ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

1956 წლის მარტის მოვლენები – თვითმხილველთა მოგონებები, საარქივო დოკუმენტები, პერიოდიკა, ანალიზი

ეპიგრაფი
ძალიან მიყვარდა სტალინი. ძალიან, ძალიან მიყვარდა სტალინი. მერე სტალინი თბილისში ჩამოვიდა, მერე სტალინი მოკვდა, მერე კი თბილისის სასაფლაოებზე გაჩნდა საფლავები გარდაცვალების ერთი და იმავე თარიღით – 9 მარტი, 1956 წელი. იმ დღიდან მიყვარს ერთი ქართველი მწერალი, ეგნატე ნინოშვილი, თუმცა… არასდროს წამიკითხავს მისი წიგნები.

 

ნურბეი გულია, 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილე

 

 

არსებობს ისტორიული თარიღები, რომელთა გახსენება, შეფასება და ანალიზი ყოველ დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია. ასეთია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეც – 1956 წლის 9 მარტი. მასალაში თავმოყრილია თვითმხილველთა მოგონებები, იმდროინდელი პერიოდიკის მიმოხილვა, საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მარტის მოვლენების გახსენებისა და შეფასებისთვის გამოადგებათ პედაგოგებს.

როგორ იგონებენ მარტის ტრაგიკულ მოვლენებს თვითმხილველები? რამდენი ადამიანი შეეწირა რეალურად მიტინგის დარბევას? რა რიცხვია მოყვანილი ოფიციალურ დოკუმენტებსა და ოქმებში? რამ გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება? რა გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ პერიოდიკაში მიტინგის დახვრეტას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პირველწყაროების, პერიოდიკის, მოგონებებისა და დღეს უკვე გასაჯაროებული დოკუმენტების მეშვეობით შევეცდებით. მასალა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული 4D ინტერდისციპლინური კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.

 


პრეისტორია

ჯერ კიდევ 1954 წლის მარტში, სტალინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 3-იდან 9 მარტის ჩათვლით თბილისში, სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მდებარე სკვერში, სტალინის ძეგლთან იკრიბებოდნენ ადამიანები, ყვავილებით ამკობდნენ ძეგლს და იგონებდნენ „ხალხის მამას”. 1955 წელს კი იქ იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეკრება არასანქცირებულ მიტინგს დაემსგავსა. 1956 წელს ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ ბელადის კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაააქტიურა. უკვე სამი მარტიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საბჭოთა რეალობისთვის გაუგონარი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 4, 5 და 6 მარტს გამოსვლების მასშტაბი თანდათან გაიზარდა, 7 მარტს კი სტალინის ძეგლთან, ლენინის (ახლანდელ თავისუფლების) მოედანზე გამართულ მიტინგებზე, იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველის, ნოდარ ნათაძის მოგონებით, 70-80 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი (ამას სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ). თბილისელ თანატოლებთან ერთად იდგნენ რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც. ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა სტალინის „უბიწო” სახელის შებღალვის გამო…

 

პერიოდიკა

აღსანიშნავია, რომ ამ დღეების განმავლობაში პერიოდიკაში არ გამოჩენილა სტალინის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი. მხოლოდ 9 მარტით დათარიღებულ გაზეთ „კომუნისტსა” და „ლიტერატურულ საქართველოში” ვაწყდებით ი. ბ. სტალინის გახსენებას. საინტერესო და უჩვეულო კი ისაა, რომ სტალინი ამ წერილში ხაზგასმით წარმოჩენილია როგორც კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გენიალური დამაარსებლის, ვ. ი. ლენინის, გამოჩენილი მოწაფე.

პათოსი წინა წლის გამოცემებთან შედარებით თავშეკავებულია და მეტწილად საუბარია ლენინური იდეებისა და კომუნისტური პარტიის წინსვლის შესახებ. მიმოხილულია მეცხრამეტე და მეოცე ყრილობები, ოღონდ მოხსენება „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ” განხილული არ არის. სახასიათო აბზაცი: „პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნ. ს. ხრუშჩოვის მოხსენებამ ასახა ის გრძნობა, შემოქმედებითი ძიებისა და ინიციატივის ის სულისკვეთება, ნაკლოვანებებისადმი ის შეურიგებლობა, რაც ახასიათებს პარტიული ხელმძღვანელობის ლენინურ სტილს და ჩვენი პარტიის მთელ საქმიანობას”. განწყობა რადიკალურად შეცვლილია, სტალინი ლენინის ჩრდილქვეშ მოიხსენიება, არსადაა ობლობის, გენიალური ბელადის გარდაცვალების ტრაგიკულობის განცდა, რომლითაც გაჯერებულია წინა წლის იმავე პერიოდის გამოცემები.

აქ კი უცბად და მკვეთრად აქცენტი მთლიანად გადატანილია მეექვსე ხუთწლედის წარმატებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიტერატურული საქართველოსა” და „კომუნისტის” სტატიები აბსოლუტურად იდენტურია. ტექსტში სტალინი არსადაა მოხსენიებული იმ აღმატებული ზედწოდებებით, რომლებითაც მანამდე ამკობდნენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა, წინა წლების პერიოდულ გამოცემებში სტალინის სახელს თითქმის ყოველთვის ახლავს ეპითეტები: „ხალხის მამა”, „დიდი მასწავლებელი”, „ყველა დროის გენიოსი”, „ბედნიერი ცხოვრების შემოქმედი”, „ჩვენი გამარჯვების დროშა”, „დიდი სტალინი”, „ყველა ჩვენი გამარჯვების შემოქმედი” (მაგალითად, 1953 წლის „კომუნისტის” მარტის ერთ-ერთ ნომერში სტალინი ამ ზედწოდებათა გარეშე 8-ზე ნაკლებ შემთხვევაში მოიხსენება). რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პუბლიკაციაში მოხსენიებული ი. ბ. სტალინი სხვა პიროვნებაა, არა ის, ვისაც მანამდე გვაცნობდნენ იგივე გამოცემები.

 


რა ხდებოდა საკუთრივ მიტინგზე?

ამის შესახებ წარმოდგენას მიტინგის მონაწილეთა მოგონებების მიხედვით შევიქმნით.

პირველ დღეებში გამოსვლებს ხელისუფლების მხრივ სრული იგნორი მოჰყვა. „ქუჩებში მილიციელები არ ჩანდნენ, ხალხი, თითქოს, თავის ნებაზე იყო მიშვებული…” (ნოდარ ნათაძე)

9 მარტს, დილით, ვასილ მჟავანაძე გამოჩნდა მიტინგზე, შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. როგორც თვითმხილველები იგონებენ, სიტყვა მან რუსულად დაიწყო, შემდეგ კი მომიტინგეების მოთხოვნით ქართულად გააგრძელა. ხალხის დასაშოშმინებლად მან თქვა: „ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”

იმავე დღეს მიტინგზე გამოჩნდა ჩინეთის სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჩუ დე. მოწოდებას არავინ დაუჯერა. სტუდენტებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მიტინგზე იყვნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისმოდა მოწოდებები, სტალინის სადიდებელი ლექსები, სიმღერები. ლოზუნგების მთავარი გზავნილი იყო „სტალინი ჩვენი დროშაა”, „გაუმარჯოს პარტიას, ლენინს და სტალინს”, თუმცა მოგვიანებით აქა-იქ გაისმა პოლიტიკური ხასიათის მოწოდებებიც, მაგალითად, ცეკას პოლიტბიუროს გადადგომის მოთხოვნა (არ დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან რაიმე პატრიოტული განწყობის გამომხატველი მოწოდებები).

როგორც წინა წლებში, ახლაც სატვირთო მანქანით დადიოდნენ ლენინისა და სტალინის გრიმიანი მსახიობები. ხალხი ყიჟინით ხვდებოდა მათ. ბელადების პორტრეტებს ხელით დაატარებდნენ. 8 მარტისთვის დაირხა ხმა, რომ იგეგმებოდა მიტინგის დარბევა, მაგრამ ამას მომიტინგეთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია.

დემონსტრაციები დაიწყო გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავშიც.

9 მარტსვე, საღამოს, მიტინგზე წამოაყენეს წინადადება, ცენტრალურ ტელეგრაფში (მაშინ „კავშირგაბმულობის სახლს” რომ ეძახდნენ) რამდენიმე ადამიანი გაეგზავნათ, რათა მოსკოვში პროტესტისა და სტალინის მეგობრის, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამები გაეგზავნათ. სურვილი იყო, ხმა მიეწვდინათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კი (ეს უჩვეულო, მოულოდნელი და იმ დროისთვის წარმოუდგენელი იდეა დასტურდება თვითმხილველების მონათხრობითაც. აკადემიკოსი გურამ თევზაძე იგონებს, რომ კონკრეტული ადრესატი არ ყოფილა, თუმცა სურვილი, ხმა მიწევდინათ საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც, იყო). იდეის ინიციატორები მალევე დააკავეს და როდესაც ეს მომიტინგეებმა გაიგეს, ნაწილი რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრა მათ მხარდასაჭერად.

„…პირველი ტაშისცემის მსგავსი ხმები რომ გაისმა, თავიდან ვერ მივხვდით, რომ ისროდნენ. ალექსანდრეს ბაღის ღობესთან ვიდექი, კავშირგაბმულობის სახლიდან 50 მეტრში. ვიღაცამ დაიძახა, ნუ გეშინიათ, ფუჭ ტყვიებს ისვრიანო, მაგრამ უეცრად დავინახეთ, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე ერთი ადამიანი დაეცა, მერე მეორე და გაისმა ყვირილი: „დაწექით, თორემ ყველას ამოგვხოცავენ!” სროლა 8-10 წუთს გაგრძელდა. გაისმა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. საიდანღაც სატვირთო მანქანები გაჩნდა. ამ მანქანებში ჩაყარეს მოკლულები და დაჭრილები”, – იხსენებს მარტის მოვლენების თვითმხილველი და მონაწილე ოთარ ურუშაძე.

ამასვე ადასტურებს მიტინგის კიდევ ერთი მონაწილის, ნურბეი გულიას მოგონება: „საინიციატივო ჯგუფში გაჩნდა სურვილი, დეპეშა გაეგზავნათ მოლოტოვისთვის. შეკრებილთ ოთხი ახალგაზრდა გამოეყო – ორი გოგონა და ორი ბიჭი. ისინი კავშირგაბმულობის სახლის დაცვასთან მივიდნენ. ჯარისკაცებმა მათ ხელები გადაუგრიხეს და შენობაში შეიყვანეს. ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ბრბო შენობისკენ დაიძრა. კავშირგაბმულობის შენობის ფანჯრებიდან ტყვიამფრქვევებით დაიწყეს ბრბოს მისამართით სროლა. ჩემს ირგვლივ ხალხი მოცელილივით ეცემოდა. ჩუმად ეცემოდნენ, ტყვიამფრქვევების ხმის გარდა არაფერი ისმოდა. უცბად ერთი ტყვიამფრქვევი ქუჩაზე მდგარ ხეს მიუშვირეს. იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ აცოცებულები. ბავშვები ხეებიდან ცვიოდნენ. ხალხი უკუიქცა, გარბოდნენ, მაგრამ ტყვიები ეწეოდათ. ჩემ გვერდით ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი, ჩემივე თანატოლი დაეცა უსულოდ. იქვე ძეგლი შევნიშნე და მას ამოვეფარე. ეს ძეგლი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილისა აღმოჩნდა. დაველოდე, სანამ ტყვიამფრქვევმა მიმართულება არ შეიცვალა და იქაურობა დავტოვე”.

„ჯარისკაცები ამას სრულიად აუღელვებლად აკეთებდნენ. ის კი არა, ერთმანეთში საუბრობდნენ და დამცინავად გადმოჰყურებდნენ ბრბოს. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათს. შემდეგ შენობაში და მის ირგვლივ მდგარმა ჯარისკაცებმა, ხან ხალხის მიმართულებით, ხანაც ჰაერში სროლით, ქვემოთ ჩამოწევა და ხალხის მასის დაფანტვის ოპერაცია დაიწყეს. გამოჩნდნენ ტანკებიც, რომლებიც ცალ მუხლუხოზე ტრიალით ცდილობდნენ შეჯგუფებული ხალხის დაფანტვას. თუმცა ამან ახალგაზრდები ვერ შეაშინა. ისინი ტანკებს ზედ ახტებოდნენ, ცდილობდნენ, ლუკები გაეღოთ, დროშებს არჭობდნენ ზედ (ბედის ირონიაა, რომ ეს დროშები საბჭოთა იყო). ერთმა ლულაზე საფურთხებელი ურნაც კი ჩამოაცვა. ასე გაიყვანეს ხალხი ლენინის მოედნისკენ, იქ კი ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე. დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ძეგლის კვარცხლბეკიდან ადამიანების ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. ბოლოს ხიშტიანმა ჯარისკაცებმა სამკუთხედი შეკრეს და ხალხს მიაწვნენ. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი თავის გადასარჩენად მტკვარშიც ცვიოდა. მათ აღმოსაჩენად მეავტომატეების ჯგუფები დადიოდნენ და დაუნდობლად ცხრილავდნენ”, – იხსენებს ნოდარ ნათაძე.

 

დარბევის შემდეგ

იმდროინდელ ოფიციალურ წყაროებში მომხდარი შეფასებულია როგორც „ანტიბოლშევიკური და ნაციონალისტური ხასიათის მასობრივი გამოსვლები”, „მასობრივი არეულობა”. უკვე 10 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლოდ” გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რაც იმ და მომდევნო დღეებში უნდა გატარებულიყო წესრიგის აღსადგენად და არეულობის შედეგების გასანეიტრალებლად. ადრესატები სხვებთან ერთად არიან მ. გიორგაძე, ა. ინაური, მ. ლელაშვილი, ვ. მჟავანაძე, დ. მჭედლიშვილი. უპირველეს ყოვლისა, დაიგეგმა ხელმძღვანელი პირების გადანაწილება ქუთაისში, ბათუმსა და გორში. მათ უნდა უზრუნველეყოთ ამ ქალაქებსა და თბილისში საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში 5-9 მარტის მოვლენების პოლიტიკურად „გამართულად” შეფასება, თეზისები უნდა შემუშავებულიყო ამხანაგ დ. მჭედლიშვილის მიერ.

10 მარტის დილის 7 საათიდან სამუშაოს დაწყებამდე კრება უნდა გამართულიყო ყველა დაწესებულებაში. უმთავრესი ამოცანა იყო მომხდარის პოლიტიკური შეფასება და პროვოკატორების, ანტისაბჭოთა ელემენტებისა და „ხულიგნების” დაგმობა. თბილისში, თითოეულ რაიონში მობილიზებული უნდა ყოფილიყო 2000-მდე კომუნისტი საჭიროების შემთხვევაში წესრიგის დასამყარებლად. განათლების მინისტრს, ამხანაგ ჯიბლაძეს, და უმაღლესი სასწავლებლების დირექტორებს გადაეგზავნათ დირექტივა იმ სტუდენტების დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდნენ მეცადინეობებს.

დღეს უკვე გასაჯაროებულ საიდუმლო დოკუმენტებში არის მონაცემები ტყვიით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანების შესახებ.

საინტერესოა, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21-ია (?!), თვითმხილველთა და მონაწილეთა ჩვენებით კი მიტინგის დარბევას, სულ მცირე, 80 ადამიანი შეეწირა. ზუსტი რაოდენობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. სახელდება რიცხვი 1000-ის ჩათვლითაც კი („იმის მიხედვით, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი აზრით, დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 500 მაინც იქნებოდა. როგორც ამბობდნენ, ყველაზე პატარა დაღუპული 12 წლის ბავშვი იყო. ისინი ჩუმად, ყოველგვარი რიტუალის გარეშე დაკრძალეს. დასაფლავებები უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული”, – ნოდარ ნათაძე).

საინტერესოა, რა შეფასებას აძლევენ მომხდარს იმდროინდელი გაზეთები.

ყოველდღიური გაზეთი „კომუნისტი”, საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს მთავარი ბეჭდვითი ორგანო, არც 9, არც 10, არც 11 მარტს და არც მომდევნო დღეებში არ გამოხმაურებია მომხდარს. 11 მარტის ნომერი იწყება სტატიით, რომელსაც ცინიკური სათაური აქვს: „დიდი ზრუნვა ხალხის კეთილღეობისთვის”. სტატიაში საუბარია 8-საათიანი სამუშაო დღის შემოკლებაზე, მშრომელთა საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებებისადმი ყურადღების გაძლიერებაზე…

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდის ქართულ საბჭოთა პერიოდიკაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.

დარბევის კვალი ქალაქში ოპერატიულად წაშალეს: ასფალტი მოირეცხა, კიბე ძეგლთან, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, გამოიცვალა.

 


მოჰყვა თუ არა დარბევას რეპრესიები?

დღემდე უცნობია ქართული და საბჭოთა მმართველი ელიტის დამოკიდებულება და შინაპარტიული დებატები აღნიშნულ მოვლენებზე. უცნობია ისიც, ვისი ინიციატივით გაიცა იარაღის გამოყენებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის ბრძანება.

საარქივო დოკუმენტებიდან ჩვენთვის ხელმისაწვდომ ნიმუშებში ამის შესახებ ბევრი არაფერი წერია.

რაც შეეხება დარბევის შემდგომ რეპრესიებს – ცნობილია, რომ მომდევნო დღეებში პერმანენტულად აკავებდნენ ხალხს მცირე ხნით – დაკითხვისთვის (შემონახულია შესაბამისი ოქმები), თუმცა ამ მიზეზით გასამართლებულთა ან დიდი ხნით დაპატიმრებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

სადამსჯელო ღონისძიებად ძირითადად პარტიიდან გარიცხვასა და საყვედურებს იყენებდნენ, თუმცა შიში მოსახლეობაში საკმაოდ დიდი იყო.

ნურბეი გულიას მოგონებით, საავადმყოფოები ცხრაში, ღამითვე დაიცალა პაციენტებისგან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მკურნალობდნენ სხეულის დაზიანებებს და ჭრილობებს. მათ ეშინოდათ, მიტინგში მონაწილეობა არ დასდებოდათ ბრალად („პლეხანოვზე, საავადმყოფოსთან ჩავიარე და უცნაური სურათის მოწმე გავხდი: ხეები მოფენილი იყო დასისხლიანებული ბინტებით და სახვევებით. მეხანძრეები გინებითა და ფურთხებით ხსნიდნენ მათ. აღმოჩნდა, რომ ხალხმა სასწრაფოდ შემოიხია გასისხლიანებული სახვევები, საავადმყოფოს ფანჯრებიდან მოისროლა და გაიქცა…” – ნურბეი გულია, „ქართული ამარკორდი”).

მომდევნო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა პროპაგანდა და აგიტაცია. მოხდა მიტინგის მონაწილეების სტიგმატიზება „ანტიბოლშევიკურ ელემენტებად” და „ხულიგნებად”, თავდამსხმელებად, მასობრივი არეულობისთვის, სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მათ წინააღდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, თუმცა „დამნაშავეების” უმეტესობას პირობითი სასჯელი აკმარეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი