პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საფოსტო ყუთი (I ნაწილი)

ყოველგვარი ტიპის წერილს: საქმიანს, პირადს, საჯაროს თუ სამოტივაციოს, – ერთი მთავარი დანიშნულება აერთიანებს – კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი დიალოგი ორ ადამიანს შორის გაიშვიათდა, თვითგამოხატვის ზემოთ აღნიშნული ხერხი, ჩემი აზრით, ყოველთვის იქნება ისტორიკოსთა თუ ლიტერატურის მკვლევართა შესწავლის ობიექტი.

წერილის მიღებას ადრე რამდენიმე დღე, თვეც კი შეიძლება დასჭირვებოდა, ახლა კი სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ხელით ნაწერი წერილების ხიბლი ალბათ გრძელი გზისა და მოლოდინის „ბრალია”. თანაც მაშინ ორ ადამიანს შორის მანძილს ხშირად მხოლოდ მიმოწერა ამცირებდა და ემოციათა ფეიერვერკის გარეშე ეს „შეხვედრები”, აბა, როგორ ჩაივლიდა?! დღეს მესიჯის მიღება-გაგზავნა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მათში ემოციის მცირე მარცვალს თუ აღმოაჩენთ და იმასაც „სმაილის” სახით.

წერილები წარსულიდან

პაპირუზე, ეტრატსა თუ თიხაზე ამოკაწრულმა უძველესმა წერილებმა ჩვენამდე პირველყოფილ დამწერლობათა (ლურსმულის, იეროგლიფურის…) ნიმუშებად მოაღწია. ეს უცნაური ფორმის ასო-ფიგურები, ნახატისგან ბუნებაში მათი მსგავსი არსების, ასე ვთქვათ, პროტოტიპის არარსებობა რომ განასხვავებთ, ყველაზე ძვირფასი გამოგონებაა მათ შორის, რისი შექმნაც ადამიანმა უძველესი დროიდან დღემდე მოახერხა.

წარსულიდან გამოგზავნილი წერილების ამოკითხვას შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლე არც კი ეყოს ან ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს. უძველესი ჩანაწერების დიდი ნაწილი დაკარგულია, თუმცა გაშიფრულ-ამოკითხული გზავნილების დამსახურებით ადამიანთა არსებობის ისტორია უფრო მდიდარი და საინტერესო გახდა. გაუშიფრავი ბარათებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ყუმრანის გამოქვაბულის 2000 წელზე მეტი ხნის სპილენძის ფირფიტა (სავარაუდოდ, მასზე გამოსახულია უცნობი საგანძურის ადგილსამყოფელის რუკა), რომლის ბოლომდე ამოკითხვაც მეცნიერთა შრომას გულუხვად დააჯილდოებდა.

ეპისტოლური მწერლობის ყველაზე ადრეულ ნიმუშებად უხსოვარი დროის ჯერ კიდევ ბურუსით მოცული გამოქვაბულის კედლის მხატვრობა შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად: ქმარი სანადიროდ მიდის და არ უნდა, მისი ცოლი მეუღლის არყოფნამ შეაშინოს; მიახატავს კედელზე წვეტიანი ქვით ხელში საკუთარ თავს, იქვე – იმ ცხოველს, რომლის მონადირებაც გადაუწყვეტია და „წერილიც” მზადაა… რატომაც არა?

გავიდა ხანი. ადამიანები გამოქვაბულიდან გამოვიდნენ, სოფლებად, ქალაქებად, ქვეყნებად დასახლდნენ, დამწერლობა და საწერი საშუალებები შექმნეს… წერილებმა მშობლიური საზღვრების გადაკვეთა დაიწყო. სახელმწიფოებს შორის, დიდი ძალაუფლების მქონე პირთა წრეში საქმიანი მიმოწერა დიალოგის ყველაზე მისაღებ ფორმად იქცა.

წერილები ამარნიდან

ეს წერილები შუა აღმოსავლეთის მმართველებმა მისწერეს ფარაონს ძვ. წ. აღ. XIV ს-ში. ამარნა ზედა ეგვიპტის ქალაქია, რომელიც ერთ დროს ქვეყნის დედაქალაქიც ყოფილა. წერილები შესრულებულია აქადური ენით (ახლო აღმოსავლეთში აქადურ ენას დიპლომატიური ურთიერთობის დროს იყენებდნენ), მესოპოტამიური სტილით, ლურსმულით, რბილი თიხის ფირფიტაზე. სულ აღმოჩენილია 182 წერილი, მათი უმეტესობა ამენჰოტეპ IV-ს (ეხნატონს) ეძღვნება. წერილებში არა მარტო ხოტბას ასხამენ ადრესატს, არამედ მტერთან ომში შემწეობასაც სთხოვენ (ე.წ. მუდარის წერილები).
ისრაელთა სტელა 

XIX ს-ის მიწურულს თებეში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა სამმეტრიანი სტელა, რომელიც უმნიშვნელოვანეს წერილობით ცნობებს შეიცავს ისრაელის მკვიდრთა შესახებ. სტელა ფარაონ მერენპტაჰს ეძღვნება და ებრაელებს, როგორც ერს, საკმაოდ საინტერესოდ ახასიათებს. ეს სტელა ებრაელთა შესახებ შემორჩენილ უძველეს ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნევა.
სიკვდილის სამეფოში გაგზავნილი წერილები

„ანის პაპირუსი” თებეში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იპოვეს. მისი სიგრძე 24 მეტრია და იეროგლიფური დამწერლობითაა შესრულებული. ამ უძველესი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ანი მწერალი და ფარაონის კარზე საკმაოდ გავლენიანი მოხელე ყოფილა, მაგრამ უცნობია ფარაონის სახელი, რომელსაც იგი ემსახურებოდა. 
 

სწორედ ეს პაპირუსი ამტკიცებს, რომ ეგვიპტელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიკვდილისთვის სათანადოდ მომზადება გახლდათ. ალბათ ამიტომაა მათ დიდგვაროვანთა განსასვენებლები ასეთი შთამბეჭდავი. სიკვდილი ეგვიპტეში ყველაზე „ძვირ” სიამოვნებად ითვლებოდა, აკლდამის აშენებას ასეულობით მონის სიცოცხლე ეწირებოდა, არც „ბალზამირების სამსახური” ჯდებოდა იაფი… ასე რომ, მართლაც ძნელი იყო ეგვიპტურ „ცათა სასუფეველში”, უფრო სწორად, ოსირისის მიწისქვეშა სამფლობელოში მოხვედრა. სწორედ სიკვდილისადმი ასეთმა შიშმა, კრძალვამ თუ მორჩილებამ შექმნა ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – გიზის პირამიდები. მათში გამომწყვდეული ეგვიპტის ისტორია კი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს.

სიკვდილის სამეფოსკენ მიმავალი ეგვიპტელის მთავარი ატრიბუტი „გარდაცვლილთა წიგნი” (სპეციალური ტექსტი, რომელსაც მიცვალებულს სხვა ნივთებთან ერთად სამარხში ატანდნენ) იყო. „წიგნი ამა ქვეყნიდან წასვლის შესახებ” გახლდათ ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც ადამიანს ასწავლიდა, როგორ უნდა მოქცეულიყო გარდაცვალებისა და საიქიო სამსჯავროზე წარდგომის დროს. ეგვიპტელთა რწმენით, ანის პაპირუსის მსგავსი სიკვდილისთვის მიწერილი წერილი ყველა ადამიანს თან უნდა ჰქონოდა, რათა სამსჯავროს ყველა საფეხური უვნებლად გაევლო.
ებოტის პაპირუსი

ნაპოვნია სახელმწიფო მოხელის ჩანაწერები, რომლებიც ეხება 3000 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს – აკლდამების ძარცვას. ვეზირის წერილებში პირველად გვხვდება წერის აქამდე უცნობი სტილი – გაკრული ხელი, სახოტბო სიტყვებისგან გათავისუფლებული ე.წ. სასაუბრო-ინფორმაციული თხრობის მანერა… ეს ჩანაწერი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მკაფიოდ ასახავს ძველი ხალხური რწმენა-წარმოდგენების შესუსტებას. ფარაონის როგორც ღმერთის გაფეტიშების მაგალითს ვეღარსად წააწყდებით. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ფარაონთა სამარხის მძარცველების გამოჩენაც კმარა. ქურდები დანაშაულს გრძნობენ მხოლოდ სხვისი ნივთების აღების გამო და არა იმიტომ, რომ ხელშეუხებელი, წმინდა ადგილი, ადამიანი-ღმერთის სამყოფელი შებღალეს.
მცურავი ფოსტა და XXI საუკუნე

დღეს უმეტესად ფილმებში გვხვდება, წინათ კი, ზღვის ტალღებზე, სასურველი ნაპირის ძიებაში, რა განსაცდელი არ გადაულახავს. გაგიკვირდებათ და ვირტუალური კომუნიკაციების საუკუნეშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კომუნიკაციის ამ ნაკლებსაიმედო საშუალებას აქტიურად იყენებენ.

კანადელი ჰაროლდ ჰაკეტი ადამიანებთან მიმოწერას ბოთლში მოთავსებული წერილების საშუალებით განაგრძობს. ჰაროლდმა სულ 4800 წერილიანი ბოთლი გადააგდო ოკეანეში და 3100 მათგანზე პასუხიც მიიღო. კანადელმა პირველი უმისამართო გზავნილი 1966 წელს დაწერა, პეპსის შუშის ბოთლში ჩადო და ზედ თავისი სახელი, გვარი და მისამართი მიაწერა. გარკვეული ხნის შემდეგ პასუხიც მოვიდა. თანდათან ბოთლში ჩადებული წერილების გზავნა ჰაკეტის საყვარელ საქმიანობად იქცა. უმისამართო წერილების ავტორი გზავნილის ყველა მპოვნელს პასუხის დაბრუნებას სთხოვს. ჰაროლდმა წერილები აფრიკიდან, ინგლისიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან მიიღო.
მფრინავი ფოსტალიონები

ადამიანმა დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ მტრედებს შინ დაბრუნების თანდაყოლილი უნარი ჰქონდათ და სახეობათა შერჩევითი შეჯვარება დაიწყო, რათა უფრო მეტად განევითარებინა მათი ეს თვისება. ჩიტებს დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდანაც არ უნდა გასჭირვებოდათ შინისკენ გზის გაგნება, რაც დიდ ძალისხმევას და ინტუიციას მოითხოვდა.

 

ომის ისტორიაში საფოსტო მტრედებს მნიშნელოვანი ადგილი უკავია. ომის დროს მათ „ფოსტალიონებად” და ერთგვარ მზვერავებადაც იყენებდნენ. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომი:  ამერიკელებმა ამ ომში რამდენიმე ასეული მტრედი გამოიყენეს. ერთ-ერთმა მფრინავმა ფოსტალიონმა, Cher ami-მ, გმირული თავდადებისთვის ჯილდოც კი დაიმსახურა. 1918 წლის 3 ოქტომბერს ექვსასამდე კაცისგან შემდგარი ბატალიონი გერმანელთა ხაფანგში მოექცა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა რამდენიმე შეტევა კი მოიგერიეს, მაგრამ გერმანელთა ალყის გარღვევა შეუძლებელი ჩანდა. გარდა ამისა, ალყაში მოქცეულებს თანამებრძოლთა ტყვიების წვიმაც დაატყდა თავს (ამერიკელთა ერთ-ერთ ბატალიონს ეგონა, რომ გერმანელებს ესროდნენ). ამ გაუთვალისწინებელი თავდასხმის მთავარი მიზეზი კომუნიკაციის პრობლემა იყო, რომელიც უფრო მეტად ამძიმებდა გერმანელთა მიერ კუთხეში მიმწყვდეულ ამერიკელ ჯარისკაცთა მდგომარეობას. ალყაში მოქცეულ ბატალიონს სამი საფოსტო მტრედი ჰყავდა და ჯარისკაცებმა მათი მეშვეობით დამხმარე ძალებთან დაკავშირება სცადეს. პირველი ორი მტრედი გერმანელთა ტყვიებს შეეწირა. Cher Ami-ს ისღა დარჩენოდა, როგორმე უნებლიე მოწინააღმდეგედ ქცეული თანამებრძოლებისთვის ალყაში მოქცეულთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა.

„ძვირფას მეგობარსაც” მოხვდა გერმანელთა ტყვია. მკერდსა და ფეხში დაჭრილმა მტრედმა მაინც განაგრძო ფრენა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ 40 კმ-ით დაშორებულ შტაბში მიიტანა ინფორმაცია, რომლის წყალობითაც უეჭველ სიკვდილს გადაურჩა 194 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხედრო ექიმებმა ყველაფერი იღონეს ერთგული მეგობრის გადასარჩენად.

საფოსტო მტრედების გამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეწყდა, მაგრამ მიმოწერის ისტორია ამით არ დასრულებულა. მან საკმაოდ დიდი როლი შეასრულა მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში. თავად წერილმა როგორც კომუნიკაციის საშუალებამ დიდი ცვლილება განიცადა. მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციის კალმით შეიარაღებულები, დღესაც ვწერთ წერილებს, მაგრამ მათზე ცოტა მოგვიანებით, მომდევნო წერილში მოგიყვებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი