შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ლარა

როგორიც არ უნდა იყოს ბავშვობა, მძიმე, ნაცრისფერი, უფერული თუ უსახო, იქიდან მაინც მოგყვება მოგონებები, რომლებიც „შუშის ნამსხვრევივით” ბრწყინავს.

აი, ერთი ასეთი სურათი ჩემი მოგონებებიდან.
ზაფხულია, სოფელში, კაკლის ძირში მაგიდასთან მე და რეზო ინანიშვილი ვსხედვართ. ქვევით სახლში ფაციფუცია, სუფრას შლიან. რეზო ალბათ ფერდობზე არაგვის ხეობაზე გადასახედად ამოვიდა. მე ალბათ საყოველთაო სამზადისს დავუსხლტი და მივეტუზე. საუბრის დასაწყისი არ მახსოვს. არ მახსოვს, როგორ მივედით ამ თემამდე, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ის რაც ძია რეზომ მითხრა:
– ადამიანს გაცნობისას პირველ რიგში უნდა ჰკითხო, სტალინი უყვარს თუ არა? თუ არ უყვარს, უკვე საინტერესოა, შეგიძლია გაცნობა განაგრძო. თუ უყვარს, არ ღირს: ორად-ორი ვარიანტიღა რჩება – ან პატარა ტირანია, ან ბრიყვიო.
ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ტოტალიტარიზმზე ხშირად ვსაუბრობ. უკითხავთ, კი მაგრამ ჩვენი მშობლები და პაპა-ბებიები ძალიან ტკბილად რომ იგონებენ იმ დროსო?!
ეს კითხვა წონასწორობას მაკარგვინებს. ესენი თუ არ შეშინდნენ საბჭოთა გამოცდილებით, ხომ შეიძლება, იგივე განმეორდეს? ხომ შეიძლება, მილიონობით გაჟლეტილი ადამიანი სტატისტიკა ეგონოთ და მეტი არაფერი?
ამას წინათ ანა-კორძაია სამადაშვილის ლექციას ვუსმენდი: ჩემთვის რიცხვები არაფრისმთქმელიაო. არც ჩემთვისაა. ადამიანს შეუძლია სტკიოდეს ერთის ტრაგედია, ერთის პიროვნული ისტორია. ერთი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა ატრიალებს დედამიწას.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში ვასწავლით იმ ავადსახსენებელ წლებს, ოღონდ რამდენად ღრმად, ეს უკვე აღარ ვიცი.
რეპრესირებული მწერლების ბიოგრაფიებს ვუყვებით. მაგრამ ვეტყვით: დახვრიტეს! და რაღაცნაირად წყდება თხრობა. დიდი-დიდი ის ვუამბოთ, როგორ ადიოდა ვერის ბაზრიდან კარტოფილიან ტომარამოკიდებული ბორის პასტერნაკი დახვრეტილი მეგობრის, ტიციან ტაბიძის ოჯახში და როგორი საშიში იყო რეპრესირებულებთან ურთიერთობა.
მხატვრულ სინამდვილეს, ამ თემაზე დაწერილს, ვერაფერს ვთავაზობთ. არ არის პროგრამაში და იმიტომ.
ამ ორიოდე წლის წინ ეროვნულ გამოცდებზე ტექსტის მხატვრული ანალიზისთვის რეზო ინანიშვილის „ლარა” მოვიდა. ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა ვერ შეძლო თემის დაწერა. ბევრმა არასწორად გაიგო ჯალათისა და მისი შვილის ამბავი. არადა, ეს ის ტექსტია, რომელიც, ჩემი აზრით, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ და პროგრამაშიც უთუოდ უნდა იყოს.
წეღანაც ვახსენე, რეზო ინანიშვილი თვითონ იყო რეპრესირებულის შვილი. მის ცხოვრებას, რაღა თქმა უნდა, მძიმე ტვირთად აწვა ობლობა და „ხალხის მტრის” შვილობა. ის გაჭირვება და გაჭირვებაში ადამიანად დარჩენის გამოცდილება მის მოთხრობებს ლაიტმოტივად სულ გასდევს. მაგრამ „ლარაში” სხვა რაკურსია – მოთხრობის გმირი ჯალათისა და ჩეკისტის შვილია. თავისი, როგორც რეპრესირებულის შვილის გაჭირვებისა და გადარჩენის ისტორია ინანიშვილის კარგად იცის და ამიტომ აქ უკვე ჯალათის შვილის გადარჩენაზე ყვება.
ძლიერი, დახვეწილი, გამარჯვებული ქალების სახეები აკლია ქართულ ლიტერატურას. მიხარია, რომ ლარა ქალია!
იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც ერგო, ლარა აბსოლუტურად გამიჯნულია. სულ სხვა სიმაღლიდან იწყებს მოქმედებას.
მისი სახელიც (შვილისაც – ჟულიენი) და ქმედებაც მკვეთრად ევროპულია. ის გამიჯნულია სამეზობლოსგან, რომელიც აღმოსავლური ცნობისმოყვარეობით ცდილობს შეიჭრას დედა-შვილის სივრცეში, მაგრამ არაფერი გამოსდის. ლარა არ ითქვიფება ხალხში, თუმცა, როგორც ექიმი, დაუყვედრებლად ემსახურება მათ.
რეზო ინანიშვილისგან ჰუმანიზმი როგორ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც მაოცებს, როგორ აშორებს შვილს მამის პასუხისმგებლობას. რამდენადაც მამა ყველაფერში ცდება, იმდენად ყველაფერში მართალია შვილი.
ჩვენი აბიტურიენტების უმრავლესობამ ჯალათი პატრიოტად მონათლა. „რადიო თავისუფლების” მსმენელი დედა-შვილი – მოღალატედ. მათ არც „რადიო თავისუფლება” გაეგოთ და არც ის, რომ ევროპული და პროგრესული ფიქრია, შვილი სჯობდეს მამას. მამის მიერ შვილის გაწირვის პათეტიკა იმავე სტალინის მიერაა თავსმოხვეული, თორემ ქართული აზრი ყოველთვის პროგრესისკენ იყო მიმართული. ნესტან-დარეჯანისა და ფარსადანის დაპირისპირებით იწყება ეს მოტივი, და მერეც გრძელდება. მამებთან დაპირისპირებამ იხსნა მეცხრამეტე საუკუნეც.
მაგრამ „ლარა” სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა. ლარა ებრძვის, მაგრამ არ უპირისპირდება. ის გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის, ანუ შვილის მოვალეობას. ასრულებს, რათა გამომჯობინებული მამა თავისი ფეხით წავიდეს უკანასკნელ გზაზე, წავიდეს და დასრულდეს თავის ფანატიზმსა და სიძულვილში. რაც არ უნდა სწორი ვიყოთ შვილები მამებთან ბრძოლაში, მაინც მოგვყვება დანაშაულის შეგრძნებით გამოწვეული ხინჯი. როცა ბრძოლაა მამებსა და შვილებს შორის, განსხვავებასთან ერთად შეხების წერტილიც ბევრია. ლარა კი ბრძოლის გარეშე ახერხებს მამაზე გამარჯვებას. რეზო ინანიშვილმა იმდენად გამიჯნა ჯალათი და მისი შვილი, რომ ეს შეხების წერტილი საერთოდ აღარაა. როგორც ვაჟამ „ალუდა ქეთელაურში” მოსპო მტრობა, ყველა კაცისკვლა კანიბალიზმადე დაიყვანა (ვისაც მტერობა მოსწყურდეს…) ასევე ინანიშვილმა, მისმა ყველაზე ღირსეულმა მემკვიდრემ, გააქრო ბანალური დაპირისპირება მამებსა და შვილებს შორის, თანაც ყველაზე უღირსსა და ღირსეულს შორის და იარაღად ქალური თავდადება და სიყვარული გამოიყენა.
არც ჩემი და არც ჩემი თაობის მამები ჩეკისტები და „ტროიკის” წევრები აღარ ყოფილან. შესუსტებული იყო თავად ტოტალიტარული რეჟიმიც. თითქოს უკვე კომიკური სახეც ჰქონდა მიღებული. იმ დღეს რეზო ინანიშვილი ჩვენთან იმიტომ აღმოჩნდა, რომ, ე.წ. „სუხოი ზაკონის” დრო იყო და ყაზბეგობაზე, საიდანაც მოვდიოდით, ყაზბეგის სადღეგრძელოც კი წვენით დაილია. საკავშირო „კაკეგებე” ზის ბანკეტზეო, ჩურჩულებდნენ. ადგნენ და ჩვენთან გააგრძელეს ქეიფი. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, ანტისაბჭოთა იყო. მაგრამ მაინც, ჩვენ ყველას, საბჭოთა მემკვიდრეობა გვერგო. ამ მემკვიდრეობას აღარ აქვს „ჩამომხრჩვალის გადმოკარკლული თვალები”, მაგრამ მაინც ათასი სიმახინჯე მოჰყვება, უფრო ფარული და შემპარავი. ბევრი ებრძვის დღეს ამ საბჭოთა დანატოვარს. ძალიან მინდა ამ ბრძოლაზე, სტერეოტიპებზე, საშიშროებებზე – ბევრი იცოდნენ ახალგაზრდებმა და კიდევ, ძალიან მინდა, ცოტათი მაინც ვგავდეთ ლარას, შევინარჩუნოთ ქალური თავდადებისა და სიყვარულის უნარი, რომელსაც ღირსების დაკარგვასა და ჩაგრულად ყოფნასთან არაფერი აქვს საერთო.
 
 
 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი