შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ზაფხულის თამაშები

ბავშვობაში ტყეში არავის წავუყვანივარ. ძირითადად “მაკდონალდსში” მივდიოდით. ცოტა რთულია, მშობლები უკეთესად ასეთ გარემოში გაიცნო, აქ მხოლოდ ახალ-ახალ სათამაშოებს ეცნობი, უმეგობრდები და გემრიელ ჩიზბურგერებს მიირთმევ. მამას დღემდე კარგად არ ვიცნობ, იმიტომ რომ იქ, სადაც შვილები მშობლებს უკეთ იცნობენ ხოლმე, არასდროს წავუყვანივარ. სამაგიეროდ, მამაჩემი მთელი ბავშვობა მარწმუნებდა, რომ ჩემი საწოლის ქვეშ მელაკუდები ცხოვრობდნენ, მერე ერთად ვთხზავდით ხოლმე ისტორიებს მელაკუდების შესახებ, რომლებიც მელაკუდურად ფუმფულები იყვნენ და მელაკუდურ საქმეებსაც სჩადიოდნენ. არც ისე ტრაგიკული ბავშვობა მქონდა, თუ არ ჩავთვლით ჩემს წარმოუდგენელ სიყვარულს ბუნებისა და ცხოველებისადმი და ჩემს ოცნებას, ვიკენდებზე ოჯახით წავსულიყავით იქ, სადაც ჰაერი, სიმწვანე და მეტი თავისუფლება იყო. აი ისეთ ადგილებში, სადაც ყველა ადამიანს აქვს ექო. სადაც თამამად შეგიძლია, გაშალო ხელები და თამამადვე, მთელი ხმით იყვირო. დიახაც, უფლება გაქვს, იყვირო სისულელეები. 
ზაფხულში უამრავი რამის მოსწრებაა შესაძლებელი. თქვენი მშობლები დაკავებულები არიან და  ქალაქგარეთ ერთად ვერ მიდიხართ? – აიძულეთ! ფეხები დააბაკუნეთ! მოითხოვეთ! თუ არაფერმა გაჭრა, აცნობეთ მათ, რომ არსებობს სხვადასხვა კლუბი, არა ანონიმ ალკოჰოლიკთა, არამედ მოგზაური ბავშვების კლუბი, სადაც გიდობას ლაშქრობებში გამოცდილი უფროსები გიწევენ და წადით. აუცილებლად წადით. თქვენ შეგიძლიათ, მოიწყოთ ნამდვილი მოგზაურობა ტყეში, ღრეში, მთებში თქვენს თანატოლებთან ერთად და მოინახულოთ უამრავი მაგარი ადგილი. თავგადასავლები  თქვენთან ხანდახან თავისი ფეხით არ მოდიან, ზოგჯერ  საკუთარი ფეხით უნდა მიხვიდეთ მათთან. ასეთ დროს უმჯობესია, სათანადო ფეხსაცმელი გეცვათ და საერთოდაც, აუხსენით მშობლებს, რომ ლაშქრობისთვის განსაკუთრებული აღჭურვილობა გჭირდებათ. 
ვერაფრით დაიყოლიეთ? პროტესტს აცხადებენ გამოცდილ გიდებს განდონ? – სხვა ალტერნატივა მოვსინჯოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი გყავთ და მათთან ერთად ხშირად თამაშობთ ეზოში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ეს თამაშები საინტერესოა. მაგრამ ყველაფერი, ისიც კი, რაც საინტერესოა, ერთ დღეს მაინც გვბეზრდება. აბა წარმოიდგინეთ, ანგინის შიში რომ არ გვაწუხებდეს და ყოველდღე ჩვენს საყვარელ ნაყინს განუსაზღვრელი რაოდენობით მივირთმევდეთ, ხომ მოგვბეზრდებოდა? – ასეა თამაშის შემთხვევაშიც. ახალი იდეები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. “კალე ბლუმკვისტის” წაკითხვა ხომ არ გეცადათ? – თქვენ შეგიძლიათ, ბევრი რამ შეიტყოთ “ვარდების ომისა” და ათასი ჩახლართული ამბის შესახებ, ქაჯურიც ისწავლოთ და შემდეგ ეს პრაქტიკა თქვენს ეზოშიც დანერგოთ. შტაბების მოწყობა ხომ ყველგანაა შესაძლებელი და საიდუმლოებებიც ყველგან იმალება. მათი გამოაშკარავება კი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. 
მე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა. მალე ფურცლებიდან კედლებზე გადავედი და მთელი სახლი მოვხატე. დღემდე არ ვნანობ და არა მგონია, ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ჩემები მალე რემონტს აპირებდნენ და უფლება მქონდა, სადაც მინდოდა და რამდენიც მინდოდა მეხატა. გიყვართ ხატვა? – ეზოში, ფერადი ცარცებით ხომ არ გეცადათ? იქნებ გაგიმართლოთ და მშობლებმა სახლის მოხატვის უფლებაც მოგცენ. ვინ იცის. მე სახლში მთელი ასტრიდ ლინდგრენი მყავდა: რომელიღაც კედელზე პეპის წინდა სძვრებოდა, იქით ემილი  თავიდან საწვნეს ვეღარ იშორებდა, ბიულერბიუელი ბავშვები თივის ზვინებისკენ მიიპარებოდნენ, კარლსონი მურაბის ქილას ვერ შორდებოდა, რასმუსი კი ისევ ოცნებობდა, მზრუნველი მშობლები ჰყოლოდა, რადგან ყველა მზრუნველი მშობელი რატომღაც ხუჭუჭთმიანი გოგონების მოვლით იყო დაკავებული. 
ჰმმ… კომპიუტერსაც არ გაკარებენ ან მხოლოდ განსაზღვრული დროით შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ კომპიუტერულ თამაშს ჩაუჯდეთ? – მშობლები არიან, ვერაფერს ვიზამთ. აუჰ, არადა, ნახევარი საათით მეტი რომ გქონოდათ, ამ დავალებას თავს გაართმევდით და ახლა კი, სხვა გზა არ გაქვთ, შუა გზაზე უნდა მიატოვოთ თამაში. როგორ კარგად მესმის თქვენი. დიალოგი ხომ არ გეცადათ?! იქნებ აუხსნათ მათ, რომ ნახევარი საათი დაამატონ ძველ გრაფიკს, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას ვერ ასწრებთ?! თხუთმეტი წუთი მაინც… სულ თხუთმეტი წუთი… დააინტერესეთ მშობლები ამ თამაშით და აუხსენით, როგორი საინტერესოა. ნუ გგონიათ, რომ ვერ გაგიგებენ. ისინი  თქვენ კიდევ  ბევრჯერ სასიამოვნოდ გაგაოცებენ.
ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ თბილისში ხართ, უამრავი საინტერესო რამის მოფიქრება შეგიძლიათ. არა, რა თქმა უნდა, ძალიან ცხელა, უჰჰ, ძალიან, მაგრამ მალე მშობლებიც გავლენ შვებულებაში, ერთად წახვალთ სოფელში, უამრავი ახალი ხის კენწეროს დაიპყრობთ, ზემოდან გადმოხედავთ სამყაროს, სიმინდებსაც მოიპარავთ. აბა  რას იზამთ! მდინარეშიც გაგრილდებით და მზეზეც დაიბრაწებით. ქუდი არ დაგავიწყდეთ, თორემ მზემ ათასი ოინის მოწყობა იცის. გაიხსენეთ სამხრეთული მზე და ტარასკონელები, რომლებიც ტყუილებს მართალივით ხშირად ამბობენ და მერე ყველაფერს იქაურ მზეს აბრალებენ. ტყუილები კი, აბა რა საკადრისია. არ წაგიკითხავთ ალფონს დოდეს “ტარტარენ ტარასკონელი”? – ამ ზაფხულს მდინარის პირას სცადეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი