პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სამყარო როგორც სახლი და სახლი როგორც სამყარო

პოეტი დათო ყანჩაშვილი „სახლის ძიებაში”
და რაც მთავრდება, ჯერ შიგნიდან მთავრდება მუდამ
და მერე გარეთ…
სიყვარულმა ასე იცის:
ადამიანი ხდება სახლი,
რომელშიც ცხოვრობ…
დათო ყანჩაშვილი
რას ნიშნავს სახლი?
სიმბოლოთა ლექსიკონების განმარტებით, სახლი კოსმოსის სიმბოლოა, ერთგვარი მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსში და პირიქითაც. თავად ადამიანის სიმბოლოცაა და აქვე მარტივი ლოგიკით შეიძლება გამოთვლა, რომ ადამიანი კოსმოსია… ალბათ თითოეული ადამიანის კოსმოსი განსხვავებულია, ისევე როგორც თავად ადამიანები არიან განსხვავებულები… სახლისა და ადამიანის ორგანიზმის იდენტობას ფსიქოლოგიაში ასე აღწერენ: სახლის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ორგანოს შეესაბამება. ფასადი სოციალური ნიღაბია, რომელსაც ადამიანი ყურადღების მისაპყრობად ირგებს, სახურავი თავია (ცნობიერების ფუნქციები), სარკმელი – თვალები, სახლის შუაგული გულს შეესატყვისება, საწოლი ოთახი – ინტიმს, კარი და შემოსასვლელი შინაგანიდან გარეგანში გაღწევის სიმბოლოა, სამზარეულო ფსიქიკასთან იგივდება, სარდაფი – არაცნობიერთან, ხოლო სხვენი – ეს არის მოგონებები, ოცნებები, რომანტიკა…

ბრიტანულ მენტალიტეტს კარგად გამოხატავს ფრაზეოლოგიზმი: „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”. სახლი არის დაცვა, ნავსაყუდელი, თავშესაფარი, უსაფრთხოება, სიმშვიდე…

სახლის მეტაფორით ადამიანი ყველაზე უკეთ აღწერს საკუთარ შინაგან სამყაროს. ფსიქოლოგიაში ეს მეთოდი, ერთი მხრივ, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ღირებულებების საკვლევად გამოიყენება, მეორე მხრივ კი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ სახლის (პიროვნების) კორექცია და შინაგანი სივრცის გადაწყობით გადავაწყოთ გარეგანი სივრცეც. ამ აზრს კარგად შეესაბამება თანამედროვე საინტერესო ავტორის, დათო ყანჩაშვილის სტრიქონები:

„და რაც მთავრდება, ჯერ შიგნიდან მთავრდება მუდამ
და მერე გარეთ…”
შესაბამისად, შინაგანის გადაწყობით იცვლება გარეგანიც.
პოეზიის მაგალითზე შეიძლება, სტუდენტებს (მოსწავლეებსაც) ამგვარი დაკვირვება შევთავაზოთ როგორც საინტერესო თამაში.
დათო ყანჩაშვილის (იორიკის) პოეზია სახლის მეტაფორების სიუხვით გამოირჩევა.
სარდაფი როგორც არაცნობიერი

პოეტი ყოველთვის ინტუიციურია, როდესაც პოეზიაში ამჟღავნებს იმას, რის შესახებაც ცოდნა არ გააჩნია. ამ ცოდნას პოეტი ფლობს „სწავლის” გარეშე… მხოლოდ პოეტებზეც არ ითქმის ეს – ალბათ ყველაზე, ვისაც შეუძლია, ღრმად იფიქროს.

ლექსში „სარდაფი” დათო ყანჩაშვილი საკუთარ არაცნობიერში იქექება. სახლი, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, ცოდვიანია და ახლა ეს ცოდვები მან უნდა ზიდოს; მან უნდა აგოს პასუხი სარდაფში აღმოჩენილ მკვდარზე, სხვების მიერ ჩადენილ დანაშაულზე…

„ჩნდება შეგრძნება,
თითქოს დაგრჩა ანდერძით სახლი,
რომლის სარდაფიც
გამუდმებით უნდა ალაგო
და ვერ გაერკვე,
როგორ მოხვდა სარდაფში მკვდარი,
რომელიც ღამე
სადმე სხვაგან უნდა დამარხო…”
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოეტმა გაცნობიერებულად არ იცის, რომ ფსიქოლოგიაში სარდაფი არაცნობიერს შეესაბამება და მისი აღწერით არაცნობიერს აღწერს და „ალაგებს” (ან ურევს დალაგებამდე). ამიტომ არის მნიშვნელოვანი შემდეგი სტრიქონები:
„და ეს წარსული,
როგორც აწმყოს ქვეცნობიერი,
გინდა-არ გინდა, იწყებს ტივტივს,
გაფრთხობს და გაბნევს,
ვეღარ იხსენებ რა გადაგხდა,
რა იყო მართლა
და რა გადმოგყვა ამ ანდერძით –
რა გაგიყალბეს”.

ასე გრძელდება სარდაფში (არაცნობიერში) ჩხრეკა, თვალიერება, გაანალიზება. და რა ხდება ამის შემდეგ? დაკვირვებას მოსდევს გაცნობიერება, რაც ლექსში ამ სტრიქონებით გამოიხატა: 

„და თავს იმშვიდებ:
„გამოსავალს მოვძებნი რამეს”,
მაგრამ ღამდება,
მთვარესავით გევსება სახლი,
ამჩნევ: სარდაფი უფრო სწრაფად ამოდის ზემოთ,
უკვე საწოლიც
ფორმას იღებს თითქოს სასახლის…”

მეტაფორა „სარდაფის ზემოთ ამოსვლა” შეესაბამება სწორედ არაცნობიერი მოვლენების ცნობიერში ამოტანას. რა თქმა უნდა, მთელი ლექსი მეტაფორულია. არც მკვდარი შეიძლება გავიაზროთ პირდაპირი მნიშვნელობით… ეს არის ე.წ. კარმა, „სახლის სული”, რომელსაც ქმნიდნენ მანამდე, სანამ ამ „სახლში” პოეტი გადმოვიდოდა საცხოვრებლად… იქნებ ამ არაცნობიერი შიშისა და სხვისი ცოდვების საკუთარ თავზე არაღების გამო დათო ყანჩაშვილის პოეზიაში მნიშვნელოვანია, რომ ის ხშირად „გარბის სახლიდან”, „ანგრევს სახლს”…. ამ მეტაფორებით ავტორი ცდილობს ძველის დაძლევას, სახლის კორექციას, ახლის აგებას… 
შენ დამრჩი გარეთ
„თვალები – ჩემი სახლის ფანჯრები, 
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს და შემოსასვლელად
ფანჯრებს გთავაზობ –
დახურვამდე თუ შემოასწრებ…”
კიდევ ერთი ზუსტი ფსიქოლოგიური მეტაფორა: „თვალები – ჩემისახლისფანჯრები…” პოეტს არ აქვს „კარი” (რაც სიმბოლოა შინაგანიდან გარეგანში გაღწევისა), ამიტომ სთავაზობს სატრფოს (რომელიც მისივე ალტერ ეგოა), ფანჯრებიდან შემოიპაროს, რადგან თავად გარეთ ვერ გადის. ის ჩაკეტილია, შეკეტილია საკუთარ თავში, პოეტმა სული სახლად აქცია, მოსწყდა გარე სამყაროს… მაგრამ გარეთ დარჩა სატრფო და ეს ადარდებს… 
„შენ დამრჩი გარეთ. შენზე მხოლოდ ის ვიცი ახლა,
რომ დგახარ მარტო, ღმერთვით ჩუმად,
შიგნით სულ არ ხარ, ხარ ყველგან გარეთ,
და უფრო გარეთ, და უფრო
სადღაც.
(„შენ დამრჩი გარეთ”)
დათო ყანჩაშვილის სახლი ხან „მატრიოშკების რთული სამყაროა”, ერთმანეთში რომ ჩალაგებულა, ხან დანგრეულია და განადგურებული. ხანაც მამაა („შვილებო, მოდით, სახლი კი არა, მამა მომიკვდა”)… ეს სახლი ხან უჭეროა, ხან – უკედლო და ხანაც – მხოლოდ კედელია… ხან ქუჩაა, ხან – ქალაქი და ხან – მაღაზია… ყველა სახლი თავისას ჰყვება და ყველა სახლში შინაგანი ადამიანის ხმა ისმის. 

მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეტი გზაშია. „სახლის” ძიებაშია. ანგრევს და აშენებს, მისამართებს იცვლის და ივიწყებს…
„როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან” (დ. ყ.), ის მარტო არ მიდის. ყველაფერს ატან… გრჩება სიცარიელე, რომელშიც ისევ ახალი სახლის აგებას იწყებ… რომელსაც, სავარაუდოდ, ისევ „სხვას გადაულოცავს” პოეტი.
დათო ყანჩაშვილის ამ ლექსზე კი არაფერს ვიტყვი – მინდა, თქვენც იფიქროთ:
მისამართები
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არა აქვს კარი
და ამ სახლში ჩვენ ვერ შევდივართ…
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არ აქვს ფანჯრები
და რაფაზე იდაყვების ჩამოყრდნობით
ლოდინს ამიტომ აზრი არა აქვს.
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არა აქვს ჭერი
და შემოდგომის ყველა წერილს
ქარი – ბებერი ფოსტალიონი –
ფოთლებად მაყრის.
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არ აქვს იატაკი,
არც საძირკველი
და ძალიან გართულდა დგომაც. 
სახლი, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას,
არის ადგილი
შუა ქუჩაში,
სადაც ვჩერდები,
როდესაც მერწყულს უვარდება ცალი ბიდონი
და ჰაერიც ისე სველდება
როგორც მანძილი
თვალებსა და თვალებს შორის
და მორიელი უკვე დიდი ხნის შეჩვეული
შინაური ბინადარივით გულზე მაჯდება,
ქალწულები კი იწყებენ წვიმისგან
ციხე-კოშკის ბოლო სარკმლიდან ჩამოშლილი
თმის გადარჩენას,
ხოლო თევზები ჩვეული თევზური გამომეტყველებით
მიწყებენ თვალის უპეების სითხით ავსებას 
და შიგნით ცხოვრებას. 
და ზუსტად მაშინ,
მე
ვიღლები საკუთარი მარტოობით
და გიგზავნი უამრავ გონებრივ და სიზმრისეულ შეტყობინებას
და ჩვენი სახლის მისამართს თითქმის
ყველა ლექსში გწერ…
და ყოველდღე ჩამონგრეულ
საკუთარ თავს ხელახლა გიშენებ,
რომ შემოხვიდე ჩემში და-სახლდე,
მე კი დაღლილმა უ-შენობით
შევძლო და შენში დავიწყო ცხოვრება. 
თორემ საცაა ცაზე ჩამუხლულ მშვილდოსანს
უმისამართოდ მოზიდული ისარი შემთხვევით გაუვარდება
და კუპიდონი არ გეგონოს,
გულს კი არა,
სულ სისხლძარღვებს დაგვაწყვეტინებს
და
სახლები, რომლებშიც მე და შენ უნდა გვეცხოვრა,
სამუდამოდ გადავლენ სხვადასხვა მისამართზე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი