პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საზაფხულო სკოლები (I ნაწილი)

საბავშვო საგანმანათლებლო ტურიზმი მთელ ცივილიზებულ სამყაროში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საზაფხულო ბანაკის იდეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანიც მტრების შვილების დამეგობრება იყო. მათგან, ვინც ამ ხერხით ცდილობდა ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარებას, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე რეიჩელ ანდრესენი გამოირჩეოდა. ამ ქალბატონის გულუხვობისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, 1951 წელს დეტროიტის ახალ საბავშვო ბანაკს ესტუმრა 75 გერმანელი ბავშვი, ოთხი წლის შემდეგ კი ამერიკელმა მოზარდებმა არდადეგები ჰამბურგის შემოგარენში გაატარეს. მალე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა. შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შეუერთდნენ ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა, აზია, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ავსტრალია, ახალი ზელანდია… პროგრამის ფარგლებში ბავშვები მიდიოდნენ უცხო ქვეყნებში, სწავლობდნენ იქაურ ენას, ცხოვრობდნენ ადგილობრივ ოჯახებში და იძენდნენ მეგობრებს. პროექტმა დამაარსებელთა იმედი გაამართლა, მომავალი თაობის თვალში მტრის ხატი ნელ-ნელა იმსხვრეოდა.

მალე შეუძლებელი გახდა საბავშვო საგანმანათლებლო ტურიზმის მხოლოდ ქველმოქმედების ხარჯზე განვითარება. საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და საქველმოქმედო ფონდები ამხელა ხარჯს ვეღარ გასწვდა. საზაფხულო სკოლებისთვის შეიქმნა სპეციალური კომერციული სისტემა და მასში ჩაერთო საზღვარგარეთ ენის შესწავლის მსურველთა დიდი ნაწილი, რომელსაც საზაფხულო სკოლაში მოსახვედრად განსაზღვრული თანხა უნდა გაეღო. სადაც ფულს იხდი, იქ კონკურენციაც ჩნდება. ასე რომ, საზაფხულო ბანაკებმა ხელი მიჰყვეს თავიანთი საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამების დახვეწასა და პოპულარიზაციას.

დღეს საზაფხულო სკოლების უმეტესობა უცხო ენის შესწავლაზეა ორიენტირებული. გაკვეთილებთან ერთად ბავშვებისთვის სპორტულ-გასართობი ღონისძიებები და ექსკურსიებიც იმართება. არდადეგების პერიოდში მოზარდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, რომელსაც კარგი სკოლა საინტერესო გასართობი პროგრამების განხორციელებისთვის გამოიყენებს.
საზაფხულო ბანაკის შენობა აღჭურვილი უნდა იყოს არა მარტო სასწავლო აუდიტორიებით, არამედ კომფორტული საცხოვრებელი პირობებითაც. ხარისხიანი მომსახურება ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მით უმეტეს – ქვეყნის საზღვრებს გარეთ: ავიაბილეთები, აეროპორტში ბავშვების დახვედრა და ტრანსპორტირება, კვება, კომფორტული საცხოვრებელი სივრცე, ექსკურსიები და, რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური სასწავლო პროგრამა. ეს ყველაფერი პრესტიჟულ სკოლებში კვირაში ათასამდე გირვანქა სტერლინგი ღირს.
ზოგიერთი სკოლა-პანსიონის საზაფხულო პროგრამის მიზანი იმ მოსწავლეების სკოლასთან ადაპტირება და საზოგადოებასთან ინტეგრაციაა, რომლებსაც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება სურთ.
უცხო ენის შესწავლაზე ორიენტირებული სკოლებისთვის საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამაა. ისინი ზაფხულში ქირაობენ თავისუფალი კერძო სკოლა-პანსიონების შენობებს. მაგრამ არსებობს ელიტური საგანმანათლებლო კომპლექსებიც, რომლებიც ქალაქგარეთ დიდ ტერიტორიას ფლობენ. ამ ტიპის ბანაკებში ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული სწავლა და დასვენება. სკოლა-პანსიონები თავს იწონებენ დიდი სპორტული მოედნებითა და მწვანეში ჩაფლული შემოგარენით, რომლებიც შესანიშნავია ლაშქრობისა და პიკნიკისთვის. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია დაესწროს ჩოგბურთის, გოლფის, ცურვისა თუ ცხენოსნობის გაკვეთილებს. ასეთ საზაფხულო სკოლებში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს – აქ არის საცხოვრებელი კამპუსები ბიჭებისა და გოგონებისთვის, სამეცადინო სივრცე, ვრცელი ეზო, სადაც, სპორტულ მოედნებთან ერთად, ბევრი თავისუფალი ადგილიცაა. ხშირად გაკვეთილი ჩახუთული საკლასო ოთახის ნაცვლად სუფთა ჰაერზე მიმდინარეობს. მოსწავლეები თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ეზოში ატარებენ და საშინაო დავალებასაც მწვანე მოლზე წამოკოტრიალებულები ამზადებენ. რაც მთავარია, ამ ტიპის სკოლა-პანსიონი უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა.
საზაფხულო სკოლები ფუნქციობს უნივერსიტეტების ბაზაზეც. ზაფხულობით ჩვეული სასწავლო რეჟიმისგან გათავისუფლებულ სივრცეს ბავშვები ითვისებენ. ისინი ცხოვრობენ სტუდენტების საერთო საცხოვრებელში და სწავლობენ მათ აუდიტორიებში. ოღონდ ასეთი საზაფხულო პროგრამები მოზარდებზეა გათვლილი. უსაფრთხოების მიზნით ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი (ლიდერი), რომელიც, ამასთანავე, ეწევა ჯგუფის თითოეული წევრის პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგს და ბავშვებს უცხოენოვან გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.
ზაფხულის უქმად დაკარგვა არც კერძო სკოლებს სურთ. ისინი გაკვეთილებს საკუთარ შენობაში ატარებენ, მოსწავლეებს კი სკოლასთან ახლოს მდებარე ოჯახებში აბინავებენ (ოჯახში ცხოვრება ენის შესასწავლად დამატებითი ვარჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა). შესაძლოა, რომელიმე კერძო სკოლამ მოსწავლეებს საცხოვრებლად სტუდენტური რეზიდენციაც შესთავაზოს. ამ შემთხვევაში ბავშვებს აუცილებლად მიუჩენენ ხელმძღვანელს, რომელიც მათ საერთო საცხოვრებელში მოთავსებასა და უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

საზაფხულო სკოლები, გარდა საცხოვრებელი პირობების ხარისხისა, სასწავლო პროგრამების შინაარსითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგ სკოლაში აქცენტს სასწავლო დისციპლინებისა და გაკვეთილების რაოდენობაზე სვამენ, ზოგან კი გასართობი ღონისძიებები (სპორტული თამაშები, ექსკურსიები, ლაშქრობები) ჭარბობს. არსებობს სპეციალური საოჯახო პროგრამები, სადაც შვილებთან ერთად მშობლებსაც შეუძლიათ ენის შესწავლა. ასეთ სკოლებში 4-5 წლის ბავშვებსაც იღებენ.
 
საზაფხულო სკოლები საქართველოშიც ფუნქციონირებს: გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვისაც (Vernetzt für Nachhaltigkeit), ევროპული ცენტრის საზაფხულო პროგრამა EuroCamp 2012 – Gonio, ქართველი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბავშვებისთვის შექმნილი ბრიტანულ-ამერიკული ბანაკი Elite House კოჯორში… საქართველოში საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამებს ყველაზე ხშირად კერძო სკოლები გვთავაზობენ. ისინი თავიანთ საგანმანათლებლო-დასასვენებელ ბანაკებს მთის ან ზღვის კურორტებზე ხსნიან. უკვე რამდენიმე წელია ფუნქციობს ყველასათვის ცნობილი „მომავლის ბანაკი” ანაკლიაში, საქართველოს საპატრიარქოს ბანაკი „სამშობლო” და სხვა.
 
დღეს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება გლობალური პოლიტიკური ორგანიზაციების პრეროგატივაა, ენის შემსწავლელი საზაფხულო პროექტების მთავარ მიზნად კი ენობრივი ბარიერის დაძლევა, უცხო ქვეყნის გაცნობა და არდადეგების სასიამოვნოდ გატარება რჩება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის არდადეგების პერიოდში გაკვეთილებზე დასწრება ყველაზე არასასურველი რამაა. ამიტომაც ცდილობენ საზაფხულო სკოლები, მათი საარდადეგებო საგანმანათლებლო პროგრამები არ ჰგავდეს ჩვეულებრივ სასკოლო რეჟიმს. დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იყოს სპორტი, ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს, სასარგებლო სასიამოვნოს შეუთავსონ და არ გაუჩნდეთ სამართლიანი პროტესტის გრძნობა. მოსწავლეებს ზაფხულში გაცილებით მეტი დრო უნდა რჩებოდეთ გასართობად, თანაც ბავშვი სწორედ გასართობი აქტივობების დროს გადის ენობრივ პრაქტიკას, რაც ენის შესწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია. ექსპერტების შეფასებით, 3-4-კვირიანი საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ენის შესწავლის ინტენსივობა უტოლდება ჩვეულებრივი სკოლის ერთწლიანი სწავლების შედეგს.
საგანმანათლებლო სექტორის ბაზაზე დიდი ხანია ლიდერობს დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყანამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან დაიწყო საზაფხულო პროგრამებზე მუშაობა: კადრების შერჩევა კოლონიების ტერიტორიაზე, მათი გადამზადება, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენა, საერთაშორისო საგამოცდო სისტემის შემუშავება… ინგლისური ენის შემსწავლელი ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამები ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს დააკმაყოფილებს.
***
როგორც ვხედავთ, საზაფხულო არდადეგების საზღვარგარეთ გატარება პრესტიჟულთან ერთად სასარგებლოცაა. ენის შემსწავლელი ბანაკების მთავარი მიზანია, ბავშვებმა რაც შეიძლება მალე გადალახონ ენობრივი ბარიერი. ამასთან, მოზარდები შეიძენენ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას, ახალ მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნიდან და, რაც მთავარია, სასარგებლოს სასიამოვნოს შეუთავსებენ, სწავლის პარალელურად კარგად დაისვენებენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსენი დაუბრუნდებიან ოჯახს.
ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა ერთგვარი სტიმულია. მათ უჩნდებათ უცხო ენის შესწავლის მოტივაცია. ადამიანი ხომ ყველაზე უკეთ მაშინ გაიაზრებს ენის ცოდნის მნიშვნელობას, როცა ამ ენაზე კომუნიკაცია უწევს.
საზაფხულო სკოლების სიმრავლის გამო არჩევანის გაკეთება საკმაოდ ძნელია. მომდევნო წერილში უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, მალტის, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ისა და კანადის საზაფხულო სკოლების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი