პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არც ისე საიდუმლო დღიური

ჩემი პირადი სივრცისთვის რომ გეკითხათ, გიპასუხებდათ, რომ თავი ისე მოვაბეზრე, ისე გადაიღალა ჩემით, მზად იყო, დაუყოვნებლივ სხვისი პირადი სივრცე გამხდარიყო. ჩემი ამბები სულ საიდუმლო ამბები იყო. ათობით საკეტით აღჭურვილი ჩემი დღიურები ცოტა საშიშადაც კი გამოიყურებოდა. ბოლოსდაბოლოს უხერხულიც კია, პატარა გოგო ბლოკნოტის ესთეტიკაზე საერთოდ არ ზრუნავდეს და ყდის დიზაინის ნაცვლად ბოქლომების რაოდენობას გულდასმით იკვლევდეს. სულ ჯაშუშები მელანდებოდა: საკუჭნაოში მიმავალ დედაჩემს ფეხაკრეფით მივყვებოდი, ვეჭვობდი, ვაითუ, მტვრიანი ბოთლების მიღმა გადამალული ჩემი ძველი დღიურის აღმოჩენა განიზრახა-მეთქი. მას კი იქიდან ან ატმის კომპოტი გამოჰქონდა, ან – ჩემი საძულველი რომელიმე მურაბა. იმ მურაბებივით ტკბილ-ტკბილი ამბები არ მექნებოდა, ყველაფერი, რაც დაშაქრულია, საკუჭნაოებიდან აუცილებლად გამოაქვთ.

ჩვენ ბავშვობაში სხვადასხვანაირი დღიურები გვქონდა ხოლმე: ერთი – სასკოლო, რომელიც მხოლოდ იმისთვის უნდა გვეწარმოებინა, რომ საოჯახო ყოფილიყო, მშობლებს ყოველდღე თვალი შეევლოთ, ჩვენი უნარები შეეფასებინათ. ჩვენ კრძალვითა და ცახცახით ველოდით განაჩენს. ოღონდ მშობლების აწეული წარბი არ გვენახა, ყველაფერზე წამსვლელები ვიყავით ჩვენ, პატარა თაღლითები. გადაკეთებული ნიშნები, ცარიელი გრაფები, საგნების გასწვრივ ნიშნების დათხრილი გრაფები: ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ დასჯის შიში არ გვასვენებდა და საუკეთესო შვილის სტატუსის შესანარჩუნებლად გულუბრყვილოდ ვცრუობდით. საუკეთესო შვილები უნდა გამოვსულიყავით. შემდეგში პროფესიებიც, იქნებ, ამ ლოგიკით შეგვერჩია: “რა გაუხარდება მამას, ვიყო კარგი მსახიობი თუ კარგი ქირურგი?! მამაჩემის შვილს მხოლოდ თეთრი ხალათი დამშვენდება, მაგრამ მე ხომ პაციენტის თირკმლის ამოჭრას მირჩევნია თუნდაც თირკმლის როლი მოვირგო?!” ჯერჯერობით მე მშობელზე მეტად ისევ შვილი ვარ და იმედი მაქვს, რომ სასკოლო დღიურები დღეს საერთოდ აღარ არსებობს. დღიურები კი არა, ხაფანგები, რომლებშიც გაბმული ტყუილები და ცუდად მომზადებული გაკვეთილები სასოწარკვეთილები ფართხალებენ.
როცა მარიმ მეგობრობის დღიურის შევსება შემომთავაზა, დავფიქრდი, მიღირდა თუ არა ამის გაკეთება. საუკეთესო მეგობარი რომ გამოხვიდე, კითხვის – “როგორ შეაფასებდი ჩემი ჩაცმის სტილს” – ათბალიანი შკალიდან აუცილებლად ათი უნდა აირჩიო. მე კი ჩემს საუკეთესო მეგობარს რვანახევარს მხოლოდ იმის გამო ვანიჭებდი, რომ საშინლად არ მომწონდა მისი უგონო სიყვარული ვარდისფერისადმი და ის ფუშფუშა ქვედაბოლოები, საერთოდაც, ნერვებს მიშლიდა. ბოლო კითხვა გამანადგურებელი გახლდათ: “დღიურის შევსებისას ბოლომდე გულახდილი იყავი?” – მე გადავწყვიტე, რომ, დიახ, მიღირდა და ბოლომდე სანიმუშოდ ვიცრუე. ათიდან ათი. აუცილებლად. და დიახ, რა თქმა უნდა, მე შენთან ყოველთვის გულახდილი ვარ.
გულახდილები ვიყავით სასკოლო სახელმძღვანელოებზე მიწერილ კომენტარებშიც. ესეც თავისებური დღიურია, რადგან მთელი წლის განმავლობაში გულმოდგინედ აწარმოებ. მსგავსი ტიპის დღიურების წარმოება გაჩაღებული გახლდათ უზარმაზარ ქარხანაში, რომელსაც ადრე საშუალო სკოლა ერქვა. მგონი, მტკიცედ გვჯეროდა, რომ ამ ქარხანაში ჩვენ დიდი მონდომებით გვაწარმოებდნენ და ხანდახან ძალიან დარდობდნენ, თუ რომელიმე ჩვენგანი იარლიყით “სანიმუშო” არ გამოდიოდა. ზოგს ქარხნული წუნიც კი გვქონდა. და ჩვენ, ყველას ჯიბრით, მათ ჯინაზე, ვინც ჩვენგან დისციპლინას, სანიმუშო ყოფა-ქცევას და მუდამ მოწესრიგებულ, მოვლილ, ფერად-ფერად ყდებში ჩასმულ უნაკლო, შეურყვნელ სახელმძღვანელოებს მოითხოვდა, ყოველ ფურცელს ათასგვარ სისაძაგლეს ვაწერდით. კალმით მინიშნებებს ვაკეთებდით, რომელიმე მოღალატე თავადის თავს იროკეზით ვამკობდით, აკაკი წერეთლის ჭაღარას კი საერთოდ არ ვცემდით პატივს, რადგან ვფიქრობდით, წითური თმა მეტად უხდებოდა. ერთი სიტყვით, სისაძაგლეების ჩადენის პოტენციალი ჩვენში მეტი იყო, ვიდრე– სიკეთე, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ჩვენი ქვეცნობიერი ჯიუტად გვანიშნებდა, რომ შეგვექმნა საკუთარი ისტორიები. გვანუგეშებდა, რომ თუ რომელიმე ფურცელზე შემთხვევით ყავა გადაგვესხა, ეს სულაც არ არის ტრაგედია. ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ჩვენგან სანიმუშო ადამიანი არაფრით გამოვა. საერთოდაც, ჩვენ არ გვინდოდა ნიმუშები ვყოფილიყავით. ჩვენ ვიყავით ბავშვები. დაუნდობლები, მატყუარები და ზარმაცები. რონ უისლივით, რომელსაც ერთხელ პუფსკინი ჰყავდა, “მერე კი ფრედმა წაიღო სავარჯიშოდ და ბლაჯერი ურტყა”. როულინგის “ჯადოსნური ცხოველებიც” თითქმის ასეთივე დღიურია. დიახ, ყველა ბავშვი ერთნაირია. ეროვნებისა და მაგიური შესაძლებლობების ფლობის მიუხედავადაც კი.
“ჯადოსნური ცხოველების” სახელმძღვანელოს მფლობელები ჰარი და რონი არიან, რომლებიც, ამ წიგნის ფლობის გარდა, კიდევ ათასი სხვა საქმით არიან დაკავებულები, ვოლდემორის დამარცხებასთან ერთად სახელმძღვანელოებზე ასეთ მინაწერებსაც აკეთებენ: “ამ სახელმძღვანელოს მფლობელია ჰარი პოტერი. ასევე რონ უისლი, რადგან თავისი წიგნი დაეხა. და რატომ არ ყიდულობ ახალ წიგნს? შენს წიგნზე წერე ჰერმიონ. შაბათს ამდენი ნეხვის ბომბი რომ იყიდე, არ ჯობდა წიგნი გეყიდა? რას ერჩი ნეხვის ბომბებს? ნეხვის ბომბი მაგარია!”
ახლა სხვა ტიპის დღიურებს ვაწარმოებთ. ძირითადად, მაინც აიფონების ან გალაქსების ნოუთებში ვადგენთ “To-do” ლისთებს, რადგან ბოლოსდაბოლოს მაინც საქმიანი ადამიანები გამოვედით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი