სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ზეპირი ისტორიები სკოლაზე -გოგიტაური სკოლაში დარჩა

ნიკო გოგიტაური…სოფელს შემორჩა საფლავი და ხსოვნაში ჩაბეჭდილი ამბები…

ჭოპორტი არაგვის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ძველი სოფელია. სკოლა ფერდობზე მდებარეობს. ზემოთ, ეზოს ბოლოში ნაძვები დგას. ამ ნაძვებთან საფლავია, ნიკო გოგიტაურის საფლავი… აქედან სკოლის შენობაც, ეზოც და სოფელიც ხელისგულივით ჩანს.

,,დიდებული ადამიანი”, ,,კეთილშობილი კაცი”, ,,მამასავით მზრუნველი”, ასე შეთანხმებულივით იწყებენ მასზე საუბარს ყოფილი მოსწავლეები – უკვე ოთხმოცს მიტანებულები.

ნიკო გოგიტაური ამ სოფლის სკოლის დირექტორი იყო, სკოლაშივე ცხოვრობდა, ოჯახი არ ჰყავდა, იშვიათად მხოლოდ და აკითხავდა.

– 30-იან წლებში უკვე აქ იყო. ოღონდ სკოლას მაშინ ერთი პატარა, ძველი შენობა ჰქონდა, ახალი მის ხელში აშენდა, – 82 წლის ანზორ საძაგლიშვილი ჭოპორტში გოგიტაურის მოსვლის თარიღის გამოთვლას ცდილობს.

უკვე ჭარმაგი ,,მოსწავლეები” დირექტორის ამბებს კარგად ნასწავლი გაკვეთილებივით იხსენებენ:

– ეს იყო დიდებული ადამიანი, სკოლაზე და ბავშვებზე შეყვარებული კაცი. ჩვენს სოფელს დიდი ამაგი დასდო. სკოლას და მის შემოგარენს თავს დასტრიალებდა. წესრიგს ითხოვდა ყველასგან და თავადაც იცავდა ამ წესებს. გამცდენი არც მოწაფე მოსწონდა და არც მასწავლებელი. სწავლის გარდა, შრომაც გვასწავლა. სკოლას დიდი ეზო ჰქონდა და ყველა კუნჭულს ვამუშავებდით, შრომის გაკვეთილებს ვიღებდით. გამწვანებულ-დანარნარებული გვქონდა იქაურობა, ყველაფერი მოგვყავდა. ამბობდა, დრო მოვა და შრომას საგნად შემოიღებენო, ასეც მოხდა, – გვიამბობს გოდერძი გელიაშვილი, – ისტორიას და გერმანულს გვასწავლიდა, კონსტიტუციასაც. თავაზიანიც იყო და მკაცრიც. ამ სიმკაცრის უკან მზრუნველი ხასიათი იმალებოდა. რამდენი სიკეთე გვახსოვს მისგან. გაჭირვებული წლები იყო, ხალხი შიმშილობდა. ნიკო მასწავლებელმა სკოლის დაბლა სართულში უფასო სასადილო მოაწყო. ჩვენს ეზოში მოწეული მოსავლით დიდ დასვენებაზე ბავშვების დაპურებას ახერხებდა. რამდენჯერ ფულითაც დახმარებია ბავშვებს.

– სკოლაში ორცვლიანი სწავლა იყო. მეორე ცვლაში მივედი. დერეფანში ჩემი ძმა და მისი კლასელები ტორფის ქოთნებს ამზადებდნენ ჩითილებისათვის. თავად ნიკო მასწავლებელმა მოიტანა ,,სტანოკი”, ასეთ საქმეებსაც გვასწავლიდა. ბავშვების ამბავი ხომ იცით, ხელნაკეთი ,,ასანთის თოფი” მქონდა. ჩემმა ძმამ ეს თოფი გამომართვა და გაისროლა თუ გაუვარდა, სწორედ ამ დროს შემოვიდა დირექტორი (პალტომოსხმული დადიოდა ხოლმე). ეტყობა, აფეთქების ხმაზე შეკრთა და პალტოც დაბლა ჩამოუვარდა. წაიყვანა ეს დიდი ბიჭები კაბინეტში და კარგი დღე არ დაადგებოდათ. მე პატარა ვიყავი და უფრო გაპატიებსო, მითხრეს… მეც დავიბრალე… გამიბრაზდა, მაგრამ სხვა პედაგოგები გამომესარჩლნენ, პატარაა, გაუვარდაო და… მასაც გული მოუბრუნდა, მაინც დამემუქრა, ჯარში რომ წახვალ, ისეთ დახასიათებას მოგცემ, შავ საქმეს გაგაკეთებინებენო… მერე, ჯარიდან შვებულებით რომ ჩამოვედი, მივედი სკოლაში ჯარისკაცის ფორმით. უჰ, შენა ხარო? გამომკითხა ყველაფერი, როგორ მსახურობო? როგორი პირობები გაქვთო? ვუამბე ჯარისკაცულ ცხოვრებაზე. წამიყვანა და კლასებში ჩამომატარა – აი, წარმატებული ჯარისკაციო…

– დაბალი კაცი იყო. სულ გაპიწკინებული დადიოდა. კარგი სანაცნობო ჰყავდა. დამეგობრებული ვიყავით თბილისის სკოლებთან. ერთად ვატარებდით კონცერტებს. თბილისში სოფლის მეურნეობის გამოფენა ეწყობოდა და იქ გამაგზავნა ამ ჩვენი მოწეული პროდუქტებით… გაცდენა არ უყვარდა. თუ გააცდენდი, მშობელი უნდა მიგეყვანა. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი წისქვილში გაგვიშვეს. ძველი წისქვილი იყო და ჩაინგრა და ჩავცვივდით წყალში. გადავრჩით, მაგრამ სკოლა გაგვიცდა. გაცდენისთვის გაგვიბრაზდა, გაგვიშვა სახლში. მერე გაეგო, რაც დაგვემართა და დაგვიძახა შეშფოთებულმა ,,მაქა, როგორ გადარჩენილხართო”. ყველაფერი გამოგვკითხა. უფროსკლასელს დამავალა შრომის ,,მასწავლებლობა”, ნიშნებსაც ვუწერდი ბავშვებს… ამ დროს მოხდა სტალინის ამბები, ჩვენც მიტინგი მოვაწყეთ. გაიგეს და მოხსნას ძლივს გადარჩა. მგონი თავისმა სამეგობრომ უშველა, -ამბობს ბატონი გოდერძი.

– უი, გოგიტაურის ამბავი გაიხსენეთ? გაგახარათ ღმერთმა… რომელი ერთი მოვყვე? მისმა სულმა იხაროს, მაშინ მანქანები სად იყო? ,,ლინეიკით” ადიოდა დუშეთში და იქიდან ჩამოქონდა ,,ბულკები” და ,,სიროფი”, რომ გაჭირვებულ ბავშვებს ჩაი დაგველია. შვიდ ნოემბერს მოსწავლეებისათვის საჩუქრები უნდა დაერიგებინათ. მე ვინ მომცემდა? ტროცკისტის შვილი ვიყავი. მაინც შემიტანა სიაში. იცოდა ძალიან გვიჭირდა და მაინც კარგად ვსწავლობდი. ნაცრისფერი ტილოს ,,ჩუსტიკები” მოგვცეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლაც მახსოვს, საშვიდნოემბრო კონცერტზე ლექსი უნდა მეთქვა, თოვლჭყაპი იყო, ვერ გავიმეტე დასასველებლად – სკოლამდე ფეხშიშველი მივედი, იქ წყაროზე დავიბანე და ისე ჩავიცვი… ერთხელ კლუბთან ლამაზი, დიდი ფანქარი ვიპოვე. ვიფიქრე, ასეთი ფანქარი მხოლოდ გოგიტაურის იქნება-მეთქი და მივედი სკოლაში. იქ ერთ ოთახში ცხოვრობდა. იმ კარს იქით ჩვენ არასდროს შეგვიხედავს. დავუკაკუნე, გაუკვირდა ,,მაქა, რა გინდაო?” ვუთხარი, ოდნავ გამიღიმა, წაიღე, შენი იყოსო…- გვიამბობს ელიკო საძაგლიშვილი-ბეკურაშვილი და ცოტა ხნით სადღაც ფიქრებში მიდის, მერე კი ისევ აშლის მოგოგნებებს:

– მარტო სკოლის კი არა, სოფლის გულშემატკივარი იყო. დედაჩემს ძალიან უჭირდა. ჩემი ძმა ჯარში წაიყვანეს და სანახავად წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ნიკო მასწავლებელთან მივიდა სათხოვნელად. რომ გაიგო, რისთვისაც უნდოდა, უთხრა – ვალად არ გაძლევ, წადი, მოიხმარეო. ასე ეხმარებოდა სხვებსაც. ჩვენთვის რომ ასეთი იყო, ჩვენც გვინდოდა ყურადღების გამოხატვა, ერთხელ ხილი მივართვით. მადლობა გვითხრა და ისევ ბავშვებს უმასპინძლა. ყველაფერს აკვირდებოდა, ბავშვებს ყურს უგდებდა. ერთხელ სიმინდს ვთოხნიდით. გაწვიმდა. კარგია, წვიმა მოუხდებაო, – თქვა ნიკო მასწავლებელმა, ჩემმა ბიძაშვილმა კი უთხრა: არა, მასწავლებელო, წვიმა ბალახს ისევ გააცოცხლებს, ამიტომ გათოხნის შემდეგ სჯობს მზემ დააჭიროსო. დაფიქრდა და იქვე უთხრა: მართალს ამბობ, ჭკვიანი, დაკვირვებული ბიჭი ხარო.

გოდერძი გელიაშვილი: ამ ადამიანმა ჩვენი სოფლისთვის და სკოლისთვის იცხოვრა და ისე მოხდა, სკოლის საქმეს შეეწირა ტრაგიკულად. გითხარით, დიდი სანაცნობო ჰყავდა და ძალიან ცდილობდა ჩვენი სკოლის ბაზაზე სასოფლო ტექნიკუმი დაეარსებინა. საჭირო იყო ფართის მომატება. სამშენებლო მასალების მოსატანად იყო წასული. ხის მასალა მოჰქონდათ სატვირთოთი, თავად კი მსუბუქი მანქანით მოჰყვებოდა. რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ სატვირთოს შეეჯახნენ და ნიკო გოგიტაური გარდაიცვალა. მგონი, 1960 წელი იყო. მეხივით დაატყდა ეს ამბავი სოფელს. ყველა თავზარდაცემული იყო. ვეღარც წარმოგვედგინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება, როგორ უნდა ესწავლათ ჩვენს შვილებს… გოგიტაური და სკოლა უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგინა. არც გაანება თავი. სკოლაში დარჩა სამუდამოდ. სოფელმა აქვე დაკრძალა, თავისი ნაამაგარი სკოლის ეზოში…

ელიკო გელიაშვილი: სკოლის ეზოში, მაღლა, ბექობზე ნაძვები დგას. ჩვენ დაგვარგვევინა ეს ნაძვები გოგიტაურმა. წყალი ვედროებით აგვქონდა, რომ არ გამხმარიყო. მერე საწყალს იქ მიუჩინეს საბოლოო ბინა. აღდგომას, მიცვალებულების საფლავებზე გასვლისას, ცალკე ვამზადებდი კვერცხებს, ნაზუქსა და ღვინოს და აუცილებლად მივდიოდი გოგიტაურის საფლავზე. ახლა ჩვენც დავბერდით, სოფლის მოამაგე კაცი იყო, სანამ ჩვენ ვიქნებით გვემახსოვრება მისი სახელი. კარგია, რომ დაინტერესდით, ამ წერილით მაინც გაიხსენებს ვინმე…

წერილი მზად იყო, როცა სოფლიდან რაიონულ გაზეთში დაბეჭდილი ნიკოლოზ გოგიტაურის ნეკროლოგი გამოგვიგზავნეს, ესეც მის მოწაფეებს შემოუნახავთ: ნიკოლოზ პავლეს ძე გოგიტაური დაბადებულა 1902 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბასილეთში. საშუალო სასწავლებელი ოზურგეთში დაუმთავრებია. 1921 წელს დაინიშნა ხიდისთავის საბაზო სკოლის გამგედ. შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა და 1933 წელს ფასანაურის საშუალო სკოლის დირექტორად, 1935 წლიდან კი უკვე სოფელ ჭოპორტის საშუალოს სკოლის დირექტორად დაინიშნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ნიკოლოზ გოგიტაურს მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული მასწავლებლის წოდება. იყო ლენინის, ორი შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენოსანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი