ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საზაფხულო

აგვისტოა და ამ დროს მუდამ ვწერ „მასწავლებლისთვის” თემას სათაურით „არდადეგებზე საკითხავი”, ან „კლასგარეშე ლიტერატურის მნიშვნელობა” და ა.შ. ეს, -დავარქვათ, – მოთხოვნილება, ალბათ ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ სკოლიდან დაბრუნებული ვწერდი სულ ერთი სათაურის მქონე რამდენიმე თემას. ჰოდა, ვიდრე ამ ჩვევას არ მოვიშორებ, მომიწევს ყველა ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების წინ ვწერო ის, რასაც ახლა შენ კითხულობ, მკითხველო ჩემო. 
პირველი, რაც მთავარია, როგორმე უნდა მოახერხოს მოსწავლემაც და მასწავლებელმაც და გავიდეს დიდი ქალაქებიდან, სადმე მოშორებით, სოფელში, მთაში, ზღვისპირეთში. ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, ეს ბევრს უჭირს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამის წამკითხველთა დიდი ნაწილი მაინც შეძლებს წასვლას. იმიტომ კი არა, რომ ქალაქსა და სიცხეში წიგნი არ იკითხება, უბრალოდ ყველა ზემოთქმული მოქმედებს ყურადღებაზე და წიგნსაც უხდება ხოლმე მშვიდი გარემო, მითუმეტეს ისეთს, როგორიც ბავშვებმა უნდა იკითხონ. 
შემდეგი კი რა თქმა უნდა, არჩევაა. 
ადამიანი, რა სფეროშიც არ უნდა იყოს ის დასაქმებული, პროფესია ჰქონდეს და ა.შ. მშვენიერია მაშინ, როცა ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი აქვს. ეს მის სამუშაოსაც კი შეუწყობს ხელს. როგორ? აი, ისე, რომ თუ ჟურნალისტია და მთლად ახალ ამბებსაც თუ არ აშუქებს, მოკლედ, წერს ბლოგს, იღებს ვიდეო ჩანახატებს, ნამდვილად ჭირდება კრეატიული აზროვნება, წარმოსახვის უნარი. იგივე შეიძლება ითქვას პრ მენეჯერებზე, მარკეტინგის სპეციალისტებზე, ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანებსა და თუნდაც ბანკირებზე, რომლებიც თავის სამუშაოსთვის თუ არა, თავისუფალ დღეებში განსატვირთად მაინც გამოიყენებენ ამ უნარს. 
წარმოსახვა კი, როგორც სხვა ყველაფერი, ბავშვობაში ყალიბდება.  შესაძლოა მშობელმა ამ დალოცვილი ზაფხულის პერიოდში აჩვენოს შვილს კანიონები, ზღვები, მწვერვალები და მთისპირა სოფლები, მაგრამ ეს უბრალო დამახსოვრება იქნება იმ ლამაზი რეალური ამბებისა თუ ადგილების, რომლებიც არსებობს. ეს ნაკლებად ავითარებს წარმოსახვას იმიტომ, რომ თვითონ სიტყვა ნიშნავს რაღაცის შექმნას შენში, პირადის ქმნადობას და არა უკვე არსებულის მიღებას ან მასზე დაკვირვებას. 
მე ჩემი ბავშვობიდან მახსოვს როგორ მიტაცებდა ტყისპირა მინდვრები, ვიწრო ხეობის ღელეები, სადღაც მთის იქით ჩაკარგული ტაძრის ნანგრევები, რომლებიც ყველგან ხავსით და შიშ-ინტერესის მომგვრელი თაღმოშლილი დარბაზით წამოიმართებოდა ჩემ წინ, ან უზარმაზარი ხეები, ზოგიერთი რომ თითქოს თვითონ თამარ მეფეს დაერგო და დღემდე ხარობდა, ან მის ქვეშ რომელიმე წმინდანს გაეთია ღამეები, – სულ მიტაცებდა ეს ყველაფერი და დღემდე იმდენად მძფრად მაქვს ჩარჩენილი გონებაში, რომ ვფიქრობ, თუ საერთოდ ვწერ რაიმეს, ან ეს გზა ავირჩიე ცხოვრებაში – მასწავლებლობა, ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების სიყვარული, საბაბი ზემოთქმული იყო. 
ეს ერთია, რაც ვთქვი, მაგრამ არის კიდევ უმთავრესი, უფრო მეტი, ვიდრე იმ არსებულის ხილვით მიღებული ყველა სიკეთე და ეს უმთავრესი ლიტერატურაა. სწორედ ლიტერატურა ავითარებს წარმოსახვას, მკითხველი ხდება ისეთივე შემოქმედი, როგორც ავტორია, ერთი განსხვავებით, რომ ავტორი ქმნის რაღაც პირობით ტექსტს, რომელიც მთავარი მატერიაა, მაგრამ ყველა მკითხველი ამ ტექსტს საკუთარი თავისთვის თავიდან წერს კითხვის პროცესში. ის მიყვება ავტორის მიერ განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვს და ემორჩილება მას, მაგრამ აბსოლიტურად თავისუფალია მოვლენათა, გარემოს, პიროვნებების თუ განცდების წარმოდგენაში, მაშინაც კი, როდესაც ავტორს ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერი ძალიან ზედმიწევნით და დაწვრილებით აქვს ახსნილი. 
სადაც არ უნდა წახვიდე, რა ქვაბულები და ადგილები ნახო თუ მეგობრები გყავდეს სოფელში, დაბასა თუ ზღვისპირა ქალაქში, რა შეედრება ტომ სოიერის ან ჰეკლბერი ფინის ამბების კითხვას, მათთან ერთად მოგზაურობას, მითუფრო მაშინ, როცა შენ სულ არ გიწევს იფიქრო იმაზე, თუ ამ ტექსტებიდან რომელი ითვლება ამერიკული, ან ინგლისური რომანის ერთ-ერთ შესანიშნავ ტექსტად, როცა შენ სკოლის მოსწავლე ხარ და უბრალოდ სიამოვნებას და ასაკის შესაფერის ცოდნას იღებ ამ ყველაფრით. 
არ ვოცნებობ სელენჯერის გმირების – ზუისა და ფრენის მსგავს ბავშვებზე, თორმეტი წლის ასაკში ოშოსა და მობი დიკზე რომ საუბრობენ და გადამალული დღიურები  სავსე აქვთ ისეთი ჩანაწერებით, კაფკასაც რომ გააგიჟებდა. ყველაფერში ნაღდად ზომიერებაა საჭირო, მაგრამ არა წარმოსახვაში! ნუ შეზღუდავთ შვილებს, მოსწავლეებს, თქვენს თავს – ბავშვებო, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ნამდვილი და უღალატო მეგობარია მაშინ, როცა გაგიჭირდება ცხოვრებაში და მაშინაც როცა ყველაფერი კარგად არის, როცა ჟურნალისტი ხარ, ან კომპოზიტორი, მეწაღე თუ მოხეტიალე ცირკის ჯამბაზი. ამბა ბესარიონმაც ხომ ეს თქვა და ბესარიონმა ჩაიწერა:
„ამ ცხოვრებას
არც მეტი დარაჯობა უნდა, არც მეტი სირბილი,
არც მეტი ჭკუა, არც მეტი გული,
ყველაფერი
წარმოსახვას აჰკიდე და წინ გაიგდე სახედარივით,
თანაც გახსოვდეს:
რაც გინდა რა ხალიჩაზე მიაბიჯებდე,
ერთადერთი ჭეშმარიტი გზა – მტვრიანია.
მე ასე ვიცი”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი