ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სექტემბერი. წასვლა

საქართველოდან წასვლისას ყოველთვის გამორთული ვარ ხოლმე.  ელექტროენერგიის გადასახადს რომ ვზოგავთ, წკაპ  და არასაჭირო ოთახში არასაჭირო შუქს ვთიშავთ, ეგრე ვაკეთებ ყოველი გამგზავრებისას. გამოვრთავ ემოციებს, წინასწარ მონატრებებს, თბილისურ  ამბებს და მივდივარ. ეხლაც ვიდექი და არ ვფიქრობდი. დაგორავენ ფერად- ფერადი ჩემოდნები, ირევა ხალხი, ხმაური, ხმაური, რეგისტრაციის რიგი, პასპორტები, ბილეთები: ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის გამგზავრება. ვისთვის ერთი კვირით, ვისთვის- წლებით, ვისთვის- სამუდამოდ. ასე, გამორთულს, თავში სულ უცნაური სიტყვები მომდის ხოლმე და მერე იმ სიტყვების უცნაურობაზე, არაკეთილხმოვანებაზე, კეთილხმოვანებაზე, სემანტიკასა თუ ეტიმოლოგიაზე ვფიქრობ ხოლმე. 
გაფრენამდე „Wall”-ში შევიარეთ. იქნებ გახალისდეო, ნონომ და  ჩემი უზარმაზარი ჩემოდანი  რომელიღაც კუთხეში მიაყუდა. უფრო მოვიწყინე. ამხელა ჩემოდანს კუთხეში დგომა აღარ ეკადრება- მეთქი, გავიფიქრე და ბართან მივედი.  

პარასკევი საღამო აქ ისეთი ხმაურიანია, როგორიც საერთოდ უნდა იყოს პარასკევი საღამო. მეგობრები მეხვევიან და აღფრთოვანებულები მიმტკიცებენ, რომ სასწავლებლად წახვიდე გერმანიაში, ნიშნავს, ისწავლო ცხოვრება. რომ გერმანია ყველაზე მაგარი ქვეყანაა, რომ დარწმუნებულები არიან, ძალიან მალე შევეჩვევი იქაურ რიტმს და აქაური არ მომენატრება. რომ წასვლა ნიშნავს მომავალს. რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ უნდა ვიდარდო. რომ კი, აბა, სხვანაირად როგორ, ჩემი აქაური ადამიანები მომენატრებიან, მაგრამ მე ხო ძლიერი ვარ. მამხნევებენ, მიღიმიან, მეხუტებიან. ალექსა ოქტომბერში ჩამოდის, გნახავ- მეთქი. ბერლინური ორომტრიალისთვის რამდენად მზად ვიქნები, არ ვიცი. მაგრამ ახლა, ამ მომენტში დაჟინებით მინდა, ოქტომბერში ბერლინში ჩავიდე. ვიღაც არაყს მაჩეჩებს ხელში. ვსვამ, ვერ ვთვრები. 

ჩემი ბავშვობისდროინდელი თამაში სადღაციდან დაბრუნება არასდროს ყოფილა. სულ სხვაგან წასვლობანას ვთამაშობდი. ჩავალაგებდი ბარგს მოვარდისფრო, ჩემი დის ბავშვობის კიდეებგაცრეცილ ჩემოდანში და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მივდიოდი.  აი, ახლაც ვდგები მოშორებით, თვალებს ფართოდ ვახელ, ვუყურებ ადამიანებს, ფერადებს, ლამაზებს.  ვიღიმი და ვცდილობ, ყველა ერთად და ყველა ასეთი ბედნიერი დავიმახსოვრო. ამელივით გამომდის. ჩემს თავსაც ვხედავ, განვიცდი და ჰეჰ, რაღაც ფილმივით ამბავია- მეთქი, ვფიქრობ.

თბილისური ხმაური სტოკჰოლმიდანაც მენატრებოდა და ლონდონიდანაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა ჩემი უცხოური ვიზიტი ძალიანაც გრძელვადიანია, მოდი, დავიმახსოვრებ, როგორია მთვრალი ანა, რომლისთვისაც სამშობლო ნუტელაა. ყოველი ჭამის მერე სძულდება და მერე თავიდან უყვარდება. აი, ნონოს მარცხნივ თორნიკე დგას, რომელიც დეპრესიაშია, სვამს და მერე ნებისმიერ უახლოეს სკამზე იძინებს. ცოტა მოშორებით- დათა, რომელიც ყველაზე კარგი ბიჭია კარგ ბიჭთა შორის. კეთილი და ფართო ღიმილით. ვერ გადაუწყვეტია, სკუტერისთვის შეაგროვოს ფული თუ იმოგზაუროს. 

„Wall”-დან  აეროპორტამდე თამთამ მოგვიყვანა, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა.  საუკეთესო მეგობრები ცრემლების შეკავებას ვერასდროს ახერხებენ. რაღაც არაგერმანულად გაცვიაო და ცდილობს, საკუთარი ჟაკეტი დამითმოს. არ შემცივდება- მეთქი,- პოზიციას არ ვთმობ. ბოლოს ნონო ჩემოდანს ხსნის, იქექება და სადღაც, სიღრმიდან ქურთუკი ამოაქვს, მაწვდის: „თხლად გაცვია. ახლა იქ ძალიან ცივა და არც კი გაბედო შეწინააღმდეგება”.  ქურთუკს ვართმევ. წინა ზამთრის სუნი აქვს.

დიუსელდორფამდე ხუთსაათიანი სტამბულია. იქ შემიძლია, მწეველებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეში გავიდე და თვითმფრინავებს ვუყურო,- ფრინველებივით კი არა, ვეშაპებივით უზარმაზარ, მეტალის კონსტრუქციებს. ცოტა მეშინია, უფრო მეტად კი მომწონს, როცა ვაკვირდები, როგორ გადასდით მზე პრიალა ზურგებსა და ფარფლებზე. მერე, დიუსელდორფში ნინა, ჩემი ბავშვობის მეგობარი დამხვდება და ერთად წავალთ ბოხუმში. ნონო სახლში დაბრუნდება და ცხოვრებას გააგრძელებს. საღამოობით, ჩვეულებრივ, ფეხბურთს უყურებს, რაღაც უცნაური ლიგების თამაშებს. თამთა „ვერონაში” მოგება- ზარალს დაითვლის და დეკლარაციებს გააგზავნის. ჩემი და, თიკა, აუცილებლად და შეგნებულად არაერთხელ გაივლის აბაშიძე- არაყიშვილის კუთხეში, ერთხელ- აუცილებლად შემოდგომის სურნელოვან, თბილ საღამოს. აუცილებლად გაახსენდება, როგორ მოვკალათდებოდი ხოლმე იქვე, ტროტუარზე ოქროსფერ ფოთლებში, ავახრაშუნებდი, მერე ხელებით ლატარეასავით ავურ- დავურევდი. აფრინდებოდნენ ეს ფოთლები, დაფრინდებოდნენ და პირდაპირ მე დამაფრინდებოდნენ. იქნებ, ცოტათი წაიტიროს კიდეც.  ტომი უჩემოდ მივა სკოლაში. სამაგიეროდ, მე შემიძლია, გამოვუგზავნო სასკოლო ჩანთა პატარა პრინცის პრინტით. და მაინც, რა უცნაური სიტყვაა ეს „კულიჩი”. საიდან გამახსენდა. კულიჩი. კულიჩი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი