პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბლოგერი ბავშვების ძიებაში

ერთხელ, ადრე, ,,მასწავლებლის” მთავარმა რედაქტორმა მკითხა, რამე ახალი იდეა ხომ არ მქონდა ჩვენ ინტერნეტგამოცემისათვის; მაშინ არაფერი გამახსენდა, მერე კი ისე მოხდა, რომ მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის ნაწერებს ვასწორებდი და ჩემს საწერ მაგიდასთან ხშირად გაისმოდა ხოლმე გულაჩუყებული, ალერსიანი ფრაზები, რადგან არ არსებობს მსოფლიოში უფრო მშვენიერი სანახაობა, ვიდრე იმ ბავშვის სახის გამომეტყველებაა, რომელმაც ძალიან კარგი თხზულება დაწერა (ეს, რასაკვირველია, თვითონაც იცის) და მოაქვს შენთან, მაგიდაზე გიდებს და მისი თვალები შეკავებულ მოუთმენლობას ასხივებენ, ერთი სული აქვთ, როდის წაიკითხავ და როდის დაუმოწმებ, რომ ის მართლაც სწორად აზროვნებს, უფრო მეტიც, მძაფრად გრძნობს და ყველაზე უკეთესი, ნაფიქრსაც და ნაგრძნობსაც შესანიშნავად გამოხატავს. და მე ეკრანის მიღმა, ეკრანის იქით და ეკრანის მიუხედავად ვხედავდი ამ სახეებს, ზედიზედ რომ ჩნდებოდნენ ჩემ წინ და ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. 

მერე კი, როცა ემოციები ცოტათი ჩაცხრა, ვიფიქრე, რომ ყველაზე ცუდი რამაა, გქონდეს ნიჭი და მას არ ჰქონდეს ყოველდღიური პრაქტიკული გამოყენების ასპარეზი და ითვლებოდეს ისეთივე მშვენიერ, მაგრამ უსარგებლო ტალანტად, როგორიც მაგალითად ჩიტივით სტვენაა; მე კი მინდა, რომ წერის უნარით დაჯილდოებული ბავშვები სკოლაში ისეთივე პოპულარულები იყვნენ, როგორიც საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ამისთვის კი დღესდღეობით საუკეთესო ვარიანტი სკოლის ბლოგერობაა.

ჰო, დღესდღეობით ბლოგი საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ, როცა ინტერნეტში საყოველთაო ძიებას ვატარებდი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩვენი სკოლების მოსწავლეები აქტიური ბლოგერები იქნებოდნენ. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის თითქმის ყველა პრესტიჟულ სკოლას, როგორც კერძოს, ასევე საჯაროს, აქვს თავისი საიტი. ხოლო რაიონისა და სოფლის სკოლებს უფრო ხშირად ბლოგები აქვთ, თუმცა მას, ძირითადად, სწორედ საიტის დანიშნულებით იყენებენ ანუ მათზე ვრცელდება სკოლის ოფიციალური ინფორმაცია ჩატარებული ღონისძიებების, განათლების სამინისტროს სიახლეების, მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებების შესახებ. განსაკუთრებით მიხარია, როცა სოფლის სკოლების ბლოგებს გადავაწყდები ხოლმე. მაგალითად ეს ფარცხანაყანევის საჯარო სკოლის ბლოგია (მართლა ბლოგი და არა ოფიციალური საიტი), მისი დახმარებით უამრავი რამ გავიგე ამ სოფელზე: https://parcxanayanevis1sajaro.blogspot.com/;

ასევე შემხვდა რამდენიმე სკოლის ე.წ. ,,კედლის გაზეთი”, რომლებშიც სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების გარდა, მოსწავლეთა მხატვრული ნაწარმოებებიც იყო შეტანილი. ისინი ნამდვილად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ჩემ მიერ მოპოვებულმა მთელმა ამ მასალამ პასუხი ვერ გასცა ერთ მთავარ კითხვას:
არიან თუ არა ბლოგერი სკოლის მოსწავლეები, რომელიც წერენ თავისუფლად, ლაღად, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე იმაზე, რაც თვითონ აინტერესებთ? თუნდაც იმაზე, რაც თავის სკოლაში არ მოსწონთ და აღიზიანებთ? არის თუ არა სკოლა, რომელიც ამ მიზნით თავის ინტერნეტსივრცეს დაუთმობდა მოსწავლეებს? ამგვარი რამ, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

მანამდე კი საზღვარგარეთის სკოლების ბლოგებს გადავავლე თვალი, ზღვა მასალა იყო და გამოგიტყდებით, მხოლოდ გამარჯვებულსა და რეიტინგულ ბლოგებს გავეცანი, ისეთებს, რომლებსაც ყველაზე მეტად კითხულობენ ბლოგერის თანასკოლელები. ერთს წავაწყდი, უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა, სულ თავისი სკოლის მოჭიდავეთა გუნდზე წერდა (თავად გუნდის კაპიტანი იყო), ეტყობოდა, უყვარდა თავისი საქმე, არ გამკვირვებია მისი წარმატება, ოღონდ მხოლოდ ორიოდე პოსტს თუ გავუძელი. 

კიდევ ერთი ბიჭი იყო, ჯოზი, სასაცილო ბიჭი ჩანდა. ასე აღწერდა შობას:

,,შობა ყველაზე უკეთესი რამაა მთელი ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. ოჯახი, ხორციანი ღვეზელი და ჰო, კიდე, საჩუქრები, რასაკვირველია. წელს ძალიან დრო გავატარეთ, რადგან მთელი სანათესაო შევიკრიბეთ. სადილად დედის მხარე, ვახშმად _ მამის. საჩუქრებიდან არ ვიცი, რომელი გამოვყო: 2015 წლის გინესის რეკორდების წიგნი თუ თვალწარმტაცი, ღია ვარდისფერი ვინტაჟის სტილის პალტო. ძალიან ვიმხიარულე.”

ეს კი ჩემი საყვარელი ქართველი ბლოგერია, ბექა ადამაშვილი, დიდი ხანია სკოლის მოსწავლე აღარ არის, მაგრამ, როცა იყო, მაშინაც ზედმიწევნით იცნობდა ცხოვრებას:

,,10-15 წლის წინ:
_ ზღაპარს მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
_ ზღაპრებს ნუ მიყვები…
© ცხოვრება”
დანარჩენი იხილეთ აქ: https://doin.ge/
მე კი მინდა, რომ ეს ბავშვები, რომლებმაც ასე შესანიშნავად გაართვეს თავი ოლიმპიადას, ყოველდღე თხზავდნენ თავიანთი სკოლებისათვის, თავიანთი თანატოლებისათვის, წერდნენ მათ პრობლემებსა და სიხარულზე. იყვნენ პოპულარულები, მაგალითს აძლევდნენ სხვებს. იმართებოდეს მათ შორის კონკურსები, ზოგი იმარჯვებდეს, ზოგი კი უბრალოდ იმ გამოცდილებას იღებდეს, რომელიც მომავალში აქცევს გამარჯვებულად.

და ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩვენი ჟურნალის ბლოგების სვეტშიც გაჩნდეს მოსწავლის ბლოგი, სადაც ყოველ კვირას სხვადასხვა ნიჭიერი მოწაფე დაწერს თავისი სკოლის და ზოგადად სკოლების პრობლემების, მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების შესახებ, მიიღებს ხელფასს და ამაყად იტყვის, რომ ის უკვე მუშაობს, რადგანაც ასე კარგად წერს.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი