ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პირიქით

ერთი უცნაურობა ხდება. არ ვიცი მხოლოდ ჩვენთანაა თუ სხვა ქვეყნებშიც ასეა. ლიტერატურული ტექსტების გამოგონილი პერსონაჟები ადამიანთა დიდ ნაწილს ისტორიული პიროვნებები ჰგონია. სხვას რომ ეთქვა და ენახა და მე არ შევსწრებოდი, არც დავიჯერებდი ან დაწერისგან მაინც შევიკავებდი თავს, მაგრამ ათასჯერ მომისმენია ასეთი საუბრები.
მოკლედ, აქ მე არც რაიმე კვლევის შედეგები მაქვს და ვერც ახლა ჩავატარებ, მაგრამ ამ საქმის თავისებურებები და მიზეზები იქნებ მაინც გამოვკვეთო. ხალხი, რომელთაც არეული აქვთ ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ ადამიანებში, როგორც უკვე ვთქვი, ბევრია. მათ არ განასხვავებთ ასაკი, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი. ფაქტი ერთია, რომ ეს შედეგი არასათანადო განათლებამ დატოვა, მაგრამ რა არის მიზეზი ორი მხარის ასე შემოტრიალების?
მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ბაში-აჩუკი ბევრისთვის ისტორიული პიროვნებაა, ამტკიცებენ, ვაჟამ რეალურად ნახა დაჭრილი არწივი და შემდეგ დაწერა ლექსიო, თურმე რეალურია კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე გმირი სხვადასხვა ტექსტებიდან და კიდევ მრავალის დასახელება შეიძლება, თუმცა ახლა მეორე ვთქვათ, რომ ყველამ იცის და დარწმუნებულია, რომ თეიმურაზ ხევისთავი უბრალო სიმბოლოა, არ არსებობდნენ ლუარსაბი და დარეჯანი და სხვა.
მე რომ ამ ტექსტის მკითხველი ვიყო და არა ავტორი, იქნებ გავბრაზებულიყავი კიდეც ავტორზე, ჯერ რა იცის რამდენს ჰგონია ასე და იქნებ მათი რიცხვი უმნიშვნელოა, ან რაც არ უნდა იყოს, ყველგან არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცები სხვაგვარად სჯერათო, მაგრამ გავაგრძელებ წერას და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნამდვილად არანაირი კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ თუ ამ ქვეყანასა და საზოგადოებაში ცხოვრობთ, თქვენც არანაკლებ გეცოდინებათ, რომ მხოლოდ ათ ან ასკაციან ჯგუფზე არ ვწერ.
რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ არეულობის? ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ ადამიანს ყოველთვის სჭირდება და უნდა დაიჯეროს ის, რაც მას აწყობს. ასევეა საზოგადოებაც. ეს საჭიროება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული და სხვადასხვა შედეგისკენ მიდიოდეს. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებსა და იქაურ საზოგადოებებშიც დაჯერებული იქნება ის, რაც მათ სურთ, რაც მათთვის უფრო მისაღებია. ჩვენთან კი ასეა; ვიჯერებთ რეალურობას გმირებისას, არწივის, რომელსაც ფრთა კი მოტეხილი აქვს და დამტვრეულია, მაგრამ მაინც წამოდგება და მტრებს შემუსრავს, რომ ოდესღაც ბაში-აჩუკი და მისი მსგავსი გმირები გვყავდნენ და ჩვენ არ ვართ გასაქირდავი ხალხი ჩვენი წარსულით და ამიტომ არც აწმყოთი თუ მომავლით ვიქნებით, – ეს გვჯერა და ვიცით, მაგრამ არ გვწამს ლუარსაბის, დარეჯანის, თეიმურაზ ხევისთავის რეალურობის. უფრო სწორად, რაღაც უტოპიაში ვართ. გვჯერა, მაგრამ ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ სახე-სიმბოლოა და ავტორის მიერ ტექსტის გასაკეთებლად გამოგონილი გმირი.
რა იწვევს ამ ყველაფერს, იქნებ გვინდა, რომ ჩვენი რაღაც კარგი დავიჯეროთ? ამ საზოგადოების, ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსების ერთიანი ისტორიული სურათის და ამისთვის მხატვრული ლიტერატურიდან ამოკითხული პერსონაჟების ისტორიულ რეალობაში გაცოცხლებას ვცდილობთ. მე არ ვამბობ, რომ ეს გამიზნული ქმედებაა, პირიქით სადღაც საერთო ქვეცნობიერიდან უნდა ამოდიოდეს.
ეს მსჯელობა რომ დაიჯერო, ძალიან საცოდავი მოგეჩვენება დღევანდელი ხალხი, საზოგადოება, მოსახლეობა. ჩვენ ვეძებთ გმირებს და ისიც – წარსულში. სულ ვფიქრობდი, რომ ერი, თუ რაღაც ჯგუფი, რომელსაც გმირის გამოჩენის მუდმივი მოთხოვნილება აქვს, უკვე დაავადებულია და არაა ჯანმრთელი, მაგრამ წარსულში რომ ეძებ გმირს, არარსებულს რომ არსებულად აქცევ, ეს უკვე სასიკვდილო სენს ჰგავს და იმ კარგი ფილმისა არ იყოს, იქნებ სანამ გვიანი არაა, გაწიოს სკოლამ აბი გლუკოზის ფუნქცია შემდეგი თაობებისთვის მაინც, თორემ ბროწეული რომ გაიწურება, გვიანი იქნება მერე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი