ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

უჩინარი ბავშვების ამბები

ადრე ერთ გოგოზე დავწერე, დედა სხვა ბავშვებთან თამაშს რომ უკრძალავდა. დაასეირნებდა დიდ შავ პლუშის დათუნიას კორპუსების გარშემო და სკვერში ფეხს არ დგამდა, ვიდრე ყველა ბავშვი არ წავიდოდა შინ.

 

 

ის პატარა გოგო მერე ბებოსთან ერთად შემხვდა, გულზე ახალი პლუშის სათამაშო მიეხუტებინა და ცდილობდა, ბებოს ხელიდან დასხლტომოდა. „გაჩერდი, გაჩერდი!” – ეუბნებოდა ბებია და მაგრად უჭერდა ხელს პატარა თითებზე.

ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებთ. ყველაზე ბედნიერი დღეები სწორედ აქ მაქვს გატარებული. დილიდან ეზოში გამოვეფინებით და მთებიდან მონაბერ ჰაერს ვისუნთქავთ. ნაშუადღევს, ვიდრე ბავშვებს სძინავთ, თაროზე საყვარელ წიგნებს დავეძებ და მათ წაკითხვას ვცდილობ, საღამოობით კი მდინარეზე დავდივართ. არაფერი ისე არ ახარებს ბავშვის გულს, როგორც გავარვარებული, ცხელი დღის შემდეგ თანატოლებთან ერთად მთის მდინარეში გაგრილება და სილაში კოტრიალი, მერე კი სილისგან შავი „ნამცხვრების” ცხობა და მდინარის ყველაზე სწრაფი შენაკადიდან დაშვება.

მდინარის პირას ახალგაზრდა ქალი და პატარა ბიჭუნა დგანან. დედას მაგრად ჩაუკიდია შვილისთვის ხელი. სხვა ბავშვები წყალში ხტებიან და მხიარულობენ, იციანიან, ერთმანეთს ეხუმრებიან… ბიჭს დათუნა ჰქვია. დათუნა წყლისკენ იქაჩება, მაგრამ დედის ძლიერ ხელს მაგრად უჭირავს და წყალში ჩასვლის უფლებას არ აძლევს.

მდინარეზე თითქმის ყოველდღე დავდივართ და ამ დედა–შვილსაც ხშირად ვხედავ. დგანან ასე ხელიხელჩაკიდებულები, ვიდრე სხვა ბავშვები წყალში ჭყუმპალაობენ.

ჩვენ პატარა მწვანე, პოკემონებიანი საცურაო კამერა გვაქვს. დათუნას მოსწონს ჩვენი კამერა, მოდის ჩვენთან და დიალოგის წამოწყებას ცდილობს. დედა უკან მოჰყვება და აჩუმებს, ლაპარაკს არ აცლის. სახის მარჯვენა მხარე ბიჭს დაკაწრული აქვს. ეზოში იტკინაო, გვიხსნის დედა, ძალიან ცელქიაო. დათუნას ჩვენთან მეგობრობა უნდა, მაგრამ ისევ არ აცლიან ლაპარაკს და თითებზე მაგრად უჭერენ ხელს. დედა–შვილი ჩვეულ ადგილს უბრუნდება და იქიდან აგრძელებს მოთამაშე ბავშვების ყურებას.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ასეთ დროს როგორ მოვიქცე. მიჭირს, მივიდე ბავშვების მშობლებთან და პირდაპირ ვუთხრა, რომ დათუნასაც და მარიამსაც სხვა ბავშვებივით აქვთ უფლება, როგორც უნდათ, ისე ითამაშონ, რამდენიც უნდათ, იმდენი იხტუნონ, იმღერონ სიმღერები, რომლებიც მოსწონთ, გამოთქვან თავიანთი აზრი, გამოხატონ ემოცია და ამაში არავინ შეუშალოს ხელი. რომ არც მათ, არც მათ შვილებს არაფერი დაუშავებიათ და დროს ნუ დაკარგავენ იმაზე ფიქრში, ჩვენ რას ვიფიქრებთ მათზე, ან რას ვიტყვით, ან როგორ შევხედავთ და ამ შიშის გამო არასოდეს მოუჭირონ ხელი მაგრად თავიანთ შვილებს, როდესაც ისინი დამოუკიდებლად თამაშს და სხვებთან ურთიერთობას მოინდომებენ.

სირცხვილი არ არის, როდესაც მათ შვილებს პოკემონებიანი საცურაო კამერები მოსწონთ და საკუთარი ამბების მოყოლას იწყებენ, ან სხვა ბავშვებთან ერთად თამაში და სატვირთოს ძარაზე ნიჩბებით სილის დაყრა უნდათ, ან სულაც საუბარი ურჩევნიათ ყველაფერს… მშობლების დარცხვენა მათი საქციელის გამო ასუსტებს და საკუთარ თავში აეჭვებს ამ პატარებს, რომლებიც მთელი გულით ითხოვენ გარე სამყაროსთან ურთიერთობას, ცდილობენ, მიიღონ ახალი გამოცდილება და თავიანთ თავში არ ჩაიკეტონ.

თუმცა მშობლების შიში არც ისე გაუგებარია – ისინი ხომ თავიანთი პატარების დაცვას ცდილობენ, ეშინიათ, მათ ვინმემ არ ატკინოს გული, არ დასცინოს და გარიყოს. კეთილი მიზნები ამოძრავებთ, როდესაც ფარივით გადაეფარებიან ხოლმე შვილებს, სინამდვილეში კი ამით უფრო მეტად უწყობენ ხელს მათ იზოლაციას.

„…სამაგიეროდ, მეორე გვყავს ძალიან კარგი”, – მეუბნება დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრის დედა. ჩემი მეგობარი მრავალი წელია არ მინახავს. არც მისი შვილები მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ უფროსი გოგონა სამშობიარო ტრავმით დაიბადა, დამოუკიდებლად ვერ დადის და ლაპარაკიც უჭირს. ერთადერთი სივრცე, სადაც ერთმანეთის შესახებ რამეს ვიგებთ, ინტერნეტია. ფოტოებზე ჩემი მეგობრის მხოლოდ ერთი შვილი ჩანს, მხოლოდ ის არის მშობლებთან ერთად ატრაქციონებზე, გასართობ პარკში, მხოლოდ მისი დაბადების დღის ამსახველ ფოტოებს ათავსებს ოჯახი სოციალურ ქსელში…

ასეთია იმ ბავშვების ამბები, რომლებიც გარემოებათა გამო ხშირად ჩვენი თვალთახედვის არიდან უჩინარდებიან. ბავშვებისა, რომლებიც დღითი დღე უფრო და უფრო ირიყებიან საზოგადოებისგან, რადგან არც ოჯახმა, არც საზოგადოებამ არ იციან მათი ძირითადი უფლების შესახებ – იყვნენ ყველასათვის ხილულნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი