პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საზაფხულო სკოლები (II ნაწილი )

არდადეგები დიდ ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლებმა დამსახურებულად დაიკავეს ლიდერის პოზიცია. ნისლიანი ალბიონიდან დაბრუნებული მოსწავლეები ყველას აოცებენ თავიანთი წარმატებით. საუკეთესო მასწავლებლები, წიგნები, ელიტური სკოლებიც კი არ იძლევა ისეთ შედეგს, როგორსაც ინგლისის საზაფხულო ბანაკები. ასეა თუ ისე, არდადეგების გატარება დიდი ბრიტანეთის რომელიმე საგანმანათლებლო ბანაკში უამრავი ბავშვის ოცნებაა. 


პროგრამა «English plus»
არდადეგების პერიოდში ბავშვისთვის სასწავლო მოტივაციის შექმნა არცთუ ისე ადვილია, ამიტომ საზაფხულო სკოლებს აუცილებლად მიაჩნიათ სასწავლო პროცესში გასართობი აქტივობების ჩასმა. პროგრამა «English plus»-ის მიხედვით, სასწავლო დღის რეჟიმში ენის სწავლებასთან ერთად შედის ტენისის, გოლფის, ცურვის, ხატვის, ძერწვის, სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილები და სხვა ასეთი აქტივობები.

 
(Millfield School)
დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლებში 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარდებათ კვირაში ოცდაათამდე უცხო ენის გაკვეთილი პატარა (5-6 მოსწავლე)  ჯგუფებში. საშინაო დავალებები სრულდება მასწავლებლების მეთვალყურეობითა და დახმარებით. გაკვეთილების შემდეგ დგება გასართობი აქტივობების დროც: აუზი, სამაგიდო ჩოგბურთი, ფილმების ჩვენება, კარაოკე-კლუბი… 

პროგრამის «English plus» ჩემპიონებს შორის მოხვდა Millfield School. მათ, ვისაც ჯირითი უყვარს, სკოლა სთავაზობს ცხენოსნობის გაკვეთილებსაც. აქ გამოუცდელ მსურველებსაც შეუძლიათ ჯირითის ხელოვნების საწყისი (თეორიული) ეტაპის გავლა. გამოცდილები კი ინსტრუქტორების თანხლებით პრაქტიკულ გაკვეთილებს მიიღებენ. პროგრამა გათვალისწინებულია 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. 

 
(Swithun’s)
საარდადეგებო პროგრამებს მასპინძლობს ბევრი ისეთი ბრიტანული პრესტიჟული სკოლა, როგორებიცაა: Dulwich College,  Fettes College,  Rugby School,  Swithun’s, Downside და  Downe House  – ლონდონის მახლობლად, ქალაქ ედინბურგში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული სკოლა. ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია და, შესაბამისად, დიდი საგანმანათლებლო გამოცდილებაც აქვთ.

პროგრამა “English for Education”
მათთვის, ვინც დიდ ბრიტანეთში აპირებს სწავლის გაგრძელებას, უფრო სერიოზული პროგრამის გავლაა აუცილებელი. ამისთვის საჭიროა პროგრამაში English for Education ჩართვა. ამ პროგრამის ფარგლებში მეტი დრო ეთმობა გრამატიკულ მასალას, სიტყვათა მარაგის შევსებას, სწრაფად კითხვის ტექნიკის დაუფლებას, წაკითხულიდან დასკვნების გამოტანისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების დახვეწას, წერითი აზროვნების განვითარებასა და პროექტზე ჯგუფურად მუშაობისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო კურსში შეიძლება ჩართული იყოს უცხო ენაზე რამდენიმე სასკოლო საგნის სწავლებაც. მაგალითად, Concord  College  გთავაზობთ ორ საზაფხულო პროგრამას ივლისსა და აგვისტოში:  ინგლისური ენის საწყისი დონის მფლობელი (8-დან 18 წლამდე ასაკის) მონაწილეებისთვის აკადემიური ენის კურსებს და ენის ცოდნის დამაკმაყოფილებელი დონის მფლობელი მოსწავლეებისთვის (13 წლიდან) ბრიტანული საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამის მიხედვით შედგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის კურსებს. ის, ვინც უახლოეს მომავალში ინგლისის სკოლა-პანსიონში სწავლის გაგრძელებას გეგმავს, სასურველია ჩაერთოს  International College Sherborne  ან  საერთაშორისო კოლეჯის – Bishopstrow  სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში. 

(Concord  College)
საზაფხულო სკოლები შვეიცარიაში
შვეიცარიული საზაფხულო სკოლები ეყრდნობა სწავლების ამერიკულ მოდელს, რომლის თანახმადაც, ბავშვს თავისუფალი დრო არ უნდა დარჩეს. თუმცა მოსწავლეებს ეს ძალიან მოსწონთ, რადგან სწავლასთან ერთად ბევრს მოგზაურობენ. ზოგი კლდეზე დაცოცავს, ზოგიც ჯირითობს ან წყლის თხილამურებზე სრიალებს. საზაფხულო სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობს თავისთვის სასურველ სპორტულ შეჯიბრებებში, აღწევს წარმატებას ან იღებს კარგ გამოცდილებას. ჩოგბურთის, ცხენოსნობისა და გოლფის გაკვეთილები მარტო დიდი ბრიტანეთის საარდადეგებო პროგრამაში არ შედის, ის გვხვდება თითქმის ყველა შვეიცარიული ენის ცენტრშიც.

ამ ქვეყნის საზაფხულო ბანაკები იდეალური კომფორტითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, მოგეცემათ ალპური ბუნების წიაღში ყოფნის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც ზაფხულიდან ზამთარში გადანაცვლებას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება. საზაფხულო სკოლის სტუდენტებს მაღალმთიან კურორტებზე  საშუალება ეძლევათ, სათხილამურო სპორტშიც სცადონ ბედი. თუ ზამთრის არდადეგების საზღვარგარეთ გატარებას გადაწყვეტთ, შვეიცარიის სახელგანთქმულ საარდადეგებო ბანაკში ,,Les Elfes”  მაღალი დონის სათხილამურო გაკვეთილებსაც დაესწრებით. 
 

შვეიცარიულ ბანაკებში ბავშვებს რამდენიმე უცხო ენის შესწავლა შეუძლიათ. ჩვეულებისამებრ, შემოთავაზებაში შედის ინგლისური, ფრანგული და გერმანული. მაგალითად,  ბანაკი  ,,ESL-ASCORA”  მზადაა, სკოლის მოსწავლეებს ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად შეასწავლოს იტალიური ენაც. სტანდარტის მიხედვით, მოსწავლეს კვირაში 20 გაკვეთილი ჩაუტარდება, მაგრამ შესაძლებელია დამატებითი გაკვეთილების შეკვეთაც. ორი ენის ერთდროულად შესწავლა შეიძლება  ,,Monte Rosa”-ს ინსტიტუტში. დიდი ბრიტანეთის მსგავსად, შვეიცარიაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის რამდენიმე საზაფხულო სკოლაში ენასთან ერთად ისწავლება დამატებითი აკადემიური დისციპლინებიც.

ბავშვები უცხო ენის ათვისებაში ვარჯიშობენ საკლასო ოთახის კედლებს მიღმაც. ბანაკის ახლოს არის ორენოვანი სოფლები, სადაც მცხოვრებთა ნაწილი მშობლიურ ენად გერმანულს მიიჩნევს, ნაწილი კი ფრანგულს. თუმცა მკვვიდრმა მოსახლეობამ ორივე ენა სრულყოფილად იცის. მათთან ინგლისურ ენაზეც შეიძლება კონტაქტის დამყარება. 

ყველაზე პატარებს (მშობლებითურთ ან მათ გარეშე) ელიან საზაფხულო ბანაკები ,,Pre Fleuri” (4 წლიდან) და „Ecole La Garenne” (6 წლიდან). მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებში ჩართვის მსურველებმა კი „Village Camps”-ს უნდა მიაკითხონ. შვეიცარიაში სასკოლო არდადეგების გატარებით ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არიან ის ოჯახები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კომფორტს და სპორტულ აქტივობებს. 
არდადეგები მალტაში

მალტაში საზაფხულო არდადეგების გატარება დიდსაც და პატარასაც ერთნაირად სურთ. საგრძნობლად მარტივია ამ ქვეყნის ვიზის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები. ამასთან, მალტა ღირსეულად ატარებს ყველაზე მშვიდი და საიმედო რეგიონის სტატუსს და საკურორტო ზონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რაც მას საზღვარგარეთ სწავლისა და დასვენების მსურველთა თვალში უფრო მიმზიდველს ხდის. მალტაში თავს იყრიან როგორც ხელმომჭირნე, ასევე მდიდარი, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე ოჯახების შვილები. მალტის ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლების სტუდენტების უმრავლესობა გერმანელია.

მალტაში ორი სახელმწიფო ენაა: მალტური (არაბულის მონათესავე სემიტური ენა) და ინგლისური, შესაბამისად,  მოსახლეობაც ორენოვანია. მალტური საზაფხულო სკოლები არაფრით განსხვავდება ბრიტანულისგან. ზოგი მათგანი ინგლისელების დაარსებულია და ბრიტანული ენის შემსწავლელი სკოლის ტრადიციებსაც მკაცრად იცავს. დანარჩენები წარმოადგენენ საერთაშორისო ენის შემსწავლელ ისეთ დიდ დაწესებულებათა  ერთგვარ ფილიალებს, როგორებიცაა Inlingua, IELS, EC.

მალტის სკოლები ამჯობინებენ, შექმნან ერთმანეთთან ახლოს მდგომი ასაკობრივი ჯგუფები, რადგან მიიჩნევენ, რომ თანატოლთა გარემოცვაში მოზარდი ნაკლებად მორცხვობს, მალე ადაპტირდება და შესასწავლი ენის დახმარებით ახალ საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს.
 
საზაფხულო სკოლა ,,Clubclass” 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს მასპინძლობს. მისი შენობა  მაღალი დონის ზღვისპირა სასტუმროს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სკოლას, ამიტომ იდეალური დასვენების მსურველებისთვის ,,Clubclass”  ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საზაფხულო ბანაკია მთელ მსოფლიოში. პატარა ტურისტებზე კი ,,European Centre” ზრუნავს. საზაფხულო ბანაკი განთავსებულია  მშვიდ და უსაფრთხო საგანმანათლებლო კომპლექსში, სადაც  8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს ინგლისურის გაკვეთილები უტარდებათ. ლანჩის შემდეგ გართობის დრო დგება. ამისთვის სკოლა ქირაობს ანიმატორებს, რომლებიც ბავშვების აქტიურ დასვენებაზე ზრუნავენ.

მალტაში შესაძლოა შემოგთავაზონ ენის შემსწავლელი პროგრამა მთელი ოჯახისთვის. შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასწავლო კურსი, რომელიც მასწავლებლის სახლში ცხოვრებას და, ამის კვალობაზე, სალაპარაკო ენის ულიმიტო პრაქტიკას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს, სკოლაში ,,EC”  14-დან 18 წლამდე ასაკის თინეჯერებს, ინგლისურ ენასთან ერთად დაივინგის გაკვეთილებიც უტარდებათ. მოსწავლეები ჯერ  აუზში ვარჯიშობენ და ეცნობიან ეგზოტიკური კურსის თეორიულ ნაწილსაც, ერთი კვირის შემდეგ კი უნდა მოიპოვონ სერთიფიკატი ,,PADI OpenWater”, რომელიც ზღვის სიღრმეში ჩასვლის ერთგვარ საშვს წარმოადგენს. უფრო გამოცდილი აკვალანგისტებისთვის სკოლას აქვს პროგრამა ,,PADI Advanced Certificate”.
ფრანგული საზაფხულო სკოლები

მელოდიური და იდუმალი ფრანგული ენა ძველებურად იპყრობს რომანტიკოსთა გულს. ფრანგული ენის შესწავლის მსურველთა უმეტესობა პარიზისა და ლიონის საზაფხულო ბანაკებს სტუმრობს. საფრანგეთშიც არ გაგიჭირდებათ ისეთი საზაფხულო პროგრამების მოძებნა, სადაც საგანმანათლებლო ნაწილი ჰარმონიულად ერწყმის სპორტულ და გასართობ აქტივობებს. ენის შესწავლა აქაც აქტიური დასვენების ფონზე მიმდინარეობს.
ტრუასის ენის შემსწავლელი ბანაკი 

ტრუასის ბანაკში უცხოელებთან ერთად ფრანგი მოზარდებიც ისვენებენ, რაც მცირე ენობრივი გამოცდილების მქონე კონტაქტური ბავშვისთვის სალაპარაკო ენაში ვარჯიშის იდეალურ საშუალებას წარმოადგენს. ბანაკში ფრანგულთან ერთად ინგლისური და გერმანული ენებიც ისწავლება. საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს სკოლა სთავაზობს საგანგებოდ მათთვის შექმნილ პროგრამას – ,,ფრანგული როგორც უცხო ენა”. გაკვეთილები დილის საათებში მიმდინარეობს, დანარჩენი დრო კი ეთმობა სპორტს (წყლის თხილამურები, კანოე – ნავებით შეჯიბრება, ტენისი, ფეხბურთი, კალათბურთი, ბადმინტონი, პლიაჟის ფრენბურთი, გოლფი, ველოსიპედი, მაგიდის ჩოგბურთი, მშვილდოსნობა, მეკლდეურობა, ცურვა), რომელსაც პროფესიონალი ტრენერები კურირებენ  და გასართობ-საექსკურსიო პროგრამებს. მსურველებს შეუძლიათ შეისწავლონ თანამედროვე ცეკვები და მუსიკა, მისდიონ აერობიკას, ხელოვნების მოყვარულებისთვის ფუნქციობს თეატრი და სამხატვრო სახელოსნოც. 

ტრუასის საზაფხულო ბანაკის მოსწავლეები ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ბანაკს ჰყავს მედპერსონალიც. რაც შეეხება კვებას, ფრანგული სამზარეულო მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია. გამოცდილი ფრანგი მზარეულების მიერ გაწყობილი ,,შვედური მაგიდა” ნებისმიერ პრეტენზიულ ბავშვს დააკმაყოფილებს.
Atoll Juniors
რივიერაზე ენის შემსწავლელი პროგრამებით მოზარდების  უზრუნველყოფაზე ზრუნავს ,,Atoll Juniors”, რომელიც ფრაგულენოვანი სკოლების უდიდესი კავშირის (CIA) წევრია. ხმელთაშუა ზღვის სილამაზე სკოლას ტურისტებისთვის ორმაგად მიმზიდველს ხდის. 

                               (Atoll Juniors)
ატოლის სტანდარტული სასწავლო კურსი მოიცავს კვირაში 20 გაკვეთილს, რომლებიც დილის საათებში უტარდებათ 11-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. გაკვეთილების დიდი ნაწილი ეთმობა დისკუსიებსა და როლურ თამაშებს. ვისაც თეორიული მასალის უფრო საფუძვლიანად შესწავლა სურს, სკოლა სთავაზობს ინტენსიურ კურსს (6 დამატებითი გაკვეთილი კვირაში) მცირერიცხოვან კლასში. რაც შეეხება გასართობ პროგრამას, სტანდარტულ სპორტულ აქტივობებთან ერთად თქვენ გელით იახტებით გასეირნება ღია ზღვაში და დაუვიწყარი ექსკურსიები ნიცაში, კანსა და მონაკოში. იახტკლუბში იღებენ 11 წლის მოსწავლეებსაც, მაგრამ მათ ზღვაში გასვლამდე ევალებათ სპეციალური სასწავლო კურსის გავლა, რომელიც ე.წ. საზღვაო ტერმინოლოგიას მოიცავს. 
ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლები გერმანიასა და ავსტრიაში

გერმანული ენის შესწავლა არცთუ ადვილია, რაც მისი რთული გრამატიკული სტრუქტურითაა განპირობებული. მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი  მარკ ტვენი ხშირად იხსენებდა იმ ურთულეს ბარიერებს, რომელსაც გერმანული ენის შესწავლისას წააწყდა. მოკლედ, ვისაც ამ ენის შესწავლა გადაგიწყვეტიათ, მოიკრიბეთ ძალა და მოთმინება. მიზნის მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ შესასწავლ ენასთან მიახლოება. გერმანია და ავსტრია კი ყოველთვის მზად არიან მიზანდასახული მოსწავლეების მისაღებად. შრომისმოყვარე გერმანელები იზრუნებენ იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო. ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში ჩაგიტარდებათ კვირაში, სულ მცირე, 30 გაკვეთილი. შედეგზე ზედმიწევნით გათვლილი სასწავლო პროგრამა თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

დიდ ადამიანს შეუძლია, მოიკრიბოს ნებისყოფა და გაუძლოს ასეთ დატვირთვას, მაგრამ ბავშვებს უჭირთ იმის გაგება, რატომ უნდა შესწირონ დამსახურებული არდადეგები სწავლას. ლინდენბერგისა  (Lindenberg)  და ბად შუსენრიდის (Bad Schussenried) საზაფხულო სკოლები მათ საგრძნობლად აუმაღლებს მოტივაციას. არც ავსტრია გაგიცრუებთ იმედს. ზალცბურგის ახლოს მდებარე  საზაფხულო ბანაკები (Zell am Zee,  Zeefeld )  თქვენს შვილებს გერმანულენოვან კომფორტულ გარემოს შეუქმნიან.

                            (Lindenberg)  
ჰუმბოლდის უნივერსიტეტის საზაფხულო ცენტრი მასპინძლობს  10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. თანამედროვე ტიპის ბანაკი ხშირი ტყით დაბურულ მთის ფერდობზეა გაშენებული. მთის ჯანსაღი გარემო, ოდენვალდის კლდეებისა და უფსკრულების თვალწარმტაცი ხედი სკოლას უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

საზაფხულო პროგრამები სტუდენტებისთვისაც არსებობს (ბერლინის, მიუნხენისა და კონსტანცის ბანაკები). მათ შორის ყველაზე პოპულარულია  ,,ბიზნესგერმანული”, რომელიც ისწავლება საზაფხულო ცენტრში  ,,Humboldt Institut Berlin”. აქ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აიმაღლონ ენის ცოდნის დონე. სემინარებზე გათვალისწინებულია მათი სურვილი და ინტერესები, იმართება აქტიური დისკუსიები სხვადასხვა თემის გარშემო… მოკლედ, თუ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ბრძანდებით და თან გერმანული ენის შესწავლაც გადაგიწყვეტიათ, თქვენთვის შესაფერისი პროგრამის პოვნა არც გერმანიასა და ავსტრიაში გაგიჭირდებათ.
საზაფხულო სკოლები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში

ვინ იტყვის უარს მეგობრებთან ერთად შეერთებულ შტატებში ზაფხულის გატარებაზე?! ჰოლივუდისა და თავისუფლების ქანდაკების, ნიუ-იორკის ცათამბჯენების ან კენედის კოსმოსური კვლევითი ცენტრის ნახვაზე ალბათ მრავალ თქვენგანს უოცნებია. შტატების შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში მოხვედრა შესაძლოა გაცილებით სასარგებლო აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რადგან ამერიკულ ბანაკში გატარებული მოკლე საარდადეგებო პერიოდი წარმატებული მოსწავლეების სამომავლო კარიერაზე აისახება. კინოკოლეჯის ,,Marymount Manhattan College”  პედაგოგების სიაში იხილავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის გამოცდილ პედაგოგებს და სასცენო ხელოვნების ჰოლივუდელ ოსტატებს, რომლებიც მრავალ საინტერესო პროექტში არიან ჩართულნი.

ინტენსიური საარდადეგებო პროგრამა სან-ფრანცისკოში თინეიჯერების ინტერესებს სავსებით დააკმაყოფილებს. ამ პროგრამაში ჩართვის შემდეგ თქვენი შვილი ზაფხულს  კალიფორნიის უნივერსიტეტის უძველეს, ისტორიულ შენობაში  გაატარებს. რეიტინგების თანახმად, ეს უმაღლესი სასწავლებელი საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტად მიიჩნევა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო დრო, როცა იქ მოხვედრაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა, დღეს კი ოცნების ახდენაში ბერკლიში გახსნილი საზაფხულო სკოლა დაგეხმარებათ.

თუ ზაფხულის გატარება მშვიდ გარემოში, პატარა ქალაქებსა ან სოფელში გადაგიწყვეტიათ, კანადას უნდა ესტუმროთ (სიტყვა ,,კანატა” სოფელს ნიშნავს). აქაურ საზაფხულო სკოლებში ერთმანეთს ჰარმონიულადაა შერწყმული  ბანაკის კომფორტული გარემო და ველური ბუნების უნიკალური სამყარო. ასამდე ტბისა და თვალუწვდენელი მთების ეგზოტიკური ხედების, ეთნიკურ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. მრავალფეროვანი საზაფხულო სასკოლო პროგრამით გამოირჩევა სკოლა ,,ILAC”, რომლის ცენტრებიც ვანკუვერსა და ტორონტოში მდებარეობს. კანადა ორენოვანი ქვეყანაა (ინგლისური და ფრანგული), რაც ორი ენის ერთდროული პრაქტიკის საშუალებას იძლევა. ამასთან, კანადა ატარებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, საზაფხულო ბანაკებში – Quest და Lakefield  9-10 წლის ბავშვებიც მიიღებიან.

როგორც ვხედავთ, მსოფლიოში დღესაც ძალიან პოპულარულია საარდადეგებო სასწავლო პროგრამები. თუ საზაფხულო არდადეგების აქტიურად გატარება განგიზრახავთ, აუცილებლად მიაგნებთ სასურველ პროგრამას, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი