჭრილობის შეხვევაში ეხმარება). ნუ გეშინიათ,…მალე აქ ანგელოზები ჩაუშვებენ ღუზას,…ისიც აქა მაქვს,…წერილი…(გაისმის გემის საყვირის ხმა. იგი ნაპირს შორდება. კიბეზე ტორტით ხელში ჩამოდის ინგა. გემის საყვირის ხმას ერთვის მხიარული იტალიური სიმღერა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი