შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნამდვილი ომი

ჩემი მეგობარი ახლახანს თურქეთიდან ჩამოვიდა. ჩემთვის თურქეთი სტამბოლია, “უმანკოების მუზეუმი” და რაჰათ–ლუქუმი. არანორმალურად ტკბილი გემო აქვს ამ ქვეყანას, ვერაფრით დავინტერესდი, ვერაფრით შევიყვარე. სტამბოლში ჩავდივარ და ყელთან მაქვს ეგ სიტკბო, ყოველ ვიწრო ქუჩაში ვიჭედები, ვერ ვსუნთქავ და ერთი სული მაქვს, თბილისში დავბრუნდე. დილები კი, იცოცხლე, ისეთი ეგზოტიკურია, წამოვხტებოდი ხოლმე, გავვარდებოდი სასტუმროს უზარმაზარ აივანზე და მეჩეთებიდან გამოსულ ხმებს გაოცებული ვუსმენდი. რა ხმები იყო, რამდენი იყო, სხვადასხვანაირი, საერთოდ არ ჰგავდა მაგათ ფარჩას, აბრეშუმსა და ოქროს სირმებს. ვუსმენდი, მიკვირდა. ეგ დილები მომენატრა. მეტი არაფერი.

თაკა სირიისა და თურქეთის საზღვარზე ქალაქ გაზიანტეპში ექვსი თვე ცხოვრობდა და მუშაობდა. მდიდარი ქალაქია გაზიანტეპი, თურქეთში მეექვსე განვითარების მხრივ და პირველი– ასტრონომიულად მზარდი ფასების მხრივ. ყველფერი ძალიან ძვირია: პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და ბინებიც. იმდენად ძვირი, რომ ეჭვიც კი გეპარება, მეპატრონეს საერთოდ უნდა თუ არა მისი გაქირავება.
სირიაში ომია, ნამდვილი ომი. მე და თაკა ლუდს ვსვამთ და ომზე ვლაპარაკობთ. ძალიან მარტივია, სვამდე ლუდს და ომზე ლაპარაკობდე, თითქოს ომის ამბები ლუდს ისე უხდება, როგორც მიწის თხილი. თაკა იქ “ევროკავშირის” მიერ დაფინანსებული ექვსთვიანი პროექტით მოხვდა, ევროპელი მოხალისეები სირიელ ლტოლვილებს და თავად თურქებსაც ინგლისურის გარდა ცხოვრების მთავარ, მნიშვნელოვან პრინციპებს ასწავლიდნენ. უფრო სწორად, კარგად, ბედნიერად და მშვიდად ცხოვრების პრინციპებს. არადა, იქვე, რამდენიმე კილომეტრში ომი იყო. დანაღმულ ველებზე ადამიანები ყოველდღე იხოცებოდნენ და იქცეოდნენ მსხვერპლად, რომელიც, შეგიძლია, გულგრილად დაითვალო და მერე სტატისტიკა შეადგინო. მაგალითად, თაკას ჩასვლისას თუ იქ ორასორმოცდაათი სირიელი ოჯახი ცხოვრობდა, მისი წამოსვლისას მათი რიცხვი ორ ათეულსაც აღარ შეადგენდა. სირიელი, თურქეთს შეფარებული ლტოლვილები საკუთარ, სისხლიან ქვეყანაში გადასვლის ცდუნებას ვერ უძლებდნენ და მერე დანაღმულ ველებზე იხოცებოდნენ. ვუსმენდი თაკას და მიკვირდა, რომ არიან ადამიანები, ვისაც საკუთარი სისხლიანი სამშობლოები უყვართ. მესმოდა ის ომი, ის ხმაური და ვფიქრობდი, რომ მე ალბათ არასდროს ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ოდესმე საკუთარ ომში დაბრუნდებოდა. თაკა კი ამ დროს, სისხლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ბავშვებს რასიზმზე, ქსენოფობიასა და ლიბერალიზმზე ესაუბრებოდა.
თურქეთმა ლტოლვილები შეიფარა, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ შეუქმნა. თაკას სირიელების ბანაკებში წარმოუდგენელი სიღატაკე დახვდა და პირველი, რაც ოჯახებმა პროექტის კოორდინატორებს სთხოვეს, ჰოგიენის საშუალებები იყო. მათ არ ჰქონდათ საპონი. თვალებს ვხუჭავ და მახსენდება, როგორ შევდივარ “ივ როშეში” და თითქმის ნახევარი საათი ვარჩევ დუშ–გელს. ამას მძაფრი სურნელი აქვს, ეს მშრალი კანისთვის განკუთვნილი არაა, ეს კი თაფლს შეიცავს და ვაითუ, ალერგიას ვერ გადავურჩე?! მაგრამ ლტოლვილები, ალბათ, ალერგიულები აღარ არიან, ომი ალერგიას კურნავს.
ბავშვები ფეხშიშველები დადიოდნენ გაკვეთილებზე, ფეხსცმელი, მათ, უბრალოდ, არ ჰქონდათ. ომი ნაკლებად პრეტენზიულს გხდის მოდისადმი.
ლტოლვილი ბავშვები ქუჩაში ყიდიან ლიმონს და ამით პურის ფულს შოულობენ. უფროსები ასე მარტივად თურქეთში სამსახურს ვერ იშოვიან, რადგან თურქეთმა მათ მხოლოდ ცოტაოდენი, დასასახლებელი მიწა მისცა ბანაკებისთვის. “თურქებს არ უყვართ ლტოლვილები, მე ბევრჯერ მინახავს და მსმენია ეგ სიძულვილი. სწორედ ამიტომ, თურქ მოზარდებთანაც ვმუშაობდით. მე ის მაშინებს, რომ თითქმის ყველას, მათ, ვინც ყველაფერს შორიდან უყურებს, ჰგონია, მხოლოდ ქრისტიანები დაზარალდნენ, მხოლოდ რელიგიაა სისხლის მთავარი მიზეზი. ყველაფრის უკან კი, საბოლოოდ, ბინძური პოლიტიკაა. როგორი გულუბრყვილო ფრაზაა ეს “ბინძური პოლიტიკა”, მაგრამ, სალომე, დანაღმულ მინდვრებზე გადავდიოდით. მაგ დროს სიკვდილს კი არა, საკუთარ სიცოცხლეს ხედავ”, – აგრძელებს თაკა,– “გარდა ამისა, დღეში ოთხ საათს ონკოლოგიურ საავადმყოფოში მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან ვატარებდით და ათას რამეს ვიგონებდით მათ გასართობად. გარეთ ვერ გამოდიოდნენ, ნებისმიერი რამ მათთვის სახიფათო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. თერთმეტი წლის მუჰამედმა გვთხოვა, საავადმყოფოში ზარი დაგვერეკა, აი, ისეთი ზარი, როგორსაც სკოლაში რეკავენ. ჩვეულებრივი ზარი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სოციუმის წევრი ხარ, გყავს კლასელები და მეგობრები და ჰა, გაკვეთილი იწყება, და ჰა, ყველა ერთად უნდა შევიდეთ მათემატიკაზე.” მუჰამედი მალე გარდაიცვალა.
ჩვენ სულ მშვიდობაზე ვლაპარაკობთ. ყველაზე პაციფისტები, კარგები, კეთილები, ჭკვიანებიც კი. ახლა კი ვზივარ “კანუდოსში”, ვსვამ ლუდს და ვლაპარაკობ ომზე, რომელიც ნამდვილია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი