პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საპირველსექტემბროდ

1994 წელი და ჩემი პირველი სექტემბერი. თითქმის ექვსი წლის, კლასში ასაკითაც და ტანითაც ყველაზე პატარა, თავზე – თმის დიდი გრაგნილით, გრაგნილში – გედის ბუმბულებით, დედის შეკერილი ლურჯი ფრიალა ბალერინის კაბით, ფერადი ჩანთით, ციცქნა სახეზე – დიდი თვალებით და თვალებში – დიდი მოლოდინით, დაზეპირებული ლექსებით და მინდვრის ყვავილებით მივადექი ჩემი საკლასო ოთახის კარს. კარი თეთრი იყო, შემინული, საგულდაგულოდ შეღებილი, შიგნიდან – რკინის საკეტით, გარედან – დიდი ბოქლომით. საინტერესო ისაა, რომ მთელი იმ თერთმეტი წლიდან, რაც სკოლაში გავატარე, ყველაზე ნათლად დაწყებითი კლასები და იქ გადამხდარი ამბები მახსოვს. მახსოვს ჩემი პირველი, შავი და ნესტიანი საკლასო ოთახი პირველ სართულზე, ქურდებისგან თავის დასაცავად ფანჯრებზე აკრული გისოსები, მერხი, რომელთანაც ვიჯექი და მერხები, რომლებთანაც ჩემი თანაკლასელები ისხდნენ. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი, მწვანე დაფა და აგურის ცარცი, გაჭვარტლული ღუმელი და მისი ანთებისას უფრო მეტად გაჭვარტლული მასწავლებელი. მახსოვს პარალელური კლასი კედლის მეორე მხარეს, დიდი ლანგარი და იმ ლანგარზე საზეიმოდ დაწყობილი და ორმაგად საზეიმო ვითარებაში გადმოცემული თითო ნაჭერი პური! და ეს სულაც არ არის სასაცილო – იმდროინდელი მთავრობა დიდად ამაყობდა ამ სოცილური პროექტით. მუქი წითელი ჯემიც იყო, მახსოვს, მაგრამ ამას გუბერნატორი უზრუნველყოფდა, დირექცია თუ მასწავლებელი, არ ვიცი. მახსოვს პირველი ინსტრუქციებიც – თუ გარეთ გასვლა გვსურს, ვიწევთ ხელს და მივყვებით მასწავლებელს. ხანდახან ვისვენებთ – ხელს ვავარჯიშებთ ან თავს მერხზე ვდებთ. ახლა – ლექსები, მერე – კიდევ ლექსები და მერე – ბევრი „ქება”.

ფრიად „მომზადებული” ვიყავი – დედაჩემი დიდად გაისარჯა და გულმოდგინედ დამაზეპირებინა უამრავი სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან”. ერთი რვეული გამავსებინა ნაწერით და მშობლებთან ერთად კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ჩემს პირველ წარმატებას. მასწავლებლის კითხვაზე, აბა, კიდევ ვის სურს ლექსის თქმაო, მთელი შემართებით ავიწიე ხელი და ნაცვლად დაპირებული მონოლოგისა, გარეთ გამოვვარდი: „დეე, ის ლექსი როგორ იწყება?” „არა უშავს, ჯერ პატარაა”, – დაამშვიდეს მშობლებმა J საღამოს შინ კიდევ ერთხელ გავიმეორე „ვეფხისტყაოსანი”: „იყო არაბეთს როსტევან…” ჰო, ავთანდილის ანდერძიც.

საკლასო ოთახი მორთული არ დამხვედრია, უბრალოდ, სუფთა იყო და კრიალა. ნესტის სუნით გაჟღენთილი, დაბურული, მაგრამ გულმოდგინედ დალაგებული. ისიც მახსოვს, როგორ ველოდი ამ დღეს, როგორ მშურდა იმ ბავშვების, ვინც უკვე დადიოდა სკოლაში. ერთი მათგანის ოთხკუთხედი ჩანთაც მახსოვს, კატის ყურები რომ ჰქონდა მიხატული. ინტერესით შევცქეროდი იმ ჩანთიდან ამოჩრილ წიგნებს და ირონიულად ნათქვამ „ნახავ, რა მალე მოგბეზრდებაზე” თვალებს დავაკვესებდი ხოლმე. ჩემი პირველი „დედა ენაც” მახსოვს, პირველი რვეულიც, პირველი ხუთიანიც, გულმოდგინედ ვერდამალული სამიანიც და იმ სიმღერების ტექსტებიც, მუსიკის გაკვეთილზე რომ გვამღერებდნენ დაფასთან.

მეორე მერხზე ვიჯექი. ჩემ უკან – ჩემი საუკეთესო მეგობარი. მახსოვს, გულმოდგინედ ამოალაგა ჩანთიდან წიგნები, მიუხედავად მასწავლებლის გაფრთხილებისა, დღეს არაფერი დაგვჭირდებაო. მრგვალი პენალიც მიუდო გვერდით. პენალში ფანქრები და კალმები ეწყო. მე აღვფრთოვანდი – რა მოწესრიგებულია–მეთქი. იმ დღესვე გადავწყვიტე: „ჩემი მეგობარია!..” ახლა, ამ წერილს რომ ვწერ, ვეკითხები: რა გახსოვს იმ პირველი სექტემბრიდან? ჩემი მოგონებები აღარ მყოფნის, შენიც შემომაშველე–მეთქი. მპასუხობს: როგორ არ გახსოვს დღის დასასრული – საზეიმოდ მოწვეული ქალაქის ფოტოგრაფი, ერთობლივი ფოტოები, წითელ ალბომებში რომ ჩაგვიკრესო? ან ის, ინდივიდუალურ ფოტოებში ყველას ერთნაირი, მასწავლებლის მიერ საგულდაგულოდ ამორჩეული  ჩანთა რომ გვიჭირავს – დიდია და ფერადი, ფოტოში კარგად გამოჩნდებაო? ჩვენი კლასის სიაც გამომიგზავნა. მაინც როგორ გვახსოვს ეს პირველი სექტემბერი!

წითელი ვაშლი გაგორდა, თამთა სკოლაში გარბოდა! ვაშლი არც მაშინ მყვარებია და არც ახლა მიყვარს. ბებიის მიერ ამოჩემებული ამ ლექსის გაგონებაზე კი წარმოვიდგენდი, როგორ მივდევ ვაშლს, რომელიც ჯადოსნური ძალით მიგორავს სრულიად სწორ ზედაპირზე – ჩემი სკოლის ეზოში – და თეთრ კარში შევდივარ. ის ლურჯი კაბა მაცვია, ოღონდ თეთრი წინსაფრით – „დედა ენიდან” ნასწავლი პირველი მოთხრობის გმირს რომ ეკეთა. იმ თეთრ კარში, რომლის მიღმაც პატარა ბავშვებმა დიდი ცხოვრება დავიწყეთ.

მერე რა იყო? მეორე, მესამე, მეოთხე და მომდევნო დღეებში ცოტა მომბეზრდა, ცოტა შემცივდა, ცოტა გამიკვირდა და ბევრი ვერ გავიგე, ცოტა მეწყინა ან უფრო ამეტირა. ბევრი რამ იყო კიდევ და ბევრზე ბევრი ცოტა. მაგრამ პირველ დღეს – ყველაფერი განსაკუთრებული, ახლის მოლოდინი, ხუთი წლის ბავშვის მომავალში ფრთხილად შებიჯება. სიხარული – ყველაზე მეტი და ღიმილიც ჩუმ–ჩუმად. სიხარული, ახლაც რომაა, ისეთი – სიცივის, ნესტის, სიმკაცრის, ცოტა უსამართლობის მიუხედავად, მაგრამ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მე ნამდვილად ვიყავი და ის წლებიც ნამდვილი იყო, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, პატარებო, პატარა დიდებო და კიდევ უფრო დიდებო! თქვენც გილოცავთ, იმ შავბნელდროგამოვლილო, ერთ დროს სახეგაჭვარტლულო და მაინც საქმისთვის თავდადებულო მასწავლებლებო.

მაინც როგორ გვახსოვს ეს პირველი სექტემბერი!..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი