ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვობიდან გამოქცეული ამბები- ვუძღვნი ყველა დიდს, რომელიც ოდესღაც ბავშვი იყო

გაზაფხულმა გამახსენა, როგორ ვდარაჯობდი თითოეული ხის ,,აფეთქებას”, როგორი ჯადოსნური იყო ყველაფერი ჩემ გარშემო, როცა პატარა ვიყავი.

ხანდახან გადმოვიღებ ძველ ფოტოალბომს, თითქოს ბავშობისდროინდელი შეგრძნებების დაბრუნებას ვცდილობ. ყველაზე გაზაფხულისფერი კადრი: აყვავებული ატმის ხის ქვეშ ამავე ხის ყვავილისფერ კაბაში გამოწყობილი ჩემი ბავშვობა დგას. აქ ყველაზე დიდხანს ვჩერდები, რადგან სწორედ ამ ვარდისფერ კადრში გაქვავებულა ზღურბლი, ბავშვობიდან მოზარდობაში გადასაბიჯებელი – ცხრა წლის გოგოს ფიქრები დიდურ სადარდებელში კიბესავით ჩაუყუდებია და საცაა თავით გადაეშვება. ეს ატმის ხე, მის კაბის კალთას შეფარებული ოდესღაც გადაყვლეფილი მუხლისთავები, ოდნავ მოხრილი მხრები, კოჭლი შეფასებებით დამძიმებული სინდისი, პირველი იმედგაცრუება, ვერაფრით წამოწყებული საუბარი, როგორც სურათში, ცხოვრებაშიც გაყინული კადრივით ჩარჩა.

არ მახსოვს, ოჯახის რომელიმე უფროს წევრს ხაზი გაესვას ჩემი ,,ასაკისთვის”. რაღაცნაირად თანატოლებივით ვცხოვრობდით. შეიძლება სწორედ ამან განაპირობა ჩემი ბავშვობის შემოკლება, ან პატარაობიდანვე მკვეთრად გამოხატულმა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ დააჩქარა მოვლენები. თუმცა ჩემი თაობის ბავშვებს სხვა გზა არც ჰქონდათ. ტყვიების თავსხმაში მოყოლილმა ჩვენი თუ სხვისი მამების უკანასკნელმა მზერამ ალბათ ყველას თანაბრად ჩამოგვართვა ბავშვად ყოფნის უფლება.

,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის”

მიუხედავად იმისა, რომ ,,ყველა დიდი ბავშვი იყო ოდესღაც”, თან კართან რახანია ოცდამეერთე საუკუნეა და ბავშვთა უფლებების დაცვა კანონით სავალდებულოა, უფროსები ისევ ,,უფროსობენ”, მათი მზრუნველობის საფარქვეშ დარჩენილი უმცროსები კი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გაიზარდონ.

სანამ ბავშვად ითვლები, თითქოს ვიღაცის საკუთრება ხარ, სხვა გზრდის, ზრუნავს შენზე, მუდმივი შენიშვნებით ცდილობს შენს ფორმირებას. შენ კი, უკალაპოტო მდინარეს, გიჭირს თუნდაც საჭირო საზღვრების მიღება. თან მუდმივად იხლიჩები რამდენიმე ავტორიტეტულ ფიგურას შორის. მშობლების, ბებია-ბაბუების, ნათესავების, მასწავლებლებისა თუ თანატოლების აზრის სასწორზე შემოდებული ბავშვური გულუბრყვილობა მართლაც დიდ განსაცდელშია.

არც ჩემი მოსწავლეები არიან გამონაკლისები. მათაც აქვთ კითხვები საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან, ხშირად ჩემგანაც ითხოვენ პასუხს. ძალიან მიჭირს ასეთ დროს მასწავლებლობა, მაგრამ უპასუხოდ დარჩენილი კითხვის სიმძიმისთვისაც არ მემეტებიან და მეც მუდმივად ვეძებ ,,საკვლევი თემის” შესაფერის ლიტერატურულ ტექსტებს.

მსგავს თემებზე გაკვეთილის ჩატარება ხშირად მიწევს და მეც ვყვები: ერთი ვანოს და შვიდი ნიკოს ამბავს, ვანოსი, რომელიც ,,თავისი” იყო, მიუხედავად იმისა, რომ შვიდმა ნიკომ გაზარდა და დაიჩემა. ხედქცეული კაცის სიმშვიდესაც ვუკითხავ ხანდახან, მოულოდნელად გაღვიძებული შურის მისაძინებლად. პატარა დინოზავრის საოცარი მეტამორფოზის ისტორია საკუთარი თავის მოსაძებნად წასულებისთვის გამოდგება საგზლად. რატომელა უკუთმართის არაკი ჯიუტებისთვის მაქვს შემონახული… მოკლედ, ამბები მრავლადაა, მთავარია საჭირო დრო და აუდიტორია შეარჩიო მათ გამოსაფენად.

არჩევანი თუ არადანი?!

ბავშვები ძალიან ჰგვანან ჯანი როდარის ,,მოგზაურ მაიმუნებს”, რომლებმაც მთელი დღე საკუთარ გალიაში მოგზაურობას მოანდომეს, თან ეგონათ, ქვეყანა მოვიარეთო. პატარებისთვის ხომ სამყაროს შეცნობა სწორედ ნაცნობ გარემოში მოგზაურობით იწყება. უფროსები კი ხშირად ვართმევთ პატარა მაძიებლებს ექსპერიმენტების უფლებას, თუნდაც იმით, რომ გამუდმებით ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ ბავშვმა ჯერ თავად, გარკვეულ დონეზე შეისწავლოს სამყარო, რომელშიც იზრდება. ჩვენ რომ არ ჩავაგონოთ, მგონი თავადაც ადვილად მიხვდება, რომ სპილო დიდია, ცეცხლი წვავს, ტყუილის თქმა ცუდია, სიკეთე სხვებზე ზრუნვაა და ა.შ როგორ მოისმენთ განსხვავებულ აზრს, თუ ახალ თაობას თქვენ მიერ აღმოჩენილ სამყაროს დაასწავლით?

ყველამ ბავშვმა იცის, რომ ტყუილი ცუდია. მოდი, ერთხელ სიცრუის სიკეთეზეც ვიმსჯელოთ. აიღეთ, მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ზღაპარი და ერთგვარი სასამართლო მოაწყვეთ დევსა და ნაცარქექიას შორის, ზოგმა ,,ხერხი” დაიცვას, ზოგმა – ,,ღონე”. იფიქრონ, გამოთქვან საკუთარი აზრი ამა თუ იმ თვისებაზე, მოვლენასა და ფაქტზე. იქნებ მიხვდნენ, რომ მხოლოდ დიდებს არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და რაც შეიძლება გვიან გამოიხურონ ბავშვობის კარი, ან უფრო შორს წავიდნენ და დარჩნენ ბავშვებად, როგორიც ეს პატარა უფლისწულის, პეპის, ნილსის, ტომისა და ჰეკლბერის, წრიპა მორტენის, ტიტსუს, მათიუშის და სხვა ბავშვების ,,მშობლებმა” მოახერხეს .

,,ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით”

ფანტაზიას არასდროს ვუჩიოდი, სიზმრებიც კი ფენტეზური ჟანრის მქონდა. ჩემი ძილისპირულის რეპერტუარში მხოლოდ რამდენიმე სახელგანთქმული ზღაპარი შედიოდა, ისინიც მრავალჯერ წარმოდგენილი და გადაკეთებულ-გათამაშებული მქონდა სიზმრის სცენაზე. ალბათ ჩემს მრავალფეროვან ზმანებებს, მდიდარ ფანტაზიასთან ერთად, მობეზრებულ ზღაპრებსაც უნდა ვუმადლოდე. წითელქუდასა და მგლის დიალოგის ფონზე ახალი გმირებისა და სიუჟეტების მონახაზები თავისთავად ჩნდებოდა წარმოსახვით ჰორიზონტზე.

მერე კითხვა ვისწავლე და გზაც დაგრძელდა. ცხრა მთას იქით გადაკარგული ყველა ამბავი წავიკითხე, რაც მოვიძიე. ახლაც მახსოვს ის პირველი იმედგაცრუება, ქართული ზღაპრების გაცნობის შემდეგ რომ დამეუფლა. ე.წ. საბავშვო ლიტერატურაში ერთი ბავშვიც კი ვერ აღმოვაჩინე.

რატომღაც ქართული ზეპირსიტყვიერება მხოლოდ ზრდასრული პერსონაჟების თავგადასავლებს აღწერს. დაიბადებიან ეს წლების მანძილზე ნაოცნებარი შვილები და მათი ბავშვობისთვის თვალის მოკვრასაც ვერ ასწრებ, ორ წინადადებაში იზრდებიან. კითხულობენ პატარები თვალის დახამხამებაში გაზრდილი ბავშვების ამბებს და შეიძლება ჰგონიათ, რომ თავიანთი ბავშვობაც ორ წინადადებაში უნდა ჩაატიონ.
ზღაპრებს რომ თავი დავანებოთ, ქართული საზოგადოება წინა პლანზე ისევ ზრდასრულ ადამიანებს აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან საკმაოდ ხმამაღლა ვსაუბრობთ ბავშვთა უფლებებზე, განათლებისა თუ ჯანმრთელობის საკითხებზე, მომავალი თაობის სულიერ თუ ფიზიკურ აღზრდაზე, ფასიანი გასართობი ცენტრებისა და კინოთეატრების გარდა, არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება მოზარდთან ერთად დრო გაატარო. პოლიტიკური თუ გასართობი თოქშოუებისა და სერიალების მოყვარული თუ არ ხართ, ვერც ტელევიზორს უყურებთ ერთად… მოკლედ, ბავშვის როლი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში (მოსახლეობის ზრდას თუ არ ჩავთვლით) ისევ ბუნდოვან საკითხად რჩება.

რა სურთ ბავშვებს?!

მე თუ მკითხავთ, სულაც არ არის ბავშვობა უდარდელი ხანა. აბა დავფიქრდეთ: ცხოვრობ გარემოში, რომელსაც უნდა მოერგო, შეისწავლო, გამოცდილება დააგროვო, ბევრი იშრომო საკუთარი თავის გაცნობასა და განვითარებაზე და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, ე.წ. ურთიერთობების წესების დაცვით უნდა მოახერხო…

რომ არა დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, თვითგადარჩენის ინსტიქტი, ჯანსაღი სიყვარულისა და უკიდეგანო მიტევების უნარი, ალბათ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდი გადაულახავ წინაღობად იქცეოდა ადამიანის ცხოვრებაში, „მძიმე ბავშვობა ხომ არასდროს მთავრდება”.

თუ გსურთ, გაიგოთ, რა სურთ ბავშვებს, მაშინ მათი მოსმენაც უნდა შეგეძლოთ. პატარებთან დიალოგის წარმართვის პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ნიუანსი ინტონაციაა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კეთილგანწყობილი ტონი, მაშინაც კი, როცა ბრაზობთ. ოჯახის გარდა, ბავშვთან დიალოგის წარმართვა საზოგადოებამაც უნდა შეძლოს, რათა ბავშვმა სრულყოფილად გაიაროს სოციალიზაციის პროცესი.

ბავშვი àოჯახი à მასწავლებელიà სკოლა, ანუ საზოგადოება – ამ ჯაჭვის თითოეული რგოლი ახალი პიროვნების, მომავლის ჩამოყალიბებას ემსახურება.

ბავშვები ამბობენ:

სამწუხაროდ, არ მახსოვს, რას ვფიქრობდი უფროსებზე, როცა ბავშვი ვიყავი. ახლა, როცა თავადაც ,,დიდების კატეგორიას” მივეკუთვნები და ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ პატარები ჩვენზე. სწორედ ამ მიზნის გამოვკითხე ჩემი მოსწავლეები. რამდენიმე მათგანის მოსაზრებას თქვენც გაგაცნობთ:
რა მოგწონთ ყველაზე მეტად უფროს ადამიანებში?
„მე მომწონს, რომ უფროსები გვასწავლიან და გვეხმარებიან, ვიყოთ ჭკვიანები” (გიორგი, II კლასი).
,,მომწონს, როცა მეფერებიან, ეს სასიამოვნოა” (სანდრო, III კლასი).
,,მომწონს, რომ შრომობენ, ყველაფრის გაკეთება რომ შეუძლიათ” (მიკა, II კლასი).
,,როცა უფროსები ზრუნავენ ჩვენზე” ( ნიკოლოზი, II კლასი).
,,უფროსებში ის მომწონს, რომ გააბრაზებ და ორი წუთის შემდეგ მაინც გიცინიან” (კესო, IV კლასი).
რა არ მოგწონთ მათში?
„არ მომწონს მათი მოწყენილი სახე (მასწავლებლებზე)” (ალექსანდრე, II კლასი).
„სულ რომ სამსახურში არიან” (ალექსი, II კლასი).
,,ჭამას რომ გაძალებენ” (ნიკოლოზი, II კლასი).
,,პატარა გოგოსავით რომ მექცევიან” (ანანო, IV კლასი).
„არ მომწონს, როცა უფროსები ბავშვებს ყვირილით ელაპარაკებიან” (ნია, II კლასი).
რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად უფროსებთან ერთად?
„მიყვარს უფროსებთან ერთად ბლინების ცხობა” (ნანო, II კლასი).
,,მიყვარს მათი დახმარება ყველა საქმეში: მამასთან ერთად ხეების დარგვა, გაფუჭებული ნივთების შეკეთება…” (გიორგი, II კლასი).
,,მიყვარს უფროსებთან ერთად კინოში სიარული. მიყვარს, როცა უფროსები ჩემს ხუმრობაზე იცინიან” (თინათინი, IIIკლასი).
„ადრე მე და მამას კისტის თოფით ნადირობა გვიყვარდა” (ლუკა, IIIკლასი).
„მათთან ერთად ყველაფრის კეთება მომწონს, ოღონდ ჩემთან იყვნენ” (ნატალია, IIIკლასი).
რას ურჩევდით მათ?

„მე მათ ვურჩევდი, რომ სულ დაუჯერონ პატარებს” (გიორგი, IIკლასი).
„არასდროს იჩხუბონ და აღარ გაფრინდნენ სხვა ქვეყნებში” (მიკა, IIკლასი).
„ვურჩევდი, რომ იმუშაონ და აღარ იდგნენ ქუჩაში” (ლუკა, IIIკლასი).
„ძაღლებს მანქანით არ გადაუარონ!”(ნიკოლოზი, II კლასი).
„არ ეჩხუბოთ ბავშვებს, ამით მაინც ვერაფერს შეცვლით!” (კესო, IV კლასი).
„მე მათ ვურჩევდი, რომ ტელევიზორი გამორთონ და ყურადღება ბავშვებს მიაქციონ” (ნინია, IV კლასი).
„უფროსებს ვურჩევდი, ბავშვებისთვის მეტი თავისუფლება მიეცათ” (ანანო, IV კლასი).
„ყოველთვის თბილი სიტყვებით ილაპარაკეთ, ცხოვრებაში ესაა ყველაზე მთავარი” (ნატალია, III კლასი).
როგორც ხედავთ, წერილების უმეტესობას ბავშვებსა და უფროსებს შორის საერთო ენის გამონახვის პრობლემა აერთიანებს. პატარები ყველაფერს კარგად ხედავენ და ძალიან სტკივათ ურთიერთობაში გაჩენილი თითოეული ბზარი. არადა, ყველა გზა იქით მიდის, საიდანაც მოვედით … სიტყვასთან.

P. S.

„ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი