პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

“სიტყვის კვალდაკვალ”

ანიდან ჰოემდე გასავლელი გზა
მშობლიური ენის  გააზრებულად შესწავლას – სიტყვების  სტრუქტურულ და შინაარსობრივ მახასიათებლებზე დაკვირვებას  ბავშვები მოსწავლეობის პირველივე ეტაპზე ეუფლებიან. თუმცა გარკვეული საგანმანათლებლო გამოცდილების დაგროვებამდე მათი ლექსიკური მარაგის დიდი ნაწილი მოსმენის გზით  ათვისებული სიტყვებისგან შედგება. ამიტომაც მოსმენა სწავლების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად რჩება.

სასურველია, ბავშვების ანბანის სამყაროში მოგზაურობა საინტერესო თავგადასავალს დაემსგავსოს, თორემ მარტო სახელმძღვანელოში მოცემული დამარცვლული სიტყვების კითხვა არცერთ ბავშვს არ ხიბლავს. მას შემდეგ, რაც თამრი ფხაკაძის  “ლაზარე ანბანის ქვეყანაში”  კითხვა დავიწყეთ, ჩემი პირველკლასელებისთვის ასო-ბგერების შესწავლა სახალისო პროცესად იქცა. ყოველი ახალი თავის წაკითხვის შემდეგ ბავშვები “დღის ასო-ბგერის” თავგადასავალს ხატავენ, დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებში კი  მასპინძელ ასოს ეძებენ. 

ანბანის შესწავლის შემდგომი ეტაპი სიტყვის ვიზუალური ხატის დამახსოვრებაა, რაშიც მოსწავლეს ძალიან დაეხმარება  ლექსიკური სავარჯიშო – მითითებული ლექსიკური ერთეულის მოძიება მცირე ზომის ტექსტში (ბავშვი იმახსოვრებს და ამოიცნობს სიტყვის თავ ასოს, იმახსოვრებს სიტყვის ზომას (ასოთა რაოდენობა), რათა ის სხვა, ამავე თავ ასოზე დაწყებულ სიტყვაში არ აერიოს). სიტყვის ამგვარი აღქმა პასიური კითხვის ეტაპს მიეკუთვნება. გააზრებული კითხვის ეტაპზე კი ბავშვს უკვე სიტყვების აწყობა-ამოკითხვა  აღარ უჭირს და შესაძლებელი ხდება ლექსიკური ერთეულების შინაარსზე დაკვირვება, მათი სიმბოლური მნიშვნელობის  გააზრება-დამახსოვრება და საჭირო კონტექსტში გამოყენება.
ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად  
სიტყვის მარაგი ორგვარია – აქტიური და პასიური. აქტიურ მარაგს ადამიანი საუბრისა და წერის დროს იყენებს, პასიურ სიტყვათა მარაგი კი იმ სიტყვებს გულისხმობს, რომელთაც მოსმენისა და კითხვის პროცესში ვხვდებით. მსგავსი ლექსიკური ერთეულების რაოდენობა ბევრად აღემატება აქტიური სიტყვების რიცხვს. ისმის კითხვა: როგორ უნდა გავააქტიუროთ  სიტყვების პასიური მარაგი?

ხანდახან შესასწავლ ტექსტში ისეთ სიტყვებს აღმოვაჩენთ, რომლებიც თანამედროვე ზეპირმეტყველებაში არ გვხვდება. წარსულში მოგზაურობისას ქართული ლიტერატურის საგანძურის გაცნობა, ეპოქის შესაბამის ლექსიკაზე დაკვირვება მოსწავლეს მშობლიური ენის სიმდიდრესა და სიტყვის/ენის მეტამორფოზაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. ლექსებში მოძიებული უცნობი ლექსიკური ერთეულების დამახსოვრებას საგრძნობლად აადვილებს ლექსის ზეპირად დასწავლა, თუმცა სიტყვების  სიღრმისეული გააზრება (სიტყვაზე დაკვირვება) უფრო საიმედო და ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად ითვლება. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ბევრი საინტერესო სიტყვა რჩება მოსწავლეთა ყურადღების მიღმა. მე კი ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო ლექსიკური ერთეული შემორჩეს მათ მეხსიერებას: ხშირად ვქმნით ამა თუ იმ ეპოქისა და ავტორისთვის განკუთვნილ “სიტყვის სკივრს”, რომელშიც მათთვის დამახასიათებელ ლექსიკურ ერთეულებს ვაგროვებთ, მერე კი “სიტყვობანას” ვთამაშობთ. ახლად შესწავლილი სიტყვების განმტკიცების კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი მასზე  წინადადებების შედგენაა. შეგიძლიათ  წარმოსახვის უნარიც გაააქტიუროთ და  შესასწავლი სიტყვების (5–10 სიტყვა) გამოყენებით მოსწავლეებს ზღაპრის/მოთხრობის შედგენა სთხოვოთ ან კროსვორდი შექმნათ… თუ დაინტერესდებით, საგანმანათლებლო რესურსებში მრავალ ლექსიკურ აქტივობას მოიძიებთ. 
 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი სიტყვების დამახსოვრების ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად  დაკვირვება, მათი შინაარსობრივ-სიმბოლური არსის გააზრება მიიჩნევა. ისმის შეკითხვა: როგორ ვასწავლოთ სიტყვებს მიღმა დალექილი  მთავარი სათქმელის პოვნა?!

შეიძლება ითქვას, ქართული ლიტერატურის საგანძური, ე.წ. მრავალშრიანი სიტყვების საძირკველზე დგას. სიტყვა-სიმბოლოების დაშიფრვა დამახასიათებელი თვისებაა არაერთი ქართველი კლასიკოსისთვის.  მსგავს ლექსიკურ ერთეულებზე დასაკვირვებლად შეგვიძლია მოვიშველიოთ ის ავტორები, რომლებსაც სიტყვებით თამაში უყვართ. ამ მხრივ, ქართული საბავშვო ლიტერატურის საგანძურში “სალამურას თავგადასავალზე” უკეთეს რესურსს ვერ ნახავთ. არჩილ სულაკაურის პერსონაჟების დახასიათებაში პატარა მკითხველს მათივე სახელები დაეხმარება: ალე ჰოპი თოკზე მოსიარულე ჯამბაზია, მიდი მოადე კი – კრივის ოსტატი. ბრძენი კინალოკო ლოკოკინაა, კვანტი დაუდე  კი ქონდარეთის სახელოვანი ფეხბურთელი. ქარბორბალა კანონის მცველისთვის აუცილებელი უძლეველი მუშტით შეუიარაღებია მწერალს, პატარა მწყემსი სალამურა კი სულის სიძლიერითა და ერთგულებით გამოირჩევა. ამ ჯადოსნურ სამყაროში კიდევ მრავალ საინტერესო გმირს შეხვდებით: მჭედელი დაჰკა-დაჰკა, ხაბაზი ცომიზელია, ფოსტალიონი სირბილა… როგორც ხედავთ, ამ წიგნში სახელები და პერსონაჟები ,,ერთ სულ და ერთ ხორც” არიან შეკრულნი და ახალბედა მკითხველს სიტყვაზე დაკვირვებას აჩვევენ. 
 პარაზიტი სიტყვების ტყვეობაში
მოსწავლის მწირ ლექსიკურ მარაგზე ყველაზე ნათლად პარაზიტი სიტყვების ხშირი გამოყენება მიგვანიშნებს. როცა სათქმელის ჩამოყალიბებას მოსაუბრე ბევრად მეტ დროს ანდომებს, ვიდრე მის წარმოთქმას, საჭირო ხდება არასასურველი პაუზების ბგერითი სიგნალებით ამოვსება. პარაზიტი სიტყვები კი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკავებენ სამეტყველო ვაკუუმს.

მასწავლებლებს ვურჩევდი, მოსწავლეთა „პარაზიტი სიტყვების ლექსიკონსაც” დააკვირდნენ. ისინი შეიძლება მოსწავლის დაფარული თვისებების ამოსაცნობად გამოდგეს. მოდი, გავიხსენოთ თანამედროვე სამეტყველო სივრცეში ყველაზე გავრცელებული პარაზიტები:   

,,ისა… რა ქვია…” – ყველაზე ,,პოპულარული” სიტყვა–პარაზიტია  ქართულ ზეპირმეტყველებაში, მას მოსწავლეთა დიდი ნაწილი იყენებს; „ჰოდა… იმას ვამბობდი”  – ამ ფრაზას თურმე ყველაზე ხშირად ისეთი ადამიანები იყენებენ, რომელთა ენაც წინ უსწრებს გონებაში სათქმელის მომწიფებას;  „სხვათა  შორის”  ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანების აკვიატებული ფრაზაა;  „მოკლედ” – ამ სიტყვის ხშირად გამოყენება ახასიათებს სულსწრაფ მოსაუბრეებს; პარაზიტი  „ისა” ზარმაცების საყვარელი სიტყვაა,  „საერთოდაც” კი საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული, სოციალური წარუმატებლობის წნეხქვეშ მოქცეული ინდივიდების სამაშველო რგოლს წარმოადგენს; სიტყვა – „იქნებ” ვარაუდების მოყვარულებს ახასიათებს,  „უბრალოდ” კი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიშით არის გაჟღენთილი.  პარაზიტები „ესე იგი” და „ანუ” კონსერვატული აზროვნების პირმშოები გახლავთ. შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილ სიტყვებს საუბრისას ჩვენც ვიყენებდეთ, ამიტომ ხანდახან საკუთარ ლექსიკაზე დაკვირვებაც არ გვაწყენდა.
პარაზიტ სიტყვებზე არანაკლებ ხელის შემშლელია ზედმეტი სიტყვების გამოყენება მეტყველებისა და წერის დროს. წერილობით აზრის თანმიმდევრულად ჩამოყალიბება, სიტყვების სწორად შერჩევა და თემის სტრუქტურულად მოწესრიგება არც თუ ისე ადვილი საქმეა. ბევრ მოსწავლეს უჭირს თემის დასაწყისში გამოთქმული მოსაზრების სათანადო არგუმენტებით გამყარება, ავიწყდება დეტალები, იმეორებს მრავალჯერ ნათქვამ ფრაზებს. სასურველია, ასეთი ნამუშევრები მოსწავლის თანდასწრებით გასწორდეს. აუცილებლად განმარტეთ, რომელი სიტყვები მიიჩნიეთ ზედმეტად და რატომ (კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზები, პარაზიტი ან ზედმეტი სიტყვები), შემდეგ თემის გადათეთრებული ვარიანტი და პირვანდელი ნამუშევარი ერთმანეთს შეადარეთ. ნელ-ნელა მოსწავლე კორექტირების უნარ-ჩვევასაც დაეუფლება და ზედმეტი სიტყვების გამოყენებისგანაც შეიკავებს თავს. 

სიტყვებთან დამეგობრების ყველაზე ეფექტურ გზად მაინც მასწავლებლის (საზოგადოების) სასაუბრო ლექსიკონის მრავალფეროვნებასა და მისი სიტყვებისადმი დამოკიდებულებას დავასახელებდი. გახსოვდეთ, რომ მასწავლებლის მიერ საუბარში გამოყენებული ლექსიკური ერთეულები ყველა ზემოხსენებულ მეთოდზე სწრაფად აღწევს მოსწავლის გონებაში და ღრმად ილექება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი