პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩემი უცხოპლანეტელი მეგობარი

რა თქმა უნდა, სხვა დასახლებული პლანეტები არსებობს. ამაში ყოველთვის ისე ვიყავი დარწმუნებული, როგორც ჩემს სასწაულებრივ ნიჭში, მეცხოვრა საკვების გარეშე. მაშინ, როცა დედაჩემი ათასი ზღაპრით ცდილობდა ჩემს გაცურებას და კარტოფილის პიურეთი სავსე კოვზს ცხვირწინ მაცდუნებლად მიტრიალებდა, მე გულგრილად ვამბობდი, რომ უამისოდაც გავძლებდი. შესანიშნავად გამომდიოდა ჩემს წარმოსახვით მეგობართან თამაშიც, რომლისთვისაც მწვადის გამაბრუებლად სურნელოვანი ნაჭერი რომ შეგეთავაზებინა, ყურადღებით შეისწავლიდა, ათას კითხვას დაგისვამდა და, რა თქმა უნდა, პირს არ დააკარებდა. ის სხვანაირად იყო მოწყობილი, სიცოცხლეც ისევე ადვილად გამოსდიოდა, როგორც უამრავი კრეატიული ოინი. გარდა ოინების მოფიქრებისა, ათასი საზრუნავი და სალაპარაკო გვქონდა. მე წარმოუდგენლად მეშინოდა ღმერთის და ჩემს მეგობარს ვთხოვდი, გადავერჩინე, როცა ის ჩემს დასჯას დააპირებდა. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი ძალიან მალე გადაწყვეტდა, გრძელი კულულებით ვეთრიე და გამოსასწორებლად რომელიმე ჯურღმულში ჩავეგდე. თან ვიცოდი, ღმერთი ყველგან იყო და პიურეს ყოველ არშეჭმულ კოვზს გაფაციცებით ითვლიდა. როგორ შეეძლო ღმერთს, თან ჩემთან ყოფილიყო, თან გიოსთან, თან მარისთან, თან ნინოსთან? უთუოდ ტელეპატიური ნიჭი ჰქონდა. ჩემი მეგობარი კი, კაცმა რომ თქვას, დიდი უღმერთო ვინმე იყო. შეძვრებოდა კარადაში და ყველა ჩემს საძულველ კაბას დამიჭრიდა. ზაფხულობით, როცა სოფელში ერთად ვისვენებდით, გოგია პაპას ყველა სიმინდს მოპარავდა. ყველა ბიჭს, რომელსაც ცოტათი მაინც მოვწონდი, არაადამიანური სიშმაგით გალახავდა. პრინციპში, როცა თავი ადამიანად არასდროს გიგრძნია და ყოველთვის უცხოპლანეტელი იყავი, გასაკვირი არაფერია. მერე მოგვადგებოდნენ გალახული ბავშვების მშობლები და დედაჩემს ჩემ შესახებ ყოველგვარ სისაძაგლეს უყვებოდნენ, თითქოს რამე ბრალი მიმიძღოდა მათი შვილების დალურჯებულ მუხლებსა და გადატყავებულ იდაყვებში. დედა დამსვამდა და მისაყვედურებდა ჩემს უკუღმართ ხასიათსა და ცოოოტა მამაკაცურ თვისებებს. ვერაფრით დაარწმუნებდი, რომ ეს მე არ გამიკეთებია, ჩემი მეგობრის სქესიც საკმაოდ რთული ასახსნელი იყო, ამიტომაც სიტყვას არ ვძრავდი.

როცა დედამ ჩემი მეგობრის არსებობის შესახებ გაიგო, ძალიან შეშინდა. ჩემი მეგობარი ჯეკ ლონდონის “სმოკ ბელიუს” დაუნდობლად ფხრეწდა, რადგან ერთხელ გულდაწყვეტილმა წავიწუწუნე, რომ ჩემს დასავით კითხვა არ გამომდიოდა. თიკას კი ჩვენი მთელი უზარმაზარი ბიბლიოთეკა უკვე წაკითხული ჰქონდა და მარწმუნებდა, რომ თუ ცოტას მოვიცდიდი და გავიზრდებოდი, მეც შევძლებდი. მაგრამ რაღაც ძალიან ნელა ვიზრდებოდი და თიკას ნათქვამში უკვე ეჭვი მეპარებოდა. საუკეთესო მეგობარი რისი საუკეთესო მეგობარია, მოწყენის საშუალება თუ მოგცა. ისიც ადგა და წიგნების დახევას მიჰყო ხელი. გაცოფდა დედაჩემი. მე თავი დავიძვრინე და სიმართლე ვუთხარი, ღმერთო ჩემო, საუკეთესო მეგობარი დავასმინე! “ვინაა, მითხარი”, – მიყვირა დედამ, – “მუმინტროლია? ჰომზაა? პეპია? კარლსონია? ვინაა?!” – ძალიან გამიკვირდა, კარადასთან ატუზული, ნაწყენი და შეურაცხყოფილი ჩემი მეგობარი რომ ვერ შეამჩნია. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი საუკეთესო მეგობრის ჯადოსნურობაში.

სასოწარკვეთილი დედაჩემი ადგა და ფსიქოლოგთან წამიყვანა. კაცმა რომ თქვას, ფსიქოლოგი სასიამოვნო ქალიც კი იყო. გრძელი, შავი თმა ჰქონდა, ყვავილებიანი კაბა ეცვა და ფრჩხილებზე უნაკლოდ ესვა წითელი ლაქი. მაშინვე სიმპათიით განვეწყვე და ვკითხე, ჩემს მეგობარს ღმერთი ნამდვილად დასჯიდა თუ არა ბოლო, საკმაოდ მასშტაბური ოინის გამო. ჩემი სამარცხვინო დასმენის ამბავიც გავუმხილე და ისიც, რომ საუკუნეა, აღარ გამოჩენილა. ვდარდობდი, ალბათ, ზუსტად ისე გამებუტა, როგორც ჩემს ბაღელ ნინუცას თავისი შეყვარებული-მეთქი. ნინუცამ ერთ დღეს ლაშასთან თამაში არ მოინდომა და თემოს დაუმეგობრდა. ლაშას ეწყინა და დაშორება გადაწყვიტა. ისიც არ დავუმალე, რომ მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, როგორ შეუძლია ღმერთს ასე ერთბაშად და ყველგან ყოფნა. რა საჭიროა ამდენი სასჯელი თაროზე შემოდებული შოკოლადის შეჭმისთვის – შოკოლადები ხომ თაროებზე არ უნდა ინახებოდეს. როგორ შეუძლია ღმერთს, ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე წუხდებოდეს? ბაღის ნანა მასწავლებელი სულ მარწმუნებდა ღმერთის შესაძლებლობებში, მე კი ვიდექი შადრევანთან ზაფხულის ცხელ დღეს, გავარვარებულ ჰაერს ჩრდილით ვებრძოდი და ვერაფრით გამებედა გასაგრილებლად ჩახტომა მაცოცხლებელ, გრილ წყალში – ღმერთს ეს რომ დაენახა, აუცილებლად ჭკუიდან შეიშლებოდა. 

მე და იმ გრძელთმიანმა ქალმა ბევრი ვილაპარაკეთ და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ღმერთი კეთილია და აზრად არ მოუვა ჩემი მეგობრის დასჯა, თუმცა ჩემი მეგობარი სანიმუშოდ ნამდვილად არ იქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, დიდი დანაკლისია დახეული წიგნები, რომლებსაც ვეღარავინ წაიკითხავს. ის იყო და ის. ჩემმა მეგობარმა მიმატოვა. მერე მარტომ დავიწყე ათასგვარი ოინის მოფიქრება, ხანდახან ბაღელი მეგბრებიც მეხმარებოდნენ. ოინები უნდა იყოს პომპეზური და, რა თქმა უნდა, მასშტაბურიც. ის ოინი რა ოინია, შენ გარდა კაციშვილმა რომ არ იცის. გენიალური საქმეები აპლოდისმენტებს უნდა იმსახურებდეს. ასეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი