პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბანკეტის გვერდის ავლით „ნამდვილ ცხოვრებაში“

_ იცოდე, საცეკვაოდ არ გამომიწვიო, არ მინდა თქვან, რომ, ძმის გარდა, მასთან ცეკვა არავის უნდა, _ აფრთხილებს თავის პირველ მეჯლისზე მიმავალი ნატაშა როსტოვა ძმას, ნიკოლაის.

მაშინ პირველი მეჯლისი რუსი თუ ევროპელი გოგონასათვის იგივე გახლდათ, რაც პირველი ,,საქალწულე კოცონი” ინდიელისათვის, აქ გაირკვეოდა მისი მაზანდა: კუთხეში იდგებოდა თუ თავაზიანი უარით გაისტუმრებდა საუკეთესო კავალრებს: ,,მაპატიეთ, კადრილს გრაფ #-ს დავპირდი”; საზოგადოებაში გამოსვლისთანავე ბრწყინვალედ გათხოვდებოდა, როგორც ნატალი შჩერბაცკაია დიპლომატ ლვოვზე, მამას მზითევზე კიდევ ერთი მოზრდილი მამულის დამატება მოუხდებოდა თუ საერთოდ შინაბერა დარჩებოდა.

ჩვენ დამოუკიდებელ ქალებად გვზრდიან (უნდა გვზრდიდნენ): განათლება უნდა მივიღოთ, თავი ვირჩინოთ, საზღვარგარეთ ვიმოგზაუროთ, მყინვარი დავლაშქოთ (შუამდე მაინც) და ყოველივე ამის მიუხედავად, ზუსტად ისე ვიპრანჭებით ჩვენი პირველი მეჯლისის ანუ ბანკეტის დღისთვის, თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბედ-იღბალი და ზომა-წონა საზოგადოებაში.

,,პირველად ბანკეტისთვის გამოვიქენი წარბები”;

,,პირველად და უკანასკნელად მაშინ გავიკეთე მაკიაჟი”;

,,პირველად ჩავიცვი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მერე მთელი ღამე ფეხშიშველი ვცეკვავდი”.

ჩვენი მამები ჰოლივუდის ,,კოლეჯის თემის” ფილმების ყურებისას თუ შემოგვისწრებენ, დაგვცინიან, დედებიც, უფროსი და-ძმებიც, ძმები _ უმცროსებიც; მიუხედავად ამისა, მშობლები, სხვა რა გზა აქვთ და, აფინანსებენ ჩვენს კაბებს, ფეხსაცმელებს, ვარცხნილობებს, მაკიაჟს და ათას სხვა რამეს, ოღონდ კონკიას ზღაპარი აგვიხდინონ. ერთი ეს არის, კართან სკოლის ყველაზე სიმპათიური ბიჭის ნაცვლად _ როგორც ჰოლივუდის ფილმებშია _ ჩვენი ლამის ძმასავით თანშეზრდილი კლასელი მოდის, თავისი მშობლების მიერ ამ დღისათვის დიდი ვაივაგლახით ნაშოვნ ძვირადღირებულ მანქანაში გვსვამს და ჩვენს მორთულობაზე ათასჯერ მნიშვნელოვანი მოლოდინი იპყრობს _ სწორედ დღეს უნდა დალიოს პირველად იმდენი ალკოჰოლური სასმელი, რამდენსაც მოერევა. მშობლები ასევე ფულს უხდიან ვიდეოაპარატიან კაცს, რომელმაც ფირზე უნდა აღბეჭდოს კადრები, რომლებსაც რამდენიმე წლის მერე ვნახავთ და ისე არ მოგვეწონება იქ დანახული საკუთარი თავიცა და სიტუაციაც, რომ შეიძლება სიბერემდე აღარ მოგვინდეს მათთვის ხელახლა თვალის შევლება.

არათუ ვიდეოჩანაწერის ნახვას, ჩემი გონება რომელიმე კადრის გახსენებსაც კი ეწინააღმდეგება, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ცუდი ბანკეტი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ თუმცა მაშინ უფრო ხშირად მახსენდებოდა სტრიქონები: ,,ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ”, იმ დღეს პირველად შევეჩეხე იმ ფაქტს, რომ ის, რისთვისაც დიდხანს ემზადები, დიდ დროს, თანხასა და ძალისხმევას ხარჯავ, თითქმის ყოველთვის გიცრუებს იმედს, რადგან ძალიან ბევრი გაეცი და ძნელია შენი მოლოდინის გამართლება.

ბანკეტის ხარჯები, თქვენც მოგეხსენებათ, მრავალი ქართული ოჯახისათვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მე არაერთხელ მინახავს ამის გამო შეწუხებული და დათრგუნული მოზარდები, საგონებელში ჩავარდნილი მშობლები, გამიგონია ფრაზა: ,,ბეჭედი გაყიდა, რომ ბავშვი სხვებს არ ჩამორჩენოდა და ბანკეტზე წასულიყო”. ათასჯერ მსმენია ყბადაღებული არგუმენტი: ,,ცხოვრებაში ერთხელ ხდება…”, ერთხელ ხდება, მაგრამ არ ხდება შემთხვევით, რათა მარადიული იყოს. რაც ყველაზე უარესია, ყოველ წელს გვესმის ავტოავარიების შესახებ, რომლებიც უზომოდ შეხურებული ახალგაზრდების მიზეზით ხდება და მათივე მსხვერპლით სრულდება.

საითკენ ვუკაკუნებ ჩემი პათოსით? არა, ბანკეტების დისკრედიტაციას ვერ შევეჭიდები. ამ თემაზეც განგებ დავწერე არა ივნისში, არამედ ახლა, როცა ყოველგვარი საბანკეტო ვნებები ჩამცხრალია, რომ ვინმეს ენთუზიაზმს ოდნავი ბზარიც კი არ შეჰპარვოდა. თანაც მინი სოციოლოგიურმა კვლევამ მიჩვენა, რომ ჩემ მიერ გამოკითხული თორმეტი გოგონასაგან ოდესღაც თორმეტივე სულმოუთქმელად ელოდა ამ დღეს. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ არ შეიძლება ბანკეტი იმდენად დამკვიდრებულ ტრადიციად იქცეს, რომ სკოლადამთავრებულისათვის უხერხული, ლამის მკრეხელობა იყოს ამ ,,დღესასწაულზე” უარის თქმა.

მოზარდისთვისაც კი გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ საღამოს კაბები, კოსტიუმები და თეთრი პერანგი, ჰალსტუხი და მაღალი ქუსლები, უზომო ალკოჰოლი და გათენებული ღამე შეიძლება ,,ნამდვილ ცხოვრებაში შებიჯებას” ნიშნავდეს. აკი ნატაშა როსტოვას პირველმა მეჯლისმა ბრწყინვალედ ჩაიარა და ნადავლი თვით ანდრეი ბოლკონსკი გახდა, მაგრამ ყველაფერი არც თუ ბრწყინვალედ დასრულდა…

თუმცა გამონაკლისებიც ხდება: წელს საქართველოში რამდენიმე მეთორმეტე კლასმა პირდაპირ ბანკეტის გვერდის ავლით შეაბიჯა ,,ნამდვილ ცხოვრებაში”. უბრალოდ, მათ უარი თქვეს ბანკეტებზე და თანხა სტიქიისაგან დაზარალებულებს გადაურიცხეს. სამომავლოდ ამ ახალგაზრდებს არ ექნებათ კადრები გადაღებული გამოსასვლელ კაბებსა და ფართხუნა პიჯაკებში, მაგრამ დარჩებათ საკუთარი გადაწყვეტილების გამო პატივისცემის გრძნობა ერთმანეთისა და თავიანთი თავების მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი