პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საფოსტო ყუთი – ლიტერატურა წერილებად

 მეორე ნაწილი
წერილს ლიტერატურაში ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ. მისი დახმარებით იხსნებოდა სიუჟეტური კვანძი, იმართებოდა აქტიური დიალოგი პერსონაჟებს შორის. წერილები იგზავნებოდა, მათ იღებდნენ, კარგავდნენ, პოულობდნენ, ელოდნენ, წვავდნენ, უბის წიგნაკში ინახავდნენ… ასეა თუ ისე, წერილების წყალობით ლიტერატურული თუ რეალური გმირების ცხოვრება ხშირად დამდგარა თავდაყირა.

დავიწყებ ეპისტოლური მწერლობის ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშით. ჯ. მ. კუტზეესა და პ. ოსტერის ერთობლივი კრებული ,,აქ და ახლა” ამ ორი მწერლის წერილობითი დიალოგის შედეგად შეიქმნა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ. კუტზეეს ინიციატივით, მალე მწერლებს შორის აქტიური მიმოწერა გაჩაღდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთის შემოქმედების ერთგული მკითხველები ყოფილან, მოგვიანებით კი საფოსტო ყუთის განუყრელ მეგობრებად და პუბლიცისტური პროზის ძალიან საინტერესო კრებულის თანაავტორებად იქცნენ.

ამერიკასა და ავსტრალიას შორის მფრინავ წერილებში ისინი საუბრობენ ყველაფერზე: მეგობრობაზე, ფინანსურ კრიზისზე, სპორტზე, ომსა და მშვიდობაზე და, რა თქმა უნდა, ლიტერატურაზე. მწერალთა დასკვნები მათთვის დამახასიათებელი დამაჯერებელი არგუმენტებითაა გამყარებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, გულუბრყვილო ბავშვებივით სწამდეთ და იოცნებონ.

ძნელია, გაიხსენო ისეთი რომანი, სადაც ერთ პერსონაჟს მაინც არ წასცდენია ხელი კალმისკენ საყვარელი ადამიანის მოსაკითხად. მერე რა, თუ მათი შემქმნელები მელნისა და ბატის ფრთის ეპოქაში აღარ ცხოვრობენ და თავად გმირებიც ციფრული კალმით არიან შექმნილნი, ეს ფაქტორი რომანტიკულ მიმოწერას ხელს სულაც არ უშლის. 

ქართულ ლიტერატურას თუ გადავავლებთ თვალს, ,,ვეფხისტყაოსნის” სამყაროშიც მრავლად შევხვდებით პერსონაჟთა ეპისტოლეებს. ილიას „მგზავრის წერილებიც” არ დაგვავიწყდეს. თანამედროვე მწერლობაში თუ დავიწყებთ ძებნას, გვერდს ვერ ავუვლით ჩოხელის „თევზის წერილებს”, ან მის მეორე მოთხრობას – „წერილი ნაძვებს”… საბავშვო ლიტერატურის საგანძური ხომ ნამდვილი საფოსტო ყუთია: „ბიძია სევას ამბები” (დ. ჯავახიშვილი), „წერილი ბოთლში” (თ. ლომაძე), „წერილები დაჩის” (ო. იოსელიანი) და სხვ. ყველასათვის საყვარელი მწერლების ა. ლინდგრენისა და ა. კ. ვესტლის პერსონაჟებსაც აქტიური მიმოწერა აქვთ გაჩაღებული. ანე ფრანკს თავის ერთადერთ მეგობართან – საკუთარ დღიურთან გაუმართავს წერილობითი დიალოგი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ჰოგვორტსის საფოსტო ბუების თავდაუზოგავი შრომა რად ღირს…

ეპისტოლური ლიტერატურა როგორც ჟანრი ბერძნულ და რომაულ მწერლობაში წარმოიშვა, იქიდან კი ევროპულში გავრცელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია ციცერონის, ჰორაციუსის, სენეკას, ერაზმ როტერდამელის, მონტესკიეს, კარამზინის და სხვა ცნობილ ლიტერატურულ და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური ნაწარმოებები. წერილებისგან შემდგარი რომანების სიაც საკმაოდ ვრცელია: გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, პუშკინის „რომანი წერილებად”, დოსტოევსკის „საბრალო ადამიანები”, ლაკლოს „სახიფათო კავშირები”, ჩესტერფილდის „წერილები ჩემს ვაჟს”, ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი”… შეუძლებელია ამ წერილების დავიწყება. მაგალითად ტატიანას ონეგინისადმი მიწერილი წერილიც კმარა:

დღეს ასეთი წერილების წერას არა მარტო რეალური ადამიანები, ლიტერატურული პერსონაჟებიც კი გაურბიან, ზედმეტად ტკბილი ეჩვენება თანამედროვე მწერალ-მკითხველის თვალს. თუმცა ისიც ცხადია, რომ მსგავსი წერილების ავტორ-პერსონაჟები დღემდე ახსოვთ და უყვართ, რადგან მათ თავიანთი სახელის უკვდავყოფა სწორედ „გადაჭარბებული” გულახდილობითა და გაუხედნავი ემოციების ფურცელზე ჯირითით მოახერხეს.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ლიტერატურულ საფოსტო ყუთად დღემდე „კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია” (ე. თ. ა. ჰოფმანი) რჩება. მწერლის კატა, რომელიც ხშირად „ალაგებდა” ჰოფმანის საწერ მაგიდას, რომანის მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი და მწერლის მუზა გახლავთ. ის წიგნის დასრულებამდე გარდაცვლილა, რამაც წერილების ნაცვლად მწერალს მეგობრებისთვის სამგლოვიარო დეპეშები დააგზავნინა. აი, რა ეწერა დამწუხრებული პატრონის უსტარში: „ამა წლის 29 და 30 ნოემბრის გასაყარზე, იმედებით აღსავსე სიცოცხლის მეოთხე წელს გარდაიცვალა ჩემი აღზრდილი, უსაყვარლესი კატა მური. ის, ვინც იცნობდა და თვალყურს ადევნებდა პატიოსნებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი ჭაბუკის მიერ განვლილ გზას, უთუოდ გაიზიარებს ჩემს მწუხარებას და დუმილით სცემს პატივს მის ხსოვნას”. კატა მურის სხვენზე დაბადებული ფილოსოფია ყველა მკითხველის ყურადღების ღირსია. 

ახლა კი ორიოდე სიტყვით წერილების მეტამორფოზის შესახებ მოგიყვებით.
ვის უჩივიან ფოსტალიონები

უკვე 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 30 წლის რეი ტომლინსონმა პირველი ელექტრონული ბარათი გაგზავნა და მისამართის ველში ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმბოლო @ ჩასვა. დღეს ელექტრონული ფოსტით სარგებლობს დედამიწის მცხოვრებთა უმრავლესობა, ყოველდღე იწერება მილიონობით ვირტუალური გზავნილი. ელექტრონული საფოსტო ყუთის „მშობელი”, მიუხედავად ასაკისა, დღემდე საუკეთესო პროგრამისტად მიიჩნევა თავის კომპანიაში. ტომლინსონის მიერ შესრულებული სამუშაოს უდიდესი ნაწილი სამხედრო-პოლიტიკური შინაარსის გამო გასაიდუმლოებულია, ასე რომ, ფართო საზოგადოებისთვის რეის მხოლოდ ერთი გამოგონებაა ცნობილი.

ელექტრონული წერილის თავდაპირველი მიზანი ის ყოფილა, რომ საქმეში ჩაფლულ პროგრამისტს დრო არ დაეკარგა და მარტივად და სწრაფად მიეწვდინა ხმა საერთო ოთახსა თუ შენობაში მომუშავე იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც არ იღებდნენ ტელეფონის ყურმილს. რეის დღემდე მიაჩნია, რომ ნებისმიერ გამოგონებაში სიმარტივეა ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა სიახლე ყველასათვის გასაგები და მისაღები გახდეს. Email-ის შექმნით პროგრამისტმა თავისივე შეხედულების არგუმენტირება მოახერხა. ორმოცი წლის შემდეგ ელექტრონული ფოსტა ისევ ისე გამოიყურება, როგორც შექმნის პირველ დღეს, თუმცა ახლა შეგვიძლია მასზე სხვადასხვა ფაილის მიმაგრება და ადრესატისთვის წერილთან ერთად გაგზავნა. ამ ერთი შეხედვით მარტივმა გამოგონებამ ცხოვრების ტემპი საკმაოდ დააჩქარა. წერილებს მყისიერად ვიღებთ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. ინფორმაცია აღარ არის დეფიციტური პროდუქტი, რადგან კომუნიკაციას მანძილი ხელს ვეღარ უშლის.

ელექტრონული ფოსტის სიმბოლო @, რომელსაც უმრავლესობა – ძაღლუკად, ზოგი კი ლოკოკინად ან ნიჟარად  მოიხსენიებს, ჯერ კიდევ პირველ საბეჭდ მანქანებზე არსებობდა და აღნიშნავდა ინგლისურენოვან არტიკლს „at”, თუმცა მას იშვიათად იყენებდნენ. რეი ტომლინსონმა მას სახელსა და მისამართს შორის გამყოფი საზღვრის როლი მოარგო და მიმოწერის გამუყოფელ ნაწილად აქცია. 

ელექტრონული წერილი ფოსტალიონის პროფესიის ყველაზე საშიში და დაუმარცხებელი მტერი აღმოჩნდა. დღეს იშვიათად თუ ნახავთ ხელით ნაწერ წერილს. ფოსტით უმთავრესად ორგანიზაციები სარგებლობენ, მისი მეშვეობით საქმიან ბანდეროლებს გზავნიან. ოცდამეერთე საუკუნის ფოსტალიონების ჩანთა თითქმის ცარიელია, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია გაქრობის პირას სწორედ რეი ტომლინსონმა დააყენა.
სოციალურ ქსელებში ხშირად წავწყდომივარ ნოსტალგიურ პოსტებს ნამდვილი წერილების შესახებ. მაგალითად „ქარის მოტანილი წერილების დღეც” კმარა. 22 სექტემბერს ხელნაწერი ბარათების გასაცოცხლებლად ათასობით ადამიანი იღებს ხელში კალამს. უადრესატო წერილების რიცხვიც წლიდან წლამდე იმატებს.
წერილები და მომავალი თაობა

თუ გსურთ, ბავშვებს წერილის მნიშვნელობა მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ, შეგიძლიათ, კიპლინგის მოთხრობა „როგორ დაიწერა პირველი წერილი” წაუკითხოთ და თან ამავე მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმიც აჩვენოთ:

წერილობითი ფორმით სათქმელის ჩამოყალიბება დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით უჭირთ, ამიტომ აქტივობა „სიმულაციური წერილები” ხშირად გამოიყენება ქართული ენის გაკვეთილზე. 

კლასის დამრიგებლები, გარდა საგაკვეთილო პროცესისა, წერილებს ურთიერთობის მართვის ერთ-ერთ ფორმადაც ვიყენებთ. მაგალითად, ე.წ. საჩივრების ყუთში გულნატკენი წერილები ხვდებიან (ბავშვებს შეუძლიათ, ვინაობის დასახელების გარეშე, რომელიმე თანატოლის ქცევაზე წერილობით გამოთქვან გულისტკივილი, დამრიგებლის საათზე კი ზოგადად განიხილება წერილებში წამოჭრილი ესა თუ ის პრობლემა); „რატომელა” ყულაბაში მოსწავლეთა შეკითხვები გროვდება – ბავშვებს ხომ უამრავი კითხვა ებადებათ, ყველა მათგანისთვის იმავე წამს პასუხის გაცემა შეუძლებელია, ასე კი კითხვები ინახება და კვირის ბოლოს მათი განხილვა მასწავლებელთან ერთგვარი ინტერვიუს სახეს იძენს.

წერილის სტრუქტურის გაცნობის მიზნით თვალსაჩინო მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟურნალებიდან ამოჭრილი პუბლიცისტური წერილები, ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა პირადი მიმოწერა ან მოსწავლეებს პროექტორით აჩვენოთ სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე ეპისტოლური ნიმუში. საჟურნალე მასალისა და ლიტერატურული ნაწარმოების მსგავსება-განსხვავებათა უკეთ გასააზრებლად წაიკითხეთ ერთ-ერთი სტატია, შეადარეთ იმავე პიროვნებაზე/თემაზე დაწერილ ბიოგრაფიულ ტექსტს, მოთხრობას, მოგონებას… შემდეგ ადრესატები აირჩიეთ. შეგიძლიათ, წერილების საშუალებით ინტერვიუც კი ჩამოართვათ სასურველ კანდიდატს, მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე მოამზადებს კითხვებს აკაკის ბავშვობის შესახებ, მისი მეწყვილე კი, ანუ აკაკის როლის შემსრულებელი, შეეცდება მოირგოს მწერლის ხასიათი, გაიხსენოს ყველაფერი, რაც მის შესახებ წაუკითხავს და შესაბამისი პასუხები გასცეს კითხვებს.

სიმულაციურ წერილებზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან ან რეალურ პიროვნებასთან აიგივებენ. დავალების წყვილებში შესრულება სამუშაო პროცესს უფრო დინამიკურს ხდის. რაც მთავარია, ეს აქტივობა კარგად წარმოაჩენს მოსწავლეთა დამოკიდებულებას ამა თუ იმ პიროვნების / პერსონაჟის მიმართ. წერის დროს მოსწავლეები ააქტიურებენ მიღებულ ცოდნას და თან ცდილობენ, პერსონაჟთა გადაწყვეტილება ახსნან, სინანული ან მადლიერება გამოხატონ, თანაგრძნობა გამოამჟღავნონ, რჩევა მისცენ.

პროცესის უკეთ გასააზრებლად ავიღოთ, მაგალითად, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო საუბარი გაიმართებოდა მათ შორის. ქალი ჩვეული სითამამით დასვამდა კითხვებს, მეფეც გულახდილად უპასუხებდა. კითხვა-პასუხში იუმორიც გამოერეოდა…

ფაქტია, წერილი, როგორც წერითი აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ფორმა სწავლებისას გამოსაყენებელი საკმაოდ სასარგებლო მეთოდია. სასურველია, მისი შექმნა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო პროცესად ვაქციოთ. მაგალითად, წარსულში გასაგზავნი წერილებისგან თვითმფრინავები გავაკეთოთ. ბავშვები ფრთაზე ადრესატის სახელს დააწერდნენ და გაუგზავნიდნენ მეზობელ მერხებთან მსხდომ „მეზობელ საუკუნეს”, რომელიც წერილობითი მიმოწერის გაჩაღების შემდეგ შორეულ და გაუგებარ ისტორიად აღარ მოეჩვენებოდათ. რა თქმა უნდა, ათასი სხვა „შესაფუთი ქაღალდის” მოფიქრებაც შეიძლება. მთავარი მასწავლებლის სურვილი და მონდომებაა. 
***
რაც უფრო წინ მივიწევთ, ათასგვარი გამოგონებით რაც უფრო მეტად ვიმარტივებთ ცხოვრებას, მით უფრო იმატებს მარტოსული ადამიანების რიცხვი. იქნებ ჩვენი ეპოქის მაჯისცემა ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებისთვის მეტისმეტად სწრაფია?! მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოსთან შეგვიძლია კომუნიკაციის დამყარება, ხანდახან ახლობელ ადამიანებთან მისასვლელი გზისთვის ვერ მიგვიგნია. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ოცდამეერთე საუკუნე გამორთავს კომპიუტერს, გადადებს ტელეფონს, მოიმარჯვებს ჩვეულებრივ ფურცელს, კალამს და დაიწყებს: „ძვირფასო…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი