სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

დღეს, ხვალ

გამარჯობა. მე სალომე ვარ. ოცდაექვსი წლის. სექტემბერში გერმანიაში მივდივარ, არქეოლოგი უნდა გამოვიდე.
ცხრა წლის წინ მეც ვიყავი აბიტურიენტი და მეც ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს. გულშემატკივრები არ წავიყოლე, გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავზე მე ყველაზე მეტად შემტკიოდა გული და ჩემივე თავი წავიყვანე. აუ, როგორ ცხელოდა. გარშემო ისე ნერვიულობდნენ, ჰაერი მძიმდებოდა. ცდილობდნენ, ნერვიულობა წყალს გაეტანებინათ, ცუდი სიზმრებივით. ან, უბრალოდ, სცხელოდათ და იმიტომ სვამდნენ ამდენ წყალს. მე თრევა დამეზარა და მხოლოდ ვაკვირდებოდი ამდენ ჩემნაირ აბიტურიენტს, რომელთაგან ყველას ეგონა, რომ მათი მომავალი დღეს გადაწყდებოდა. საბოლოოდ, ჩავაბარე. ზუსტად იქ, სადაც მე მინდოდა. სალომე შენგელიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 1– ლი კურსის სტუდენტი. ეს მაშინ ძალიან სერიოზულ სტატუსად მეჩვენებოდა. ალბათ, იყო კიდეც. უბრალოდ, მერე იზრდები და უფრო მეტი რამე კარგავს მნიშვნელობას, ვიდრე იძენს.
ბავშვობის ოცნება  ვერ ავიხდინე– არქეოლოგი ობობების შიშისა და ალერგიულობის გამო ვერ გამოვედი. საველე სამუშაოებისას უწყინარი ობობის დანახვაზე გული რომ წამივიდა და გამაცოცხლეს, პირველი კადრი ჩემი ლექტორის შეჭმუხნული წარბები და პირველი ხმა მისივე “ნწ, ნწ” იყო. ჯგუფელები კი ისე მიყურებდნენ, თითქოს მთავარი ექსპონატი მე ვიყავი, აღმომაჩინეს და ექსპერტიზაზე გაგზავნასაც მიპირებდნენ. ასე რომ, იმავე  დღეს გავაკეთე არჩევანი, საბოლოო, ურყევი და მას შემდეგ ჟურნალისტი ვარ. მაგრამ ის “ნწ, ნწ” სულ ფეხდაფეხ მომდევს, როგორც ვერშესრულებული მისია, როგორც პირველივე გამოწვევა, რომელშიც ჩავფლავდი. დიახ, მე ჩვიდმეტი წლის ასაკში აუდიტორიის წინაშე ჩავფლავდი. ამდენი წლის შემდეგ კი, ჟურნალისტის დიპლომით და ჟურნალისტური გამოცდილებით არქეოლოგიის სწავლას გერმანიაში ვიწყებ. არა იმიტომ, რომ გერმანელი ობობები დამინდობენ ან გერმანულ მტვერზე ნაკლებად ალერგიული ვარ, უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ არცერთი ეროვნების ობობას არ აქვს უფლება ხელი შემიშალოს ოცნებაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაგარი რამეა: არქეოლოგია აღმოჩენების და აღმომჩენების პროფესიაა. სრულიად უნიკალური საქმე, სრულიად უნიკალური ისტორიები, სრულიად უნიკალური წარსული, სრულიად უნიკალური მოგზაურობები. ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს, ამაზე მაგარი. არ ვიცი. თავისებური აზარტია, აი, ისეთი, როგორიც ბავშვობაში “ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო” იყო. ახლაც ასე ვთქვი და ობობების შესახვედრად მოვემზადე. რას დამაკლებენ.
გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ოცდაექვსის ხარ თუ ექვსის, მაინც. ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მარიმ ექვსი წლისამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩემს მერხზე დაჯდა და მას შემდეგ მეგობრები ვართ. სამაგიეროდ მე ათი წლისამ გადავწყვიტე, რომ “გულივერის მოგზაურობას” არასდროს წავიკითხავდი. მერე, დრო გავიდა, უკვე სტუდენტს საგამოცდოდ დამჭირდა და მაინც არ წავიკითხე. ეს ჩემი ერთ– ერთი ბნელი საიდუმლოა: ავდექი და დედაჩემს მოვაყოლე. ასეთი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ერთხელ უნდა მიიღო, მერე კი, თუ ბიბლიოფილი ხარ, ნამუსი  გეყოს და საკუთარი თავი არ გათქვა. მე კი, ეტყობა, უნამუსო ბიბლიოფილი ვარ. რა ვიცი. მთავარი კი, რაც მე სხვებისგან და ჩემივე თავისგან ვისწავლე ისაა, რომ თუ გეშინია, ე. ი. ცოცხლობ. და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტამდე თვალებში ვუყურებ ამ შიშებს, ვუყურებთ ერთმანეთს და ვფიქრობთ, პირველი რომელი დაიხევს უკან. ხან ასე ხდება, ხან ისე. ხან მე ვიმარჯვებ, ხან ისინი. 
მძაფრად მახსოვს: ახალ სკოლაში გადასვლისას საკლასო ოთახის კარის გაღების ისე მეშინოდა, თითქოს კლასი კი არა, პანდორას ყუთი იყო და კლასელების სახით ათას შარს მომივლენდა. გადავწყვიტე, გავაღე.  ჰუჰ. შევაღე და ოცდაოთხი მეგობარიც შევიძინე. თუმცა თორნიკე დღემდე იხსენებს, როგორ ვიდექი საკლასო ოთახის ცენტრში, ვკანკალებდი, თვალებს ვაცეცებდი და ვეძებდი, სად დავმჯდარიყავი. ამდენი წყვილი თვალი გამომცდელად მაკვირდებოდა, მე კი მეგონა, უახლოეს მერხამდე ვერ მივაღწევდი და აუცილებლად წავბორძიკდებოდი. გამოცდა ღირსეულად ჩავაბარე,– ბევრი აღარ მიფიქრია, თორნიკეს მივუჯექი. იმან მაშინვე მკითხა, რა ნიშნებზე ვსწავლობდი. პასუხმაც აღაფრთოვანა: თუ არ ვატყუებდი, ჩემგან სარგებელი ექნებოდა და მზა დავალებები. გაგვეცინა. დავმეგობრდით. ახლა, როცა თვეები გადის და ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, დამირეკავს ხოლმე და მახსენებს პატარა, დაბნეული გოგოს ამბავს, რომელსაც წარმოუდგენელი ნებისყოფის ხარჯზე საკუთარი დასუსტებული მუხლები უახლოეს მერხამდე მიაქვს. იმას დღემდე ჰგონია, რომ არ შევცვლილვარ და ყოველი დაძაბული, ნერვული სიტუაციისას ისევ იმ მეოთხეკლასელ ბავშვად ვიქცევი. 
ყოველი ახალი გადაწყვეტილება გამოცდილებაა. და ყოველი მომდევნო– უასაკო. ზოგჯერ ვნანობთ კიდეც, მაგრამ სხვანაირად ხომ ვერ გავიზრდებით. ვერც ოდნავ უკეთესები გავხდებით, ვიდრე ადრე ვიყავით. დღეს თუ არა ხვალ მოგვიწევს, წავიდეთ სამხრეთ აფრიკაში რომელიმე სოციალური პროგრამით ან უბრალოდ, ქარაფშუტულად შევხვდეთ თითქმის უცნობ ბიჭს შუა ვაკეში, რომელიც იმაზე მაგარი ბიჭი აღმოჩნდება, ვიდრე მანამდე გვეგონა. თან ზაფხულია და ყველაფერს მზეს გადავაბრალებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი