სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნიკოლო მიწიშვილის არჩევანი

ნიკოლო მიწიშვილი, „სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმული”, ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის ერთგული რაინდი, ცხოვრებამ რეალურადაც ჯვარს აცვა. საბჭოთის რეპრესიებს შეეწირა მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რომლის პუბლიცისტიკაც აკაკი ბაქრაძემ „სასოწარკვეთილი ტკივილისა და ყვირილის” გამოხატვის ძალით ილიას „ბედნიერი ერისა” და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” გვერდით დააყენა: „ქართველი საზოგადოება ნიკოლო მიწიშვილს აუმხედრდა. ასევე მიესივნენ ილიასაც, როცა ,,კაცია ადამიანი?!” დაიბეჭდა. მოკვლასაც კი უპირებდნენ. მიხეილ ჯავახიშვილსაც ქვა და გუნდა დაუშინეს ,,ჯაყოს ხიზნებისათვის”. ამგვარი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა ნიკოლო მიწიშვილის ,,ფიქრებიც”. თორემ ,,ბედნიერი ერის”, ,,ჯაყოს ხიზნების”, ,,ფიქრების” არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს სრულიად სხვა იქნებოდა” (აკაკი ბაქრაძე, „ახალი გრაალი”).
ნიკოლო მიწიშვილის პუბლიცისტურ წერილებში აღნუსხული და გაანალიზებულია მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე საბედისწერო პერიოდის, 20-30-იანი წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებმაც არსებითად შეცვალეს და განაპირობეს საქართველოს მომავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება.

კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ნიკოლო მიწიშვილზე ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებდა, სულს ვერ ჩაუკლავდა, „ჰომო სოვეტიკუსს” ვერ შექმნიდა, იძულებით ვერ შეაქებინებდა ლენინსა თუ სტალინს და მისგან ვერანაირი მეთოდით ახალ „საბჭოთა” მწერალს ვერ გამოიყვანდა. საქართველოში, ტრადიციულად, მწერლობა და პოლიტიკა გადაჯაჭვული იყო და ეს მემკვიდრეობით მიიღო მეოცე საუკუნემაც. თუმცა, ცისფერყანწელებმა თავდაპირველად ერთგვარი გვერდზე განდგომა გადაწყვიტეს, „მაღალი და წმინდა პოეზიის” ერთგულება, ჩვენ მხოლოდ ხელოვნების საკითხები გვაინტერესებსო და, ამ თვალსაზრისით, ილიასა და აკაკისაც დაუწუნეს ბევრი რამ: „ცრუ რუსთაველებმა და ლიბერალებმა” მწერლობა გაიხადეს სამიტინგო ზალად და პოეზია გაზეთად”, _წერდა ტიციან ტაბიძე. მისი აზრით, შემდეგ „მათმა სკოლამ მიიღო კარიკატურული სახე და დღეს უიმედოდ გაჰკივის მოქალაქეობრივი არღანი კაკაფონიას. ყველანი: უნიჭო,უსახო, ენაბლუ, ვისაც ხელი არ ეღლება, სტანჯავს დღეს ქართულ პოეზიას”. პაოლო იაშვილს არ აეჭვებდა, რომ „პროვოკატორებს” მათთვის შეიძლება დაებრალებინათ, „თითქოს ერის წინაშე მოვალეობას მეორეხარსიხოვან საკითხად მიიჩნევდნენ”, მაგრამ მათ უნდა ხსომებოდათ: „პოეტი, რომელსაც შემოქმედების მთავარ იარაღად აღებული აქვს მშობლიური სიტყვა, რჩება თავისი ხალხის პოეტად, თუნდაც მთელი ერის მისი წინააღმდეგი იყოს”. მართალია, მწერალმა ხალხის წინამძღოლის ფუნქცია დაკარგა, მაგრამ მწერლობა კვლავ დარჩა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად, როგორც მთავარი ხელშემწყობი ეროვნული იდეოლოგიის განმტკიცებისა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ, რომელსაც მიზნად ეროვნებათა „წაშლა” და კულტურათა „შერწყმა” ჰქონდა, კარგად იცოდა მწერლობის, ზოგადად, ხელოვნების, დიდი ძალის შესახებ და ამიტომ უპირველესად სწორედ ამ ხალხის მოსყიდვა და გადაბირება გადაწყვიტა. ძველ თაობასთან ეს „ბრძოლა” მაინც კრახით დასრულდა, მაგრამ შეიქმნა ახალი ჯიში პროლეტარი მწერლებისა, რომელთა გაუგონარი სისასტიკით აღბეჭდილი ნაწერები, მოწოდებები, ახლაც შიშის ჟრუანტელს ჰგვრის მკითხველს.

ნიკოლო მიწიშვილის პუბლიცისტიკასაც ორი მთავარი მდინარება აქვს _ ხელოვნება და პოლიტიკა, მათათან დაკავშირებული მრავალგვარი თემითა და საკითხით. მისი აზრით, ხელოვნება უნდა ყოფილიყო „ნეიტრალური ზონა”, რომელშიც მშვიდობიანად ითანამშრომლებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხელოვანნი. აქ უნდა შემდგარიყო ურთიერთობა მთავრობასთანაც. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყვეს, რომ ეს კეთილშობილური ილუზია იყო და რეალობაში ვერ განხორციელდებოდა.

1922 წელს ნიკოლო მიწიშვილი სტამბოლშია, საიდანაც „ცისფერყანწელებს” წერს დღეს ყველასათვის კარგად ცნობილ წერილს „ფიქრები საქართველოზე”. ეს წერილი 1926 წელს დაიბეჭდა ჟურნ. „ქართულ მწერლობაში” და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნიკოლო მიწიშვილს, ახლოს გაეცნო რა უცხოეთის ლიტერატურას, გაუჩნდა კითხვა: რამდენად ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართული პოეზია მსოფლიო პოეზიას? პასუხი საიმედოა: „არ ჩამოვრჩენილვართ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ხუთი წელი დახურულ ყუთში ვსხედვართ”. ამ წერილში მნიშვნელოვანი კითხვებია წამოჭრილი, მათ შორის, ასეთი: „პოეტი სამშობლოსთვის თუ სამშობლო პოეტისთვის?” ავტორის აზრით, სამშობლო უნდა იყოს პოეტისთვის, ესე იგი, სამშობლოს უნდა ჰქონდეს პოეტის წარმოშობის ენერგია. სამწუხაროდ, თანადროული პროზისა და პოეზიის შემხედვარეს პესიმიზმი ეუფლება. მისი აზრით, საქართველო ევროპაში მხოლოდ ეროვნული კულტურით შეძლებს გასვლას, მაგრამ „საქართველოს მე ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია, ნუთუ საქართველო მხოლოდ ეთნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში გადასული?” უფრო მეტიც, „როცა გადავხედავ საქართველოს ისტორიას _ იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ”, „ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ”. „მეეჭვება თვით რუსთაველიც”, „საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისგან (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ)”, „მშრალია და ფუყე საქართველო, აქედანაა მისი „უშვილოსნობა” თუ ბერწობა.” რამ გამოიწვია ამგვარი პესიმიზმი? ამ კითხვაზე პასუხები მოჩანს გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა ცნობილ მწერალთა თუ მოღვაწეთა გამოხმაურებებში. ისიც აღსანიშნავია, რომ როდესაც ეს წერილი 70 წლის შემდეგ, 1993 წელს, თეიმურაზ მაღლაფერიძის ინიციატივით, „არილში” დაიბეჭდა, კვლავაც მკითხველთა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

1922 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პოეტისთვის. ამ წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი ,,წმინდანიანი”. ამავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა (მგზავრობის პერიპეტიები კარგად აქვს აღწერილი წიგნში „ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან”. სტამბულში დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი ,,შავი ვარსკვლავი”. 1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოშიც აგზავნიდა წერილებს. იგი ცდილობდა ყველა ძალის გაერთიანებას და „კულტურული ფრონტის” შექმნას. ამიტომაც წამოაყენა ასეთი ლოზუნგი: „ეროვნული კულტურის პოზიციებზე”.

1925 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია „მხატვრულ ლიტერატურაში პარტიის პოლიტიკის შესახებ” და ამას მოჰყვა საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობა 1926 წელს. ყრილობაზე მთავარ სამსჯელო თემად მწერლებისა და ხელისუფლების საკითხი იქცა. „ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს მიმდინარეობებს მწერლობაში, ოღონდ კი რევოლუციის ნიადაგზე იდგნენ” (ფილიპე მახარაძემ). ყრილობაზე ყველაზე თამამად კონსტანტინე გამსახურდია გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვეკითხებიან, მოგწონთ თუ არა წითელყაბალახიანი საქართველოვო. საქართველო რა ფერისაც უნდა იყოს, ჩვენ გვიყვარს. მას ვერ გავექცევით… ჩემთვის წითელყაბალახიანი საქართველო ისეთივე მისაღები იქნება, როგორც თეთრყაბალახიანი საქართველო. ჩვენ მწერლები ვართ და არ ვცილობთ ესა თუ ის ხელისუფლება შევცვალოთ, არამედ ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ ხელისუფლებას, რა ფერის, რა მიმართულების მატარებელიც არ უნდა იყოს იგი”.

1925 წელს ნიკოლო მიწიშვილი საქართველოში დაბრუნდა და 1926-28 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ ,,ქართულ მწერლობას”, რომელმაც თავის გარშემო სხვადასხვა თაობის მწერლები შემოიკრიბა და დიდი როლი შეასრულა მწერალთა გაერთიანების საქმეში.

ნიკოლო მიწიშვილის აზრით, ევროპაში ხსნის ძიება იყო „პოლიტიკური რომანტიზმი”, რასაც შედეგი არ მოჰყვა: „დღეს ევროპაში საქართველო არავის აინტერესებს როგორც საგანი რომანტიკული მზრუნველობისა და მეგობრობისა”. საერთოდაც, საქართველოს უნდა დაევიწყებინა „ბატონის მაძიებელი ყმის ფსიქოლოგია” და „გამოეჭედა ახალი, ნამდვილი ეროვნული სახე”.

1932 წლის 22 აპრილს საკავშირო კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა ცნობილი დადგენილება „სალიტერატურო ორგანიზაციათა გარდაქმნის შესახებ”. გაუქმდა ცალკეული სამწერლო გაერთიანება. ამიერიდან ყველა საბჭოთა მწერლად იწოდებოდა. უფრო გამკაცრდა ხელისუფლების დამოკიდებულება „ურჩ” ხელოვანთა მიმართ. იმ მწერლებს, რომელნიც ცდილობდნენ კომუნიზმის „რელსებზე” გადმოსვლას, თანამგზავრები შეარქვეს და მათ მიმართ შედარებით ლოიალურად იყვნენ განწყობილი.

ნიკოლო მიწიშვილი წერილებსა თუ საჯარო გამოსვლებში გაბედულად ამხელდა საბჭოთა მწერლობას. მან ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა მწერლობის მთავარი ლოზუნგი: ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური ლიტერატურა. მისი აზრით, რადგან შინაარსი რეალურად „რუსული ნიმუშების მიხედვით იზომება”, „ფორმაც ხშირად ვერ პოულობს სათანადო გამოსახულებას”.

„ბევრ მწერალს გაანადგურებს ეს ხანა” _ ასეთი საბედისწერო წინასწარმეტყველებაა მის წერილში „ოცდაათიანი წლების მწერლობა” (გაზ. „სიტყვა და საქმე”, 1934). აქ საუბარია იმაზე, რომ ძალიან ძნელია იქცე „საბჭოთა მწერლად” ან „დადგე საბჭოთა პლატფორმაზე”, თუმცა ეს გარდაუვალია. მწერლობას სხვა გზა არა აქვს. ნიკოლო მიწიშვილი არც იმის თქმას ერიდება, რომ „ბევრ მწერალს უფრო აინტერესებს მწერალთა კავშირის ორგდადგენილებანი, ან სხვა ხასიათის ზემდგომთა „მითითებანი”, ვიდრე ნამდვილი შემოქმედება.

1937 წლის 7 და 27 მაისს ნიკოლო მიწიშვილი სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმზე. ეს იყო მისი უკანასკნელი გამოსვლები. ეს ორივე სიტყვა ძალიან მწვავე და თამამია. შეიძლება მწერალი გრძნობდა, რომ მას უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და უშეღავათოდ ამხელდა, რომ „მწერლობა ერთგვარი მორალური ტერორის ატმოსფეროში მოექცა”. ნიკოლო მიწიშვილი იხსენებს, თუ როგორ უთქვამს ერთ თათბირზე პროლეტმწერალთა ხელმძღვანელს: „ჯავახიშვილმა კიდევაც რომ დაწეროს ჩვენთვის მისაღები და იდეოლოგიურად გამართლებული ნაწარმოები, ჩვენ ის არ გვინდა, ჩვენ გვირჩევნია პროლეტარული მწერლის თუნდაც გაცილებით უფრო სუსტი წიგნიო”. ამ გამოსვლაში პროტესტად გაისმა მისი სიტყვები: „ნურავინ იფიქრებს, რომ, ჩვენ, მწერლები, კასტრირებული ცხვრები ვართ და ჩვენს თავმჯდომარეს უფლება აქვს ამ ფარიდან თავისი სურვილისამებრ ის დაკლას, ვინც როდის მოუნდება…. “.

ნიკოლო მიწიშვილს სჯეროდა: „სამართალი არსებობს და მკვდარი საზოგადო მოღვაწე არანაკლებ პასუხისმგებელია, ვიდრე _ ცოცხალი”.

1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს და 13 ივლისს დახვრიტეს.

ის კომუნისტურმა რეჟიმმა გაასამართლა, როგორც ქვეყნის მტერი, დრომ კი გაამართლა, როგორც ქვეყნისთვის შეწირული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი