ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიყვარულის უპირატესობანი

– “ტომ!”– პასუხი არ არის. ტომი დეპრესიაშია.

მე არ გიამბობთ, როგორ ადიდდა პატარა მდინარე და როგორ დახოცა ცხოველები და ადამიანები, როგორ დაანგრია მათი სახლები და თან გაიყოლა ამდენი სხვადასხვანაირი ცხოვრება. ჩვენ ამის შესახებ, სამწუხაროდ, ყველაფერი უკვე კარგად ვიცით. ჩემს ძმისშვილზე უნდა გიამბოთ, ტომიზე, რომელიც, მგონი, მართლა დეპრესიაშია. დიდივით.
ტომის ოცნებაა ნატურალისტი გამოვიდეს. მე მიხარია, რომ ტომის ოცნებაა, ნატურალისტი გამოვიდეს. კიდევ ის მიხარია, რომ მაშინ, როცა ჯერალდ დარელის “ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” წაიკითხა, სათაური სულაც არ მოეჩვენა უცნაურად, არც– შეურაცხმყოფელად. გაიღიმა და გამანდო, მგონი, დარელი მინდა, გამოვიდეო. მე სულ სხვა რამეზე გამეღიმა: ტომი გაიზრდება და ჯერი გამოვა– მეთქი. ნეტა, მაშო რო გაიზრდება, მარგოსნაირად დააყრის სახეზეო?– დაინტერესდა. რა ვიცი– მეთქი, ტომი, ეგ ინდივიდუალური რამეა, მოზარდობისას ზოგს აყრის, ზოგს– არა, მერე უფრო მეტად იზრდებიან და ის წითელი წერტილები, საბოლოოდ, მაინც უქრებათ– მეთქი, – უფროსულად ვუპასუხე. რა მოსაწყენი ხარ, წამო, ქვიშაზე ხვლიკებს დავაკვირდეთო.
კახეთში, ჩვენს ეზოში, საუკუნეა ქვიშის ერთი ბორცვია. მე გავიზარდე, ის დაპატარავდა. მაგის გარეშე ჩვენი ეზო ვერ წარმომიდგენია, თან, ზაფხულობით საინტერესო ამბები სულ მანდ ხდებოდა. წითლად მოხატული ჭიების სამფლობელოები, მათ გვერდით შავი, პრიალა, მწერები პლასტმასივით სხეულებით და რაც მთავარია, ხვლიკები: ვითომ რო სძინავთ, მიუახლოვდები და გაგირბიან. კახეთის ზაფხულები ახლა ტომისია, წამოვწვებით ქვიშასთან და ათას ამბავს ვთხზავთ. ახლა კი აღარც ხვლიკები აინტერესებს და ის ბორცვიც მიატოვა. ტომი ზოოპარკსა და იქაურ ცხოველებზე დარდობს. ეჭვი ეპარება საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში: ნუთუ, ღირს ნატურალისტობა? იყო ნატურალისტი, ნიშნავს კიდევ ბევრჯერ ნახო მკვდარი ცხოველი არა მხოლოდ გალიაში, მის გარეთაც.
ნეტა, გარისკავს?
ტომ, რადგან მეც კი აღარ მელაპარაკები, როგორც შენი ოცნების თანამონაწილეს და შესაბამისად, სახიფათო მამიდას, მას, ვისაც შენთვის ყოველ კვირას უამრავი წიგნი მოაქვს ფლორა– ფაუნის შესახებ და დარელს შენთან ერთად დღემდე კითხულობს, აქ გეტყვი იმას, რაც მხოლოდ იმიტომ ვერ გითხარი, რომ გამირბიხარ. ვიცი, წაიკითხავ, სულ ჩემს ფეისბუქ კედლეს ამოწმებ, რამდენჯერ გამოგიჭირე:
ნებისმიერი პროფესია, ყველა, სულ ყველა ძალიან რთულია. ჩვეულებრივი ამბავია, როგორც წესი, ის რაც გვინდა, რთულია ხოლმე. ის რაც უკვე გაქვს,– შენი სახლი, ოჯახი, სათამაშოები, წიგნები, სკოლა, რომელშიც შეგიყვანეს, ეს ყველაფერი იყო და ამაში რთული არაფერია, შენ არ მოგიპოვებია. მაგრამ, გაიხსენე შენი მეგობრები: შენი ურთიერთობები ოჯახის გარეთ, ეს ხომ გაცილებით რთული იყო, დამოუკიდებლობა ხომ არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან ტკბილი რამეა?! ტომი, წარმოიდგინე ექიმები, რომლებიც ისეთ ოპერაციებზე შედიან, სადაც უშეცდომოები უნდა იყვნენ, ყველაფერი მიკროსკოპული სიზუსტით უნდა გააკეთონ და მაინც არ იყვნენ დარწმუნებულები პოზიტიურ შედეგში. მაგრამ ვინმე ხო უნდა იყოს ექიმი, სხვანაირად ხო ვერ გადავრჩებოდით, სულ ცუდად ვიქნებოდით, ცხოვრებაც დაპატარავდებოდა და ის კი, უმჯობესია, იყოს ხანგრძლივი.
მე იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. რომ გაიზრდები, კიდევ უკეთესად გამიცნობ. რამდენი ამბავი მაქვს მოსაყოლი: ხან რეზინის  ტყვიებს მიშენდნენ რომელიმე მიტინგზე, ხან “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” ბრალს მდებდნენ მოვლენების არასწორად გაშუქებაში, ხან მკითხველს არ სჯეროდა ჩემი, ხან მე არ მჯეროდა არავისი. მეჭირა დიქტაფონი და საერთოდაც არ ვთრთოდი “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. იმიტომ რომ ლერწამი კი არა, ადამიანი ვარ მძიმე, მყარი ნაბიჯით და “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” მხოლოდ ჩვენ გამო, ადამიანების გამო არიან “ძლიერნი”. შენი პროფესია შენი ცხოვრებაა. და მე მჯერა, ის უნდა გიყვარდეს. სხვანაირად არ გამოვა. სიყვარულის გარეშე ის ფუნთუშებიც არ ცხვება, რომელსაც ყოველდღე სკოლის ბუფეტში მიირთმევ. იმ ფუნთუშების ყიდვა ხომ არ მოგინდებოდა ქიშმიში საერთოდ რომ არ ჰქონდეს?! მაგრამ მცხობელმა სპეციალურად შენთვის ბევრი ქიშმიშით გამოაცხო.
მსხვერპლი კი გარდაუვალი რამეა. ნუ გგონია, რომ მხოლოდ სიკვდილს მოსდევს მსხვერპლი. შენც, გადარჩენილი ახლა მსხვერპლი ხარ. როცა გგონია, რომ ცხოვრება და ოცნებები თავზე გენგრევა, მსხვერპლი ხარ. წყალდიდობის, უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლი ხარ. ცოცხალი მსხვერპლი. ეს ასეა. მაგრამ, აბა, მითხარი, ვის ჩაუქნევია ხელი საკუთარ ოცნებებზე?! მე, შენხელა რომ ვიყავი, კუ მყავდა, აქილევსი. პატარა იყო, პატარა. ბაკანიც ფაქიზი ჰქონდა. ვევლებოდი თავზე აქილევსს, ვცხოვრობდით ერთად ბედნიერები. მაგრამ აქილევსი მოკვდა. შენს საყვარელ ჯერისაც უკვდებოდნენ ცხოველები, სხვათაშორის. მერე, როცა სახლში ამჯერად უკვე კატა ფეფო მოვიყვანე, დავაფიცე, რომ არ მოკვდებოდა. არასდროს. თან ავად იყო, ჯერ უნდა გადამერჩინა, ფიცი მერე უნდა გამომეძალა. რა თქმა უნდა, გადარჩა. და მეც დავიჯერე, რომ მისი “მიაუ” მტკიცე პირობა იყო, კატური ფიცი. ფეფომ დიდხანს იცოცხლა და შთამომავლობაც უხვი ჰყავდა.
ჯერი რომ გამოხვალ და მსოფლიოს მოივლი, ადამიანების, ცხოველების, ამ შესანიშნავი მსოფლიოს შესანიშნავი ამბების შუაგულში მოხვდები, გაიხსენე ეს წერილი. ჩვენ ხანდახან, რა თქმა უნდა, ვცდებით. მაგრამ იშვიათად– ასეთ საკითხებში. დამიჯერე, რა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი