პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ავტობუსის გაჩერება

ერთხელაც ყველას გვბეზრდება საპროგრამო მასალები. ისევე როგორც გვბეზრდება საკუთარი ქალაქები, რომლებიც ახალ ამბებს აღარ გვიყვებიან და საკუთარი თავები, რომლებმაც ფიქრი ისე შეწყვიტეს, როგორც ჩვენმა შეყვარებულებმა სიყვარულის რომელიღაც წელს სასიყვარულო ტექსტების წერა. თითქოს ვიდგეთ გაჩერებაზე და არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ გვიჩერებდეს, რადგან ჩვენი ადგილი აღარ დარჩა. ჩვენ კი სევდიანები ვდგავართ და ველოდებით. ვუყურებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც თავიანთი ცხოვრებისკენ მიეჩქარებათ, მოხუცებს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება, საბოლოოდ, მაინც გაეპარათ.  ვფიქრობთ, რა იქნებოდა, დრო ისეთივე საკმარისი იყოს, როგორც შავი შოკოლადის უზარმაზარი ფილა. როგორც დედაჩვენების მომზადებული სუპით სავსე თეფში. რა იქნება, ხელს ისევე ვაფარებდეთ, როგორც ამ თეფშს ვაფარებდით ხოლმე ბავშვობაში ნიშნად იმისა, რომ, “კარგი რა, დე, საკმარისია”. ჩვენ, 26 წლის გოგოები, ვდგავართ გაჩერებაზე და ვფიქრობთ, რომ, ჰა, აი, უკვე საკუთარ მომავალში ვართ. 
როგორია დაკარგული დრო?! – პასუხი არ არის. ჩვენი ყველა დრო ისეთი ძვირფასია, როგორც პატარა პრინცის ერთადერთი და განსაკუთრებული ვარდი. ერთხელაც, მე და ჩემი მოსწავლეები ვისხედით და დროზე ვლაპარაკობდით. იმათი დრო გაკვეთილების დრო იყო, ცუდი და კარგი ნიშნების დრო; დედების, მამების, ძმების, დების, ნათესავების დრო; გადატყავებული მუხლების, სახიფათო თამაშების, ახალშეძენილი მეგობრების და ფართო ქუჩების დრო. იმათი დროით თბილისი უზარმაზარი იყო და სულ საინტერესო ამბები ხდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ დროის დაკარგვა მხოლოდ თამაშისასაა შესაძლებელი, რადგან გატანილი გოლი უმეცარია, სჯობს, მაგ დროს თამარის მეფობის წლებს იზეპირებდნენ. სიზმრების დროც უსარგებლო რამეაო. როგორ მატყუებდნენ, თვალებში მიყურებდნენ და ისე მატყუებდნენ. როგორ უნდოდათ კარგები, დიდები, მონდომებულები, სამაგალითოები და უბეჯითესები გამოჩენილიყვნენ საყვარელი მასწავლებლის თვალში. ამ მასწავლებელმა კი ხმამაღლა თქვა, რომ, შესაძლოა, ცდებოდნენ. აუ, როგორ გაუკვირდათ. მერე მოვიფიქრეთ ახალი თამაში. ვწერდით სიზმრებზე. ოღონდ თავიდანვე შევთანხმდით, რომ სიზმრებზე არ ლაპარაკობენ, სიზმრებზე მხოლოდ წერენ. თათა ვერასდროს იტყოდა ხმამაღლა, რომ ბოლოსწინა სიზმარში დედის მუცელში იჯდა და ბედნიერი მხოლოდ იმის გამო იყო, რომ იმ სიმყუდროვეს ვერც საპროგრამო მასალები თავზესაყრელი სამეცადინოთი დაურღვევდა და ვერც ავისმომასწავებელი საღამოები მთვრალი მამის უხეში და უკმაყოფილო შეძახილებით. ანდრიას სიზმრებს უხვი სიზმრები შევარქვი. იმას სულ სხვადასხვანაირი წვიმა ესიზმრებოდა და არასდროს იყენებდა საწვიმარს. ანდრიას ციდან ხან  მსხვილ-მსხვილი კუპიურები ცვიოდა, ხან – გემრიელობები, ხან – ანა და პირდაპირ ხელებში უვარდებოდა. ანა სულ წინა მერხზე იჯდა ხოლმე, ანდრია – უკან. მათ შორის მანძილი არასდროს მცირდებოდა. ანდრია ხედავდა მსხვილ, შავ ნაწნავს “ჰელოუ ქითის” თმის ვარდისფერი  რეზინით. ერთხელ მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გოგონები ამ სულელურ კატებს თმაზე არ იბნევდნენ. მერე შევთანხმდით, რომ ცხოველების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუნდაც ისინი ანას თმაზე ცხოვრობდნენ. რამდენი ხანი ელოდა, რომ ანა თმას გაიშლიდა. ნეტავ როგორები არიან ახლა, ნეტავ ანამ მხოლოდ თმისსამაგრი შეიცვალა?!
თქვენ გგონიათ, რომ უსაქმურები ვიყავით. არამც და არამც. ნიკამ გადაწყვიტა, მწერალი გამოსულიყო. დიახაც. იმან არ იცოდა, რომ პავიჩმა ძალიან მაგარი რაღაცები დაწერა სიზმრებზე. ცოტა რომ გაიზრდება წაიკითხავს და იქნებ, უფრო მაგარი რაღაცები დაწეროს. ნიკა ერთადერთი იყო, რომელიც ხმამაღლა ამბობდა, რომ გოლის გატანისას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მუცელში მილიონობით მწერი ზუზუნებს, გული კი სიხარულისგან სტკივა. ჩვენ ვთქვით, რომ სიხარულიც ზოგჯერ მტკივნეულია. რომ  გამარჯვება  მოძრაობაა. მე კი მაშინ არ ვიცოდი, რომ 26 წლის ასაკში ხანდახან გაჩერების დრო გაქვს. ლოდინის დრო. შესაძლოა, ამ დროს იმაზეც ფიქრობდე, რა ფერის წინდებით ჩაერთო აქციაში “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან”. შესაძლოა, შეგრცხვეს კიდეც. და სიზმრებივით დაწერო. ხმამაღლა ამას როგორ იტყვი. ჩემი დიდური სოლიდარობა. ჩემი დიდური თანადგომა. ჩემი დიდური და მედიდური ტვინი. ჩემი ცივი გონება, რომელმაც იცის, რომ დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. 
ამას ხმამაღლა როგორ ვიტყვი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი